ზღაპრით თერაპია

გააზიარე:

ზღაპარი ჯადოსნური სამყაროა, სადაც შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, სადაც გმირებს წარმოუდგენელი თავგადასავლები გადახდებათ და სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ამ საოცარი თვისებების გამო ზღაპარი შეიძლება ძლიერ თერაპიულ იარაღად იქცეს.

ზღაპრით თერაპიის შესახებ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი გვესაუბრა.

– რა მნიშვნელობა აქვს ზღაპრებს ბავშვებისთვის?

– ზღაპრებში გადმოცემულია კაცობრიობის მთელი სიბრძნე, რომელიც კოლექტიურ არაცნობიერშია დაგროვილი, არქეტიპულია (არქეტიპი განასახიერებს ამა თუ იმ იდეას, ზოგადსაკაცობრიო წარმოდგენას იმის შესახებ, რა არის ზნეობრივად მისაღები ან მიუღებელი). ისინი ასახავენ ცხოვრების წესს, სტრატეგიებს, სამყაროს კანონზომიერებებს – იმას, რომ სიკეთე იმარჯვებს, რომ სიზარმაცეს შრომისმოყვარეობა სჯობია, სიძუნწეს – გულუხვობა, სილაჩრეს– გამბედაობა; ზღაპრები გვასწავლის, რომ ჩვენ მიერ დათესილი სიკეთეც და ბოროტებაც წინ გვხვდება – სამყაროს რასაც ვაძლევთ, უკან გვიბრუნდება; რომ სამყაროს ნდობა შეიძლება, კეთილ პერსონაჟს ყოველთვის ხელი ემართება, მიზანს აღწევს და ჯილდოს იღებს.

ზღაპრები ბავშვს აძლევს მთელი ცხოვრების საგზალს, ასწავლის სამყაროს ზღაპრულად აღქმას, არწმუნებს, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და ყველა ადამიანს წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს. ამ კუთხით ზღაპრები არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზღაპრით თერაპია არტთერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან გამოიყენება. არტთერაპიის სხვა მეთოდების მსგავსად, ზღაპრით თერაპია ძალიან ეკოლოგიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იწვევს არასასურველ თანმხლებ ეფექტს და არ აზიანებს ადამიანის ფსიქიკას.

აბი ზღაპარი

– ზღაპრით თერაპია სხვადასხვა ფორმით ტარდება. შეგვიძლია, გამოვიყენოთ ხალხური ზღაპრები, მზა თერაპიული ზღაპრები ან თავად კლიენტს დავაწერინოთ ჯერ სადიაგნოსტიკო, მერე კი თერაპიული ზღაპარი. ზღაპარი ღრმად აღწევს ადამიანის ქვეცნობიერში, რადგან არქეტიპული პერსონაჟები ყველასთვის ნაცნობია. ზღაპარი სწორ შთაგონებას გვაძლევს.

ზღაპრის წერის ტექნიკაც სხვადასხვაა: შეიძლება, ადამიანს მივცეთ წინასწარ შერჩეული რამდენიმე სიტყვა, ზღაპრის დასაწყისი, ზღაპრის სქემა ან კონკრეტული თემა.

მცირე ასაკის ბავშვებთან ზღაპრის შექმნაში ძალიან გვეხმარება პატარა თოჯინები,  თამაში, ამბის მოყოლა, ხატვა. პატარებთან ზღაპრის გმირებად, წესისამებრ, ცხოველებს ვირჩევთ, მოზრდილებთან – ადამიანებს.

– ზღაპრის წერისას კლიენტი ვერ ხვდება, რომ საკუთარ თავზე წერს?

– რა თქმა უნდა, ხვდება, მაგრამ ზღაპრის წერა ტრანსული პროცესია, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ ქვეცნობიერს უკავშირდება და ინფორმაცია იქიდან მოაქვს.

ფსიქოთერაპიულ პროცესს ხშირად ახლავს თან შფოთვა და წინააღმდეგობა. მათ გადალახვაში ძალიან გვეხმარება ის, რომ სხვაზე ვყვებით ამბავს. ნებისმიერი ადამიანი ღიაა ზღაპრის მიმართ და ადვილად საუბრობს თავის პრობლემაზე ირიბად.

ამბის ტრანსფორმაცია

– დიაგნოსტიკის მიზნით ზღაპრის დაწერა ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით – მოზარდებსა და ზრდასრულებთან. კლიენტს ვაძლევთ მითითებას, რომ ზღაპრის მთავარი გმირი მისივე სქესისა და დაახლოებით მისივე ასაკისა იყოს, ხოლო სიუჟეტი ვითარდებოდეს ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. ვაძლევთ ზოგად სქემასაც: მთავარი გმირი სახლიდან გადის, რათა რაღაც მოიპოვოს, გზაში ხვდება ბოროტ ძალას, რომელიც ხელს უშლის მიზნის მიღწევაში, მაგრამ საბოლოოდ სიკეთე იმარჯვებს – გმირი ამარცხებს ბოროტს, აღწევს მიზანს და რჩება ახალ ადგილას ან ბრუნდება შინ.

შემდეგ ამ ზღაპარს კარგად განვიხილავთ. ვაკვირდებით, როგორ აგებს კლიენტი ისტორიას, ვხედავთ მის პრობლემებს, მის სტრატეგიებს. შემდეგ მასთან ერთად ვარჩევთ თითოეულ სიტყვასა და წინადადებას. მინიშნებებს ვაძლევთ, რათა თავად დაინახოს, რა აქვს შესაცვლელი.

მას შემდეგ, რაც ზღაპარს განვიხილავთ, ადამიანს ვთავაზობთ თერაპიული ზღაპრის დაწერას ანუ ძველ ვერსიაში იმ ცვლილებების შეტანას, რისი სურვილიც გაუჩნდება პრობლემის გაცნობიერების შედეგად.

წერას ხშირად ხატვით თერაპიასაც ვამატებთ – კლიენტს ვთხოვთ, დახატოს ზღაპრის მთავარი სცენა ისე, რომ ამ ნახატით ზღაპარი ადვილი ამოსაცნობი იყოს. ორივე მეთოდის ერთად გამოყენება ძალიან ნაყოფიერია.

შეიძლება დრამათერაპიის გამოყენებაც – ზღაპრის ინსცენირება. ამ შემთხვევაში ზღაპარს ადამიანთა ჯგუფი სპონტანურად გაითამაშებს. როლებსაც იქვე ინაწილებენ და სიუჟეტსაც იქვე იგონებენ. მერე კი ვარჩევთ თითოეული მათგანის მიერ შესრულებულ როლს. დრამათერაპიაც საკმაოდ ეფექტური მეთოდია, რადგან როცა ამბავში სხეულით ხარ ჩართული, ქვეცნობიერი სხეულის ენით იწყებს შენთან საუბარს.

– შესაძლებელია თუ არა, ფსიქოთერაპია მხოლოდ ზღაპრით თერაპიით შემოიფარგლოს?

– ზღაპრით თერაპია უმეტესად სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება, თუმცა ზოგიერთ ბავშვთან მხოლოდ ამ მეთოდითაც შეიძლება შედეგის მიღება.

როგორ მუშაობს

– წესისამებრ, ადამიანი თავს ზღაპრის მთავარ გმირთან აიგივებს. თუ ის მშიშარაა, მაგრამ ხედავს, როგორ გადალახა შიში ზღაპრის გმირმა, ეს გზავნილი მის ქვეცნობიერს აღწევს, და რადგან ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში ადამიანი ყველაფერს ადვილად ბედავს, უკვე რეალურ ცხოვრებაშიც უადვილება სირთულეების დაძლევა.

ფსიქოთერაპიაში ასეთი მეთოდიც არსებობს: როდესაც ადამიანს უჭირს რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, ვთავაზობთ, წარმოსახვით ხელში აიღოს ჯადოსნური ჯოხი და მისი დახმარებით გადაწყვიტოს პრობლემა. ამის შემდეგ ის სხვა თვალით უყურებს სიტუაციას, რაც გამოსავალსაც დაანახვებს.

ადამიანის ცნობიერი გემის კაპიტანს ჰგავს, ქვეცნობიერი კი  –  ეკიპაჟს. თუ კაპიტანმა მკაფიოდ განსაზღვრა მიზანი, ეკიპაჟი აუცილებლად იპოვის მისკენ მიმავალ გზას.

სიმბოლოები

– რა მნიშვნელობა აქვს სიმბოლოებს ზღაპრით თერაპიის დროს?

– სიმბოლოები ზღაპრებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან უშუალოდ ქვეცნობიერზე მოქმედებს. სიმბოლოების მნიშვნელობა სამ ძირითად დონეზე განიხილება:

1. არქეტიპული დონე (კოლექტიური ქვეცნობიერი) ყველაზე ღრმაა. ეს ის სიმბოლოებია, რომლებიც მთელ კაცობრიობას ერთიანად უკავშირდება. არქეტიპული სიმბოლოებია გმირი, ბოროტი ჯადოქარი, ჯადოსნური ნივთი, ბრძენი მოხუცი და სხვა.

2. კულტურული დონე – სიმბოლოები, რომლებიც კონკრეტული ერის ტრადიციებსა და მითებს უკავშირდება. მაგალითად, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვაზი სიცოცხლის, სარწმუნოების, ეროვნულობის სიმბოლოა, იაპონელისთვის კი მას მნიშვნელოვანი დატვირთვა არ აქვს.

3. პირადი დონე – სიმბოლოები, რომლებიც ადამიანის პირად გამოცდილებას ეყრდნობა. მაგალითად, გვირგვინი, რომელიც უმეტესად ძალაუფლების სიმბოლოა, ვიღაცისთვის შეიძლება უსიამოვნო მოგონებას უკავშირდებოდეს.

ქვეცნობიერი სწორედ სიმბოლოებისა და მეტაფორების ენით გვესაუბრება, ამიტომ მათი გაშიფვრისას მნიშვნელოვანია, სამივე დონე გავითვალისწინოთ.

ინდივიდუალური ზღაპრები

– ბავშვებმა იციან ხოლმე ერთი ზღაპრის ამოჩემება, რომელსაც ხშირად აყოლებენ ან აკითხებენ უფროსებს. ხშირი მოსმენით ისინი განიმტკიცებენ იმ ცოდნას, რომ გმირი იმარჯვებს. სურთ, მისნაირები გახდნენ, მის სტრატეგიებს სწავლობენ. რა თქმა უნდა, საყვარელი ზღაპრის ხშირ გამეორებაზე უარი არ უნდა ვუთხრათ, მაგრამ სხვებიც უნდა შევთავაზოთ, რომ სხვა სტრატეგიებიც დაინახონ და თვალსაწიერი გაუფართოვდეთ.

ეფექტურია ბავშვებისთვის ინდივიდუალური თერაპიული ზღაპრების შექმნა. ამ ზღაპარს მშობელი ბავშვს ძალიან ბევრჯერ უკითხავს, რაც პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

– როგორია ინდივიდუალური ზღაპრის შექმნის პროცესი?

– უპირველეს ყოვლისა, ბავშვს ვუტარებთ ტესტირებას, განვსაზღვრავთ მის ფსიქოპორტრეტს, მშობელი გვეუბნება, რა პრობლემა აქვს ბავშვს და როგორია თავად მშობლის დაკვეთა. შეიძლება, ზღაპრის გმირის მიხედვით თოჯინაც შევაკერინოთ, რაც ეფექტს აორმაგებს.

– რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს თერაპიული ზღაპარი?

– უწინარესად, უნდა არსებობდეს მთავარი გმირი, რამე ნიშნით იმ ბავშვის მსგავსი, რომლისთვისაც იწერება ზღაპარი. ის უნდა შეეჯახოს იმავე პრობლემას, რომელიც თავად ბავშვს აქვს. უნდა აღიწეროს გმირის ფიქრები, ემოციები, შეგრძნებები, გამოჩნდეს, როგორ ცვლის ეს პრობლემა მის ცხოვრებას. მერე კი ვინმეს ან რამის დახმარებით გმირმა პრობლემა თვითონვე (ეს მნიშვნელოვანია!) უნდა გადაჭრას, გაიმარჯვოს, განიცადოს ტრანსფორმაცია.

შედეგი მეორე დღესვე აშკარა გახდება, თუ ზღაპარი სწორად არის დაწერილი ან თუ ბავშვი თავისი პრობლემით მეორეულ სარგებელს არ იღებს (მეორეული სარგებელი ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს რაიმე ფარული მოტივი სიმპტომის შესანარჩუნებლად, მაგალითად, ეშინია მარტო დაძინების, რის გამოც მშობელი მასთან რჩება და ვინაიდან ბავშვს არაცნობიერად უნდა, მშობელი შემდგომშიც მასთან დარჩეს, ამ შიშს ვერ ლახავს).

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო

– როგორ უნდა გამოვიყენოთ ზღაპრების არსებული არსენალი?

– უკითხეთ ბავშვებს და თავადაც იკითხეთ ნებისმიერი ერის ხალხური ზღაპრები, მითოლოგია. მათში ყველა პერსონაჟი არქეტიპულია. უკითხეთ საბავშვო ავტორები, ფენტეზი. თუ ბავშვი იმ ასაკისაა, რომ დამოუკიდებლად კითხულობს, ვიდრე წიგნს მისცემდეთ, თქვენც გადაიკითხეთ, რომ შემდეგ ერთად განიხილოთ, პერსონაჟზე ისაუბროთ, განუმტკიცოთ ღირებულებები, რომლებიც ამბისგან მიიღო, სტრატეგიები, რომლებიც აღმოაჩინა. ასე განუვითარებთ აზროვნებას.

თუ ზღაპრის მოსმენა გირჩევნიათ, ერთად მოუსმინეთ. სხვათა შორის, ჩვენი ჯგუფის წევრების მიერ ბავშვებისა და დიდებისთვის დაწერილ ზღაპრებს ორშაბათობით ვდებთ თერაპიული ზღაპრებისა და იგავების იუთუბ-არხზე.

შეგიძლიათ, თავადაც მოიგონოთ ზღაპრები ზემოხსნებული სქემის მიხედვით. ოღონდ გახსოვდეთ, არც ზღაპარში, არც რეალურ ცხოვრებაში ბავშვი არ შეარცხვინოთ, არ დაადანაშაულოთ, არ შეაშინოთ. მხოლოდ სიყვარულით, უპირობო  მიმღებლობით შეუქმენით რესურსული, უსაფრთხო გარემო, სადაც ის გაიზრდება, გარდაიქმნება, ცხოვრებისეულ სირთულეებს გადალახავს და გამარჯვებას ისწავლის. 

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: