მოგზაურობა საჰაერო ბურთით

გააზიარე:

საჰაერო ბურთით ფრენა ცაში მოგზაურობაა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, ჩიტის თვალსაწიერიდან დაათვალიეროთ სამყარო. დDასვენებისა და გართობის ამ აქტიურ სახეობას მსოფლიოში პოპულარობა არ აკლია.

ძრავის ხმაურის არარსებობა საჰაერო ბურთით გასეირნებას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. ემოციათა კასკადს თან ახლავს დედამიწისგან, ყოველდღიური ცხოვრების აურზაურისგან მოწყვეტის საოცარი განცდა. თქვენ წინაშე პანორამული ხედები იშლება - მინდვრებისა და ტყეების, მდინარეებისა და მთების, დიდი თუ პატარა ქალაქების სრულიად ახლებურად დანახული პეიზაჟები.

აAეროსტატის მართვა განსხვავებულად ხორციელდება - მისი მოძრაობა მთლიანად ქარზეა დამოკიდებული. ჰაერის შესაფერისი ნაკადების საპოვნელად პილოტი სხვადასხვა სიმაღლეს იყენებს. პროცესი დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მოითხოვს, რადგან ატმოსფეროს თითოეულ ფენას თავისი მახასიათებელი აქვს და შესაბამისად მოქმედებს ბურთის მოძრაობის ვექტორზე.

თანამედროვე საჰაერო ბურთები გამძლე მასალისგან არის დამზადებული. სანთურები და პროპანის ავზები რეგულარულად მოწმდება და უსაფრთხოების მკაცრ ტესტირებას გადის. დიდი გამოცდილების მქონე პილოტებს ცვალებად მეტეოროლოგიურ პირობებზე სწრაფი, ადეკვატური რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების მრავალწლიანი უნარები აქვთ გამომუშავებული.

ყოველი აფრენის წინ ამინდის დეტალური ანალიზი კეთდება. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ხშირია ფრენების გადადება. ფრენის დროს პილოტი მუდმივად აკონტროლებს ბურთის მდგომარეობას, სიმაღლესა და ქარის მიმართულებას და რეგულარულად აცნობებს მგზავრებს მოვლენების განვითარების შესახებ.

აAეროსტატის დაშვების ადგილს პილოტი რელიეფისა და ამინდის პირობების გათვალისწინებით ირჩევს.

ცაში მოგზაურობა ხშირად მოკლე სასიამოვო ცერემონიით - ჭიქა შამპანურითა და სამახსოვრო სერტიფიკატის გადაცემით - სრულდება.

მოკლე ისტორია

საჰაერო ბურთების ისტორია XVIII საუკუნის საფრანგეთში დაიწყო, მაშინ, როდესაც ძმებმა ჟოზეფ-მიშელ და ჟაკ-ეტიენ მონგოლფიეებმა შეამჩნიეს, რომ ცხელი ჰაერით გაბერილ ბურთს ამწევი ძალა ჰაერში ეზიდებოდა.

პირველი მგზავრები ცხვარი, იხვი და მამალი იყვნენ. ისინი მეფე ლუი XVI-ის წინაშე, 1783 წლის სექტემბერში, ბურთით ჰაერში გაუშვეს. ფრენამ 8 წუთს გასტანა.

პირველი ადამიანები, რომლებმაც პარიზის თავზე თავისუფალი ფრენა განახორციელეს, პილატრ დე როზიე და მარკიზი დ’არლანდი იყვნენ. ეს ამბავი იმავე წლის 21 ნოემბერს მოხდა და კაცობრიობის ისტორიაში ახალ, ჰაერნაოსნობის ერას ჩაუყარა საფუძველი.

მონგოლფიეების პარალელურად ფიზიკოსმა ჟაკ შარლმა შექმნა ბურთი, რომელიც ცხელი ჰაერის ნაცვლად იმ დროისთვის ახალაღმოჩენილი აირით - წყალბადით - იყო გაბერილი. წყალბადის ბურთები უფრო ეფექტური აღმოჩნდა, რადგან მათ არ სჭირდებოდათ მუდმივი ცეცხლი ჰაერის გასათბობად, რაც ხანძრის რისკს ამცირებდა.

XIX საუკუნეში საჰაერო ბურთებმა პრაქტიკული დანიშნულება შეიძინა - საომარი მოქნედებების დროს მათ მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზვერად იყენებდნენ, მეცნიერები კი დიდ სიმაღლეზე ატმოსფერული წნევის, ტემპერატურისა და ტენიანობის გასაზომავად ადიოდნენ.

XX საუკუნის 30-იან წლებში ადამიანმა ბურთით სტრატოსფეროს მიაღწია - 1931 წელს ოგიუსტ პიკარმა პირველმა გამოიყენა ჰერმეტული კაფსულა და 15 ათას მეტრ სიმაღლეზე აფრინდა.

თანამედროვე მონგოლფიერი (საჰაერო ბურთი, აეროსტატი) გამძლე ქსოვილით, საიმედო სანთურებითა და უსაფრთხოების მოწინავე სისტემებით არის აღჭურვილი. ჰაერის გასათბობად ის თხევადი პროპანის სანთურებს იყენებს და ფრენის ყველაზე მშვიდ და რომანტიკულ საშუალებად მიიჩნევა. საფრენ აპარატებს არა მხოლოდ ტურისტული ფრენებისთვის, არამედ სამეცნიერო კვლევებისთვის, სარეკლამო კამპანიებისა და სპორტული შეჯიბრებებისთვისაც იყენებენ.

ყველა ტექნოლოგიური მიღწევის მიუხედავად, ფრენის ფუნდამენტური პრინციპი, ცხელი ჰაერის გამოყენება საფრენი აპარატის ჰაერში ასაზიდად, დღემდე უცვლელი რჩება.

მზადება ფრენისთვის

აეროსტატით კომფორტული და უსაფრთხო ფრენა წინასწარ მომზადებას მოითხოვს. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ფიზიკური მომზადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთით ცაში მოგზაურობა ფიზიკურად დამღლელი არ არის, ქრონიკული (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების) დაავადებების მქონე ადამიანებს ფრენამდე ექიმთან კონსულტაციის გავლას ვურჩევდით. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზადყოფნაც. აAრ აქვს მნიშვნელობა, გაწუხებთ თუ არა აეროფობია (ფრენის შიში) - დიდ სიმაღლეზე ასვლის შეგრძნებამ შესაძლოა მსუბუქი შფოთვა გამოიწვიოს. ფრენის ძირითადი ეტაპების, ბურთის მართვის სპეციფიკის ცოდნა და გამოცდილი პილოტის ყოლა სტრესის შემცირების საუკეთესო საშუალებაა.

მნიშვნელოვანია ფრენისთვის ოპტიმალური დროის შერჩევაც. ჰაერის ცირკულაციისა და მზის მდებარეობის გათვალისწინებით, ყველაზე კომფორტულად დილისა და საღამოს საათები მიიჩნევა. გარდა ამისა, დილის ფრენები - მზის ამოსვლისა და სამყაროს გაღვიძების სილამაზით ტკბობის საშუალებას იძლევა, ხოლო საღამოსი მზის ჩასვლის ხიბლს და სიმშვიდეს განგაცდევინებთ.

რა გავიყოლოთ თან

აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ტანსაცმელი ამინდის შესაბამისი უნდა იყოს. გახსოვდეთ, რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო ცივა, ამიტომ თბილი ქურთუკი ან სვიტერი აუცილებელია. იდეალურია მჭიდროდ მორგებული დახურული ფეხსაცმელი.

მზის სათვალე და მზისგან დამცავი კრემი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაგიცავთ.

დაუვიწყარი მომენტების აღსაბეჭდად გაიყოლეთ კKამერა, სმარტფონი და ფაუერბანკი, თუ ხანგრძლივი ფრენისთვის ემზადებით - წყლით სავსე ბოთლი და მსუბუქი ხემსი.

მაშ, მოიმარჯვეთ კამერა, ადით მონგოლფიერის ბორტზე და დაუვიწყარი საჰაერო თავგადასავლისთვის მოემზადეთ!

აAმ ნომერში რამდენიმე პოპულარულ ლოკაციას გავუწევთ რეკომენდაციას (ფასები ცვალებადია).

კაბადოკია, თურქეთი

თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არის ადგილი, რომელიც სრულიად განსხვავდება დედამიწაზე არსებული სხვა ადგილებისგან. აქ არც ზღვაა, არც პლაჟები და არც ნაცნობი პეიზაჟები. ღრმა კანიონები, ხეხილის ბაღებითა და ვენახებით მოფენილი ხეობები, ქარის მიერ გამოძერწილ ფერად კლდეებში ნაკვეთი ქალაქ-გამოქვაბულები, ქრისტეშობამდე აშენებული მონასტრები და, რა თქმა უნდა, “ფერიების საკვამურები” - ბაზალტის ქუდებით დამშვენებული ვულკანური წარმოშობის ტუფის სვეტები……... აქ მზის ამოსვლა და ჩასვლაც გასაოცარი და იდუმალია, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ხედები ჩიტის ფრენის სიმაღლიდან იშლება…. სწორედ ამიტომ საჰაერო ბურთით გასეირნება და უნიკალური ლანდშაფტის ციდან თვალიერება კაბადოკიის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად არის მიჩნეული.

აქ ყოველდღიურად ასეულობით ფერად-ფერადი აAეროსტატი დაფრინავს. ფFრენები მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება, თუმცა საუკეთესო დრო აპრილი, მაისი და შემოდგომის დასაწყისია. ფასი ერთ პერსონაზე 100 დოლარიდან იწყება.

მასაი მარა, კენია

ორგზის ოსკაროსანი მულტფილმის “მეფე ლომის” დასაწყისი თუ გახსოვთ? მეწამული განთიადი და ცეცხლისფერი ამომავალი მზისკენ მიმავალი სპილოები, ზებრები, ანტილოპები, ჟირაფები და სავანის სხვა ბინადრები? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერ ამას საკუთარი თვალით ხედავთ…... ზემოდან.

კენიაში, მასაი მარას ნაკრძალის თავზე, საჰაერო ბურთით გასეირნება ეგზოტიკური აფრიკის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი საუკეთესო და დაუვიწყარი სანახაობაა.

ცხოველებზე მათ ბუნებრივ ჰაბიტატში დაკვირვება, დათოვლილი კილიმანჯაროს მთელი თავისი დიდებულებით ხილვა - აი, რა გელოდებათ მასაი მარას ნაკრძალის ჰაერიდან თვალიერებისას.

ბურთები ისე დაბლა დაფრინავენ, რომ მარას მდინარეში მონებივრე ბეჰემოთებს და, თუ გაგიმართლათ, დილის ნადირობის სამზადისში მყოფ მტაცებლებსაც კი დაინახავთ.

დაშვების შემდეგ მასაი მარას სტუმრებს სავანის შუაგულში ტრადიციული საუზმით უმასპინძლდებიან.

საჰაერო ტურისთვის საუკეთესო დრო დიდი მიგრაციის პერიოდია - ივლისის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე. ფასები 450 დოლარიდან იწყება.

ალბუკერკე, ნიუ-მექსიკო, აშშ

Albuquerque International Balloon Fiesta-ს, რომელიც შტატ ნიუ-მექსიკოს ამ პატარა ქალაქში ტარდება, აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს საჰაერო შოუდ მიიჩნევენ. ფFესტივალი, 1972 წლიდან მოყოლებული, ყოველ ოქტომბერს იმართება და ყველაზე სანახაობრივისა და პოპულარულის სტატუსით სარგებლობს. საჰაერო ბურთებს აქ ღამითაც უშვებენ (შიდა განათებით).

აქაური კლიმატი იდეალურია ფრენისთვის, ხედები კი - შთამბეჭდავი: რიო-გრანდეს ველი, სანდიას თვალწარმტაცი მთები და ჩრდილოეთი ჩიუაუას უდაბნო თავისი ჯადოსნური პეიზაჟებით.

Balloon Fiesta-ს ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს, რათა რიო-გრანდეს ველის თავზე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ასეულობით საჰაერო ბურთის მომაჯადოებელ ცეკვას ადევნოს თვალი.

სანახაობაზე დასასწრები ბილეთის ღირებულება დაახლოებით 60 დოლარია. ამ ფასად შეძლებთ ღონისძიების გადაღებას, პილოტებთან გასაუბრებას და საღამოს შოუს ნახვას, ხოლო თუ აეროსტატით ფრენა გსურთ, მინიმუმ 275 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

ფესტივალი ცხრა დღეს გასტანს და უამრავ მაყურებელსა და მონაწილეს იზიდავს. ფინალი და კულმინაცია ცაში ერთდროულად რამდენიმე ასეული (ხუთასამდე) ბურთის გაშვება გახლავთ.

პროვანსი, საფრანგეთი

ხმელთაშუა ზღვის პირას, იტალიის საზღვართამ მდებარე რეგიონის სილამაზით მოხიბლულებმა, სწორედ აქ პოვეს შთაგონება თავიანთი შედევრების შესაქმნელად ვან გოგმა, მატისმა, გოგენმა, სეზანმა, რენუარმა და სხვა გენიოსმა ფერმწერებმა.

პროვანსით თქვენც აუცილებლად აღფრთოვანდებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სილამაზეს ზემოდან დახედავთ. საჰაერო ბურთით გასეირნება საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ძალზე პოპულარულია.

ლავანდის მინდვრები, ზეთისხილისა და ნუშის ბაღები, ყვავილოვან სიმწვანეში ჩაფლული უძველესი ქალაქები და სოფლები, შუა საუკუნეების სასახლეები და ციხესიმაგრეები... მთელი მსოფლიოს ტურისტები აქ ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე, ლავანდის ყვავილობის პერიოდში ჩამოდიან, თუმცა აეროსტატით გასეირნება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი - პროვანსი ხომ წელიწადის ყოველ დროს ლამაზია.

რამდენიმე ლოკაცია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს: ლუბერონი მთაზე შეფენილი სოფლებით, ვენახებითა და კლდოვანი მთებით; პროვანსის “საჰაერო ბურთების დედაქალაქად” წოდებული ფორკალკიე ლაჟვარდოვანი ცითა და ალპების ხედებით; იისფერი ლავანდის მინდვრების ზემოდან დასანახად საუკეთესოდ მიჩნეული ვალენსოლის პლატო.

ფრენის ფასი 200 ევროდან იწყება.

ჩიანგმაი, ტაილანდი

ჩიანგმაი ჩრდილოეთ ტაილანდში მდებარეობს. ეროვნული პარკებით, საფეხმავლო ბილიკებითა და გამოქვაბულებებით მდიდარი პროვინცია ჯუნგლებში ხეტიალის, ტრეკინგისა და კაიაკინგის მოყვარულთა ხშირი მასპინძელია.

ტაილანდის საჰაერო ბურთების საერთაშორისო ფესტივალი წლის დასაწყისში, თებერვალ-მარტში იმართება. ამ დროს აქ მთელი მსოფლიოს მონგოლფიერთა გუნდები იყრიან თავს. სტუმართმოყვარე ტაილანდელები წარმოდგენებს, კონცერტებსა და ფეიერვერკებს მართავენ და ტურისტებს ტრადიციული ტაილანდური კერძებით უმასპინძლდებიან.

ბილეთის ფასი 300 ბატს (10 აშშ დოლარს) შეადგენს. ფFესტივალის ჩატარების თარიღის დასაზუსტებლად გირჩევთ, ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე გადაამოწმოთ.

თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე ე.წ. წვის სეზონი იწყება: ფერმერები სახნავ-სათეს მინდვრებს წვავენ, რის გამოც ჰაერი დაბინძურებულია და ხილვადობაც დაბალი.

ფრენისთვის საუკეთესო დრო ნოემბრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე პერიოდია - ამ დროს ცაც მოწმენდილია და ტემპერატურაც სასიამოვნო.

ვადი რამი, იორდანია

ოდესღაც აქ სირიისა და პალესტინის დამაკავშირებელი საქარავნო გზა გადიოდა. უცნაური ფორმის მოთეთრო-მოწითალო დიუნები, კლდეები, კანიონები, ტალღოვანი ქვიშა... იორდანიის გულში მდებარე ვადი რამის უდაბნოს ხშირად “მთვარის ველს” უწოდებენ. ლანდშაფტი აქ მართლაც უფრო კოსმოსურია, ვიდრე მიწიერი. სწორედ ამიტომ ვადი რამი კინორეჟისორების საყვარელი ადგილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარსის მსგავსი პეიზაჟებია გადასაღები (“მარსელი”, “ვარსკვლავური ომები”).

აეროსტატების სადგური ვადი რამის დაცული ტერიტორიის შესასვლელთან, “სიბრძნის შვიდ სვეტთან” მდებარეობს. აფრენისას მგზავრებს საშუალება ეძლევათ, ზემოდან, სრული სიდიადით იხილონ კლდოვანი მასივის სვეტოვანი სტრუქტურა. სიმბოლური კარიბჭის გეოლოგიური მასშტაბი ნებისმიერ მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

საჰაერო ბურთით გასეირნებისთვის საუკეთესო დრო მარტი-მაისი და სექტემბერი-ნოემბერია. ზაფხულში აქ გაუსაძლისი სიცხეა (40°C-ზე მეტი). მიუხედავად ამისა, დილის ფრენისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი მოსაცმელი.

უდაბნოში ამინდი ცვალებადია. ხშირად ქარის გამო ფრენები ბოლო მომენტში უქმდება.

ფასი 130-დან 165 იორდანიულ დინარამდე მერყეობს, რაც დაახლოებით 180-230 აშშ დოლარია.

ირაკლი კარტოზია

გააზიარე: