კვების როლი დიაბეტის მართვაში

გააზიარე:

დიაბეტი მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. თანამედროვე სამედიცინო მიდგომით, მისი ეფექტური მართვის საფუძველია სწორი კვება მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად. სწორად შერჩეული რაციონი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას, ამცირებს ინსულინისადმი რეზისტენტობას, აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

იმის გასარკვევად, რატომ არის კვება დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რა პრინციპებით უნდა დგებოდეს ყოველდღიური რაციონი ან როგორ შეიძლება, კვებითი ჩვევების შეცვლით ვაკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე და თავიდან ავიცილოთ დიაბეტის გართულებები, "ავერსის კლინიკის" ექიმ ენდოკრინოლოგს, ნუტრიციოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ ირინა ლომთაძეს მივმართეთ.

– როგორ ვითარდება დიაბეტი?

– შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც, უპირველეს ყოვლისა, სისხლში შაქრის დონე იმატებს. ნახშირწყლოვან საკვებს ორგანიზმი მონელების პროცესში გარდაქმნის გლუკოზად, რომელსაც სხეულის ყველა უჯრედი ენერგიის მთავარ წყაროდ იყენებს. უჯრედებში შესაღწევად კი გლუკოზას ჰორმონი ინსულინი სჭირდება, რომელიც პანკრეასში – კუჭქვეშა ჯირკვალში – გამომუშავდება.

დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც მცირდება ინსულინის გამომუშავება პანკრეასის ავტოიმუნური დაზიანების გამო (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1) ან ინსულინი გამოიყოფა, ხშირად საჭიროზე მეტიც კი, მაგრამ უჯრედები არ რეაგირებენ მასზე (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა). ნებისმიერ შემთხვევაში, გლუკოზა უჯრედებში ვერ ხვდება და ჭარბად გროვდება სისხლში, რაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარებას ავტოიმუნურ მექანიზმებს უკავშირებენ – ამ დროს იმუნური სისტემა შეცდომით ანადგურებს პანკრეასის ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს (ამ პროცესის მაპროვოცირებელია ზოგიერთი ვირუსული ინფექცია), ტიპი 2-ის განვითარება კი მჭიდროდ არის დაკავშირებული არაჯანსაღ კვებასთან, ჭარბ წონასა და უმოძრაობასთან ასაკის მატებისა და გენეტიკური განწყობის ფონზე, ამიტომ ის ცხოვრების წესთან ასოცირებულ დაავადებად მიიჩნევა.

– რა როლს ასრულებს კვება დიაბეტის კომპლექსურ მართვაში?

– სისხლში გლუკოზის მატებას, უპირველეს ყოვლისა, საკვებით მიღებული ნახშირწყლები განაპირობებს. შედარებით ნაკლებია ორგანიზმის, კერძოდ, ღვიძლის მიერ გამომუშავებული ენდოგენური გლუკოზის წილი. აქედან გამომდინარე, რაციონში ნახშირწყლოვანი საკვების წილის შემცირება (განსაკუთრებით – მარტივი, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლებისა) ხელს უწყობს სისხლში შაქრის (განსაკუთრებით – კვების შემდგომის) მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ამცირებს სისხლში გლუკოზის მკვეთრი მატებისა და დაცემის რისკს, იძლევა ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზების შემცირების საშუალებას, ზოგჯერ – წამლის სრულ მოხსნამდეც კი.

კვლევები აჩვენებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დაბალნახშირწყლოვან დიეტას შეუძლია, დაახლოებით ორი წლით გადაავადოს ანტიდიაბეტური მკურნალობის დაწყება, ხოლო უკვე პრეპარატებზე მყოფ პაციენტებს დაავადების უკეთ მართვასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში დაეხმაროს. კვებითი ჩვევების მართვა ასევე მნიშვნელოვანია სხეულის მასის კონტროლისთვის, ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებისა და გულსისხლძარღვთამხრივი გართულებების პრევენციისთვის.

– სხვადასხვაა თუ არა კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სხვადასხვა ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს?

– კვების ძირითადი პრინციპები ორივე ტიპის დიაბეტის დროს პრაქტიკულად ერთი და იგივეა, მაგრამ ტიპი 2-ის მქონე პაციენტები უფრო რეზისტენტულები არიან ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის ნორმაზე დაბლა დაცემის) მიმართ, ვიდრე ტიპი 1-ის მქონე პაციენტები, ამიტომ აქვთ შესაძლებლობა, რაციონის შედგენისას მეტი მოქნილობა გამოიჩინონ, ტიპი 1-ის შემთხვევაში კი ყოველი გრამი ნახშირწყალი და ინსულინის ყოველი ერთეული მკაცრად უნდა იყოს დაბალანსებული.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს მთავარი ამოცანაა საკვებიდან მიღებული ნახშირწყლებისა და ინექციით შეყვანილი ინსულინის სინქრონიზაცია. ეს ნიშნავს, რომ პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა, რათა სწორად გამოთვალოს ინსულინის შესაბამისი დოზა.

– არსებობს თუ არა უნივერსალური კვებითი მოდელი დიაბეტიანი პაციენტებისთვის? თუ დიეტა ინდივიდუალურად უნდა დაიგეგმოს?

– მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი წესები და რეკომენდაციები ყველა პაციენტისთვის საერთოა, თანამედროვე მედიცინაში კვების მართვა ინდივიდუალურად მორგებულ სტრატეგიას ეფუძნება.

რაციონი უნდა შეირჩეს სხეულის მასის, ასაკის, ფიზიკური აქტიურობის, თანმხლები დაავადებების მიხედვით.

დიეტა დიაბეტის დროს არ ნიშნავს ერთფეროვან მენიუს. ნებადართული საკვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ბუნებაში არსებულ სურსათს ვყოფთ ჯგუფებად:

1. პური და პურეული;

2. ხორცი და ხორცეული;

3. ხილი;

4. ბოსტნეული;

5. ცხიმი;

6. რძე.

პაციენტს შეუძლია, გემოვნებისამებრ აირჩიოს სასურველი პროდუქტი ან პროდუქტები ყოველი ჯგუფიდან. მთავარია არ გადააჭარბოს რეკომენდებულ ულუფას და დაიცვას ჯგუფების თანაფარდობა.

გლუკოზის მეტაბოლიზმი ნახშირწყლების ხარისხსა და რაოდენობაზე, კვების რეჟიმზე, ბოჭკოვანი საკვების წილზე, ცხიმებისა და ცილების სწორად დაბალანსებაზეა დამოკიდებული.

ნახშირწყლები და გლიკემიური კონტროლი

– ბევრი პაციენტი ნახშირწყლებს სრულიად გამორიცხავს რაციონიდან. რამდენად გამართლებულია ეს?

– დიაბეტის მართვის პროცესში ნახშირწყლების სრული გამორიცხვა არც რეკომენდებულია და არც პრაქტიკულად გამართლებული. მიუხედავად შეზღუდვებისა, დიაბეტიანის საკვების საშუალოდ 50% ნახშირწყლების წილად უნდა მოდიოდეს, რადგან მათ აკისრიათ სასიცოცხლო ფუნქცია – ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფა.

რაციონიდან ნახშირწყლების სრულიად ამოღება სხეულს აიძულებს, ენერგიის წყაროდ ცხიმი და ცილა გამოიყენოს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს არასასურველ ეფექტს, მაგალითად, დისლიპიდემიას –სისხლში ცხიმების მატებას, კეტოაციდოზს, შარდკენჭოვანი დაავადების პროვოცირებას, იმუნური სისტემის პრობლემებს და სხვა.

– რა განსხვავებაა გლიკემიურ ინდექსსა და გლიკემიურ დატვირთვას შორის, რომელი უკეთ ასახავს პროდუქტის რეალურ გავლენას სისხლში გლუკოზის დონეზე?

– გლიკემიური ინდექსი (GI) გვიჩვენებს, რა სისწრაფით გარდაიქმნება პროდუქტში არსებული ნახშირწყლები გლუკოზად და რამდენად სწრაფად იწევს სისხლში შაქრის დონე მისი მიღების შემდეგ, მაგრამ არ ითვალისწინებს, რა რაოდენობის ნახშირწყალს შეიცავს პროდუქტის კონკრეტული ულუფა.

გლიკემიური დატვირთვა (GL) ითვალისწინებს ნახშირწყლების არა მხოლოდ ხარისხს (GI), არამედ რაოდენობასაც ერთ ულუფაში ანუ გვიჩვენებს, რა გავლენას მოახდენს, მაგალითად, 100 გ საკვები სისხლში შაქრის დონეზე.

ამრიგად, ორივე კრიტერიუმი მნიშვნელოვანია, თუმცა სისხლში გლუკოზის მატების პროგნოზისთვის გლიკემიური დატვირთვის (GL) მაჩვენებელი უფრო ზუსტ და პრაქტიკულ ინფორმაციას იძლევა.

შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია დაბალი გლიკემიური ინდექსისა და დატვირთვის მქონე საკვების მიღება. ასეთია ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს, თხილეული, ქერი, დაუმუშავებელი ბრინჯი... მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები კი სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას იწვევს. ასეთია კარტოფილი, ტკბილეული, თეთრი პური.

– რომელი ნახშირწყლები უნდა შეიზღუდოს დიაბეტის დროს და, პირიქით, რომელთა მიღებაა რეკომენდებული?

– დიაბეტის მართვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნახშირწყლების ხარისხსა და რაოდენობას რაციონში. უნდა შეიზღუდოს მარტივი`ადვილად შეწოვადი, მაღალი გლიკემიური ინდექსისა და დატვირთვის მქონე ნახშირწყლები, რომლებიც სისხლში სწრაფად სწევს მაღლა შაქარს. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, თავად შაქარი, შემდეგ – ტკბილეული (შოკოლადი, საწუწნი და საღეჭი კანფეტები, თაფლი), ტკბილი გაზიანი სასმელები, ტკბილი წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი, თეთრი ბრინჯი, მაკარონი და სხვა.

რეკომენდებულია რთული, ნელა შეწოვადი ნახშირწყლების მიღება, რომლებიც ნელ-ნელა ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას და ხანგრძლივ დანაყრებას უზრუნველყოფს. მათ შეიცავს მთლიანი მარცვლეული, ცეხვილი პური, ბოსტნეული, პარკოსნები, თხილეული, მწვანილი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოჭკო, იგივე უჯრედისი. ეს ნახშირწყლების ის ნაირსახეობაა, რომელიც პრაქტიკულად არ იხსნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და ამცირებს გლიკემიურ პიკებს. ბოჭკოთი მდიდარია მთლიანი მარცვლეული, ბოსტნეული (განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული), მწვანილი, მწვანე და ხმელი ლობიო, ბარდა, ოსპი, თხილეული.

– შაქრის მაღალი შემცველობის გამო დიაბეტიანებს უკრძალავენ მრავალი სახეობის ხილს. რომელი ხილის მიღებაა ნებადართული და რა ოდენობით?

– ხილი შეიცავს არა მხოლოდ ნახშირწყლებს (ფრუქტოზას, გლუკოზას), არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს, მაკრო- და მიკროელემენტებს, ანტიოქსიდანტებსა და ბოჭკოსაც. მთავარია, სწორად ავარჩიოთ და ვაკონტროლოთ მისი ოდენობა.

უპირატესობა უნდა მიენიჭოს დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილს. ესენია: ვაშლი, მსხალი, კენკრა (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, მაყვალი), ციტრუსები, კივი.

უნდა შეიზღუდოს ან სრულიად გამოირიცხოს რაციონიდან კარალიოკი, ხურმა, ყურძენი (რქაწითელი), ლეღვი, თუთა, ჩირი.

არც ხილის წვენის მიღებაა რეკომენდებული – ის არ შეიცავს ბოჭკოს და მყისიერად სწევს მაღლა სისხლში შაქრის დონეს.

ერთ ჯერზე მისაღები რეკომენდებული ულუფაა 100-150 გრამი (ვიზუალურად – მუჭისოდენა). ნებადართულია 1-2 ულუფა დღეში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში. თუ ხილს ცილასთან ან ჯანსაღ ცხიმთან (მაგალითად, რამდენიმე თხილის ან კაკლის გულთან ან უცხიმო ხაჭოსთან) ერთად მიიღებთ, გლუკოზის შეწოვა კიდევ უფრო შენელდება.

სასურველია, ხილი მიირთვათ ძირითადი კვების შემდეგ ან მასთან ერთად, რათა თავიდან აიცილოთ ინსულინის ხშირი გადმოსროლა და ჰიპერინსულინემია, რაც, თავის მხრივ, ზრდის მადას და სიმსუქნის რისკს.

– აუცილებელია თუ არა თეთრი შაქრის რაციონიდან ამოღება?

– თეთრი შაქარი, რომელსაც მოვიხმართ როგორც დამატკბობელ საშუალებას, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებმა უმჯობესია სრულიად ამოიღონ რაციონიდან.

ცილები და ცხიმები

– რა როლი აკისრია ცილას სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციაში?

– ცილა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლიკემიურ პასუხზე. ცილოვანი საკვები ანელებს კუჭის დაცლას და ნახშირწყლების შეწოვას, რის შედეგადაც სისხლში შაქრის დონე არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით იმატებს, ეს კი თავიდან გვაცილებს მკვეთრ გლიკემიურ პიკებს.

რეკომენდებულია წითელი ხორცის ჩანაცვლება თევზეულით, კვერცხის ცილით, ქათმის ან ინდაურის ფილეთი (აუცილებლად კანგაცლილით), რძის ნაწარმით (ხაჭოთი, ნადუღით, ყველით) და ცილოვანი მცენარეული საკვებით: ლობიოთი, ბარდით, სოიით, თხილეულით. მცენარეული საკვები, წითელი ხორცისგან განსვავებით, პრაქტიკულად არ შეიცავს მავნე, ათეროგენულ ნაჯერ ცხიმს. მრავალი კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ცხოველური ცხიმის მცენარეულით ჩანაცვლება რამდენადმე აუმჯობესებს გლიკოზირებული ჰემოგლობინისა და უზმოს გლიკემიის მაჩვენებელს. დიაბეტიანთა რაციონში ცილა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 0.8 გრამს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე ან მიღებული ულუფის 15-20%-ს. ჭარბმა ცილამ (განსაკუთრებით – წითელი ხორცის შემადგენლობაში შემავალმა) შესაძლოა დატვირთოს თირკმელები და ხელი შეუწყოს დიაბეტური ნეფროპათიის განვითარებას, ამიტომ ცილის ოდენობაც ინდივიდუალურად, ექიმთან კონსულტაციით უნდა განისაზღვროს.

– რომელი ცხიმებია სასარგებლო დიაბეტიანებისთვის და რომელთა შეზღუდვაა რეკომენდებული?

– სწორად შერჩეული ცხიმები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა მხრივ გართულებების რისკის შემცირებას, ამიტომ დიაბეტის დროს მიზანშეწონილია ცხიმების არა რაციონიდან ამოღება, არამედ მათ ხარისხზე ორიენტირებული, დაბალანსებული რაციონის შედგენა.

უპირატესობა უნდა მიენიჭოს უჯერ და მონოუჯერ ცხიმებს, რომლებსაც ჰიპოქოლესტერინული თვისებები აქვს და აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. უჯერ ცხიმს შეიცავს თევზეული (განსაკუთრებით – ცხიმიანი თევზი: ორაგული, სკუმბრია, თინუსი), ჩიასა და სელის თესლი. მონოუჯერი ცხიმის კარგი წყაროა ზეითუნის ზეთი, რომელიც ანტიქოლესტერინული თვისებებით გამოირჩევა, ასევე ავოკადო და თხილეული (ნუში, ნიგოზი, თხილი).

რეკომენდებულია, შეიზღუდოს ნაჯერი ცხიმები – ცხიმიანი წითელი ხორცი, ძეხვეული, ერბო, რძის ცხიმიანი ნაწარმი. კიდევ უფრო არასასურველია ტრანსცხიმები, რომლებიც არის მარგარინში, ფასტფუდში, სამრეწველო ცომეულში, ჩიფსებში, ნახევარფაბრიკატებში, მრავალჯერადად გაცხელებულ ზეთში. ტრანსცხიმი ზრდის სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების რისკს.

რძე და რძის ნაწარმი

– ყურადღებას მოითხოვს რძის ნაწარმის შერჩევაც. რძე კალციუმის, ცილისა და მრავალი სხვა სასარგებლო ნუტრიენტის წყაროა, თუმცა შეიცავს ნახშირწყლებსაც. მიზანშეწონილია მისი ზომიერი მოხმარება. საკმარისია დღეში ერთი ჭიქა რძე, მაწონი ან კეფირი, უმჯობესია დაბალცხიმიანი.

რეკომენდებულია ხაჭოსა და ყველის ზომიერი მიღებაც. ნებადართულია დღეში 1-2 ულუფა (ყველი – 30-60 გ, ხაჭო – 80-100 გ.).

ალკოჰოლი

– მცირე რაოდენობით სუფთა ალკოჰოლი პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას სისხლში შაქრის დონეზე, თუმცა ზოგიერთი ალკოჰოლიანი სასმელი შეიცავს ნახშირწყლოვან დანამატებს, რომლებმაც შესაძლოა გლუკოზის დონის მომატება გამოიწვიოს. მცირე დოზით ალკოჰოლიან სასმელს ითვალისწინებს ყველაზე ჯანსაღად აღიარებულ ხმელთაშუა ზღვის დიეტაც. ამ დიეტის თანახმად, ნებადართულია დღეში 2 ჭიქა სუფთა ღვინო მამაკაცებისთვის და 1 ჭიქა ქალებისთვის. რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღება მხოლოდ საკვებთან ერთად.

ჩაი, ყავა

– ჩაი და ყავა კოფეინთან ერთად ბევრ სასარგებლო ნივთიერებასაც შეიცავს: ყავა – ანტიოქსიდანტებს (პოლიფენოლებს, ქლოროგენის მჟავას), B ჯგუფის ვიტამინებს (B2-ს, B3-ს, B5-ს), მინერალებს (კალიუმს, მაგნიუმს, მანგანუმს); ჩაი – პოლიფენოლებს და ანტიოქსიდანტებს (კატექინებსა და ფლავონოიდებს), L-თეანინს, C, K და B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს (კალიუმს, მაგნიუმს, ფთორს), ტანინებს. მათი ზომიერი მოხმარება – 1-3 ჭიქისა დღეში – უსაფრთხოა, ჭარბმა რაოდენობამ კი ზოგიერთ დიაბეტიან პაციენტთან შესაძლოა გამოიწვიოს შაქრის მატება, ასევე – ტაქიკარდია, წნევის მატება, უძილობა და სხვა.

– რომელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი გვხვდება დიაბეტის დროს ყველაზე ხშირად?

– შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმი ხშირად განიცდის ნუტრიენტების ნაკლებობას. ეს განპირობებულია როგორც თავად დაავადების მეტაბოლური თავისებურებებით (მაგალითად, შარდთან ერთად მინერალების გაძლიერებული კარგვით), ისე ზოგიერთი ანტიდიაბეტური მედიკამენტის ხანგრძლივი მიღებით.

პრეპარატი მეტფორმინი აქვეითებს ვიტამინ B12-ის შეწოვას, ამიტომ, ამერიკის დიაბეტის ასაციაციის (ADA) რეკომენდაციით, მეტფორმინის მომხმარებლებს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ კვლევა B12-ზე და დეფიციტის დადასტურების შემთხვევაში – მკურნალობა. მნიშვნელოვანია D ვიტამინის დეფიციტის კორექციაც.

მუდმივმა დიეტოთერაპიამ შესაძლოა B9 ვიტამინის (ფოლიუმის მჟავას) და თუთიის დეფიციტი გამოიწვიოს. ხშირად გვხვდება მაგნიუმის დეფიციტიც, რაც შესაძლოა ზოგიერთი შარდმდენი პრეპარატის მოხმარებასთან ან დიაბეტურ ნეფროპათიასთან იყოს დაკავშირებული.

ზოგიერთი რანდომიზებული კვლევა აჩვენებს, რომ ქრომის დამატება აუმჯობესებს გლიკემიას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში, თუმცა ამ ეტაპზე მტკიცებულებები არასაკმარისია იმისთვის, რომ რეკომენდაცია გავუწიოთ ქრომის დამატებას მათთან, ვისაც მისი დეფიციტი არ აღენიშნება.

ნუტრიციული დეფიციტის შევსება უნდა მოხდეს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე და ექიმის დანიშნულებით.

კვების რეჟიმი და ულუფები

– გლიკემიის უკეთესი კონტროლისა და ნორმალური მეტაბოლიზმისთვის რეკომენდებულია საათობრივი რეჟიმის დაცვა. იდეალურია 4-ჯერადი კვება, მისაღებია 3-ჯერადიც. კვების გამოტოვება და ხანგრძლივი შიმშილი ზრდის ჰიპოგლიკემიის, შემდგომ კი საკვების ჭარბი მიღების რისკს. კვების რეგულარულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იღებს ინსულინს ან შაქრის დამწევ პრეპარატებს.

სხვადასხვა რეკომენდაციით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს ნახშირწყლის, ცხიმისა და ცილის თანაფარდობა უნდა შეადგენდეს 50%`15-20%`25-30%-ს (თუმცა ნახშირწყლების წილის შესახებ მონაცემები ერთმნიშვნელოვანი არ არის). ამ პროპორციის დაცვა სასურველია ყოველი კვების დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ნახშირწყლების მიღება.

არსებობს ე.წ. თეფშის მეთოდიც: 23 სმ დიამეტრის თეფშის ნახევარს უნდა შეადგენდეს ბოსტნეული (სახამებლის შემცველობის გარეშე), მეოთხედს – მთლიანი მარცვლეული და პურეული, მეოთხედს – მცენარეული და მჭლე (უცხიმო) ცხოველური ცილა.

სასურველია ნახშირწყლების თანაბრად განაწილება მთელ დღეზე, რათა თავიდან ავიცილოთ გლუკოზის მატების მკვეთრი პიკები. დიდი რაოდენობით ნახშირწყლების ერთჯერადი მიღება, თუნდაც “ჯანსაღი” წყაროებიდან, ართულებს გლიკემიის კონტროლს. სასარგებლოა კვების დაწყება ბოსტნეულითა და ცილებით, ხოლო ნახშირწყლების მიღება – ბოლოს.

– რამდენად უსაფრთხოა დიაბეტური პროდუქტი, რომლებიც მარკეტებში იყიდება?

– ამ პროდუქტების “დიაბეტურად” პოზიციონირება მომხმარებლისთვის დამაბნეველია და ხშირად – შეცდომაში შემყვანიც. ბევრს ჰგონია, რომ თუ პროდუქტს აწერია “დიაბეტური” ან “უშაქრო”, მისი მიღება შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება. სინამდვილეში ასე არ არის.

მწარმოებლები შაქარს ხშირად არანაკლებ კალორიული ან ისეთივე გლიკემიური ეფექტის მქონე ნივთიერებებით ანაცვლებენ. მაგალითად, ბევრი დიაბეტური ტკბილეული ფრუქტოზაზეა დამზადებული. მართალია, ის სისხლში შაქარს მომენტალურად არ სწევს, მაგრამ კალორიულია, ადვილად გარდაიქმნება ცხიმად და ღვიძლში გროვდება (დიაბეტური ჰეპატოზი), ზრდის ინსულინრეზისტენტობას და ხელს უწყობს წონის მატებას. უშაქრო პროდუქტს გემო რომ შეუნარჩუნონ, ხშირად მას ამატებენ დიდი რაოდენობით ცხიმს (ნაჯერსაც), რაც ზრდის პროდუქტის კალორიულობას. "უშაქრო" (Sugar-Free) ავტომატურად არ ნიშნავს "უნახშირწყლოს" (Carb-Free). პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს ფქვილს, სახამებელს ან სხვა კომპონენტებს, რომლებიც ბოლოს მაინც გლუკოზად იქცევა.

ეტიკეტზე ყურადღება უნდა მიაქციოთ ნახშირწყლების საერთო რაოდენობას (თოტალ ჩარბოჰყდრატეს). ეს მაჩვენებელი მოიცავს შაქარსაც, სახამებელსაც და ბოჭკოსაც. დიაბეტიანისთვის სწორედ ნახშირწყლების ჯამური ოდენობაა გადამწყვეტი და არა მხოლოდ შაქრის. ყურადღება მიაქციეთ შაქრის ალტერნატიულ სახელებსაც: სიროფი, საქაროზა, გლუკოზა, ფრუქტოზა, დექსტროზა, მალტოდექსტრინი... ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ნაჯერი ცხიმის შემცველობა და კალორიულობა. დიაბეტის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივ, მინიმალურად დამუშავებულ პროდუქტებს, ხოლო სპეციალური “დიაბეტური” ნაწარმი განიხილებოდეს როგორც იშვიათი ალტერნატივა და არა ყოველდღიური კვების ნაწილი.

წონა და ცხოვრების სტილი

– რა კავშირია სხეულის მასასა და სისხლში შაქრის კონტროლს შორის?

– სხეულის მასის კლებას პირდაპირი კავშირი აქვს გლიკემიის მართვასთან. რაც უფრო დიდია სხეულის მასა, მით უფრო მაღალია უჯრედების რეზისტენტობა ინსულინის მიმართ, ინსულინის ეფექტურობა მცირდება, შაქარი სისხლში გროვდება, უჯრედები კი ენერგიის შიმშილს განიცდიან. კვლევები ადასტურებს, რომ სხეულის მასის თუნდაც 5-7%-ით შემცირება საგრძნობლად ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. წონის კონტროლი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გლიკემიის სტაბილიზაციისთვის, არამედ დიაბეტთან ასოცირებული გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შესამცირებლადაც.

– რა როლს ასრულებს ფიზიკური აქტიურობა დიაბეტის მართვაში?

– ფიზიკური დატვირთვის დროს კუნთი დიდი რაოდენობით გლუკოზას მოიხმარს. საინტერესო ის არის, რომ ვარჯიშის დროს კუნთებს შეუძლია გლუკოზის ათვისება ინსულინისგან დამოუკიდებელი მექანიზმების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას. გარდა ამისა, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ხელს უწყობს სხეულის მასის კლებას, ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს, რომლებიც დიაბეტის დროს განსაკუთრებით ხშირია, ამიტომ ზომიერი ფიზიკური აქტიურობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი კვება და ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღება. რეკომენდებულია კვირაში, სულ მცირე, 150-წუთიანი ფიზიკური აქტიურობა კვირის ძირითად დღეებზე განაწილებით.

კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც დიეტოთერაპიას ფიზიკური აქტიურობაც ემატება, დიაბეტის რემისიის ალბათობაც იმატებს.

გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე ვარჯიშამდეც და ვარჯიშის შემდეგაც. გარდა ამისა, ვარჯიშის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს:

* ჰიპოგლიკემიის რისკი. თუ იღებთ ინსულინს ან განსაზღვრულ მედიკამენტებს, ვარჯიშმა შესაძლოა შაქარი ზედმეტად დაწიოს. ყოველთვის იქონიეთ თან სწრაფი ნახშირწყლები (მაგალითად, ხილის წვენი ან გლუკოზის აბი).

* ფეხსაცმელი. დიაბეტური ტერფის პრევენციისთვის აუცილებელია კომფორტული, სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი.

* კონსულტაცია. ინტენსიური ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შესამოწმებლად.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: