ციფრული დეტოქსი: ტექნოლოგიასთან ჯანსაღი ურთიერთობის ხელახალი აღმოჩენა
გააზიარე:
დაფიქრდით, რამდენჯერ გადამოწმეთ ტელეფონი დღეს? რამდენი წუთი ან საათი დახარჯეთ სოციალურ მედიაში? ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად ვართ ჩართული ციფრულ სამყაროში და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე.
საიდან იგებთ ახალ ამბებს? სოციალურ მედიაში კითხულობთ ქარდებს, მეგობრების პოსტებს და კომენტარებს? რამდენად ახერხებთ ამ გზით სანდო ინფორმაციის მოპოვებას და როგორ უმკლავდებით ამას ემოციურად?
დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო მეტად ინაცვლებს ციფრულ სამყაროში, ეკრანები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სმარტფონები, კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები ჩვენი დროის მართვაზე, ფსიქიკურ მდგომარეობასა და ურთიერთობებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ხშირად ეს გაჯეტები არც კი გვჭირდება, მაგრამ უკვე ჩვევად ან, კიდევ უარესი, დამოკიდებულებად გვქცევია და ჩვენს ყურადღებასა და ენერგიას უმიზნოდ ფლანგავს.
ციფრული მოწყობილობების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყურადღების გაფანტვა, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა და რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის გაძნელება.
ამასთან გასამკლავებლად ასეთი პრაქტიკა შემოვიღე: როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემი ემოციური მდგომარეობა ზღვარზეა, ტელეფონიდან ერთი ყველაზე დროისწამღები სოციალური მედიის აპლიკაციას ვშლი. არ ვაუქმებ – კომპიუტერიდან მაინც ვამოწმებ, არც მესენჯერს ვკიდებ ხელს, მხოლოდ ტელეფონის აპლიკაციას ვშლი და ეს მცირე ცვლილებაც კი დიდი სიკეთის მომტანია: მცირდება როგორც ემოციური დაძაბულობა, ისე შფოთვა, რომ რაღაცას ვერ ვასწრებ, სიახლეების ველი უნდა შევამოწმო, კომენტარს უნდა ვუპასუხო, აუცილებლად უნდა ვიცოდე ყველას აზრი მომხდარის შესახებ... ეს ჩემი მცდელობაა, ვირტუალური რელობიდან ნამდვილ, ფიზიკურ რეალობაში გადმოვინაცვლო.
ბოლო დროს გაჩნდა ცნება "ციფრული დეტოქსიკაცია" ("Digital detox"), რომელიც ტექნოლოგიებისგან მიზანმიმართულ შესვენებას გულისხმობს. ეს პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს, დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, ბუნებას, ახლობლებს და ცოტა ხნით მაინც მოვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე.
რა არის და რა საჭიროა ციფრული დეტოქსი?
ციფრული დეტოქსი არ არის ტექნოლოგიებზე უარის თქმა – ეს ციფრული მოწყობილობებისგან გამოთიშვაა კონცენტრაციის, ფსიქიკური სიმშვიდისა და რეალურ ცხოვრებასთან კავშირის აღსადგენად.
ციფრული დეტოქსი ნიშნავს ტექნოლოგიური მოწყობილობების: სმარტფონის, პლანშეტის, ლეპტოპის, – გამოყენებაზე რამდენიმე ხნით უარის თქმას. შესვენების მთავარი მიზანია ტექნოლოგიებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება და მისი ხელახალი შეფასება. ჩვენ უამრავ დროსა და ენერგიას გვართმევს სოციალური ქსელების თვალიერება, სიახლეებზე რეაგირება და სოციალური წნეხი, რომელიც ხშირად არარეალურ სტანდარტებს გვიწესებს, დეტოქსი კი საშუალებას გვაძლევს, გამოვეცალოთ უწყვეტი ინფორმაციის ნაკადს და სამყაროსთან ურთიერთობის ჯანსაღი საზღვრები აღვადგინოთ.
მრავალი ჩვენგანი ყოველდღიურად საათობით იძირება ციფრულ სამყაროში. ტელეფონები, ლეპტოპები, პლანშეტები თითქოს ჩვენი სხეულის ბუნებრივ გაგრძელებად იქცა. ხანდახან, როდესაც სადღაც მივდივარ და ხელში ტელეფონი არ მიჭირავს, მიჩნდება განცდა, რომ სხეულის ნაწილი მაკლია.
რა სიკეთე მოაქვს ცოტა ხნით გაჯეტების, განსაკუთრებით კი სმარტფონების მოხმარების შეზღუდვას?
- უმჯობესდება მენტალური ჯანმრთელობა. კვლევები მოწმობს, რომ ტექნოლოგიური შესვენება ამცირებს შფოთვას, სტრესსა და ქრონიკულ დაღლილობას. როდესაც ადამიანი სოციალურ ქსელებს შორდება, მას ემოციური სივრცე ეძლევა საკუთარი თავის მოსასმენად.
- სწორდება ფოკუსი და იმატებს შრომის ნაყოფიერება. ადამიანები უკეთ კონცენტრირდებიან ამოცანებზე. ის, რაც ადრე საათობით გრძელდებოდა, დეტოქსის პირობებში გაცილებით სწრაფად სრულდება.
- უკეთესად გვძინავს. ეკრანის ლურჯი ნათება ხელს უშლის მელატონინის გამოყოფას, რაც ძილის ციკლს არღვევს. ციფრული დეტოქსი ძილის ხარისხს საგრძნობლად ამაღლებს.
- ღრმავდება ურთიერთობები. იძულებული ვხდებით, ფიზიკურად ვეკონტაქტოთ რეალურ ადამიანებს. ერთობლივი ვახშამი, საუბარი ან თუნდაც მდუმარედ გვერდიგვერდ ჯდომა ურთიერთობების ღირებულებას ზრდის.
- ვსწავლობთ "აქ და ახლა" ცხოვრების ხელოვნებას, რაც ამაღლებს ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხს.
ნამდვილად გვჭირდება ციფრული დეტოქსი?
თუ:
* გამუდმებით ვამოწმებთ ტელეფონს,
* გვიჭირს დაძინება ან ღამით შეტყობინებების შესამოწმებლად ვიღვიძებთ,
* გვიჭირს ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირება,
* განვიცდით შფოთვას,
* თავს ვადარებთ სხვების სოციალურ ქსელებში გამოფენილ ცხოვრებას და გვგონია, რომ ყველა ჩვენზე უკეთ ცხოვრობს,
* გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით მეგობრების შესახებ, რადგან მათ პოსტებს ვნახულობთ,
* გაჯეტის გამოყენების შემდეგ სიცარიელეს და გადაღლილობას ვგრძნობთ, –
დროა, დეტოქსზე დავფიქრდეთ.
როგორ გავაკეთოთ ეს?
ციფრული დეტოქსი იწყება მარტივი ნაბიჯებით: ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტის დაწესებით, ძილის წინ მოწყობილობის გამორთვით ან კონკრეტულ საათებში სრულად გათიშვით.
- დავისახოთ კონკრეტული მიზანი. რისთვის გვინდა დეტოქსი? უკეთესად რომ გვეძინოს? მეტი თავისუფალი დრო დაგვრჩეს? საქმეზე უკეთესად ვკონცენტრირდეთ? – მკაფიო მიზანი გვეხმარება, ვიპოვოთ მოტივაცია და ბოლომდე მივიყვანოთ ჩანაფიქრი.
- დავგეგმოთ დეტოქსის დრო. უმჯობესია, დეტოქსი შაბათ-კვირას დავიწყოთ ან სამუშაო დღეებში დავუთმოთ რამდენიმე საათი. რაც უფრო რეალისტურია გეგმა, მით უფრო დიდია წარმატების შანსი.
- შევქმნათ უეკრანო ზონები. მაგალითად, საძინებელი ან სასადილო მაგიდა ეკრანებისგან თავისუფალ სივრცედ ვაქციოთ.
- ჩავანაცვლოთ ციფრული დრო სხვა აქტივობებით. ეს შეიძლება იყოს წერა, კითხვა, პარკში გასეირნება, საყვარელი კერძის ან ტკბილეულის მომზადება, მეგობრებთან ჯანსაღი კომუნიკაცია.
- შევამციროთ შეტყობინებათა ნაკადი. უმნიშვნელო შეტყობინებებს არ ვუპასუხოთ ან მათზე პასუხის გასაცემად გამოვყოთ განსაზღვრული დრო. არ ვიქონიოთ მიმოწერა მთელი დღე.
- გავიჩინოთ ახალი ჩვევები: ყოველ საღამოს ვიკითხოთ წიგნი ან ვუსმინოთ მუსიკას ეკრანის გარეშე.
- ვაწარმოოთ დღიური. აღვწეროთ, რას განვიცდით დეტოქსის დროს, რა შევამჩნიეთ, რა გვაკლია, რამ გაგვახარა.
როგორ დავიწყოთ დეტოქსი?
ნუ ეცდებით ერთდროულად ყველაფერზე უარის თქმას. დღეში ერთი საათიც კი დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე.
დაიწყეთ დეტოქსი მეგობართან ერთად – ასე უფრო სახალისოა, მოტივაციაც უფრო ძლიერია.
დანერგეთ დეტოქსის ტრადიცია – თვეში ერთხელ ჩაიტარეთ "დეტოქსის დღე", როდესაც დროსა და ენერგიას მხოლოდ ფიზიკურად არსებულ ადამიანებსა და მოვლენებს დაუთმობთ.
თუ ციფრული დეტოქსიკაციის საჭიროება გაეჭვებთ, ჰითხეთ საკუთარ თავს: ხართ თუ არა რეალურად კმაყოფილები თქვენი ცხოვრების სტილით? ხედავთ თუ არა ახლობლებს ისე ხშირად, როგორც უნდა ხედავდეთ? უსმენთ თუ არა საკუთარ გრძნობებს, როდესაც თქვენი გონება სავსეა ეკრანიდან მოწოდებული ხმაურით?
ციფრული დეტოქსი გვაძლევს შანსს, გავითავისუფლოთ გონება და დავუბრუნდეთ რეალურ ყოფას. ეს არის გზა, რომელიც ჩვენივე არსისკენ გვაბრუნებს და შეგვახსენებს, რომ ვცხოვრობთ მაშინ, როცა ეკრანს თვალს ვაშორებთ.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე











