მაკადამია: კვებითი პროფილი და სასარგებლო თვისებები

Share:

ხრაშუნა ტექსტურა, თხილისებრი არომატი და მდიდარი კვებითი პროფილი – მაკადამია მხოლოდ გემოს რეცეპტორებს კი არ აცოცხლებს, არამედ ჯანმრთელობისთვისაც დიდი სარგებლობა მოაქვს.

სტატიაში გაეცნობით მაკადამიის სასარგებლო თვისებებს, ჯანმრთელობაზე მის გავლენას და მიიღებთ რჩევებს იმის შესახებ, როგორ ჩართოთ ის ყოველდღიურ რაციონში ისე, რომ მისგან მთელი შესაძლო სარგებელი მიიღოთ.

წარმოშობა

ნოტიო და სუბტროპიკული კლიმატის მოყვარულ, 20 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე ხეებს, გარდა მშობლიური ავსტრალიისა, მრავლად ნახავთ ბრაზილიაში, კალიფორნიაში, სამხრეთ აფრიკასა და ისრაელშიც, მაკადამიის უდიდეს მწარმოებლად კი ჰავაი მიიჩნევა.

კაკლის გული მოტკბო გემოთი, კარაქისებრი არომატით და ინტენსიური თხილის ნოტებით გამოირჩევა.

100 გ ნედლი და დაუმარილებელი ავსტრალიური მაკადამიის

კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება

კალორიულობა – 718 კილოკალორია

წყალი – 1-2 გ

ნახშირწყლები – 4,5 გ

ბოჭკო – 6,4 გ

ცილა – 9 გ

მაკადამიის მოტკბო გემოს და კარაქისებრ არომატს სწორედ ცხიმის მაღალი შემცველობა განაპირობებს – 100 გრამში 74 გ ცხიმია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ცხიმის 80 პროცენტი ჯანსაღია – წარმოადგენს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე და არამხოლოდ.

ვიტამინოვანი შემადგენლობა

(ფრჩხილებში მოცემულია 100 გრამ მაკადამიაში არსებული ოდენობის შეფარდება დღიურ ნორმასთან)

* ვიტამინი B1 (თიამინი) – 0,28 მგ (≈25%)

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, რაც აუცილებელია ენერგიის წარმოსაქმნელად, რათა ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესები გამართულად მიმდინარეობდეს. პასუხს აგებს ნერვებსა და თავის ტვინს შორის ინფორმაციის მიმოცვლაზე, რითაც უზრუნველყოფს კარგ კონცენტრაციას, სრულფასოვან გონებრივ მუშაობას და გაწონასწორებულ ფსიქიკას.

* ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0.1 მგ (≈8-9%)

მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ენერგიად გარდაქმნაში. აუცილებელია თმის, კანის, ლორწოვანისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.

* ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 4,1 მგ (≈29%)

აუცილებელია ნერვული სისტემის გამართული ფუნქციობისთვის. ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაში, ახალი უჯრედების წარმოქმნასა და რეგენერაციაში.

* ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0.28 მგ (≈21,5%)

მონაწილეობს ამინმჟავების – უჯრედების საშენი მასალის – სინთეზში, ხელს უწყობს ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის შენარჩუნებას, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის. მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

* ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 11 მკგ (≈2,75%)

მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების დაყოფასა და წარმოქმნაში, ასევე – მათ რეგენერაციაში. განსაკუთრებით საჭიროა ორსულობისას, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორ განვითარებას. აუცილებელია სისხლის წითელი (ერითროციტები) და თეთრი (ლეიკოციტები) უჯრედების წარმოსაქმნელად, მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების სინთეზში.

* ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – 1,4 მგ(≈9,3%)

გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდაციური თვისებებით და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც არაერთი დაავადების განვითარებაში ადანაშაულებენ. ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და ამცირებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების რისკს. დადებითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას, ანელებს დაბერების პროცესს.

მინერალოვანი შემადგენლობა

* მაგნიუმი – 95 მგ (≈30%)

უზრუნველყოფს კბილებისა და ძვლების სიჯანსაღეს, აუცილებელია იმუნური სისტემისა და გულის გამართული ფუნქციობისთვის.

* კალიუმი – 410 მგ (≈9%)

აუცილებელია ნერვების და კუნთების, მათ შორის გულის კუნთის, ნორმალური ფუნქციობისთვის. მონაწილეობს ნერვკუნთოვანი იმპულსის გატარებაში.

* კალციუმი – 48 მგ (≈4,8%)

დიდ როლს ასრულებს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ზრდასა და რეგენერაციაში. საჭიროა კუნთებისა და ნერვების გამართული ფუნქციობისთვის.

* რკინა – 1,8 მგ (≈10-22%)

უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მეტაბოლიზმში. მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნაში, იკავშირებს ჟანგბადს, რის გამოც ორგანიზმი მას, უპირველესად, ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის იყენებს.

* თუთია 1,2 მგ (≈11-15%)

აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება, მონაწილეობს ნაყოფის ზრდასა და ემბრიონის განვითარებაში, უზრუნველყოფს ძვლების, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობას.

* მანგანუმი – 5,1 მგ (≈222%)

არაერთი ფერმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მრავალი მეტაბოლური პროცესის წარმართვა, მათ შორის – სისხლში შაქრის რეგულირება, ასევე – სქესობრივი ჰორმონების, ჯანსაღი ძვლების, მტკიცე შემაერთებელი ქსოვილის ფორმირება, ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობა.

* სელენი – 10 მკგ (≈18%)

აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, იცავს სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

* სპილენძი – 0,11 მგ (≈12%) 

ხელს უწყობს კალციუმის, ფოსფორის, რკინის შეწოვას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

* შესაძლოა მცირე ვარიაციები მაკადამიის ჯიშის, წარმომავლობის, დამუშავების ფორმის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.

რა გავლენას ახდენს მაკადამია ჯანმრთელობაზე?

უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას

მაკადამია უჯერი ცხიმების – ომეგა-3-ისა და სხვა უჯერი ცხიმოვანი მჟავების – მნიშვნელოვანი წყაროა. დადასტურებულია, რომ ეს მჟავები ამცირებს დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის (LDL) დონეს, ხოლო მაღალი სიმკვრივისას ზრდის. იმავდროულად, ისინი ხელს უწყობენ სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ამით იცავენ გულ– სისხლძარღვთა სისტემას.

აშშ-ის გულ-სისხლძარღვთა ასოციაციის (AHA) რეკომენდაციით, დღეში დაახლოებით 30 გრამი თხილეულის, მათ შორის მაკადამიის მიღებას შეუძლია, თითქმის 30%-ით შეამციროს გულის დაავადებების რისკი.

ხელს უწყობს ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობას

მაკადამია იმ მინერალების სიუხვით გამოირჩევა, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კუნთების გამართულ ფუნქციობასა და ძვლოვანი სისტემის გაძლიერებაში. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ჩონჩხის სტრუქტურის სწორ განვითარებასა და შენარჩუნებას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა და ხანდაზმულ ასაკში. არაერთი კვლევა იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მაკადამიის რეგულარული მოხმარება აადვილებს ოსტეოპოროზისა და ძვლის სხვა დაავადებების პრევენციას.

იცავს ტვინსა და ნერვებს

ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავების წყალობით მაკადამია ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და კოგნიტიური ფუნქციების გაძლიერებას. ეს სასარგებლო ცხიმები დაზიანებისგან იცავს ნერვულ უჯრედებს, ამცირებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს და აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას, განსაკუთრებით – სტრესულ პერიოდში.

მაკადამია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციობაში.

ამცირებს ანთებას და იცავს უჯრედებს

მაკადამია ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაც გამოირჩევა. მის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია ქრონიკული ანთების შემცირება, ქრონიკული ანთება კი ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის წინაპირობაა. მაკადამიის რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა შეამსუბუქოს ისეთი დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად, ართრიტი ან ასთმა.

ამასთან, მაკადამიის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები ებრძვიან ჟანგვით სტრესს, ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და იცავენ უჯრედებს მათი ზემოქმედებით გამოწვეული ზიანისგან, რითაც ამცირებენ არაერთი ქრონიკული დაავადებისა და კიბოს განვითარების რისკს.

ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას

მაკადამია ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა, რითაც ხელს უწყობს მონელების პროცესის სიჯანსაღეს. ბოჭკო ზრდის მონელებული მასების მოცულობას, ასტიმულირებს ნაწლავების მოძრაობას და თავიდან გვაცილებს შეკრულობას. გარდა ამისა, მაკადმიაში შემავალო ბოჭკო ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საჭმლის მონელებაში, საკვები ნივთიერებების შეწოვასა და კუჭ-ნაწლავის სისტემის საერთო კეთილდღეობაში.

ბოჭკო ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მავნე ნაერთების გამოდევნასაც აადვილებს.

ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს

მაკადემიაში შემავალი საკვები ნივთიერებები დადებითად მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე – ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებას და ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას. შედეგად მცირდება მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებული გართულებების, მათ შორის – დიაბეტი ტიპი 2-ისა და ინსულტის, განვითარების რისკი.

მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, მაკადამია წონის მართვაშიც გვეხმარება. მასში არსებული ჯანმრთელი ცხიმები ადრე აჩენს სიმაძღრის შეგრძნებას და ამცირებს მადას. კვლევების თანახმად, მაკადამიის ზომიერი მოხმარება წონის მატებას არ იწვევს, პირიქით, შესაძლოა წონის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებასაც კი შეუწყოს ხელი.

აჯანსაღებს კანს

ძლიერი დამატენიანებელი და დამამშვიდებელი თვისებების გამო მაკადამიის ზეთს ხშირად იყენებენ კანის მოვლის საშუალებებისთვის. ის ხელს უწყობს კანის დანოტივებას, მისი ბუნებრივი ბარიერის აღდგენას და ანთებითი პროცესების შემცირებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას.

აძლიერებს იმუნიტეტს

მაკადამიაში შემავალი E ვიტამინი, თუთია და სელენი შესანიშნავი კომპლექსია, რომელსაც ძლიერი ანტიოქსიდაციური და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი თვისებები აქვს. მათი ერთობლივი მოქმედება ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, აძლიერებს იმუნური სისტემის რეაქციას და აუმჯობესებს პათოგენებისგან დამცავ ფუნქციებს.

ანელებს დაბერების პროცესს

ოქსიდაციური სტრესი ორგანიზმის ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიცაა. მაკადამიაში შემავალი ნივთიერებები დაზიანებისგან იცავს უჯრედებს, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აფერხებს ნაადრევი ნაოჭების გაჩენას და ბუნებრივად ანელებს დაბერების პროცესს.

როდის არ არის რეკომენდებული

მაკადამიის მიღებისგან თავი შეიკავეთ, თუ თხილეულის მიმართ ალერგიული ხართ. ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ქავილით, სუნთქვის გაძნელებით, ყელის შეშუპებთ, უკიდურეს შემთხვევაში – ანაფილაქსიური შოკით.

მაკადამია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს, ძალიან კალორიულია, ამიტომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა უნდა მიირთვან ძალიან ცოტა, მხოლოდ დაბალანსებული დიეტის ფარგლებში.

მაკადამია არ იწვევს გლუკოზის დონის მკვეთრ მატებას, მაგრამ მაღალი ცხიმიანობის გამო დიაბეტის შემთხვევაში მისი მოხმარების საკითხი მაინც ექიმთან ან დიეტოლოგთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

ექიმის კონსულტაცია რეკომენდებულია თირკმლის უკმარისობისა და სხვა ქრონიკული დაავადებების დროსაც.

რამდენი

მაკადამია, როგორც ვთქვით, მაღალკალორიულია, ამიტომ მისი მიღებისას მნიშვნელოვანია ზომიერება. რეკომენდებულია დღეში არა უმეტეს 30 გრამისა, რაც დაახლოებით 10-12 ცალ მაკადამიას შეესაბამება. ეს რაოდენობა უზრუნველყოფს მაქსიმალური სარგებლის მიღებას კალორიების გადაჭარბების გარეშე.

როგორ შევინახოთ

მაკადამიას საკმაოდ მაგარი ნაჭუჭი აქვს, რომლის გატეხაც მხოლოდ სპეციალური სატეხით არის შესაძლებელი, ამიტომ მას საგანგებოდ უკეთებენ პატარა ღარს. ეს ავსტრალიური დელიკატესი ხშირად იყიდება დარჩეული, ვაკუუმური პაკეტით ან ქილით, მოხალული და დამარილებული, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ნედლი და დაუმარილებელი ჯობია.

ვინაიდან მაკადამია მდიდარია ცხიმით და არასათანადო პირობებში შესაძლოა სწრაფად გაფუჭდეს, მეტიც – მასში წარმოიქმნას ჯანმრთელობისთვის მავნე დაშლის პროდუქტები, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად შენახვა.

ნაჭუჭიანი მაკადამია მეტხანს ინახება ვიდრე დარჩეული, ოღონდ გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას. დარჩეული კაკალი უმჯობესია მაცივარში შეინახოთ ჰერმეტულად დახურული მინის ქილით, პატარა ულუფებად. ამგვარად ის დაცული იქნება ტენის, ჰაერისა და სინათლისგან, რომლებიც გაფუჭების გამომწვევი მთავარი ფაქტორებია.

არ ჭამოთ მაკადამია, თუ აქვს:

  • მძაფრი ან ობის სუნი;
  • მუქი ფერი ან მუქი ლაქები;
  • მომწარო გემო;
  • რბილი კონსისტენცია.

რისთვის იყენებენ

ხრაშუნა ტექსტურისა და ნაზი, ოდნავ მოტკბო, ნაღებისებრი გემოს მქონე მაკადამია ფართოდ გამოიყენება კულინარიაში: აცოცხლებს და აგემრიელებს ბოსტნეულისა და ხილის სალათებს; არაჩვეულებრივად ეხამება ყველსა და ყველიან კერძებს; ძალიან უხდება როგორც კრემიან, ისე მშრალ ნამცხვრებს – მაფინებს, ფუნთუშებს; უხდება სოუსებს, მაგალითად, პესტოს; იდეალურია ნაყინისა და გულიანი ნამცხვრების გულსართად; გამოიყენება თევზისა და ქათმის პანირებისთვის; შესანიშნავი ხემსია.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: