კუშონი თუ ტონალური კრემი – როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი

გააზიარე:

კუშონი (Cushion Makeup) კორეული სილამაზის ინდუსტრიის კიდევ ერთი აღმოჩენაა, რომელმაც მაკიაჟის ყოველდღიური რუტინა მნიშვნელოვნად გაამარტივა. ეს ინოვაციური კონცეფცია ერთ პროდუქტში აერთიანებს მაკიაჟს, კანის მოვლასა და მზისგან დაცვას. სწორედ ამ მრავალფუნქციურობამ აქცია კუშონი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად როგორც აზიურ, ისე დასავლურ ბაზარზე.

მოდი, გავიგოთ, რით განსხვავდება კუშონი კლასიკური ტონალური საშუალებებისგან, როდის არის ის საუკეთესო არჩევანი და რა უნდა ვიცოდეთ მისი არჩევისა და სწორად გამოყენების შესახებ.

რა არის

კუშონი სამი კომპონენტის – თხევადი ტონალურის, ბალიშისა (Cushion) და მაღალტექნოლოგიური აპლიკატორის – ერთობლიობაა.

პუდრის მსგავს კომპაქტურ შეფუთვაში დაპრესილი პუდრის ნაცვლად თხევადი ტონალური საშუალებით გაჟღენთილი ფოროვანი ღრუბელია მოთავსებული. ეს სპეციალური ანტიბაქტერიული ღრუბელი ათასობით მიკროსკოპული ფორისგან შედგება. მისი დანიშნულებაა:

• შეინახოს თხევადი პიგმენტი და დაიცვას ნაადრევი გაშრობისგან;

• აპლიკატორის დაწოლისას გასცეს პროდუქტის ზუსტად იმხელა ულუფა, რამხელაც საჭიროა იდეალურად თხელი და თანაბარი ფენის მისაღებად.

კუშონის მნიშვნელოვანი ელემენტია აპლიკატორი. ჩვეულებრივი მაკიაჟის ღრუბლისგან განსხვავებით, მისი ზედაპირი გლუვი და მკვრივია, ამიტომ:

• თუ ჩვეულებრივი სპონჟი ტონალური კრემის დიდ ნაწილს შთანთქავს, კუშონისა მინიმალური შეწოვით გამოირჩევა. შედეგად პიგმენტი მთლიანად გადადის კანზე და არ რჩება ღრუბელში.

• თანაბრად ფარავს კანს, არ ტოვებს ზოლებსა და ლაქებს, ქმნის გლუვ და ერთგვაროვან ზედაპირს. მისი წყალობით მაკიაჟი კანზე თითქმის შეუმჩნეველია.

თხევადი პიგმენტიც განხვავდება ჩვეულებრივი ტონალური საშუალებებისგან. მას უფრო თხელი, წყლისებრი ტექსტურა აქვს და, როგორც წესი, შეიცავს:

• მოვლის კომპონენტებს: ჰიალურონის მჟავას, ნიაცინამიდს, მცენარეულ ექსტრაქტებს და სხვა აქტიურ ინგრედიენტებს;

• მზისგან დამცავ ფაქტორს, უმეტესად – დაცვის მაღალი ინდექსით.

პლუსები

მინისებრი, იდეალურად გლუვი, სხივიანი კანი სამხრეთკორეელი ქალების სავიზიტო ბარათია. ამ ეფექტის მისაღწევად ისინი უახლესი ტექნოლოგიით შექმნილ კოსმეტიკას იყენებენ. სწორედ ასეთია კუშონი, რომელსაც რამდენიმე უპირატესობა აქვს:

* მრავალფუნქციურობა. ერთი პროდუქტისგან იღებთ სამმაგ ეფექტს: ტონალურ დაფარვას, დატენიანებას და მზისგან დაცვას.

* ბუნებრიობა. კუშონს იმდენად თხელი და ნაზი ტექსტურა აქვს, რომ კანზე თითქმის შეუმჩნეველია. აპლიკატორის მეშვეობით პიგმენტი ისე თანაბრად ნაწილდება, რომ სრულად გამორიცხავს ე.წ. ნიღბის ეფექტს. მისი მოხმარებისას კანი ჯანსაღი, ერთგვაროვანი და ბზინვარე ხდება. იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

* დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი. ცნობილია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება კანის დაბერებისა და ნაოჭების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ამიტომ კუშონების უმეტესობა, როგორც გითხარით, შეიცავს მზისგან დამცავ ფაქტორს 50-მდე ინდექსით. გარდა ამისა, ფორმულა უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცვლილებების პრევენციისთვის.

* სიმარტივე და სისწრაფე. ბალიში უზრუნველყოფს პროდუქტის ზუსტ დოზირებას. თხევადი ტექსტურა და სპეციალური აპლიკატორი კიდევ უფრო ამარტივებს კანზე მის თანაბარ განაწილებას.

* ჭკვიანი შეფუთვა. კუშონი საუკეთესოა მათთვის, ვინც მუდამ ჩქარობს. კომპაქტური შეფუთვა, სარკე და აპლიკატორი საშუალებას მოგცემთ, მაკიაჟი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას (ტრანსპორტში, ლიფტში) გაიკეთოთ.

* მარტივად განახლებადობა. კლასიკური ტონალური კრემებისგან განსხვავებით, კუშონის განახლება დღეში რამდენჯერმეა შესაძლებელი. წყლისებრი ტექსტურის წყალობით ახალი ფენა იდეალურად ერწყმის ძველს, რომლის მოცილებაც წინასწარ საჭირო არ არის.

* ჰიგიენურობა. ჰერმეტული შეფუთვა მინიმუმამდე ამცირებს ჰაერსა და ბაქტერიებთან პროდუქტის კონტაქტს. თხევადი საშუალება დაცულია შიდა თავსახურით, რაც უზრუნველყოფს ფორმულის სტაბილურობასა და სისუფთავეს.

მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ: აპლიკატორის პერიოდული გასუფთავება კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

გარდა ამისა, კუშონი ხაზს არ უსვამს კანის ტექსტურას. ის თითქმის არ გროვდება ფორებსა და წვრილ ნაოჭებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწიფული და მშრალი კანისთვის. კუშონი იდეალურია მგრძნობიარე კანისთვისაც. ხშირად დამამშვიდებელ ინგრედიენტებსაც შეიცავს, მაგალითად, ალოე ვერას, ნიაცინამიდს. ამრიგად, კუშონი ამშვიდებს კანს, არ ახშობს ფორებს და ქსოვილს სუნთქვის საშუალებას აძლევს.

ნაკლოვანებები

შედარებით სუსტი დაფარვა. თუ თქვენი მიზანი აკნეს, მკვეთრი პიგმენტური ლაქების ან სხვა შესამჩნევი ცვლილებების სრული დაფარვაა, შესაძლოა, კუშონი ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს. მისი მთავარი დანიშნულება ტონის გათანაბრება და კანისთვის ბუნებრივი იერის მიცემაა. რთული ზონების დასაფარავად დამატებით კონსილიერის გამოყენება დაგჭირდებათ.

*ფერების შეზღუდული არჩევანი. აზიური ბრენდები, ტრადიციისამებრ, 2-3 ნათელ ტონს გვთავაზობენ. მათთვის, ვისაც მუქი ან გარუჯული კანი აქვს, შესაბამისი ფერის პოვნა რთულია, თუმცა დასავლურმა ბრენდებმა ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრეს.

*მცირე მოცულობა. ტრადიციული ტონალური კრემი, ჩვეულებრივ, 30 მლ-იანი შეფუთვით იყიდება, კუშონი კი საშუალოდ 12-15 გრამს შეიცავს. ინტენსიური გამოყენებისას ის გაცილებით სწრაფად იხარჯება.

*ნაკლები გამძლეობა. კუშონის მსუბუქი ფორმულა ყოველთვის ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურასა და ტენიანობას. სიცხეში ის შესაძლოა ზედმეტად გათხელდეს, ხოლო ჭარბმა ოფლიანობამ ხელი შეუშალოს კანზე პიგმენტის ფიქსაციას და მაკიაჟის არათანაბარი განაწილება გამოიწვიოს.

*თავსებადობა ცხიმიან კანთან. კანის ცხიმი არღვევს პიგმენტის სტრუქტურას და აჩქარებს დაშლას. გარდა ამისა, ცხიმიან კანზე კუშონის წასმისას კანი შესაძლოა არაბუნებრივად აბზინდეს.

როგორ გამოვიყენოთ

* კანის მომზადება

მაქსიმალური ეფექტისთვის უმჯობესია, კუშონი კარგად გაწმენდილ და დატენიანებულ სახეზე წაისვათ, ოღონდ მის წასმამდე დღის კრემი ან შრატი კანს მთლიანად უნდა ჰქონდეს შეწოვილი.

* სწორი დოზირება

აპლიკატორით მსუბუქად დააწექით ბალიშს. ორჯერ ან სამჯერ დაჭერა, წესისამებრ, საკმარისია მთელი სახის დასაფარად. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ძლიერად დააწვებით, მით მეტი პროდუქტი გადმოვა აპლიკატორზე.

ოქროს წესი: ნაკლები უკეთესია. უმჯობესია, აიღოთ ცოტა და საჭიროების შემთხვევაში დაამატოთ.

* წასმის ტექნიკა

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. პიგმენტი კანზე უნდა წაისვათ მსუბუქი, სწრაფი დარტყმითი მოძრაობებით, თითქოს კანს შტამპავთ. გასმისას პროდუქტის მიკრონაწილაკები იშლება, რის გამოც კანზე ზოლები რჩება და ბუნებრივი ბზინვარება ქრება, დარტყმითი მოძრაობისას კი პროდუქტი "ბეჭდავს“ კანს, ავსებს ფორებს და ზედაპირს იდეალურ სიგლუვეს სძენს.

დაიწყეთ სახის ცენტრიდან და იმოძრავეთ პერიფერიებისკენ. ცხვირის ნესტოებთან და თვალის კუთხეებთან წასმისას აპლიკატორი შუაზე გადაკეცეთ, რომ უფრო ზუსტად მისწვდეთ რთულად მისადგომ ზონებს.

* ფენების დაშენება

თუ შედარებით ინტენსიური დაფარვა გსურთ, ერთბაშად ნუ წაისვამთ სქელ ფენას. დაიდეთ პირველი ფენა და 30 წამი დაელოდეთ მის ფიქსაციას. შემდეგ იმავე მოძრაობით დაამატეთ მეორე მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც საჭიროა, მაგალითად, პრობლემურ ზონებზე – ცხვირზე, ნიკაპზე.

* ჰერმეტულობა

გამოყენების შემდეგ კუშონს მჭიდროდ დახურეთ შიდა თავსახური (რომელზეც აპლიკატორი დევს), რომ არ გამოშრეს და პირვანდელი თვისებები შეინარჩუნოს.

* ჰიგიენა

რეგულარულად გარეცხეთ აპლიკატორი თბილი წყლითა და რბილი გამწმენდით – კვირაში მინიმუმ ერთხელ. ეს არა მხოლოდ სისუფთავისთვის არის საჭირო, არამედ მაკიაჟის ხარისხისთვისაც: სუფთა აპლიკატორი პროდუქტს ბევრად უფრო თანაბრად ანაწილებს.

სასარგებლო რჩევები

* გაითვალისწინეთ კანის ტიპი.

კორეულ კუშონს აქვს სხვადასხვა ეფექტი:

ბზინვარე: იდეალურია მშრალი და ნორმალური კანისთვის, ქმნის დატენიანებული, ჯანსაღი კანის ეფექტს.

გლუვი: საუკეთესო არჩევანია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. ამგვარი ფორმულა არეგულირებს ბზინვარებას და უფრო მდგრადია.

რჩევა: თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაგრამ მაინც ბზინვარე კუშონს ანიჭებთ უპირატესობას, მაკიაჟის ფიქსაციისთვის ზემოდან მსუბუქად გადაისვით პუდრი.

* ტონალობის შესარჩევად პიგმენტი დატესტეთ კისერზე და არა ხელზე.

კორეული ბრენდების უმეტესობას ფერების მწირი პალიტრა აქვს, უმეტესად Lიგჰტ Bეიგე – ძალიან ბაცი, თითქმის ფერმკრთალი კანისთვის – და Nატურალ Bეიგე – საშუალოდ ბაცი კანისთვის.

თუ რუჯი გაქვთ, კორეულ ბრენდებში შესაფერისი ფერის პოვნა გაგიჭირდებათ. ამ შემთხვევაში უმჯობესია, დასავლურ ბრენდებს მიმართოთ.

რჩევა: კანთან კონტაქტისას ფერი შესაძლოა ოდნავ შეიცვალოს, ამიტომ თუ მაღაზიაში ყიდულობთ, ცოტაოდენი წაისვით კისერზე, 10-15 წუთი დაელოდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

* შეამოწმეთ, მოჰყვება თუ არა კომპლექტს რეფილი (refill) ანუ შემავსებელი – ტონალურით გაჟღენთილი ბალიში და აპლიკატორი, რომლებსაც თავდაპირველი კომპლექტის დაცლის შემდეგ კუშონის კოლოფში ათავსებთ. მისი შეძენა გაცილებით ეკონომიურია, რადგან რეფილი 20-30%-ით უფრო იაფი ღირს, ვიდრე მთელი კუშონი. გაითვალისწინეთ, რომ ერთი ბრენდის რეფილი იშვიათად ერგება სხვა ბრენდის კოლოფს განსხვავებული ზომის, ფორმისა და დამაგრების მექანიზმის გამო.

* ყურადღება მიაქციეთ ვადას.რადგან კუშონი თხევადი პროდუქტია და აპლიკატორთან მუდმივი კონტაქტი აქვს. ის ვარგისია გახსნიდან 6-12 თვე. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქტს – ნესტიანი გარემო ხელსაყრელია ბაქტერიების გამრავლებისთვის და შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

შევაჯამოთ: კუშონი იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას ბუნებრიობას, კომფორტს და სწრაფ მაკიაჟს ანიჭებს, მაგრამ თუ თქვენი მიზანი პრობლემური კანის სრული დაფარვა ან პროდუქტის ხანგრძლივი გამოყენებაა, შესაძლოა, კლასიკური ტონალური კრემი უფრო პრაქტიკული აღმოჩნდეს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: