15 მარტივი რჩევა თმის ზრდის დასაჩქარებლად
გააზიარე:
თუ რაპუნცელივით გრძელ და ჯანსაღ თმაზე ოცნებობთ, ეს სტატია თქვენთვისაა. მართალია, თმის ზრდის სიჩქარე უმთავრესად გენეტიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს რამდენიმე გზა ამ პროცესის დასაჩქარებლად.
სტატიიდან შეიტყობთ, რა გავლენას ახდენს შინაგანი და გარეგანი ფაქტორები თმის ფოლიკულების ფუნქციობაზე, რა როლს ასრულებს სწორი კვება, თავის კანის მოვლა და ყოველდღიური ჩვევები თმის ზრდის პროცესში.
რა სიჩქარით იზრდება თმა?
ჯანმრთელი ადამიანის თმა თვეში ერთიდან ერთ-ნახევარ სანტიმეტრამდე იზრდება, რაც დღეში დაახლოებით 0,3-0,5 მმ-ია, თმის ათი სანტიმეტრით გასაზრდელად კი დაახლოებით 8-10 თვეა საჭირო, თუმცა ეს საშუალო მაჩვენებელია. თმის ზრდის სიჩქარე ინდივიდუალურია და მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას.
შესაძლებელია თუ არა თმის ზრდის სტიმულირება?
თმის ზრდის სიჩქარე გენეტიკურად არის განსაზღვრული და მისი ბუნებრივი ტემპის აჩქარება შეუძლებელია – ზრდა მთლიანად თმის ფოლიკულის ბუნებრივ სასიცოცხლო ციკლზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ თმა ნორმაზე ნელა იზრდება არასათანადო მოვლის, სუსტი ფოლიკულების, ბოლოების დაზიანების ან არასწორი კვების გამო, შეგვიძლია, მას ოპტიმალური პირობები შევუქმნათ, რათა ფოლიკულებმა ეფექტურად იმუშაონ და თმამ ზრდის სიჩქარემ გენეტიკურ მაქსიმუმს მიაღწიოს.
რჩევა 1: ყოველდღე დაიზილეთ თავის კანი
თავის კანის მასაჟი თმის ზრდის სტიმულირების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა. სწორედ თავის კანში მდებარეობს ფოლიკულები, საიდანაც თმის ღერები ამოდის. მსუბუქი წრიული მოძრაობები აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას. ამის შედეგად ფოლიკულებს უფრო მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერება მიეწოდება, რაც ასტიმულირებს თმის ზრდის პროცესს.
გარდა ამისა, რეგულარული მასაჟი ამცირებს სტრესს და აჩქარებს ფოლიკულების აღდგენის პროცესს.
სპეციალისტები გვირჩევენ, დავიზილოთ თავის კანი თითის ბალიშებით (და არა ფრჩხილებით) დღეში ერთხელ, 5-10 წუთის განმავლობაში. თმა ამ დროს, სასურველია, მშრალი იყოს. სურვილისამებრ, შეიძლება თითის წვერების ზეთით დასველებაც (გამოგვადგება ქოქოსის, აბუსალათინის, არგანის ზეთი). ასევე შეიძლება მასაჟისთვის სპეციალური ჯაგრისის გამოყენებაც.
რჩევა 2: ყოველდღე მიაწოდეთ ორგანიზმს თმის სიჯანსაღისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები
ფოლიკულების გამართული ფუნქციობისთვის ორგანიზმი ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებით უნდა მოამარაგოთ.
თმის სიჯანსაღისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
* ბიოტინი (ვიტამინი B7) – ეს ვიტამინი მონაწილეობს კერატინის, თმის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტის, სინთეზში და ენერგიით უზრუნველყოფს თმის ფოლიკულებს. ბიოტინის დეფიციტს მოსდევს თმის გათხელება, მტვრევადობა და ცვენა.
ბიოტინის წყაროა: საქონლისა და ხბოს ღვიძლი, კვერცხი, რძის ნაწარმი, თევზი, თხილეული და თესლეული.
* თუთია – ეს ელემენტი დიდ როლს ასრულებს თმის ზრდის ციკლის რეგულირებასა და თავის კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ის მონაწილეობს თმის ფოლიკულების განახლებისა და უჯრედების გაყოფის პროცესში, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. როგორც მრავალი ფერმენტის კოფაქტორი, თუთია აუცილებელია ცილების, მათ შორის კერატინის, სინთეზისთვის.
თუთიის დეფიციტი ხშირად იწვევს თმის ინტენსიურ ცვენას.
თუთიის წყაროა: თევზი და ზღვის პროდუქტები, ხორცი, რძე და რძის ნაწარმი, მარცვლეული და პარკოსნები.
* ცილა – კერატინი, თმის ძირითადი კომპონენტი, ცილაა, რომლის სათანადო რაოდენობა ღერების სიმტკიცესა და ჯანსაღ სტრუქტურას უზრუნველყოფს. ცილის ნაკლებობა ხშირად იწვევს თმის სიმყიფეს, სისუსტეს და ზრდის შენელებას.
ცილა ყველაზე მეტია ხორცში, თევზში, რძის ნაწარმში, პარკოსნებში.
რჩევა 3: პერიოდულად გამოიყენეთ ეთერზეთები
ეთერზეთები ძლიერ კონცენტრირებული, არომატული ნაერთებია, რომლებიც უხვად შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ამიტომ ძლიერი თერაპიული და კოსმეტიკური ეფექტი აქვს. ეს ნაერთები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას (პიტნა, როზმარინი), ამცირებს ანთებას (ჩაის ხე), ამშვიდებს და ებრძვის არასასურველი მიკრობების გამრავლებას (ლავანდა).
ნუ წაისვამთ გაუზავებელ ეთერზეთს – მაღალკონცენტრირებულმა ნაერთმა შესაძლოა სიწითლე, კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ყოველთვის გააზავეთ ის ქოქოსის, ნუშის ან ჟოჟობას ზეთით. ოპტიმალურია 1-3%-იანი კონცენტრატი (1-3% ეთერზეთი, დანარჩენი – საბაზისო ზეთი).
ნაზად შეიზილეთ ნარევი თავის კანში და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა რეკომენდებულია კვირაში 2–3-ჯერ.
რჩევა 4: გამოიყენეთ თმის მოვლის დამზოგველი საშუალებები
თმის ზრდას აფერხებს სულფატები – აგრესიული, ზედაპირულად აქტიური გამწმენდი ნივთიერებები, რომლებიც მრავალი შამპუნის შემადგენლობაში შედის. ეს ნივთიერებები უზრუნველყოფს შამპუნის აქაფებას და ეფექტურად აშორებს ჭუჭყსა და ცხიმს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძლიერი გამომშრობი ეფექტიც აქვს. სულფატის შემცველი შამპუნი თანდათან აზიანებს თმის ღერის გარეთა ფენას (კუტიკულას), რის შედეგადაც თმა უხეშდება, მყიფდება, იყოფა. ეს საგრძნობლად ამცირებს ზრდის სიჩქარეს და შესაძლოა, ცვენასაც კი შეუწყოს ხელი.
ჯანსაღი ალტერნატივაა უსულფატო (შულფატე-Fრეე) და ნატურალური კოსმეტიკური ნაწარმია, რომელიც ისე აშორებს ჭუჭყსა და ცხიმს, რომ არც ღერებს აშრობს და არც თავის კანის ბუნებრივ ბარიერს აზიანებს. თმა ინარჩუნებს ტენიანობასა და სიმტკიცეს და ზრდისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებში ხვდება.
თუმცა სიფრთხილე აქაც საჭიროა. ზოგიერთი ნატურალური პროდუქტი შეიცავს სპირტს, რომელსაც ასევე შეუძლია თმისა და თავის კანის გამოშრობა, ამიტომ შეძენამდე ყოველთვის ყურადღებით გაეცანით შამპუნის შემადგენლობას.
რჩევა 5: გამოიყენეთ კონდიციონერი
ჭუჭყისა და ცხიმის მოსაცილებლად შამპუნი დროებით ხსნის კუტიკულას, თმის ღერის გარეთა, დამცავ ფენას. ღერი დაუცველი რჩება, უხეშდება და ადვილად ზიანდება. კონდიციონერი ლუქავს კუტიკულას და თმის ღერის სიგლუვეს აღადგენს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კონდიციონერის გამოყენება ყოველი დაბანის შემდეგ. გლუვი ზედაპირი აადვილებს ვარცხნას და ხელს უშლის თმის აბურდვას, რაც ღერების მტვრევადობის ერთ-ერთი მიზეზია.
რჩევა 6: რეგულარულად გამოიყენეთ თმის ნიღაბი
ნიღაბი კვებავს, ღრმად ატენიანებს და აღადგენს თმის ღერებს. მაქსიმალური ეფექტისთვის:
* დაიდეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
* წაისვით ახალდაბანილ, სველ თმაზე და კარგად ჩამოიბანეთ.
* სამკურნალო ნიღბის გამოყენების შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ კონდიციონერი, რომ კუტიკულები დაილუქოს.
რჩევა 7: მოარიდეთ თმა მზეს და გადახურებას
თმის დაზიანების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებაა. მართალია, არსებობს სტაილინგის საშუალებები, რომლებსაც ვარცსნილობისთვის ფორმის მისაცემად სიმხურვალე არ სჭირდება (Dყსონ Aირწრაპ ცივი ჰაერის ნაკადის ფუნქციით, რბილი ბიგუდები, თუნდაც სახლის პირობებში თმის დასახვევად გამოყენებული წინდები), მაგრამ ტრადიციული ფენი და უთო კვლავაც პოპულარულია.
თერმული ხელსაწყოთი თმის დამუშავებამდე ისხურეთ თერმოდამცავი სპრეი ან წაისვით თერმოდამცავი კრემი – ისინი ღერების ზედაპირზე შექმნიან დამცავ ბარიერს, რომელიც თმას გადახურებისგან დაიცავს.
გაითვალისწინეთ: თერმული მოწყობილობების ხშირი გამოყენება დამცავი ზომების მიღების შემთხვევაშიც კი არასასურველია.
არანაკლებ აზიანებს თმას მზის ულტრაიისფერი სხივები, ამიტომ თუ იცით, რომ დიდხანს მოგიწევთ მზის გულზე ყოფნა, ქუდი დაიხურეთ ან თხელი თავსაბურავი მოიხვიეთ.
რჩევა 9: რეგულარულად მოიჭერით ბოლოები
ბოლოების რეგულარული მოჭრა თმის მოვლის ოქროს წესია. მართალია, ეს პროცესი უშუალოდ არ აჩქარებს თმის ზრდას, მაგრამ აცოცხლებს და აჯანსაღებს ღერებს, მით უმეტეს მაშინ, როცა ბოლოები უკვე დაზიანებულია.
თუ დაზიანებულ ბოლოებს დროულად არ მოიცილებთ, დაზიანება ზემოთაც გავრცელდება, 6–8 კვირაში ერთხელ თმის 1-2 სანტიმეტრით შემოკლება კი ამ პროცესს ხელს შეუშლის.
რჩევა 10: ნუ დაიბანთ თმას ძალიან ცხელი წყლით
ცხელი წყალი აშრობს თმას, რის შედეგადაც ღერები უხეშდება და მყიფდება და აცლის თავის კანს ბუნებრივ ცხიმს (სებუმს), რომელიც აუცილებელია კანის დასატენიანებლად. ცხიმის ბალანსის დარღვევა თავის კანის გამოშრობას ან, პირიქით, ცხიმის კომპენსატორულ ჭარბ წარმოქმნას იწვევს.
თავის დასაბანად იდეალურია ოდნავ თბილი წყალი. ის არც თავის განს გამოაშრობს და სისხლის მიმოქცევასაც გაააქტიურებს.
რჩევა 11: სწორად გაიშრეთ თმა
სველ თმაზე აგრესიული მანიპულაცია – უხეში ვარცხნა, პირსახოცით ძლიერი სრესა – ღერების დაზიანებას იწვევს.
* ნუ მოისრესთ სველ თმას პირსახოცით. უმჯობესია, ფრთხილად შეიშროთ ან თმაზე მოიხვიოთ და დაიტოვოთ, ვიდრე ზედმეტ ტენს არ შეიწოვს.
* ნუ დაწვებით დასაძინებლად სველი თმით – სველი თმა მშრალზე გაცილებით მოწყვლადია, ბალიშზე ხახუნმა შესაძლოა ბოლოების გაყოფა და ღერების მტვრევა გამოიწვიოს.
* თმა ბუნებრივად გაიშრეთ – ეს ყველაზე უსაფრთხო მეთოდია.
* ფენით გაშრობისას ხელსაწყო თმიდან, სულ მცირე, 20 სმ-ის მოშორებით დაიჭირეთ. გასაშრობად გამოიყენეთ ცივი ან ზომიერად თბილი ჰაერი. ნაკადი მიმართეთ თმის ზრდის მიმართულებით.
რჩევა 12: გამოიყენეთ ნაზი თმის სამაგრები
მჭიდროდ შეკვრა თმის სტრუქტურას აზიანებს და საგრძნობლად აფერხებს ზრდის პროცესს, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ არა რეზინის ან ლითონის, არამედ ატლასისა და აბრეშუმის სამაგრები. სპეციალისტები გვირჩევენ, თმის მუდამ ერთნაირად შეკვრასაც მოვერიდოთ – ერთსა და იმავე ადგილას მუდმივი ზეწოლა ასუსტებს ამ მიდამოში მდებარე ფოლიკულებს და დროთა განმავლობაში შესაძლოა თმის გათხელება გამოიწვიოს.
რჩევა 13: იზრუნეთ თავის კანის სიჯანსაღეზე
ჯანსაღი თავის კანი უდრის ჯანსაღ თმას, ამიტომ ნუ მოაკლებთ მოვლას. მაგალითად, თვეში 1-2-ჯერ გაიწმინდეთ ნაზი სკრაბით ან შეიზილეთ სპეციალური შრატი, რომელიც ფოლიკულებს აძლიერებს და თმის ზრდის ციკლს ააქტიურებს.
რჩევა 14: ხშირად ივარცხნეთ თმა
ხშირი ვარცხნა ხელს უწყობს თავის კანში სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას და თმის მთელ სიგრძეზე სებუმის თანაბარ განაწილებას. სებუმი თმის ბუნებრივი კონდიციონერია, რომელიც ღერებს გამოშრობისა და დაზიანებისგან იცავს. ვარცხნისას თმის ცვენა ბუნებრივია – დღეში 50-100 ღერის დაკარგვა ნორმად მიიჩნევა.
რჩევა 15: ერიდეთ სტრესსა და ალკოჰოლს
ზრდის პროცესი ოპტიმალურად რომ წარიმართოს, თავი უნდა ვარიდოთ სტრესს და დავიცვათ ზომიერება ალკოჰოლიანი სასმელების მიმართ.
ქრონიკული და ძლიერი სტრესი თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზია. მუდმივმა დაძაბულობამ შესაძლოა თავის კანის სისხლძარღვების შევიწროება გამოიწვიოს, რაც ხელს შეუშლის ფოლიკულებისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას.
ჭარბი ალკოჰოლის მიღება ხელს უშლის ნუტრიენტების ეფექტურ ათვისებას და, შესაბამისად, აფერხებს თმის ზრდის პროცესს.
მოსინჯეთ სხვადასხვა კომბინაცია, რათა მიაგნოთ რუტინას, რომელიც თქვენი თმისთვის ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდება.
ჯილდა გაჩეჩილაძე











