ორსულის უცნაური სურვილების ფარული მნიშვნელობა

Share:

უცნაური და სხვა დროს რომ არ გიყვარდათ, ისეთი საკვების მოულოდნელი მოთხოვნილება ორსულობის ერთ-ერთი თავისებურებაა. ზოგიერთი ორსული ისე მძაფრად განიცდის ამ მოთხოვნილებას, რომ შუაღამისას შესაძლოა მიწის თხილის კარაქში ამოვლებული კიტრის მწნილის ჭამის სურვილმა გააღვიძოს.

რატომ უჩნდება ორსულს ასეთი სურვილები? სხეული რომელიმე ნივთიერების ნაკლებობას გვატყობინებს ამგვარად თუ უბრალოდ ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობს? ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ორსულობისას უცნაური საკვების მოთხოვნილება უბრალო ახირება არ არის და მას საინტერესო საფუძველი აქვს.

რას გვეუბნება მეცნიერება

კვლევები მოწმობს, რომ ათიდან 5-9 ორსულს განსაზღვრულ პერიოდებში უცნაური საკვების მოთხოვნილება უჩნდება. ზოგიერთი საკვების მოთხოვნილება ძალზე ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც შეიძლება ისეთი პროდუქტების დასახელება, რომელთა ჭამის სურვილიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ორსულებს. ეს არის ტკბილი, მჟავე, ცხარე და მარილიანი საკვები. საიდან ჩნდება ეს მოთხოვნილება? რაზეა ის დამოკიდებული?

პირველი, ყველაზე ცხადი და მარტივი ახსნაა ჰორმონული ცვლილებები. ორსულობისას პროგესტერონისა და ესტროგენის მომატება იწვევს გემოსა და ყნოსვის რეცეპტორების გაძლიერებას. შედეგად ზოგიერთი საკვები სპეციფიკური სუნისა და გემოს გამო უფრო გემრიელი გვეჩვენება, ხოლო ზოგიერთი, პირიქით, საშინელად არ მოგვწონს. გარდა ამისა, ჰორმონი ლეპტინი, რომელიც  მადას არეგულირებს, ორსულობისას შესაძლოა განსხვავებულად ფუნქციონირებდეს, რაც სურვილების გაძლიერებას იწვევს.

ვიტამინების დეფიციტი და ორსულის მოთხოვნილებები

ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, ორსულის უცნაური მადა სხეულის სიგნალია, რომ მას რომელიღაც ვიტამინი აკლია. ამ თეორიას მრავალი კვლევა ამყარებს.

* რკინის დეფიციტი: ბევრ ორსულს უჩნდება წითელი ხორცის ჭამის სურვილი, რომელიც ორსულობამდე შესაძლოა საერთოდ არ ჰქონოდა.  იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხორცი მდიდარია რკინით, ეს შეიძლება იყოს ორგანიზმის მცდელობა, დააკომპენსიროს სისხლის გაზრდილი მოცულობა და გაზარდოს ჟანგბადის გადამტანი წითელი უჯრედების რაოდენობა.

* კალციუმის დეფიციტი: რძის ნაწარმის, მაგალითად, ყველისა და მაწვნის მოთხოვნილება შესაძლოა კალციუმის დეფიციტზე მიანიშნებდეს – ელემენტისა, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ძვლების განვითარებისთვის.

* მაგნიუმის დეფიციტი: შოკოლადისადმი ლტოლვა შესაძლოა მაგნიუმის ნაკლებობას უკავშირდებოდეს, რადგან კაკაო ამ მნიშვნელოვანი მინერალის უმდიდრესი წყაროა.

* ნატრიუმის დეფიციტი: ზოგ ქალს განსაკუთრებული ლტოლვა აქვს მარილიანი საკვების, მაგალითად, ჩიფსების ან მწნილის მიმართ. ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ორგანიზმი სითხის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს.

ზოგიერთ ორსულს აქვს ისეთი ნივთიერებების ჭამის მოთხოვნილება, როგორიცაა, მაგალითად, ყინული (პათოლოგია, რომელიც ცნობილია როგორც პიკა). ეს დაკავშირებულია რკინის დეფიციტთან, მაგრამ  არ არსებობს მკაფიო ფიზიოლოგიური მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდება ზოგიერთს ისეთი ნივთიერებების დაგემოვნება, როგორიცაა ცარცი ან მიწა.

ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები

ორსულის მოთხოვნილებებზე დიდი გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფაქტორებს. ორსულობა უდიდეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს და უცნაური საკვების მოთხოვნილება ზოგჯერ ამ ცვლილებებთან შეგუების მექანიზმად იქცევა. შფოთვა და სტრესი ხშირად ისე მართავს ტვინს, რომ ამა თუ იმ საკვებით მიღებული სიამოვნება მისთვის ამ სტრესის საკომპენსაციო ჯილდოსავითაა.

* სტრესი და შფოთვა: ბევრ ორსულს მაღალნახშირწყლოვანი და ტკბილი საკვების მიღების მოთხოვნილება აქვს. ვინაიდან ასეთი საკვები ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს და უზრუნველყოფს დროებით ემოციურ შვებას, მისი მიღება ორსულს სტრესსა და შფოთვასთან გამკლავებაში ეხმარება.

* კულტურული გავლენები: სხვადასხვა კულტურაში ორსულთა უცნაური სურვილები განსხვავდება სოციალური მდგომარეობისა და საკვების ხელმისაწვდომობის მიხედვით. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია შოკოლადი, ხოლო იაპონიაში უფრო ხშირად ბრინჯისა და თევზისგან მომზადებული კერძების მიმართ ლტოლვა იმატებს.

* ასოციაციები ბავშვობასთან: ზოგიერთ შემთხვევაში უცნაური საკვების მოთხოვნილება შესაძლოა ბავშვობის მოგონებებთან იყოს დაკავშირებული, რადგან კონკრეტული საკვები კომფორტისა და უსაფრთხოების განცდას იწვევს.

სურვილები და ნაყოფის სქესი

ერთ-ერთი პოპულარული მითი უცნაური საკვების მიმართ ორსულის ლტოლვას ბავშვის სქესს უკავშირებს. მაგალითად, მიიჩნევა, რომ ტკბილეულის მოთხოვნილება გოგონაზე მიუთითებს, ხოლო მარილიანი და ცხარე საკვების სურვილი – ბიჭზე. არცერთი სამეცნიერო კვლევა ამ ფაქტს არ ადასტურებს.

პიკა – არასაკვები ნივთიერებებისკენ ლტოლვა

ორსულის სურვილები უმეტესად უვნებელია, მაგრამ ზოგჯერ ვითარდება პათოლოგიური მდგომარეობა – პიკა, ისეთი არასაკვები ნივთიერებების მოთხოვნილება, როგორიცაა თიხა, მიწა, საპონი ან ცარცი. პიკა სახიფათოა, რადგან ზრდის ტოქსინებთან კონტაქტისა და მონელების პრობლემების განვითარების რისკს. თუ ორსულმა შეამჩნია, რომ პიკას განიცდის, აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რათა თავისი მოთხოვნილებები დაარეგულიროს.

როგორ ვმართოთ უცნაური სურვილები

ორსულისთვის მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება, მაგრამ ხანდახან თავის განებივრებაც აუცილებელია.

* უსმინეთ თქვენს სხეულს. თუ ის ჯანსაღ საკვებს: ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, – ითხოვს, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ და შეგიძლიათ, ზომიერების დაცვით თამამად დაიკმაყოფილოთ თქვენი სურვილები.

* ეძებეთ ჯანსაღი ალტერნატივა. თუ ტკბილეულის მოთხოვნილება გაგიმძაფრდათ, ეცადეთ, მიირთვათ ტკბილი ხილი და ერიდოთ ტკბილეულს, ხოლო თუ მარილიანი საკვების სურვილი გაგიჩნდათ, ჩიფსების ნაცვლად მიირთვით ნუში ან თხილი.

* შეივსეთ წყლის მარაგი. ზოგჯერ ორგანიზმი წყურვილს შიმშილად აღიქვამს. წყლის რეგულარული სმა უცნაური სურვილების შემცირებაში დაგეხმარებათ.

ლიკა ქათამაძე

Share: