როგორ შევარჩიოთ გელ-ლაქის აპარატი
გააზიარე:
არავინ დავობს, რომ გელ-ლაქი ძალიან კომფორტული გამოგონებაა, მაგრამ ბევრი მას ეჭვის თვალით უყურებს. მის შემადგენლობაში შემავალმა ქიმიურმა ნივთიერებებმა მართლაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ევროკავშირში აიკრძალა იმ გელ-ლაქების გაყიდვა და გამოყენება, რომლებიც შეიცავს ნივთიერება ტრიმეთილბენზოილ დიფენილფოსფინის ოქსიდს (TPO). მწარმოებლები აქტიურად ეძებენ უსაფრთხო ალტერნატივას. მიუხედავად ამისა, გელ-ლაქის მოყვარულთა რიცხვი არ იკლებს. მეტიც – ბევრი მას უკვე თავადაც იკეთებს შინ.
ასე რომ, თუ გელ-ლაქის აპარატის ყიდვას აპირებთ, გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი სტატია – გეტყვით, რა ტიპის აპარატები არსებობს, რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შეძენისას.
გელ-ლაქის აპარატი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც სინათლის სხივების საშუალებით იწვევს გელ-ლაქის პოლიმერიზაციას – გამაგრებას და ფრჩხილის ზედაპირზე მჭიდრო ფიქსაციას. ეს აუცილებელია, რადგან გელ-ლაქი, ჩვეულებრივი ლაქისგან განსხვავებით, ჰაერზე არ შრება. ეს პროცესი რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება – ხანგრძლივობა აპარატის ტიპსა და სიმძლავრეზეა დამოკიდებული. სწორედ ამ რეაქციის შედეგად იძენს ლაქი განსაკუთრებულ სიმტკიცეს და ფრჩხილზე რამდენიმე კვირას ძლებს.
აპარატის სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საუკეთესო შედეგისთვის, არამედ ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობისთვისაც. არასწორად შერჩეულმა ნათურამ შესაძლოა ლაქის არათანაბარი ან არასრული გაშრობა გამოიწვიოს და ფრჩხილების დაზიანებას შეუწყოს ხელი.
დღეს ბაზარზე მრავალი მოდელია, რომლებიც სიმძლავრით, ტალღის სიგრძით, ფუნქციონალითა და ფასით განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ მოწყობილობის შეძენამდე ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრება, შეესაბამება თუ არა აპარატი თქვენს საჭიროებებს, აქვს თუ არა სათანადო სერტიფიკატი და აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოების სტანდარტებს.
ტიპები
გელ-ლაქის აპარატის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: UV (ულტრაიისფერი) ნათურებით და LED (შუქდიოდური) ნათურებით. მათი მუშაობის პრინციპი საერთოა: აპარატი გამოსცემს სხივებს, რომლებიც ააქტიურებს გელ-ლაქში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს; მათი გააქტიურების შედეგად ლაქი მკვრივდება და სიმტკიცეს იძენს.
არსებობს კომბინირებული აპარატებიც, რომლებიც UV და LED ტექნოლოგიებს აერთიანებს.
UV ნათურები
კლასიკური UV ნათურები გამოსცემს ულტრაიისფერ სხივებს. რომელთა ტალღის სიგრძე 365-დან 400 ნმ-მდე მერყეობს. ასეთი სიგრძის ტალღები, როგორც წესი, არ წვავს კანს, თუმცა მათი ხანგრძლივი და ხშირი ზემოქმედება მაინც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის.
პლუსები
UV ნათურების უპირატესობა ის არის, რომ მუშაობს სინათლის ფართო სპექტრში და თავსებადია პრაქტიკულად ყველა ტიპის გელ-ლაქთან. გარდა ამისა, LED ნათურებზე იაფიცაა.
მინუსები
UV ტიპის აპარატს გელ-ლაქის გასაშრობად მეტი დრო სჭირდება – დაახლოებით 2-3 წუთი თითო ფენისთვის. შეზღუდულია ნათურების მუშაობის ვადა, რის გამოც დროდადრო აუცილებელია მათი შეცვლა, ეს კი დამატებით ხარჯებს იწვევს (თუ ლაქის გაშრობას მითითებულზე მეტი დრო დასჭირდა, სავარაუდოდ, ნათურის გამოცვლის დროა). UV სხივებმა შესაძლოა დააზიანოს კანი, დააჩქაროს პიგმენტაცია და დაბერება.
LED ნათურები
LED (დიოდური) ნათურები გელ-ლაქის შრობის ყველაზე თანამედროვე და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიას წარმოადგენს.
პლუსები
* LED ნათურები სინათლის უფრო ვიწრო სპექტრში მუშაობს, რომელიც საგანგებოდ არის მორგებული თანამედროვე გელებში შემავალ ფოტოინიციატორებს. ლაქის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები მყისიერად რეაგირებს ამ სხივებზე და ლაქი უფრო სწრაფად შრება (თითო ფენისთვის საშუალოდ 30-60 წამი იხარჯება), რაც საგრძნობლად ამცირებს მთელი პროცედურის ხანგრძლივობას.
* LED ნათურებს შეუძლია, იმუშაოს ათიათასობით საათის განმავლობაში, მაშასადამე, არ მოითხოვს ხშირ ცვლას და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ეკონომიურია.
* მოიხმარს UV ნათურებზე ნაკლებ დენს.
* LED ნათურები გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე UV. მათ მიერ გამოცემული სხივები ნაკლებად აზიანებს კანს.
მინუსები
* თუ გელ-ლაქი სპეციალურად LED ტექნოლოგიისთვის არ არის შექმნილი, ის სწორად არ გაშრება, ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ: გელ-ლაქის შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს, რომ ის LED ტექნოლოგიასთან თავსებადია.
* LED ნათურები UV-თან შედარებით ძვირია, განსაკუთრებით – პროფესიონალური მოდელები.
* თუ ნათურა დაზიანდა, მოწყობილობის შეკეთება გართულება და შესაძლოა, ახალი აპარატის შეძენა გახდეს საჭირო.
რჩევა: ყურადღება მიაქციეთ, სერტიფიცირებულია თუ არა აპარატი და შეასრულეთ მწარმოებლის მიერ გაცემული უსაფრთხოების რეკომენდაციები.
მნიშვნელოვანი კრიტერიუმები
*სიმძლავრე. აპარატის სიმძლავრე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. რაც უფრო დიდია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად შრება ლაქი. ვინაიდან UV და LED აპარატები სხვადასხვა ტექნოლოგიით მუშაობენ, სიმძლავრის მაჩვენებელიც სხვადასხვა აქვთ.
UV აპარატები, როგორც წესი, უფრო დიდი სიმძლავრისაა (36-48 ვატი), რადგან უფრო მეტი ენერგია სჭირდება გელ-ლაქის გასაშრობად.
LED აპარატების სიმძლავრე კი არ აღემატება 24-36 ვატს, რადგან მათი სხივები უფრო კონცენტრირებულია და ლაქს უფრო მალე აშრობს.
სახლის პირობებში UV 36W და LED 24W სავსებით საკმარისია, პროფესიონალური გამოყენებისთვის კი, მაგალითად სალონში, 48W დაგჭირდებათ.
*თავსებადობა. შეამოწმეთ, თავსებადია თუ არა ნათურა იმ გელთან, რომლის გამოყენებასაც გეგმავთ. როგორც უკვე ვთქვით, LED ნათურებთან ყველა გელი არ არის თავსებადი.
*ნათურების რაოდენობა. ნათურების რაოდენობა და განლაგება მნიშვნელოვანია ლაქის თანაბრად გასაშრობად. თუ ნათურები არათანაბრად არის განლაგებული, შესაძლოა, ლაქი არათანაბრად გაშრეს და მალე დაზიანდეს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია UV აპარატისთვის რადგან UV ნათურები ნაკლებად კონცენტრირებულ სინათლეს ასხივებს.
სასურველია, აპარატს ჰქონდეს 12 ნათურა – ეს უზრუნველყოფს სხივების თანაბარ განაწილებას და ხელს შეუშლის ლაქის არათანაბარ გაშრობას.
*ზომა და დიზაინი. თუ მოწყობილობა პატარაა, შესაძლოა, შიგ მთელი მტევანი არ შეეტიოს, რაც პროცედურას გაახანგრძლივებს. კომპაქტური მოდელი უფრო მოხერხებულია და იოლია მისი შენახვა-გადატანა.
დამატებითი მახასიათებლები
. სენსორები – მტევნის შეყოფისას აპარატი ავტომატურად ირთვება, ხოლო გამოღებისას ითიშება;
. მოსახსნელი ძირი – მოხერხებულია, თუ პედიკიურსაც იკეთებთ;
. ტაიმერი – გაძლევთ საშუალებას, დააყენოთ სასურველი დრო და აკონტროლოთ პროცესი.
ხარისხი და უსაფრთხოება
უპირატესობა მიანიჭეთ ცნობილ და სანდო ბრენდებს (OPI, Gelish, SUNUV, CND, MelodySusie) – ხარისხიანი ხელსაწყოები უზრუნველყოფს თანაბარ და სტაბილურ ნათებას, რაც ფრჩხილების დაზიანებას ხელს უშლის. აუცილებლად გადაამოწმეთ, აქვს თუ არა მოწყობილობას ყველა საჭირო სერტიფიკატი და შეესაბამება თუ არა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს.
როგორ მოვუაროთ
იმისთვის, რომ აპარატის მომსახურება გაახანგრძლივოთ:
* რეგულარულად წმინდეთ მისი შიგნითა და გარეთა ზედაპირები რბილი, ოდნავ ნესტიანი ტილოთი ან სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიკატები, რომლებიც პლასტმასას აზიანებს.
* აპარატი ყოველი გამოყენების შემდეგ მშრალ, გრილ და მტვრისგან დაცულ ადგილას შეინახეთ ან რამე გადააფარეთ, რომ არ დაიმტვეროს. მტვერმა და ლაქის ნარჩენებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს სინათლის თანაბარ განაწილებას. გარდა ამისა, მაღალმა ტენმა ან ზედმეტმა სიცხემ შესაძლოა აპარატი მწყობრიდან გამოიყვანოს.
* ნუ შეეხებით აპარატს სველი ხელებით – არსებობს დენის დარტყმის ან აპარატის დაზიანების რისკი. ეცადეთ, არ დააზიანოთ ნათურები.
* გამოყენების შემდეგ აპარატი გამორთეთ. დიდხანს ნუ დატოვებთ ჩართულს.
გავრცელებული შეცდომები
საუკეთესო აპარატის გამოყენების შემთხვევაშიც კი შეიძლება დაუშვათ შეცდომები, რომლებიც მანიკიურზე უარყოფითად აისახება. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ შეცდომას და მათი თავიდან აცილების გზებს:
* ძალიან მნიშვნელოვანია ფრჩხილების სწორად მომზადება. გულდასმით მოიცილეთ ძველი ლაქი, კარგად გაისუფთავეთ ფრჩხილები და დაამუშავეთ სპეციალური სითხით (პრაიმერით). თუ ფრჩხილი ბოლომდე არ არის გაწმენდილი ცხიმისა და ტენისგან, გელ-ლაქი კარგად ვერ დაფიქსირდება და მალე აძვრება.
* დარწმუნდით, რომ ყველა ფრჩხილი სწორად არის მოთავსებული ნათურის ქვეშ, რათა ლაქი სრულფასოვნად გაშრეს.
* ნუ წაისვამთ ლაქს მეტისმეტად სქლად – სქელი ფენები ხშირად ბოლომდე არ შრება და ლაქი ზიანდება.
* შეარჩიეთ დროის სწორი პარამეტრები. ზედმეტი დაყოვნება ფერს უკარგავს ლაქს და მატებს სიხისტეს, რის გამოც შესაძლოა ლაქმა ფრჩხილი დააზიანოს.
* აპარატში თითებს ნუ ამოძრავებთ, თორემ შესაძლოა, ლაქი არათანაბრად გამაგრდეს.
* თუ UV ნათურას იყენებთ, სასურველია, ჩაიცვათ სპეციალური ხელთათმანი ან წაისვათ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც UV სხივებს ბლოკავს. ეს კანის დაზიანების რისკს შეამცირებს.
* მუდმივი და მეტისმეტად ხშირი UV/LED დასხივება დროთა განმავლობაში ხელს უწყობს კანისა და ფრჩხილების დაზიანებას, ამიტომ პერიოდულად უნდა შეისვენოთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე











