კვება ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს
გააზიარე:
ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, მონელების გაძნელება, სიმძიმე და დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევა... ბევრისთვის ნაცნობი ეს სიმპტომები შესაძლოა ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე მიუთითებდეს. ნაღვლის ბუშტის დისფუნქცია ხშირად არაჯანსაღი კვების ფონზე ვითარდება და დროთა განმავლობაში შესაძლოა მძიმე გართულებებში გადაიზარდოს, ამიტომ სწორი კვება აუცილებელია არა მხოლოდ ამ ორგანოს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ უკვე ჩამოყალიბებული პათოლოგიის მართვისა და შემდგომი გართულებების პრევენციისთვისაც.
იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს კვება ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობაზე, რომელი საკვები უწყობს ხელს მის გამართულ ფუნქციობას და რომელი ვნებს, როგორ უნდა ვიკვებოთ ნაღვლის ბუშტის ამა თუ იმ პათოლოგიის დროს ან მისი ამოკვეთის შემდეგ, “ავერსის კლინიკის” ექიმი გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ჩიტაიშვილი გვესაუბრება.
– ქალბატონო ქეთევან, რა ფუნქციას ასრულებს ნაღვლის ბუშტი საჭმლის მონელებაში?
– საჭმლის მონელებაში, განსაკუთრებით კი ცხიმების გადამუშავებაში, ნაღვლის ბუშტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ის ნაღვლის ერთგვარ რეზერვუარს წარმოადგენს. ნაღველი საჭმლის მომნელებელი სითხეა, რომელსაც მუდმივად გამოიმუშავებს ღვიძლი. ის ძირითადად წყლისგან, ნაღვლის მჟავებისგან, ნაღვლის მარილებისგან, ქოლესტერინისგან, ბილირუბინისგან, ფოსფოლიპიდებისგან, ელექტროლიტებისა და სხვა ნაერთებისგან შედგება.
სანაღვლე გზების საშუალებით ნაღველი ნაღვლის ბუშტში ჩაედინება, იქ გროვდება, კონცენტრირდება და საჭირო დრომდე ინახება. ცხიმიანი საკვების მიღებისას ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ქოლეცისტოკინინი (CCK). ის სიგნალს უგზავნის ნაღვლის ბუშტს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იკუმშება და ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში (წვრილი ნაწლავის საწყის ნაწილში) გადადის.
ნაღვლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ცხიმების ემულსიფიკაცია (მსხვილი წვეთების წვრილ წვეთებად დაშლა), რათა პანკრეასის ფერმენტებს მათი მონელება გაუადვილდეს.
ნაღველი ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი A, D, E და K ვიტამინების შეწოვას. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ნაღველს ტუტე რეაქცია აქვს და მისი დახმარებით ხდება ნაწლავებში კუჭის მჟავას ნეიტრალიზება.
ნაღველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ბუნებრივ დეტოქსიკაციაშიც – ბილირუბინის (ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტის), ქოლესტეროლისა და სხვა მავნე ნაერთების გამოდევნაში. ნაღვლის ბუშტის პრობლემების ან მისი ამოკვეთის შედეგად ეს პროცესი ხშირად ირღვევა.
– რა როლს ასრულებს კვება ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში? შესაძლებელია თუ არა პრობლემების თავიდან აცილება სწორი კვებით?
– სწორი კვება უაღრესად მნიშვნელოვანია ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობისთვის. ის, რასაც მივირთმევთ, პირდაპირ გავლენას ახდენს ნაღვლის ბუშტის ფუნქციობაზე, იმაზე, ჩამოყალიბდება თუ არა ნალექი, კენჭები, განვითარდება თუ არა ანთება (ქოლეცისტიტი) ან სანაღვლე გზების სხვა დაავადება. სწორ კვებას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების (განსაკუთრებით – ყველაზე გავრცელებული ტიპის, ქოლესტეროლისგან წამოქმნილი კენჭების) პრევენციაში.
სიმსუქნე ნაღველკენჭოვანი დაავადების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ხოლო სიმსუქნის შემთხვევაში – წონის თანდათანობითი დაკლება, რადგან სწრაფ კლებას შეუძლია, ხელი შეუწყოს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას.
– რომელი საკვებია სასარგებლო ნაღვლის ბუშტისთვის?
– სწორი კვების შესახებ საყოველთაო რეკომენდაციები ასეთია:
* მიირთვით ჯანსაღი ცხიმები, მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, მაგრამ ზომიერად. უპირატესობა მიანიჭეთ ზეითუნის ზეთს, ავოკადოს, თხილეულს, ომეგა-3-ს (თევზს). ჯანსაღი ცხიმების ზომიერი ოდენობა ხელს უწყობს ნაღვლის მოძრაობას. სრულიად უცხიმო დიეტამ შესაძლოა შეამციროს ნაღვლის დინება და დროთა განმავლობაში ნალექის დაგროვება ან კენჭების ფორმირება გამოიწვიოს.
* მიირთვით ბოჭკოვანი საკვები – ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, პარკოსნები. ბოჭკო ხელს უწყობს ნაღველში ქოლესტეროლის შემცველობის კლებას და, ამასთან, საკვების სრულყოფილად მონელებას.
* მიიღეთ საკმარისი ოდენობის წყალი. ის ხელს უწყობს ნაღვლის გამომუშავებას და დინებას.
– რომელი საკვები უშლის ხელს ნაღვლის ბუშტის გამართულ მუშაობას?
– ნაღვლის ჯანსაღი შემადგენლობის შესანარჩუნებლად და ნაღვლის ბუშტის გამართული მუშაობისთვის უნდა ვერიდოთ:
- შემწვარ საკვებს, ტრანსცხიმებს, ცხიმიან წითელ ხორცს, ცხიმიან რძის ნაწარმს;
- რაფინირებულ ნახშირწყლებს და შაქრიან საკვებს – შაქრისა და რაფინირებული ნახშირწყლების (თეთრი პურის, ტკბილეულის) დიდი ოდენობით მიღება წარმოშობს ნაღვლის ბუშტის კენჭების განვითარების მაღალ რისკს;
- ცხარე და სუნელებით უხვად შეზავებულ საკვებს;
- გაზიან და ძლიერ კოფეინიან სასმელებს.
ცხარე და ცხიმიანი საკვები
— ცხარე სანელებლებში შემავალი ნივთიერება კაპსაიცინი ასტიმულირებს კუჭის მჟავას გამომუშავებას, ნაწლავის სეკრეციას და აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს, რითაც ირიბად უწყობს ხელს ნაღვლის გამოყოფას.
ცხარე საკვებმა შესაძლოა გააღიზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი ან ნაღვლის ბუშტი, გამოიწვიოს ტკივილი ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.
ცხიმი ნაღვლის გამოყოფის ყველაზე ძლიერი სტიმულატორია, მაგრამ ჯანსაღი ცხიმები, როგორც ვთქვით, ხელს უწყობს ნაღვლის თავისუფალ დენას, ხოლო არაჯანსაღმა ცხიმებმა, ძირითადად ცხოველურმა (ნაჯერი ცხიმები), შესაძლოა გადატვირთოს საჭმლის მომნელებელი სისტემა, დაამძიმოს ნაღვლის ბუშტის სიმპტომები ან გამოიწვიოს ნაღვლის ნალექის დაგროვება. თუმცა ჭარბი რაოდენობით ჯანსაღი ცხიმიც საზიანოა.
ყავა
– კოფეინი ასტიმულირებს ქოლეცისტოკინინის სეკრეციას, აძლიერებს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას და ნაღვლის გამოყოფას, ამიტომ ყავა ერთი მხრივ თუ ხელს უწყობს ცხიმების მონელებას, მეორე მხრივ, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას, შესაძლოა დისკომფორტი ან სპაზმური ტკივილი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია ყავის ზომიერი მოხმარება — დღეში არა უმეტეს 1-2 ფინჯანისა, ინდივიდუალური აუტანლობისა და ნაღვლის მდგომარეობის გათვალისწინებით.
შოკოლადი
– შოკოლადს ნაღვლის ბუშტის ფუნქციაზე პირდაპირი გავლენა არ აქვს, თუმცა მასში შემავალი ცხიმი, კოფეინი და ალკალოიდი თეობრომინი ზოგადად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ცხიმი მსუბუქად ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას და შესაძლოა, ოდნავ დააჩქაროს ნაღვლის ბუშტის დაცლა. თეობრომინმა შესაძლოა მოადუნოს გლუვი კუნთები, მათ შორის – საყლაპავის ქვედა სფინქტერი, რაც ზოგიერთ ადამიანს გაუძლიერებს მჟავას რეფლუქსს.
დიდი რაოდენობით შოკოლადის მიღებამ, განსაკუთრებით ღამით, შესაძლოა გამოიწვიოს მონელების გაძნელება, დისკომფორტი ან რეფლუქსის გამწვავება.
– რამდენად მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი: საკვების მიღების დრო, ჯერადობა, ულუფების ზომა?
– კვების რეჟიმს დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოდ, ჯანმრთელობისთვის და, კერძოდ, ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციობისთვის.
რეგულარული კვება, სხვა მნიშვნელოვან პროცესებთან ერთად, ხელს უწყობს ნაღვლის თანმიმდევრულ გამოყოფას, კვების გამოტოვება კი იწვევს ნაღვლის ბუშტში ნაღვლის ხანგრძლივ გაჩერებას, რაც ზრდის კენჭების წარმოქმნის რისკს. ამიტომ ჩვენი რჩევაა:
- იკვებოთ დღეში 4-ჯერ მცირე ულუფებით, ეცადოთ, ბოლომდე (კუჭის სისავსის შეგრძნებამდე) არ დანაყრდეთ.
- არ გამოტოვოთ კვება.
- მიიღოთ ბოლო ულუფა დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.
კვების რეკომენდაციები ნაღვლის ბუშტის გავრცელებული პათოლოგიების დროს
– კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ნაღვლის დაავადებების მართვაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია კვების სწორად დაგეგმვას, რადგან თითოეული პათოლოგია ინდივიდუალურ კვებით რეჟიმსა და მიდგომას მოითხოვს. მაგალითად:
ქოლეცისტიტი
– ნაღვლის ბუშტის ანთების დროს აუცილებელია უცხიმო დიეტის დაცვა. რეკომენდებულია:
- მოხარშული ქათამი ან ინდაური, თევზი (ორთქლზე მომზადებული ან აეროგრილში გამომცხვარი);
- უცხიმო რძის ნაწარმი;
- მოხარშული კვერცხის ცილა (გულს მოერიდეთ, რადგან მასში უფრო მეტი ცხიმია);
- თეთრი ბრინჯი, შვრია, წიწიბურა;
- ბოსტნეული – სტაფილო, მწვანე ლობიო, გოგრა, ისპანახი (ორთქლზე ან აეროგრილში მომზადებული);
- ბანანი, გათლილი ვაშლი ან ვაშლის პიურე, ნესვი.
აუცილებლად უნდა მიიღოთ საკმარისი ოდენობის სითხე, განსაკუთრებით წყალი. შეიძლება მცენარეული (პიტნის ან გვირილის) ჩაიც.
ერიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას ან ამძიმებს ანთებით პროცესს, კერძოდ:
- ცხარე საკვებს;
- კოფეინს, ყავას, კოლას;
- ალკოჰოლს;
- მაღალცხიმიან პროდუქტებს, მათ შორის ჩიფსებს, კრეკერებს;
- ტბილეულს, ნამცხვრებს და თეთრი ფქვილის ნაწარმს;
- ბოსტნეულს, რომელიც იწვევს მეტეორიზმს: ნებისმიერი ჯიშის კომბოსტოს, ხახვს, ბოლოკს.
ქოლელითიაზი
– ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის დროს (განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა სიმპტომები) რეკომენდებულია კვება, რომელიც თავიდან აგვაცილებს შეტევებს და/ან დამატებითი კენჭების წარმოქმნას. კვების რეჟიმი ძირითადად ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ქოლეცისტიტის დროს.
ცხიმი მთლიანად არ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, მაგრამ მისი მიღება დღიური კალორიების 20-30%-მდე უნდა შეიზღუდოს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ჯანსაღ ცხიმებს.
მკაცრი დიეტა, ისევე როგორც ჭარბი კვება, არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ძლიერი შეკუმშვა და ტკივილი გამოიწვიოს.
სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზია
– დისკინეზია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქციური დაავადებაა. ამ დროს ირღვევა ნაღვლის ბუშტის ან ნაღვლის სადინარების კუნთოვანი ტონუსი, რის გამოც ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები სათანადოდ ვეღარ ასრულებენ თავიანთ ძირითად ფუნქციას.
ნაღვლის ბუშტის დისკინეზიას ახასიათებს ნაღველკენჭოვანი დაავადებისთვის ტიპური სიმპტომები, კერძოდ, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში, გულისრევის შეგრძნება და მუცლის შებერილობა, განსაკუთრებით – ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, ამიტომ ამ დაავადების დროს რეკომენდებულია დაბალცხიმიანი დიეტა (ცხიმი შეადგენს დღიური კალორიების 30%-ზე ნაკლებს), რაც ხელს შეუწყობს ნაღვლის სტიმულაციისა და ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის შემცირებას. რაციონიდან უნდა ამოიღოთ ან შეზღუდოთ შემწვარი საკვები, ცხიმიანი რძის ნაწარმი, ნაღების შემცველი სოუსები, კვერცხის გული. ნებადართულია უცხიმო და კანგაცლილი ფრინველის ხორცი, თევზი, რძის უცხიმო ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული. ნაღვლის ბუშტის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მცირე ულუფებით კვება – ამით თავს დაიზღვევთ კვების შემდგომი ისეთი სიმპტომების განვითარებისგან, როგორიცაა სპაზმები და გულისრევა. ერიდეთ ცხარე საკვებს, კოფეინს, ალკოჰოლს, ჭარბად და გვიან კვებას.
ნაღვლის რეფლუქსი
– ნაღვლის რეფლუქსი ვითარდება, როდესაც ნაღველი უკუდენას განიცდის წვრილი ნაწლავიდან კუჭისკენ და ზოგჯერ კუჭიდან საყლაპავისკენ.
ნაღვლის რეფლუქსის დროს საჭიროა უცხიმო დიეტა: კანგაცლილი ფრინველის ხორცი, თეთრი თევზი, უცხიმო რძის ნაწარმი, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. ერიდეთ შემწვარ საკვებს, კარაქს, ცხიმიან ხორცს, ცხიმიან ყველს, ნაღებს. მიირთვით ხშირად, დღეში 4-6-ჯერ, მცირე ულუფებით. ერიდეთ ყველაფერს, რაც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს ან ადუნებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს, მათ შორის კოფეინს (ყავა, შოკოლადი), ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, მჟავე საკვებს (ციტრუსებს, პომიდორს), გაზიან სასმელებს, ხახვს, ნიორს (თუ მისდამი მგრძნობიარე ხართ). არასასურველია ძილის წინ ჭამა – სავსე კუჭით დაწოლა ზრდის რეფლუქსის რისკს, ამიტომ ბოლო კვება დაწოლამდე 3-4 საათით ადრე უნდა მიიღოთ. ნუ წამოწვებით ჭამის შემდეგ. ნუ დალევთ ბევრ სითხეს ჭამის დროს. სასურველია, წყალი სვათ ჭამასა და ჭამას შორის შუალედში – ასე კუჭი არ გადაიტვირთება და რეფლუქსიც შემცირდება.
ქოლეცისტექტომიის შემდეგ
– იცვლება თუ არა კვების რეჟიმი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ?
– ქოლეცისტექტომიის შედეგად ირღვევა ცხიმის მონელების პროცესი, ვითარდება შებერილობა, მეტეორიზმი, ხშირად – დიარეა და სტეატორეა (განავლოვან მასებში ცხიმის ჭარბი გადასვლა, ცხიმიანი განავალი), რისი შედეგიცაა ცხიმოვანი მჟავებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების მალაბსორბცია, საბოლოოდ კი კვებითი დეფიციტი და წონის კლება.
ქოლეცისტექტომიის შემდეგ ყველაზე გავრცელებული შეცდომა ცხიმის ნაადრევი მიღებაა. საქმე ის არის, რომ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ ნაღველი განუწყვეტლივ მიედინება ღვიძლიდან წვრილ ნაწლავში, რაც ართულებს ცხიმიანი საკვების მონელებას, განსაკუთრებით – გამოჯანმრთელების ადრეულ პერიოდში. შესაძლოა, განვითარდეს გულისრევის შეგრძნება, შებერილობა, მეტეორიზმი, ფაღარათი (ხშირად – დეფეკაცია ყოველი კვების შემდეგ).
ოპერაციის შემდეგ პირველ დღეს რეკომენდებულია მხოლოდ
* წყალი, უმარილო და უცხიმო ბულიონი მცირე ულუფები (თუ ექიმი ნებას დაგრთავთ);
მეორე-მესამე დღეს –
* თხევადი დიეტა: ბოსტნეულის ბულიონი, ბურღულის ნახარში, ცოტაოდენი ხილის წვენი, ბანანი, ვაშლის პიურე;
ერთი კვირიდან ერთ თვემდე –
ადვილად მოსანელებელი უცხიმო საკვები:
* მოხარშული ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი);
* მოხარშული ბრინჯი, შვრია, წიწიბურა, მანანის ფაფა;
* უცხიმო ხაჭო და იოგურტი;
* მოხარშული ქათამი ან თევზი (უმარილოდ და უცხიმოდ).
1-დან 6 თვემდე რაციონს დაამატეთ:
* უმი ბოსტნეული და ხილი მცირე რაოდენობით (მჟავე ხილს ერიდეთ);
* ორთქლზე მომზადებული ან ღუმელში გამომცხვარი ქათამი, ინდაური, თევზი;
* მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი (სასურველია ზეითუნისა).
6 თვის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ნორმალურ კვებას, თუმცა ქოლეცისტექტომიის შემდეგ შესაძლოა გართულდეს განსაზღვრული პროდუქტების გადამუშავება და წარმოიშვას საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: შებერილობა, მეტეორიზმი, დიარეა ან ყაბზობა.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ქოლეცისტექტომიის შემდეგ თავი უნდა შევიკავოთ შემდეგი საკვებისგან:
* ცხოველური ცხიმი, შემწვარი საკვები, მზა ცხიმიანი ხორცპროდუქტები (ბეკონი, ძეხვი, შებოლილი ნეკნები), ცხვრის ხორცი;
* სწრაფი კვების პროდუქტები (ბურგერები, პიცა, შემწვარი სენდვიჩები), ცხიმიანი რძის ნაწარმი (ყველი, ნაღები, კარაქი, ნატურალური რძე, ნაყინი);
* ძალიან ცხარე ან მძიმე სოუსები, მაგალითად, მაიონეზი;
* ძლიერ შესუნელებეული კერძები;
* ჩიფსები, კრეკერები და ტკბილეული;
* კოფეინიანი და გაზიანი სასმელები (ყავა, შავი ჩაი, კოკა-კოლა, ენერგეტიკული სასმელები) – როგორც ვთქვით, მათ შეუძლიათ საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედმეტად სტიმულირება, რაც ღებინების გახშირებას ან მუცლის შებერილობას იწვევს.
შეზღუდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებაც, რადგან ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლს და ხელს უშლის ნაღვლის გამომუშავებას.
– საჭიროა თუ არა ქოლეცისტექტომიის შემდეგ დანამატების ან ფერმენტების მიღება?
– აუცილებელი არ არის, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები ჰქონდა.
დანამატები ან ფერმენტები საჭიროა:
* ცხიმების მონელების მუდმივი პრობლემების, ხშირი დიარეის, სტეატორეის დროს;
* ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E და K) დეფიციტის დროს;
* ოპერაციის შემდგომი შეკრულობის დროს.
– შეუძლია თუ არა ფიზიკურ აქტივობას ნაღვლის ბუშტის მუშაობის გაუმჯობესება?
– რეგულარული და ზომიერი ფიზიკური აქტივობა ნამდვილად უწყობს ხელს ნაღვლის ბუშტის ნორმალურ ფუნქციობას:
* ის ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას და დაცლას, რითაც ამცირებს ნაღვლის სტაზს და, შესაბამისად, ხელს უშლის ნალექის ან ნაღვლის კენჭების წარმოქმნას;
* აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
* ხელს უწყობს ჯანსაღი, სტაბილური წონის შენარჩუნებას;
* ხელს უწყობს სისხლში ქოლესტეროლის დონის დაწევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაღველში ნაკლები ქოლესტეროლი მოხვდება, შესაბამისად, კენჭების წარმოქმნის რისკიც დაიკლებს.
ფიზიკური აქტივობებიდან რეკომენდებულია სწრაფი სიარული, სირბილი, ველოსიპედით სიარული, ცურვა, აერობიკა. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ჭარბმა ვარჯიშმა ან წონის სწრაფმა კლებამ (მაგალითად, კალორიების უკიდურესი შეზღუდვით და ინტენსიური ვარჯიშით) შესაძლოა რეალურად გაზარდოს ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის რისკი, ამიტომ უნდა ივარჯიშოთ დაბალანსებულად და რეგულარულად.
ჯილდა გაჩეჩილაძე











