ტესტოსტერონი მამაკაცის ორგანიზმში: რატომ იკლებს მისი დონე და როგორ ავწიოთ ის წამლების გარეშე

გააზიარე:

როდესაც ტესტოსტერონის დონის დაქვეითებაზე საუბრობენ, თვალწინ წარმოგვიდგება ხანდაზმული მამაკაცი, რომლის ორგანიზმიც ბუნებრივად ბერდება. რეალობა სულ სხვაგვარია: დღეს 25-35 წლის ბევრ მამაკაცს იმაზე დაბალი ტესტოსტერონი აქვს, ვიდრე მათ ასაკში ჰქონდათ მათ მამებს ან პაპებს.

ტესტოსტერონი ქალის ორგანიზმიც წარმოიქმნება, მაგრამ მას მამაკაცის ჰორმონს უწოდებენ, რადგან მამაკაცის სხეულში ის გაცილებით მეტია. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ტესტოსტერონი კუნთების ზრდას, ხმის დაბოხებასა და სხეულის მამაკაცური თმიანობის განვითარებას განაპირობებს.

მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე დაახლოებით 19 წლისთვის აღწევს პიკს, მერე კი ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად მცირდება. 30 წლიდან ის ყოველწლიურად საშუალოდ 1-2 პროცენტით იკლებს, თუმცა 40 წლიდან კლება შესაძლოა დასტაბილურდეს. ჰორმონის ნორმალური დონის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია როგორც სექსუალური ფუნქციის განხორციელებისთვის, ისე ზოგადი ჯანმრთელობისთვის. კლინიკური კვლევები პირდაპირ კავშირს აჩვენებს ტესტოსტერონის დეფიციტსა და სიმსუქნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალ რისკსა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას შორის. ეს ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის ჯანმრთელობასა და სექსუალურ ლტოლვაშიც.

ნიშნები

ტესტოსტერონის დეფიციტი სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონს. მისი კლინიკური სურათი საკმაოდ კომპლექსურია -განურჩევლად ასაკისა, ვითარდება:

  • ერექციული დისფუნქცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების სირთულე);
  • ერექციის ხასიათის ცვლილება (მაგალითად, ბუნებრივი, სპონტანური დილის/ღამის ერექციის გაიშვიათება);
  • ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) ან სექსუალური აქტივობის დაქვეითება;
  • უშვილობა და სპერმის ხარისხის გაუარესება;
  • სხეულსა და სახეზე თმის სწრაფი ცვენა;
  • კუნთოვანი მასის შემცირება და ძალის დაკარგვა;
  • ცხიმის მასის მატება, განსაკუთრებით ― მუცლის არეში;
  • მკერდის ქსოვილის გადიდება (გინეკომასტია);
  • ძილის დარღვევა;
  • ქრონიკული დაღლილობა სრულფასოვანი დასვენების მიუხედავად;
  • მენტალური ნისლი (ტვინის ნისლი) ― კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუარესება;
  • დეპრესიული განწყობა და მუდმივი გაღიზიანებადობა.

ამ სიმპტომებიდან ბევრი შესაძლოა სხვა სამედიცინო მდგომარეობით ან ცხოვრების წესით (ქრონიკული გამოუძინებლობა, უმოძრაობა, სტრესი) იყოს გამოწვეული. მათი გაჩენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.

ახალგაზრდებთან

30 წლამდე ეს პრობლემა შედარებით იშვიათია, თუმცა მისი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება. მისი განვითარების ხელშემწყობი მთავარი ფაქტორებია:

  • ქოლესტეროლის მაღალი დონე;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • ალკოჰოლის ჭარბი და რეგულარული მოხმარება;
  • არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება;
  • ზოგიერთი მედიკამენტის (სტეროიდების, ოპიატების, ზოგიერთი ანტიდეპრესანტის) მიღება.

არის შემთხვევები, როდესაც ტესტოსტერონის დაბალი დონე სხვა სამედიცინო პათოლოგიას უკავშირდება:

  • ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაავადებები და სიმსივნეები;
  • სათესლე ჯირკვლების ტრავმები, სიმსივნეები და სხვა პათოლოგიები (მათ შორის ― ბავშვობაში ყბაყურას ფონზე გადატანილი ორქიტი);
  • გენეტიკური დაავადებები (კალმანის, პრადერ-ვილის, კლაინფელტერის, დაუნის სინდრომები);
  • შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის მძიმე დაავადებები, აივ ინფექციის (HIV) მე-3 სტადია;
  • ონკოლოგიური მკურნალობა (სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია).

მოქმედების გეგმა

თუ შიშობთ, რომ ტესტოსტერონის დეფიციტი გაქვთ, უპირველეს ყოვლისა, ექიმს უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის. ჰორმონის დონის დასადგენად საკმარისია სისხლის მარტივი ლაბორატორიული ანალიზი. ვინაიდან ტესტოსტერონის მაჩვენებელი დღის განმავლობაში საგრძნობლად იცვლება, ანალიზის გაკეთება რეკომენდებულია დილის საათებში.

თუ ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ჰორმონის დონე ნორმაზე დაბალია, ექიმი დაადგენს მიზეზს და შეარჩევს მკურნალობის ტაქტიკას. შესაძლოა, საკმარისად მიიჩნიოს ცხოვრების წესის შეცვლა; შესაძლოა, ტესტოსტერონჩანაცვლებითი თერაპია დაგინიშნოთ.

გახსოვდეთ: ჰორმონული პრეპარატებისა და ბიოდანამატების თვითნებური მიღება დაუშვებელია. ტესტოსტერონით თერაპია ზრდის გულის შეტევის რისკს, განსაკუთრებით მათთან, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. არც მიმდინარე მედიკამენტების დოზები შეცვალოთ ექიმის უნებართვოდ.

7 ნაბიჯი ტესტოსტერონის დონის ბუნებრივად ასაწევად

თუ კლინიკური ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს, ცხოვრების წესის კორექციით ჰორმონული ფონის გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია.

1. ივარჯიშეთ, მათ შორის ― სიმძიმეებით

ფიზიკური აქტიურობა, გარდა იმისა, რომ მრავალი დაავადების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, ტესტოსტერონის დონის ამაღლების საშუალებაც არის. კლინიკური კვლევები მოწმობს, რომ ამ ჰორმონის სტიმულაციისთვის ყველაზე შედეგიანია ორი მიმართულება:

* ძალისმიერი ვარჯიში საკუთარი წონით ან სიმძიმეებით (განსაკუთრებით ― დიდი კუნთოვანი ჯგუფების, ფეხებისა და ზურგის, ჩართვით);

* HIIT (მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში) ― ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური დატვირთვა. ეს მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ხანგრძლივი, დამქანცველი კარდიოდატვირთვისგან, რომელმაც, პირიქით, შესაძლოა სტრესის ჰორმონის მომატება და ტესტოსტერონის დაქვეითება გამოიწვიოს.

2. ბალანსირებულად მიიღეთ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები

ჰორმონების სინთეზისთვის ორგანიზმს გამუდმებით სჭირდება სამშენებლო მასალა. კვების მკაცრი შეზღუდვა (შიმშილი), ისევე როგორც კალორიების სიჭარბე ერთნაირად აზიანებს ენდოკრინულ სისტემას.

ცილა: საკმარისი რაოდენობის ცილის მიღება აუცილებელია ტესტოსტერონის ჯანსაღი დონის შესანარჩუნებლად, მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად და ცხიმის ეფექტური წვისთვის.

ჯანსაღი ცხიმები: ტესტოსტერონი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც ქოლესტეროლის ბაზაზე სინთეზდება. კვლევები ადასტურებს, რომ რაციონში ჯანსაღი ცხიმების კრიტიკული კლება ტესტოსტერონის ვარდნას იწვევს, თუმცა სიჭარბემაც შეიძლება იგივე შედეგი გამოიწვიოს – ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი ააქტიურებს ფერმენტ არომატაზას, რომელიც მამაკაცურ ჰორმონს ესტროგენად (ქალის ჰორმონად) გარდაქმნის.

რთული ნახშირწყლები: ნახშირწყლების, განსაკუთრებით კი მთელმარცვლოვანის გონივრული რაოდენობაც აუცილებელია, რათა ვარჯიშის დროს კუნთები სათანადოდ მომარაგდეს ენერგიით და შენარჩუნდეს ჰორმონული ბალანსი.

საუკეთესო გამოსავალი ყოვლისმომცველი, ნატურალურ პროდუქტებზე დაფუძნებული რაციონია, რომელიც სწორი თანაფარდობით შეიცავს სამივე მაკრონუტრიენტს.

3. შეამცირეთ სტრესისა და კორტიზოლის დონე

კვლევები ხაზს უსვამს, რომ ქრონიკული სტრესი მკვეთრად ზრდის კორტიზოლის დონეს.

სასწორის პრინციპი: კორტიზოლი და ტესტოსტერონი სასწორის პრინციპით მუშაობენ: როცა ერთის დონე მკვეთრად იმატებს, მეორისა ავტომატურად ეცემა.

ვისცერული საფრთხე: მაღალი კორტიზოლი აძლიერებს მადას, იწვევს წონის მატებას და მუცლის ღრუში სახიფათო (ვისცერული) ცხიმის დაგროვებას. ეს ცხიმოვანი მასა კი, თავის მხრივ, უფრო მეტად თრგუნავს ტესტოსტერონის სინთეზს.

4. ეცადეთ, ბუნებრივი გზით მიიღოთ D ვიტამინი და თუთია

ბიოქიმიურ ელემენტებს შორის ამ ორ ნივთიერებას წამყვანი როლი აკისრია მამაკაცის ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებაში:

სამედიცინო საზოგადოება D ვიტამინს დიდი ხანია აღარ განიხილავს უბრალო ვიტამინად ― სტრუქტურულად ის სტეროიდული ჰორმონია, რომელიც პირდაპირ მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ მამაკაცებს, რომლებსაც ამ ელემენტის ქრონიკული დეფიციტი აქვთ, თითქმის ყოველთვის უდასტურდებათ ტესტოსტერონის დაბალი დონეც. D ვიტამინის კორექციამდე უნდა განისაზღვროს სისხლში მისი საწყისი დონე.

თუთია ფერმენტულ დონეზეა პასუხისმგებელი ტესტოსტერონის მოლეკულის სტაბილიზაციაზე. მისი ნაკლებობისას იბლოკება ჰიპოფიზის მიერ იმ სიგნალების გადაცემა, რომლებიც ტესტოსტერონის გამომუშავებას ააქტიურებს. იმისთვის, რომ სხეულმა ეს მინერალი ბუნებრივად მიიღოს, მენიუში რეგულარულად უნდა იყოს ზღვის პროდუქტები, საქონლის მჭლე ხორცი, გოგრის თესლი, ქეშიუ, ნუში, პარკოსნები (ოსპი, ლობიო).

5. იძინეთ სრულფასოვნად და ხარისხიანად

მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დღიური ნორმის უდიდესი წილი მხოლოდ ღრმა ძილის ფაზაში სინთეზირდება, ამიტომ ხარისხიანი დასვენება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა.

ძილის ქრონიკული დეფიციტი (დღე-ღამეში 5 საათი და ნაკლები) სულ რაღაც ერთ კვირაში ტესტოსტერონის დონეს 10-15%-ით აქვეითებს, რაც კლინიკურად ჰორმონული ასაკის 10-15 წლით მომატების ტოლფასია.

ჰორმონული პიკის მისაღწევად მნიშვნელოვანია ძილის არა მხოლოდ ნორმალური ხანგრძლივობა (7-8 საათი), არამედ უწყვეტობა და რეჟიმიც: დაძინება შუაღამემდე, სრულ სიბნელეში, რათა მელატონინისა და ტესტოსტერონის გამომუშავებას ხელი არ შეეშალოს.

6. ერიდეთ ესტროგენის მსგავს ქიმიკატებს

გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰორმონულ ბალანსზე. ჰორმონული ფონის სტაბილურობისთვის აუცილებელია რეგულარული და ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება, მაგრამ პარალელურად მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი იმ ნაერთების ზემოქმედება, რომლებიც ორგანიზმში ქალის ჰორმონების (ესტროგენების) იმიტაციას ახდენს. ასეთებია ბისფენოლი A (BPA), პარაბენები და სხვა სინთეზური ნივთიერებები, რომლებიც ხშირად შედის უხარისხო პლასტმასის ჭურჭლისა და ყოველდღიური მოხმარების ქიმიური პროდუქტების შემადგენლობაში.

7. აკონტროლეთ ალკოჰოლის მიღება

ალკოჰოლსა და ტესტოსტერონს შორის კავშირი საკმაოდ კომპლექსური და მრავალმხრივია. კვლევები ადასტურებს, რომ ალკოჰოლი პირდაპირ თრგუნავს მამაკაცურ ჰორმონებს ― მისი მიღებიდან სულ რაღაც 30 წუთის შემდეგ იწყება ტესტოსტერონის დონის ვარდნა, ხანგრძლივმა და ჭარბმა მოხმარებამ კი შესაძლოა სათესლე ჯირკვლების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება და ატროფიაც კი გამოიწვიოს.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: მოზარდებსა და ახალგაზრდა მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმში (სისხლში ან ნერწყვში) ტესტოსტერონის საწყისი, ბუნებრივად მაღალი დონე ხშირად კორელაციაშია ლიდერულ, რისკიან ქცევასთან და ალკოჰოლისადმი ადრეული მიდრეკილების პროგნოზულ ნიშნადაც კი მიიჩნევა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: