კვების როლი ავტოიმუნურ პროცესებში

გააზიარე:

ავტოიმუნური დაავადებები ვითარდება, როცა იმუნური სისტემა მწყობრიდან გამოდის და იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელ უჯრედებს ანადგურებენ. ამ ქრონიკულ მდგომარეობებს – თირეოიდიტს, რევმატოიდულ ართრიტს, ნაწლავის ანთებით დაავადებას და სხვებს – პირდაპირი კავშირი აქვს ანთებით პროცესებთან.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ კვება გავლენას ახდენს ანთების ინტენსივობაზე, სიმპტომების სიხშირესა და ცხოვრების ხარისხზე.

დიეტით ავტოიმუნური დაავადებისგან განკურნება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ დაბალანსებულ და მიზანმიმართულ კვებას შეუძლია, დაეხმაროს ორგანიზმს მათ მართვაში: შეამციროს ანთება, გააძლიეროს ორგანიზმის თავდაცვითი რესურსები და შეამსუბუქოს ავადმყოფობის სიმპტომები.

იმის შესახებ, როგორი კვებაა რეკომენდებული ავტოიმუნური დაავადებების დროს, “ავერსის კლინიკის” ექიმი ნუტრიციოლოგი ნათია რომაშვილი გვესაუბრა.

ავტოიმუნური პროცესები და ქრონიკული ანთება

– რა არის ავტოიმუნური დაავადება და რა კავშირი აქვს მას ანთებით პროცესებთან?

– ადამიანის იმუნური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც შექმნილია ბაქტერიების, ვირუსებისა და სხვა გარეგანი პათოგენებისგან ორგანიზმის დასაცავად. ავტოიმუნური დაავადების დროს ეს ფუნდამენტური მექანიზმი ირღვევა: იმუნური სისტემა შეცდომით მტრებად აღიქვამს საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებს და მათზე ინტენსიურ შეტევას იწყებს. ამ თვითაგრესიის შედეგად ვითარდება ქრონიკული ანთება, რომელიც ეტაპობრივად აზიანებს ორგანოებსა და სისტემებს.

იმის გასაგებად, რატომ არის ავტოიმუნურობა ასეთი დამაზიანებელი, საჭიროა, გავიხსენოთ ნორმალური ანთებითი პროცესის არსი:

1. ანთება ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა. მასში ჩართულია იმუნური და ბიოქიმიური პროცესების რთული ჯაჭვი, რომელიც აქტიურდება ორგანიზმის დაზიანების ან მისთვის უცხო აგენტების (ვირუსების, ბაქტერიების, სოკოების) ზემოქმედების პასუხად.

2. ანთების წყაროს გაჩენისას გამოიყოფა ციტოკინები – ე. წ. მაცნე ნივთიერებები (მესენჯერები), რომლებიც აცნობებენ იმუნურ უჯრედებს, სად და რომელ მტერს უნდა ებრძოლონ.

3. ნორმალური ანთებითი პროცესი საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ სრულდება. აქტიურდებიან ე. წ. სუპრესორული (მარეგულირებელი) T-უჯრედები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ აქტივობას და ხელს უშლიან იმუნური სისტემის გადაჭარბებულ რეაგირებას.

როცა მარეგულირებელი მექანიზმები მოშლილია, იმუნური სისტემა აგრძელებს შეტევას ჯანმრთელ უჯრედებზე, რის შედეგადაც ანთება ქრონიკულ ფორმას იღებს. ყალიბდება ჩაკეტილი წრე – იმუნური სისტემის აგრესია კვებავს ანთებას, რაც ქსოვილების დაზიანებას ამძიმებს; სამიზნე ქსოვილიდან გამოიყოფა მეტი ანთების მედიატორი, რომელიც იზიდავს უფრო მეტ იმუნურ უჯრედს. ეს მანკიერი ციკლი ზიანს აყენებს სასიცოცხლო ორგანოებს.

მაგალითად:

* რევმატოიდული ართრიტის დროს ქრონიკული ანთება აზიანებს სახსრებს;

* ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს – ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილს;

* გაფანტული სკლეროზის დროს – ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

სწორი კვების მნიშვნელობა

– რა შეუძლია სწორ კვებას ავტოიმუნური პროცესების წინააღმდეგ?

– თანამედროვე კვლევების თანახმად, კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის რეგულაციასა და ანთებითი პროცესების მართვაში. ე. წ. ანთების საწინააღმდეგო დიეტა ხელს უწყობს იმუნური ბალანსის შენარჩუნებას, ნაწლავის დამცავი ბარიერის გაძლიერებას და ქრონიკული ანთების შესუსტებას. მისი დახმარებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შენელება, სიმპტომების შემსუბუქება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

ავტოიმუნური პროცესების დროს დიეტა ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს ნუტრიციოლოგმა მკურნალი ექიმის მონაწილეობით.

ზოგადი რეკომენდაციები ავტოიმუნური პროცესების დროს

1. მიირთვით ანთების საწინააღმდეგო საკვები.

2. გაამდიდრეთ რაციონი ისეთი საკვებით, რომელიც აჯანსაღებს ნაწლავის დამცავ ბარიერს.

3. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ საკვებს, რომელიც ორგანიზმს უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებით – ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, ფერმენტებით, ფიტოქიმიკატებით.

4. შეამცირეთ ან მთლიანად ამოიღეთ რაციონიდან საკვები, რომელიც ანთებას აძლიერებს.

საკვები ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ანთების შემცირებას

 

* ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (EPA და DHA)

ამცირებს ანთების მედიატორების (ციტოკინების, პროსტაგლანდინების) წარმოებას, არეგულირებს იმუნურ პასუხს, იცავს უჯრედის მემბრანას.

წყარო: ცხიმიანი თევზი (ორაგული, სარდინი, სკუმბრია), სელისა და ჩიას თესლი, ნიგოზი.

* D ვიტამინი

იმუნური სისტემის მოდულატორია, თრგუნავს მის გადაჭარბებულ აქტივობას და ამცირებს ქრონიკულ ანთებას.

წყარო: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, D ვიტამინით გამდიდრებული რძის ნაწარმი, მზის სხივები.

* C ვიტამინი

ძლიერი ანტიოქსიდანტია, აუვნებლებს თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს ანთებითი პროცესის გავრცელებას.

წყარო: ციტრუსები, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, კომბოსტო, კივი.

* E ვიტამინი

იცავს უჯრედის მემბრანას ჟანგვითი დაზიანებისგან, ამცირებს ანთებით რეაქციებს.

წყარო: მცენარეული ზეთი (განსაკუთრებით – ზეითუნისა და მზესუმზირასი), ნიგოზი, ავოკადო.

* თუთია (Zn)

აუცილებელია იმუნური უჯრედების ნორმალური ფუნქციობისთვის, ხელს უშლის ქსოვილთა ანთებით დაზიანებას.

წყარო: გოგრის თესლი, პარკოსნები, ხორცი, ზღვის პროდუქტები.

* სელენი (Se)

ძლიერი ანტიოქსიდანტია. ასტიმულირებს გლუტათიონის (ანტიოქსიდანტი, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში) გამომუშავებას და ამცირებს ანთებას.

წყარო: ბრაზილიური კაკალი, თევზი, კვერცხი, ქათამი.

* მაგნიუმი (Mg)

არეგულირებს სტრესულ რეაქციებს და ამცირებს ციტოკინების – ანთების მედიატორების – გამომუშავებას.

წყარო: ბოსტნეული, პარკოსნები, ნიგოზი, მარცვლეული.

* პოლიფენოლები

აქვს ძლიერი ანტიოქსიდაციური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ასუსტებს იმუნური სისტემის გადაჭარბებულ რეაქციას, იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან.

წყარო: მწვანე ჩაი, მოცვი, ყურძენი, ბალი, ზეითუნის ზეთი.

* კურკუმინი 

ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო ნივთიერება. ამცირებს ციტოკინების აქტივობას და დაზიანებისგან იცავს ქსოვილებს.

წყარო: კურკუმა.

* რესვერატროლი

ბლოკავს ანთების მოლეკულების აქტივობას, იცავს ენდოთელურ უჯრედებს.

წყარო: წითელი ყურძენი, მოცვი, წითელი ღვინო.

* ფლავონოიდები

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ანთების სიმპტომებს, აძლიერებს ანტიოქსიდაციურ დაცვას.

წყარო: ხახვი, ნიორი, ბროკოლი, კენკრა, ყურძენი, მწვანე ჩაი, ციტრუსები.

რეგულარულად უნდა ჩართოთ რაციონში: ფერადი ხილი და ბოსტნეული, კენკრა, თხილეული და თესლეული, ცხიმიანი თევზი და ზღვის პროდუქტები.

ნაწლავის ბარიერი

– რითია ასე მნიშვნელოვანი ნაწლავის ბარიერის შენარჩუნება?

– საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმის იმუნური დაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ადამიანის იმუნური რესურსის 70%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემაში, კერძოდ, ნაწლავთან ასოცირებულ ლიმფოიდურ ქსოვილში (Gut-Associated Lymphoid Tissue, GALT) არის თავმოყრილი. ეს მასიური იმუნური ქსოვილი აკონტროლებს ნაწლავში მობინადრე მილიარდობით ბაქტერიას და უზრუნველყოფს ბალანსს.

ნაწლავის დამცავი ბარიერი ერთგვარი კარიბჭეა ორგანიზმსა და ნაწლავის შინაგან გარემოს შორის. ის აკავებს მავნე ნივთიერებებს, ტოქსინებსა და პათოგენებს, საკვებ ნივთიერებებს კი დაუბრკოლებლად ატარებს. როცა ეს ბარიერი ზიანდება, სისხლში აღწევს არასასურველი ნაერთები, რაც იწვევს იმუნური სისტემის გადაჭარბებულ აქტიურობას, ხელს უწყობს ქრონიკულ ანთებას და ავტოიმუნური პროცესების გააქტიურებას.

– რომელი საკვები იცავს ნაწლავის ბარიერს?

– ნაწლავის სიჯანსაღე უდიდესწილად დამოკიდებულია მიკრობიომის (ნაწლავში მცხოვრები ბაქტერიების) ბალანსსა და ისეთი საკვებ ნივთიერებების მიღებაზე, რომლებიც ლორწოვანი გარსის აღდგენას უწყობს ხელს. ესენია:

ბოჭკო

ბოჭკო საუკეთესო საკვებია სასარგებლო ბაქტერიებისთვის, ხელს უწყობს მათ გამრავლებას და ნაწლავის დამცავი ბარიერის გაძლიერებას. ბოჭკოს ყველა მცენარეული საკვები შეიცავს. საუკეთესო წყაროა:

• ბოსტნეული: კომბოსტოს ყველა ნაირსახეობა, ფოთლოვანი ბოსტნეული, სტაფილო, ნიორი, ხახვი, პრასი, არტიშოკი;

• ხილი: ვაშლი (კანიანად), ბანანი;

• მთლიანი მარცვლეული: ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, კინოა;

• პარკოსნები (ლობიო, ოსპი);

• თხილეული და თესლეული.

 

ფერმენტირებული საკვები (პრობიოტიკები)

პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, სასარგებლო ბაქტერიები (ლაქტობაცილები, ბიფიდობაქტერიები), რომელთა აქტიურობა აუმჯობესებს მიკრობიომის ბალანსს და ამცირებს ანთებას.

მათი წყაროა:

• მაწონი, იოგურტი, კეფირი (თუ რძის ნაწარმის აუტანლობა არ გაქვთ);

• ფერმენტირებული ბოსტნეული (მჟავე კომბოსტო, კიტრი, ყაბაყი, სტაფილო);

• კიმჩი;

• მისო (სოიის პასტა).

ჯანსაღი ცხიმები

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებს ანთებას, რითაც ხელს უწყობს ნაწლავის კედლის აღდგენას. მათი წყაროა:

• ცხიმიანი თევზი: ორაგული, სარდინი, ქაშაყი;

• თხილეული და თესლეული: ნიგოზი, ჩიას თესლი, სელის თესლი.

გლუტამინი

ამინმჟავა გლუტამინი ენერგიის ძირითადი წყაროა ნაწლავის ეპითელური უჯრედებისთვის და მათ აღდგენასა და გაძლიერებას უწყობს ხელს, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაწლავის დამცავი ბარიერის სრულყოფილი ფუნქციობისთვის.

გლუტამინი გვხვდება ქათმის ხორცში, საქონლის ხორცში, თევზში, კვერცხში, რძის ნაწარმში. მისი მცენარეული წყაროა პარკოსნები, კომბოსტო, ისპანახი, ოხრახუში, თხილეული და თესლეული.

ნაწლავის დამცავი ბარიერის გაჯანსაღება ხანგრძლივი პროცესია და კვების მუდმივ ოპტიმიზაციასთან ერთად სტრესის მართვასაც მოითხოვს, რადგან სტრესიც უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის ჯანმრთელობაზე.

არასასურველი საკვები

– შესაძლოა თუ არა, საკვებმა ხელი შუწყოს ანთებით პროცესებს ორგანიზმში?

– ზოგიერთი საკვები ნამდვილად იწვევს იმუნური უჯრედების ჰიპერაქტიურობას, არღვევს ნაწლავის მიკრობიომის ბალანსს და ხელს უწყობს ქრონიკული ანთების განვითარებას, ამიტომ ავტოიმუნური დაავადებების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პროდუქტების შეზღუდვა ან რაციონიდან სრულიად ამოღება. ესენია:

გადამუშავებული ხორცი

ძეხვი, სოსისი, ბეკონი, შებოლილი ან დამარინადებული ხორცი შეიცავს არაჯანსაღ ცხიმებს, ნიტრატებს, ნიტრიტებსა და სხვა ქიმიურ დანამატებს, ხშირად არის ჭარბი ომეგა-6-ის წყარო.

შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები

თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, ტკბილი წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ტკბილეული.

შაქრისა და მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე რაფინირებული ნახშირწყლების სწრაფი მონელება იწვევს სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას და აძლიერებს ინსულინის გამოყოფას. გლუკოზის დონის ხშირ და მკვეთრ ცვალებადობას მწყობრიდან გამოჰყავს გლუკოზის რეგულაციის ბუნებრივი მექანიზმი, რითაც აზიანებს უჯრედებს და მაღლა სწევს ანთებითი ციტოკინების დონეს.

ამასთან ერთად, ნახშირწყლების ჭარბი მოხმარება ასტიმულირებს ლიპოგენეზს და ცხიმოვანი ქსოვილის, განსაკუთრებით კი ვისცერული ანუ მუცლის შინაგანი ორგანოების გარშემო არსებული ცხიმის დაგროვებას. ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილი ენდოკრინულად აქტიურია და ქრონიკული ანთების ძლიერ წყაროს წარმოადგენს.

დაბოლოს, ჭარბი შაქარი ცვლის ნაწლავის მიკრობიომის ბალანსს, აზიანებს ნაწლავის ეპითელურ ბარიერს, აძლიერებს სისტემურ ქრონიკულ ანთებით პროცესს.

ტრანსცხიმები და ზოგიერთი მცენარეული ზეთი

ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული ზეთები, მარგარინი, მზა ცომეული, შემწვარი კერძები, ფასტფუდი.

ტრანსცხიმები (რომლებიც ხშირად გამოიყენება მზა საკვებში) და ზოგიერთი რაფინირებული მცენარეული (მზესუმზირას, სიმინდის) ზეთის ჭარბი მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი პროცესების გაძლიერებას. მცენარეული ზეთების უმეტესობა ბუნებრივად მდიდარია ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით. მიუხედავად იმისა, რომ ომეგა-6 აუცილებელია ორგანიზმისთვის, ომეგა-3-თან მისი თანაფარდობის დარღვევა ანთებით პროცესებს აძლიერებს. ოპტიმალური თანაფარდობაა 3-4:1, ანუ ომეგა-6 3-4-ჯერ მეტი უნდა იყოს ომეგა-3-ზე, მაგრამ არამც და არამც – უფრო მეტჯერ, თანამედროვე ადამიანის რაციონში კი ომეგა-6-ის შემცველობა 15-20-ჯერაც კი აღემატება ომეგა-3-ისას, რაც ქრონიკული ანთების გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა.

ცხიმში შემწვარი საკვები

ცხიმში შემწვარი კარტოფილი, ქათმის ნაგეთსი და სხვა საკვები ხშირად შეიცავს AGE-ს, გლიკაციის საბოლოო პროდუქტებს (Advanced Glycation End Products). ეს ნაერთები ხელს უწყობს ანთებითი პროცესების მიმდინარეობას და უჯრედების დაზიანებას, რაც, თავის მხრივ, სათავეს უდებს ქრონიკულ დაავადებებს.

ჭარბი ალკოჰოლი

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება აზიანებს ღვიძლს, იწვევს ანთებით პროცესებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ხელს უწყობს ნაწლავის დამცავი ბარიერის დასუსტებას, რაც საშუალებას აძლევს ტოქსინებს, ადვილად შეაღწიონ სისხლში და იმუნური პასუხი და ანთებითი რეაქციები გამოიწვიონ.

ბუნებრივი საკვები ნივთიერებებით გამოწვეული იმუნური რეაქცია

გენეტიკური განწყობის მქონე ადამიანებში, რომელთა მშობლებს ან ახლო ნათესავებს ავტოიმუნური დაავადება აქვთ, ანთებითი რეაქციის გამწვავება შესაძლოა გამოიწვიოს იმ პროდუქტებმაც, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანებისთვის, ჩვეულებრივ, უსაფრთხოდ მიიჩნევა. ესენია:

. ძროხის რძე – ზოგიერთ ადამიანს გენეტიკური თავისებურებების გამო უჭირს რძეში არსებული ცილის, კაზეინის, გადამუშავება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის დამცავი ბარიერის დასუსტება, იმუნური რეაქციის გააქტიურება, ანთებითი რეაქციების გამწვავება და შედეგად ავტოიმუნური პროცესების გაუარესება.

. გლუტენი – არსებობს ეჭვი, რომ გლუტენი ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ანტისხეულების გამომუშავებას და მასთან დაკავშირებული იმუნური რეაქციის გააქტიურებას ცელიაკიის დადასტურებული დიაგნოზის გარეშეც (ე.წ. გლუტენისადმი არაცელიაკიური მგრძნობელობა).

უსაფრთხოების მიზნით ავტოიმუნური დაავადებებისადმი მემკვიდრეობით წინასწარგანწყობილ პირებს ხშირად ურჩევენ უგლუტენო პროდუქტებზე გადასვლას. ეს ხელს უწყობს ნაწლავის ბარიერის დაცვას და ამცირებს ქრონიკულ ანთებას. ასეთია, მაგალითად, წიწიბურა, სიმინდი, ბრინჯი, ფეტვი, კინოა.

. ლექტინი – ეს ცილა გვხვდება პარკოსნებსა და ძაღლყურძენისებრთა ოჯახის ზოგიერთ მცენარეში – კარტოფილში, პომიდორში, ბადრიჯანში. მგრძნობიარე პირებთან მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და ანთებითი პროცესის გაძლიერებას. თერმული დამუშავებისას ლექტინი იშლება და ნაკლებად მავნე ხდება, ამიტომ ავტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმა უმჯობესია ჩამოთვლილი საკვები მხოლოდ თერმულად დამუშავებული მიირთვან, პომიდორიც კი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რაციონიდან საკვების ამოღება მოხდეს ინდივიდუალური მიდგომით, მხოლოდ მკურნალი ექიმისა და ნუტრიციოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე. თვითნებურმა დიეტამ შესაძლოა საკვები ნივთიერებების დეფიციტი გამოიწვიოს.

– რა არის და რას გულისხმობს ავტოიმუნური პროტოკოლი (AIP)?

– ავტოიმუნური პროტოკოლი (AIP) არის მიზანმიმართული კვებითი თერაპია, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ავტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ეს არის მკაცრი, სპეციალიზებული ელიმინაციური დიეტა, რომლის მიზანია არა მხოლოდ ანთების შემცირება, არამედ ნაწლავის ბარიერის აღდგენა, იმუნური სისტემის დაბალანსება და დაავადების სიმპტომების შემსუბუქებაც.

ავტოიმუნური პროტოკოლი მოიცავს სამ ძირითად ფაზას:

1. ელიმინაციის ფაზა

ეს არის ყველაზე რთული საფეხური, რომელიც გულისხმობს რაციონიდან იმ პროდუქტების სრულიად ამოღებას, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს ანთებას, ნაწლავის გაღიზიანებას, იმუნური რეაქციების პროვოცირებას.

მკაცრად იკრძალება:

  • მარცვლეული (როგორც გლუტენის შემცველი, ისე უგლუტენო) – ხორბალი, შვრია, ბრინჯი, სიმინდი, კინოა;
  • პარკოსნები – ლობიო, ოსპი, სოია, არაქისი, მუხუდო;
  • რძის ნაწარმი – რძე, ყველი, იოგურტი, კარაქი;
  • ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეები – პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, მწარე წიწაკა, ბულგარული წიწაკა;
  • კვერცხი (ცილაც და გულიც);
  • თხილეული და თესლეული;
  • მცენარეული ზეთები – მზესუმზირას, სიმინდის და სხვა;
  • რაფინირებული შაქარი, ალკოჰოლი, ყავა.

ელიმინაციის ფაზის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. წესისამებრ, ის მანამდე გრძელდება, სანამ პაციენტი არ იგრძნობს სიმპტომების შესუსტებას, საშუალოდ – 30-დან 90 დღემდე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესობა სამი კვირის შემდეგ უკვე აშკარაა.

2. რეინტროდუქციის (რაციონში დაბრუნების) ფაზა

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ იწყება ელიმინაციურ ფაზაში ამოღებული საკვების ნელა, ფრთხილად დაბრუნება რაციონში.

პროდუქტები ეტაპობრივად, 3-5-დღიანი ინტერვალებით ბრუნდება რაციონში. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გაირკვეს, იწვევს თუ არა ცალკეული საკვები სიმპტომების გამოვლენას ან გამწვავებას.

ამ ფაზის მთავარი მიზანია პაციენტის ინდივიდუალური ტრიგერების ანუ იმ საკვების იდენტიფიცირება, რომელიც გავლენას ახდენს რომელიმე სიმპტომის გამოვლენაზე.

3. შენარჩუნების ფაზა

ტრიგერების იდენტიფიცირების შემდეგ პაციენტი აგრძელებს მხოლოდ იმ საკვების მიღებას, რომელიც არ იწვევს იმუნურ რეაქციას, არ ამწვავებს მდგომარეობას. ამ ფაზის მიზანია ორგანიზმის სტაბილიზაცია და მიღწეული შედეგის დიდხანს შენარჩუნება.

გახსოვდეთ: რაციონის ასეთი მკაცრი შეზღუდვა აუცილებლად ექიმისა და კვალიფიციური ნუტრიციოლოგის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. AIP დამხმარე თერაპიად განიხილება და არა მედიკამენტური მკურნალობის შემცვლელად. მის შესახებ ცოდნა ჯერჯერობით მწირია და ფართომასშტაბიან, ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებს მოითხოვს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: