უცხო ქვეყანაში მშობლების გარეშე
გააზიარე:
უცხოურმა ბანაკებმა მტკიცედ დაიკავა ადგილი თანამედროვე მშობლების არჩევანში. იტალია, ესპანეთი, თურქეთი, ინგლისი ქართველი ბავშვებისთვის არა მხოლოდ დასასვენებელ, არამედ დამოუკიდებლობის, ლიდერობის, კომუნიკაციის, საკუთარი თავის აღმოჩენის სივრცედ იქცა.
დღეს ბავშვი ბანაკში მხოლოდ ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად არ მიდის – მიდის გამოცდილების მისაღებად, რომელიც მომავალში მისი თავდაჯერების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდება.
როდის შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი მზად არის უცხო ქვეყანაში მარტო გასამგზავრებლად, ახალ გარემოსთან შესაგუებლად, უცხოენოვან თანატოლებთან ურთიერთობისთვის?
სწორ დროსა და სწორ გარემოს შორის ბალანსის პოვნა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია.
გაგაცნობთ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს ბავშვის მზაობა და რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასაც მოგცემთ.
ბანაკების უმრავლესობა რვა წლიდან იღებს ბავშვებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა რვა წლის ბავშვი მზად არის ამ გამოცდილებისთვის.
რა არის მზადყოფნა?
ეს არის:
* ემოციური სტაბილურობა;
* დამოუკიდებელი უნარები;
* კომუნიკაციის თავისუფლება;
* უცხო გარემოსადმი ინტერესი;
* პრობლემების შემთხვევაში დახმარების თხოვნის უნარი.
თუ ამ კომპონენტებიდან ერთი ან ორი სათუოა, ჯობს, ბავშვს ცოტა კიდევ ადროვოთ.
ოპტიმალური ასაკი
11-13 წელი ყველაზე კომფორტული პერიოდია – ბავშვი უკვე დამოუკიდებელია, მაგრამ მაინც ღიაა მშობლის რჩევებისთვის და წესებსაც მეტად იცავს.
თუ ბავშვი ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების უმეტესობას აკმაყოფილებს, დიდი შანსია, ბანაკში მისი გამოცდილება წარმატებული იყოს:
1. ყოველდღიური დამოუკიდებლობა
* თვითონ ალაგებს ტანსაცმელს;
* იცავს პირადი ჰიგიენის წესებს;
* არ ელოდება, რომ პრობლემის წამოჭრისთანავე საქმეში მშობელი ჩაერევა და დაეხმარება.
2. უცხო ენის მინიმუმი
ბავშვს შეუძლია:
* დახმარების თხოვნა;
* საკუთარი საჭიროების ახსნა;
* სხვისი მარტივი მოთხოვნის გაგება.
ენის იდეალური ცოდნა აუცილებელი არ არის, საკმარისია ელემენტარული კომუნიკაცია.
3. სოციალური მოქნილობა
* ადვილად უმეგობრდება სხვებს;
* კონფლიქტის წამოჭრისთანავე არ იკეტება საკუთარ თავში;
* შეუძლია კონფლიქტის მარტივად მოგვარება (“ეს არ მომწონს, მოდი, სხვა რამე გავაკეთოთ” ტიპის კომუნიკაციით).
4. ემოციური გამძლეობა
ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს მშობლის გარეშე 1-2 დღის გატარება. სასურველია, მიჩვეული იყოს ბებია-ბაბუასთან დარჩენას ან ჰქონდეს მეგობრებთან ერთად ღამისთევის გამოცდილება. თუ ბანაკი აღმოჩნდა პირველი ადგილი, სადაც სახლიდან შორს მარტო ყოფნა მოუწევს, ბავშვს ძალიან გაუჭირდება.
მშობლის ემოციები
საკუთარ ემოციებთან გამკლავება სამზადისის ყველაზე რთული ნაწილია.
ხშირად ბავშვი მზად არის, მშობელი კი – არა.
მშობლის შიში, წუხილი და მღელვარება ადვილად გადაედება ბავშვს. გაითვალისწინეთ, დადებითი ემოციური მოდელი უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში. ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები. მშობლის სიმშვიდე ბავშვს თავდაჯერებას შემატებს და სტრესისადმი უფრო მედეგს გახდის.
როგორ ავარჩიოთ ბანაკი
ქვეყანა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია.
მთავარია:
1. უსაფრთხოება
* არის თუ არა ბანაკში 24`7 მონიტორინგი;
* რა დონეზეა დაცული უსაფრთხოება საცურაო აუზზე`ექსკურსიაზე;
* როგორია საგანგებო სიტუაციების პროტოკოლი.
2. პერსონალის პროფესიონალიზმი
* რამდენი ინსტრუქტორი ჰყავს თითო ჯგუფს;
* რა სახის გამოცდილება აქვთ;
* ჰყავთ თუ არა ფსიქოლოგი, რომელიც შეძლებს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში – დახმარებას.
3. პროგრამის ხარისხი
* სწავლა;
* სპორტი;
* შემოქმედებითი აქტივობები;
* გუნდური თამაშები.
ამასთან, ყველა ეს ელემენტი დაბალანსებული უნდა იყოს.
4. საერთაშორისო გარემო
როდესაც ბანაკი მხოლოდ ერთი ეროვნების ბავშვებით არის დაკომპლექტებული, ენობრივი და სოციალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ნაკლებია. რაც უფრო მრავალფეროვანია ჯგუფი, მით უფრო უფართოვდება ბავშვს თვალსაწიერი.
5. სამედიცინო უზრუნველყოფა
* ექიმი ადგილზე;
* პირველადი დახმარების საშუალებები;
* სწრაფი რეაგირების სისტემა.
როგორ მოვამზადოთ ბავშვი: გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული რჩევები
1. "პრაქტიკის კვირა" ბანაკამდე
ერთი კვირით ადრე დაიწყეთ ყოველდღიური მარტივი დავალებების მიცემა:
* ოთახის მოწესრიგება;
* ტანსაცმლის არჩევა ამინდის მიხედვით;
* აბაზანაში შესვლა და თავის მოწესრიგება;
* მარტივი საუზმის მომზადება;
* ნივთების ჩალაგება.
2. ემოციური სცენარების განხილვა
განიხილეთ შესაძლო არასასიამოვნო სიტუაცები და ისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ:
* ძალიან მოენატრა სახლი;
* რომელიმე ბავშვის ან მასწავლებელის იქ ყოფნა დისკომფორტს უქმნის;
* უცხო ენაზე რაღაც ვერ გაიგო და ეს აწუხებს.
როცა ბავშვმა წინასწარ იცის შესაძლო სცენარი, ნაკლებად ეშინია.
3. ჰკითხეთ, ხომ არ ისურვებდა რომელიმე საყვარელი ნივთის თან წაღებას. სახლის პატარა ნაწილი უცხო გარემოში ბავშვისთვის ზოგჯერ სიმშვიდის მომგვრელია.
4. დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა
ასწავლეთ:
* ფულის საიმედოდ შენახვა;
* ტელეფონის სწორად გამოყენება;
* ნივთების დალაგება;
* დღის რეჟიმის დაცვა.
5. შეთანხმდით იმაზე, რა ინტენსივობით გექნებათ კონტაქტი. შესაძლოა, თავად ბანაკს ჰქონდეს გამოყოფილი სპეციალური საათები, რომელთა განმავლობაშიც ბავშვი თქვენთან დაკავშირებას შეძლებს. აუცილებელია, წინასწარ ჩამოაყალიბოთ წესები და შეთანხმდეთ დროზე.
6. ბანაკში წასვლამდე ჩაუტარეთ მცირე ციფრული დეტოქსი: 2-3 დღით ადრე შეუზღუდეთ ეკრანთან გასატარებელი დრო. ეცადეთ, ამ პერიოდში ბავშვი მეტად კონცენტრირდეს გარემოზე, თანატოლებთან კომუნიკაციაზე, რათა ბანაკში რეჟიმის მკვეთრმა ცვლილებამ არ დათრგუნოს.
7. ასწავლეთ ფსიქოლოგიური ტექნიკა “გამბედაობის სამი საფეხური”:
* ჩაისუნთქოს ღრმად;
*უთხრას საკუთარ თავს: “მოვაგვარებ!”
*გადადგას პირველი ნაბიჯი.
ლიკა ქათამაძე











