ლევან ყურაშვილი: ექიმობა პასუხისმგებლობა და პროფესიული ფანატიზმია
გააზიარე:
კარდიოლოგი ლევან ყურაშვილი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კარდიოლოგთა კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგიის ასოციაციისა და ევროპის კარდიოვასკულური გამომსახველობითი კვლევების ასოციაციის წევრია. შვიდი წლის წინ კოლეგებთან ერთად მან დააარსა თიმი ― თბილისის მედიცინის ინსტიტუტი), რომელსაც დღეს თავადვე ხელმძღვანელობს. ბატონო ლევანი საკუთარ პროფესიულ გზასა და მრავალწლიან გამოცდილებაზე გვესაუბრება:
― სამედიცინო ინსტიტუტი 1994 წელს დავამთავრე და კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში მოვხვდი, 90-იანების ბოლოს კი იტალიაში გავემგზავრე კვალიფიკაციის ასამაღლებლად. გამიმართლა ― ინსტიტუტში მოზრდილთა კარდიოლოგიის განყოფილების გახსნა იგეგმებოდა და კვოტა ჰქონდათ იტალიაში ექიმის გადასამზადებლად. ადმინისტრაციამ მე შემარჩია. პიზის წმინდა ანას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ერთწლიანი მასტერკურსი გავიარე. იმ დროს არსებობდა სტერეოტიპი, თითქოს ევროპული მედიცინა საბჭოთას მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეებით ჯობდა, მაგრამ იტალიაში აღმოვაჩინე, რომ ექიმებმაც მეტი იცოდნენ. მივხვდი, მეტი უნდა მემუშავა საკუთარ თავზე, რათა პროგრესისთვის ფეხი ამეწყო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯო ენის სამედიცინო ცენტრში დავიწყე მუშაობა, მოგვიანებით კი მეგობრებთან ერთად დავაფუძნე თიმი.
კლინიკა როგორც იდეოლოგია
― თიმის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენი გზები გადაიკვეთა, ერთად მოვდივართ. ბევრი რამ მისგან ვისწავლე, ალბათ, მანაც ისწავლა რაღაც ჩემგან და დღეს ერთი გუნდი ვართ.
მეამაყება, რომ ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე, მხოლოდ თანამოაზრეების მხარდაჭერით მივაღწიე მიზანს. მეამაყება, რომ როდესაც ახალი კლინიკის დაარსება გადავწყვიტე, ჩემი აღზრდილების დიდი ნაწილი ზედმეტი კითხვებისა და კონტრაქტის პირობების გარკვევის გარეშე გამომყვა. ეს იყო დასტური იმისა, რომ ჩემი სწამთ.
ექიმი ― უკანასკნელი ზღუდე
― ექიმობა, უპირველესად, არის პასუხისმგებლობის უკიდურესად მაღალი გრძნობა და, ალბათ, ცოტა პროფესიული ფანატიზმიც. პაციენტისთვის ექიმი უკანასკნელი ზღუდეა. როცა ადამიანი თავის ჯანმრთელობას განდობს, ამ ნდობის ტარების ძალა უნდა გქონდეს.
ჩემთვის წარმოუდგენელია, პარასკევ საღამოს სახლში წახვიდე, შაბათ-კვირას საერთოდ არ გამოჩნდე და მხოლოდ ორშაბათს იკითხო, როგორ არის შენი პაციენტი.
ქართული მედიცინა
― მედიცინა არ შენდება ქვემოდან ზემოთ ― მხოლოდ პირველადი სამედიცინო რგოლის აღჭურვითა და დაკომპლექტებით. ყველა დარგში უნდა გვყავდეს მაღალკვალიფიციური ადამიანები, რათა ქვეყანაში დაუსმელი დიაგნოზი არ დარჩეს. როდესაც პაციენტები სამკურნალოდ ქვეყნიდან მიდიან, ეს თითოეული ექიმის თავმოყვარეობას ეხება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა მხოლოდ გადინების შესამცირებლად, არამედ უცხოელი პაციენტების მოსაზიდადაც.
სტრესის დაძლევის რეცეპტი
― მედიცინაში სტრესი გარდაუვალია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე გიწევს მუშაობა, არამედ იმიტომაც, რომ მუდმივად ეკითხები საკუთარ თავს: რამე ხომ არ დააკელი? ხომ ყველაფერი გავითვალისწინე?
ფეხბურთით, კალათბურთით, ლაშქრობით ამ სტრესის მოხსნა შეუძლებელია. სპორტი, ზღვა და მთა მხოლოდ დროებითი გაქცევაა. სტრესთან ბრძოლის ერთადერთი რეალური გზა უწყვეტი განათლებაა. მხოლოდ ცოდნას მოაქვს სიმშვიდე.
შტრიხები პორტრეტისთვის
― პროფესიაში მაქსიმალისტი გახლავართ ― ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებ. პასუხადაც მაქსიმალიზმს ვითხოვ, თუმცა, როგორც წესი, ვერ ვიღებ. წინათ ძალიან განვიცდიდი, ახლა ცოტა შევეგუე ამ რეალობას, თუმცა კომპრომისებს განათლების საკითხში მაინც ვერ ვუშვებ.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი ინტერესებითა და სისუსტეებით. ვარ გურმანი, თუმცა კერძების მომზადება არ მეხერხება, კვერცხის შეწვაც კი არ შემიძლია. მიყვარს მეგობრებთან ყოფნა. მათი უმეტესობა ბავშვობიდან მომყვება და მათ შორის ძალიან ცოტაა ჩემი კოლეგა.
გავიზარდე თბილისში, ჩვეულებრივ ოჯახში. დედა პედაგოგი იყო, მამა ― ინჟინერი. კითხვა მიყვარდა, განსაკუთრებით ― სათავგადასავლო და ისტორიული რომანებისა. ჩემი საყვარელი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილია. სამწუხაროდ, დღეს ისე ვარ გადართული სამუშაოზე, რომ ვეღარ ვიხსენებ, ბოლოს როდის წავიკითხე მხატვრული ლიტერატურა ან მოვუსმინე მუსიკას. სამაგიეროდ, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ წავიკითხე ვრცელი სტატია სარკოიდოზზე. ეს არის ჩემი დღევანდელი რეალობა.
მთავარი ფასეულობები
― მეუღლე, რუსიკო, 90-იან წლებში მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. გერმანული ენის სპეციალისტია, სადაზღვევო ასოციაციაში მუშაობს. ოჯახში ყველაფერი სიყვარულით იწყება, თუმცა დროთა განმავლობაში ეს გრძნობა გადადის განცდაში, რომ ერთი მთლიანობა ხართ.
ქალიშვილმა, ნუკამ, სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჩემს კლინიკაში გაიარა პრაქტიკა. ვაჟი, ოთო, ფინანსისტია და კლინიკის ფინანსურ დირექტორად მუშაობს. მასთან ყოველთვის უფრო მკაცრი ვიყავი, რადგან მინდოდა, სირთულეების დაძლევა ესწავლა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვერ ვიტყვი, რომ ქალ-ვაჟის მიმართ ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება სწორია.
კრედო
― ჩემი სამუშაო დღე დილით იწყება და მაშინ მთავრდება, როცა უკანასკნელი პაციენტი კარს გაიხურავს. მშვიდად მხოლოდ მაშინ გამოვდივარ კლინიკიდან, როცა ვიცი, რომ ყველა სიტუაცია მართულია.
ვარ ისეთი, როგორიც ვარ ― ემოციური, მაქსიმალისტი და პასუხისმგებლობიანი. ეს თვისებებია ჩემი მამოძრავებელი ძალა. ყველას ვუსურვებ, გახდნენ თავიანთ საქმეში პროფესიონალები, რადგან მხოლოდ შემდგარი ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი. ამავე პრინციპიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საკითხებიც მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ვანდოთ.
თამარ ციბალაშვილი









