ტკბილი გემო სიტკბოს გარეშე

Поделитесь:

წარმოიდგინე, რომ წყალს სვამ ან ყველს შეექცევი და რატომღაც სიტკბოს გრძნობ.

ყველამ ვიცით, რომ ტკბილია შაქარი, თაფლი, ხილი, ნაყინი, ნამცხვარი... მაგრამ ხდება ასეთი უცნაურობაც: სიტკბოს ვგრძნობთ მაშინ, როცა ტკბილი არაფერი გვიჭამია.

სიტკბო ხუთი ძირითადი გემოდან ერთ-ერთია. დანარჩენი ოთხია მჟავე, მლაშე, მწარე და უმამი. ეს უკანასკნელი ნაკლებად ცნობილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. ის დანარჩენ გემოებს აბალანსებს და სიღრმეს მატებს. უმამის ბუნებრივი წყაროა ბუნებრივი გლუტამატის შემცველი საკვები: სოკო, ხორცის ბულიონი, პომიდორი, ზღვის პორდუქტები...

თითოეული გემო ენაზე და პირის ღრუს სხვა ნაწილებში განლაგებული სპეციფიკური რეცეპტორებით აღიქმება.

წყლის სიტკბო

თუ სუფთა წყლის დალევისას სიტკბო იგრძენით, ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად:

* პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა – ცუდად გამოხეხილი ან გამოუხეხავი კბილები, ღრძილების ანთება, კარიესი;

* პირის სიმშრალე – გამომშრალ პირის ღრუში მჟავიანობა იმატებს, რომელიც ზოგჯერ სიტკბოს შეგრძნებას იწვევს. ასეთი შეგრძნება განსაკუთრებით ხშირია ღამის საათებში გაღვიძებისას;

* წყლის ქიმიური შემადგენლობა – წყალი, განსაკუთრებით – ჭის, ზოგჯერ მაღალი კონცენტრაციით შეიცავს კალციუმს ან რკინას, რაც მას სპეციფიკურად უცვლის გემოს;

* წყლის მილში დაყოვნება – მილში გაჩერებულ წყალს ზოგჯერ გემო ეცვლება. თუ ონკანის წყალს გამოყენებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში აცდით დენას, ის ბუნებრივ გემოს დაიბრუნებს.

ტკბილი სუნი

გემოს აღქმა მხოლოდ გემოვნების რეცეპტორებზე არ არის დამოკიდებული – მასში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყნოსვასაც. სწორედ სუნი ანიჭებს საკვებს მისთვის დამახასიათებელ არომატს და განუმეორებელ გემოს. ამიტომ ზოგჯერ სურნელიც ქმნის სიტკბოს ილუზიას. მაგალითად, თუ ჭიქას შერჩენილი აქვს ჭურჭლის სარეცხი საშუალების ტკბილი სუნი, შესაძლოა, ტვინი მოტყუვდეს და წყალი ტკბილად აღიქვას.

ყნოსვის შეცვლას და დაქვეითებას იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, განსაკუთრებით – სინუსიტის, ცხვირის დანამატი ღრუების ანთება. ყნოსვის დარღვევას კი შეუძლია, პირში უჩვეულო გემოების, მათ შორის სიტკბოს შეგრძნებაც გამოიწვიოს.

დიაბეტი

პირში ტკბილი გემოს გაჩენა ზოგჯერ სისხლში შაქრის მოუწესრიგებლობას უკავშირდება. გლუკოზის დონეს ორგანიზმი პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონების – ინსულინისა და გლუკაგონის – მეშვეობით აკონტროლებს. დიაბეტის დროს რეგულირების მექანიზმი ირღვევა და სისხლში გლუკოზის დონე იმატებს (ჰიპერგლიკემია), რის შედეგადაც შესაძლოა, პირში ტკბილი გემო გაჩნდეს.

დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის მძიმე გართულებაა. ჰიპერგლიკემიის ფონზე ორგანიზმი იწყებს ცხიმების ინტენსიურ დაშლას, რასაც კეტონური სხეულების დაგროვება მოსდევს. ამ დროს ამონასუნთქ ჰაერს აქვს მოტკბო, ხილის მსგავსი სუნი, რასაც ასევე შეუძლია ტკბილი გემოს შეგრძნება გამოიწვიოს.

იგივე მექანიზმი მუშაობს დაბალნახშირწყლოვანი ან კეტოგენური დიეტის დროსაც. ვისაც ასეთი დიეტის დაცვა სურს, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია დიეტოლოგთან ან ექიმთან. პროფესიონალის რეკომენდაციების შესრულება ხელს შეუწყობს დიეტის უსაფრთხოდ დაცვას და თავიდან აგაცილებთ ორგანიზმში კეტონების დაგროვებით გამოწვეულ გართულებებს.

მჟავა რეფლუქსი

მჟავა რეფლუქსისა და მისი ქრონიკული ფორმის – გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) მქონე ადამიანებს პირში ზოგჯერ ტკბილი ან მეტალის გემო აქვთ. ეს შეგრძნება აიხსნება კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში დაბრუნებით (რეფლუქსით), რომელიც ზემოხსენებულ დარღვევას ახასიათებს.

სიმპტომების შესასუსტებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ დიეტასა და ცხოვრების წესს. მაგალითად, ამოვიღოთ რაციონიდან მჟავე, ცხარე და ცხიმიანი საკვები, ვივახშმოთ დაძინებამდე არანაკლებ 2-3 საათით ადრე და ზომიერად ვიაქტიუროთ ფიზიკურად. საჭიროებისამებრ, ჩავიტაროთ მკურნალობაც.

ორსულობა

ორსულობა პირში ტკბილი გემოს გაჩენის კიდევ ერთი მიზეზია. ამ პერიოდში ჰორმონული ფონი და საჭმლის მომნელებელი სისტემა მნიშვნელოვნად იცვლება, რაც გავლენას ახდენს როგორც გემოს, ისე სუნის აღქმაზე.

ორსულებს ზოგჯერ აქვთ ტკბილი ან მეტალის გემოს აუხსნელი შეგრძნება, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს ან გესტაციურ დიაბეტს – მდგომარეობას, რომელიც ორსულობის დროს ვითარდება და მკაცრ მეთვალყურეობას მოითხოვს.

თუ სიტკბოს შეგრძნება ხშირი ან მუდმივია, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად ჩაიტაროს გამოკვლევები და დაიწყოს მდგომარეობის მართვა.

მედიკამენტები

ზოგიერთი მედიკამენტიც იწვევს პირში ტკბილი გემოს გაჩენას. უმთავრესად ესენია ქიმიოთერაპიული პრეპარატები, რომლებიც გემოს აღქმას ცვლის. ამის შედეგად შესაძლოა შეცვალოს ადამიანის კვებითი ჩვევები და, საზოგადოდ, ცხოვრების ხარისხი. თუ ტკბილი გემო ხელს უშლის კვებას ან იწვევს დისკომფორტს, ექიმი გამოწერს ალტერნატიულ წამლებს.

ფილტვის კიბო

ფილტვებში ან სასუნთქ გზებში არსებულ სიმსივნეს შეუძლია, ასწიოს ჰორმონების დონე, რაც, თავის მხრივ, გემოს აღქმაზე აისახება და პირში ტკბილი გემოს გაჩენას გამოიწვევს.

ნევროლოგიური პრობლემები

პირში სიტკბოს შეგრძნება შესაძლოა ნევროლოგიურ ცვლილებებსაც უკავშირდებოდეს. მაგალითად, იყოს ინსულტის, ეპილეფსიის ან სხვა ნევროლოგიური დაავადების ადრეული ნიშანი. გემოს აღქმის დარღვევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, თუ მას თან ახლავს მხედველობის შეცვლა, მგრძნობელობის დარღვევა, კოორდინაციის მოშლა.

როდის გჭირდებათ სამედიცინო დახმარება

თუ პირის ღრუში იშვიათად გრძნობთ აუხსნელ სიტკბოს და ამას თან არ ახლავს სხვა სიმპტომები, სავარაუდოდ, მდგომარეობა არ მოითხოვს ექიმის ჩარევას, მაგრამ თუ ტკბილი გემო ხშირია ან გაწუხებთ სხვა ნიშნებიც (მეტალის გემოს შეგრძნება, ყნოსვის ცვლილება, სუნთქვის გაძნელება, დაღლილობა) აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მარი აშუღაშვილი

Поделитесь: