კვება ღვიძლის ჯანმრთელობისთვის

გააზიარე:

ღვიძლი დღედაღამ მუშაობს, რათა გააუვნებლოს სხეულში დაგროვილი ტოქსინები, უზრუნველყოს ცხიმების მონელების უწყვეტი პროცესი, დაარეგულიროს ნივთიერებათა ცვლა. მისი გამართული ფუნქციობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ზოგად კეთილდღეობასთან. ჭარბი და არასწორი კვება, დამუშავებული და ცხიმიანი საკვები, ზედმეტი შაქარი და ალკოჰოლი ღვიძლს აზიანებს. სწორი და დაბალანსებული კვებით შესაძლებელია ღვიძლის ბუნებრივი რეგენერაციის მხარდაჭერა და ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებაც კი.

როგორ გავუფრთხილდეთ ღვიძლს? რა ვნებს მას და რა აძლიერებს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ავერსის კლინიკის" ექიმი გასტროენტეროლოგი  მაკა ბენდიაშვილი გვესაუბრა.

– რა ფუნქციები აკისრია ღვიძლს?

– ღვიძლი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ჯირკვლოვანი ორგანოა – 1,5-1,6 კგ-ს იწონის. ის უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს, მათ შორის:

* ფილტრავს სისხლს მავნე ნივთიერებებისგან, რომლებიც მეტაბოლიზმის დროს წარმოიქმნება ორგანიზმში (საჭმლის მონელების ნარჩენები) ან გარედან ხვდება იქ (მედიკამენტები). მაგალითად, შარდოვანად გარდაქმნის ამიაკს. ეს ტოქსიკური ნივთიერება ამინმჟავების დაშლის შედეგად წარმოიქმნება ნაწლავებში. ღვიძლი წუთში 1,5 ლიტრამდე სისხლს ფილტრავს, რაც  დღეში დაახლოებით 2000 ლიტრს შეადგენს.

* აქტიურად მონაწილეობს ბილირუბინის მეტაბოლიზმსა და გამოყოფაში. ბილირუბინი ერითროციტების დაშლის პროდუქტია, რომელიც არაპირდაპირი ბილირუბინის სახით ღვიძლში ტრანსპორტირდება. იქ ის პირდაპირ ბილირუბინად გარდაიქმნება და ნაღველთან ერთად ნაწლავებში გადადის, საბოლოოდ კი განავალთან ერთად  გამოიყოფა სხეულიდან. მისი დაგროვება იწვევს კანისა და სკლერების სიყვითლეს და ზიანს აყენებს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი – ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

* მონაწილეობს საკვები ნივთიერებების გადამუშავებაში. ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები კარის ვენის მეშვეობით აღწევს ღვიძლში, სადაც იშლება და ადვილად ასათვისებელ კომპონენტებად გარდაიქმნება. მაგალითად, ნახშირწყლებს ღვიძლი გარდაქმნის გლუკოზად, რომელიც სხეულს ენერგიით ამარაგებს, ჭარბ გლუკოზას კი – გლიკოგენად, გლუკოზის განსაკუთრებულ ფორმად, რომელიც მარაგის სახით დეპონირდება ღვიძლში და სისხლში შაქრის დონის დაქვეითების შემთხვევაში ისევ გლუკოზად გარდაიქმნება.

* მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმებისა და ქოლესტეროლის მეტაბოლიზმში.  ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების დაშლას მარტივ კომპონენტებად, რათა ორგანიზმმა შეძლოს მათი შეწოვა და გამოყენება. ღვიძლი არა მხოლოდ აწარმოებს ქოლესტეროლს, არამედ მისი მეშვეობით წარმოქმნის ნაღვლის მჟავებს, რომლებიც ცხიმების გადამუშავებაში ეხმარება. ნაღველი აუცილებელია ცხიმში ხსნადი A, D, E და K ვიტამინების ასათვისებლად და ნარჩენი პროდუქტების სხეულიდან გამოსადევნად.

* საკვებიდან მიღებული ამინმჟავებისგან ღვიძლი აწარმოებს სხვადასხვა ცილას, რომლებიც სისხლის მიმოქცევაში ხვდება და სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, ალბუმინის დანიშნულებაა სისხლში სითხის შეკავება და მისი მოცულობის შენარჩუნება, ასევე ვიტამინების, ჰორმონების, ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება.

ღვიძლი მონაწილეობს სისხლის შედედებისთვის საჭირო ცილების სინთეზში და ამით მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედების რეგულირებაში, აწარმოებს იმუნური სისტმისთვის მნიშვნელოვან ცილებსაც და ამით ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება ორგანიზმს.

* ინახავს და ქმნის A, D, B9 და B12 ვიტამინების, ასევე მინერალების, მათ შორის –  რკინისა და სპილენძის, მარაგს.

ამრიგად, ღვიძლის გამართული მუშაობა ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა. მისი ფუნქციების დარღვევა ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: დაღლილობა, სისუსტე, უმადობა, კრუნჩხვა, გულისრევა, ფაღარათი, კანისა და სკლერების სიყვითლე, ქავილი, წონის კლება, მუცლის შებერილობა, მუდმივი ძილიანობა. პათოლოგიური ცვლილებები ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებითაც დასტურდება.

– რა კავშირი აქვს სწორ კვებას ღვიძლის ჯანმრთელობასთან და რომელი საკვები ნივთიერებები ასრულებს მთავარ როლს მის შენარჩუნებაში?

– დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია ღვიძლის ჯანმრთელობისთვის, რადგან ზოგი საკვები იცავს ღვიძლს და აძლიერებს მის ფუნქციებს, ზოგი კი, პირიქით, ზიანს აყენებს მას.

ანტიოქსიდანტები

ანტიოქსიდანტები იცავს ღვიძლის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან (თავისუფალი რადიკალები მეტაბოლური პროცესების შედეგად წარმოქმნება ორგანიზმში ან გარედან ხვდება იქ) და მათ მიერ გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან. ორივე ფაქტორი ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების დაზიანებას და ქრონიკული ანთებითი პროცესების ჩამოყალიბებას, რაც ღვიძლისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ანტიოქსიდანტებით მდიდარია ხილი და ბოსტნეული. სხვადასხვა კვლევა გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას და იცავს ამ ორგანოს მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოზური დაავადებისგან (MASLD/NAFLD), რომელიც ხშირად ახლავს თან სიმსუქნეს, ლიპიდური ცვლის დარღვევას, დიაბეტ ტიპი 2-ს, გარდა ამისა, ამცირებს ღვიძლის ფიბროზის, ციროზისა და ღვიძლის კიბოს  განვითარების  რისკს.

ცნობილი ანტიოქსიდანტებია: C ვიტამინი (ციტრუსები, ბულგარული წიწაკა, კივი, სხვადასხვა ჯიშის კომბოსტო, მწვანილი, კენკრა), E ვიტამინი (ნუში, მზესუმზირა, ავოკადო, პაპაია), სელენი (თხილი, მოლუსკები, კვერცხი).

ძალიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია გლუტათიონი, რომელსაც ღვიძლი თავად წარმოქმნის, თუმცა მისი რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ ზოგიერთი საკვების მეშვეობით, რომელიც ხელს უწყობს მის სინთეზს, ასეთია ბროკოლი, ისპანახი, ავოკადო. გლუტათიონი, გარდა იმისა, რომ თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს და ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს, ღვიძლს დეტოქსიკაციის პროცესშიც ეხმარება და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ძლიერი ანტიოქსიდაციური თვისებებით გამოირჩევა ლიკოპენი, რომელიც კაროტინოიდების ჯგუფს ეკუთვნის. ის წითელსა და ვარდისფერს აძლევს ხილსა და ბოსტნეულს. უხვად გვხვდება პომიდორსა და გრეიპფრუტში.

ღვიძლისთვის ძალიან კარგია ნიორი. ის მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის ალიცინით, ალინინით და აჟოენით, რომლებსაც ძლიერი ანტიოქსიდაციური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ნივრის რეგულარული მიღება აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას, ასე რომ, ნიორი შეიძლება მძიმე ლითონებით (ვერცხლისწყლით, კადმიუმით) მოწამვლის დროსაც გამოვიყენოთ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიორს შეუძლია, გააუმჯობესოს ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანების მდგომარეობა და შეამციროს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ პაციენტებთან, რომლებიც კვირაში ორჯერ ან მეტჯერ იღებდნენ ნიორს, კიბოს განვითარების ალაბთობამ 23%-ით იკლო.

ღვიძლის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს ჯანჯაფილი. ის მდიდარია ჯინჯეროლით (Gingerole) და შოგაოლით (Shogaole), რომლებსაც ანტიოქსიდაციური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების დიდი პოტენციალი აქვს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარდა, 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 1500 მგ ჯანჯაფილის ფხვნილის მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ანთებისა და ღვიძლის დაზიანების მარკერები, მათ შორის – ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) და C-რეაქტიული ცილა (ჩღP).

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

ქრონიკული ანთებითი პროცესების შემცირებას და, შესაბამისად, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების პრევენციას ხელს უწყობს უჯერი ცხიმები (მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები), რომლებითაც მდიდარია თხილეული, თევზეული, ზეითუნის, ავოკადოს, რაფსის ზეთები. უჯერი ცხიმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უხვად არის:

* ზღვის პროდუქტებში, განსაკუთრებით – ცხიმიან თევზში (ორაგული, სკუმბრია, თინუსი);

* სელისა და ჩიას თესლში;

* ნიგოზში.

კვლევები ადასტურებს, რომ ზღვის პროდუქტებით მდიდარი დიეტა ამცირებს ღვიძლში ცხიმის დაგროვებას და იცავს მას ისეთ დაავადებებისგან, როგორიცაა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება და ღვიძლის კიბო. მკვლევრები ამას ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ანთების საწინააღმდეგო ეფექტს უკავშირებენ.

ბოჭკო

ბოჭკო ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, არეგულირებს შაქრისა და ქოლესტეროლის დონეს, იცავს ღვიძლს უსარგებლო კალორიებისგან.

ბოჭკოს მდიდარი წყაროა:

  • ბოსტნეული (კარტოფილი, სხვადასხვა სახეობის კომბოსტო, ისპანახი, გოგრა, სტაფილო);
  • პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო);
  • ხილი (ვაშლი, ბალი, ბანანი, ატამი, ჟოლო);
  • მთლიანი მარცვლეული (შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ქატო);
  • თესლეული და თხილეული (სელი, ჩია, გოგრის თესლი, ნუში, ნიგოზი). 

ქოლინი

ქოლინი აუცილებელია VLDL-ის (ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) წარმოსაქმნელად. VLDL არის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ცილა, რომელსაც  ცხიმი და ქოლესტეროლი, საჭიროებისამებრ, ღვიძლიდან  სხეულის სხვა ნაწილებში გადააქვს. მისმა დეფიციტმა შესაძლოა ღვიძლის დაზიანება, ღვიძლის არალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება გამოიწვიოს. ქოლინით მდიდარია ხორცი, თევზეული, კვერცხის გული, შედარებით ნაკლებს შეიცავს ისეთი მცენარეული საკვები, როგორიცაა: პარკოსნები, ტოფუ, მწვანე ბოსტნეული, კარტოფილი, თხილი, ზეთის თესლი და მარცვლეული.

ქოლინის ძალიან კარგი მცენარეული წყაროა ხორბლის ღივი (დღეში დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ღივის მიღებით 25 მგ-მდე ქოლინს მიაწვდით ორგანიზმს) და კინოა (ერთი ჭიქა ნედლი კინოა 120 მგ-მდე ქოლინს შეიცავს, ხოლო ერთი ჭიქა მოხარშული კინოა – დაახლოებით 40 მგ-ს).

B12 და B9 ვიტამინები

B12 და B9 ვიტამინების ადეკვატური დონე აუცილებელია ღვიძლის ნორმალური ფუნქციობისთვის. ისინი მონაწილეობენ ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში. ჰომოცისტეინი წარმოიქმნება ცილის მეტაბოლიზმის დროს და რამდენადმე ტოქსიკურია – ხელს უწყობს ანთებით პროცესებს, ზრდის ღვიძლის გაცხიმოვნების, ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის განვითარების რისკს.

ვიტამინ B12-ს შეიცავს ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის ნაწარმი.

ფოლიუმის მჟავას შეიცავს  მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ღვიძლი, კვერცხის გული, პარკოსნები, მაგალითად, ოსპი, სოია, სატაცური, კიტრი, პომიდორი, რძე და რძის ნაწარმი.

სხვა პროდუქტები

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, British Liver Trust-ის მონაცემებით, ყავის ზომიერ მიღებას შეუძლია, შეამციროს ღვიძლის ფიბროზის, ციროზისა და ღვიძლის კიბოს რისკი. უფრო მეტიც: ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებთან ყავის მოხმარებამ შესაძლოა შეანელოს დაავადების პროგრესირება. ღვიძლს იცავს მწვანე ჩაიც.

– რა როლი აკისრია წყალს ღვიძლის ჯანმრთელობაში?

– საკმარისი წყლის სმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წყალი აუცილებელია დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად, დეტოქსიკაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის. წყალი მონაწილეობს ცხიმების დაშლაში, პასუხისმგებელია სისხლში სითხის შემცველობაზე და, აქედან გამომდინარე, მის გათხელებაზე, რითაც ამცირებს ღვიძლის დატვირთვას სისხლის ფილტრაციის დროს. წყლის დღიური ოდენობა უნდა განისაზღვროს თქვენი წონის მიხედვით, თუმცა ზოგადი რეკომენდაციაა 1,5-2 ლიტრი დღეში.

– რომელი საკვები უქმნის საფრთხეს ღვიძლის ჯანმრთელობას?

– ღვიძლისთვის საშიშია:

შაქარი და გადამუშავებული ნახშირწყლები

საკონდიტრო ნაწარმი ვნებს ღვიძლს. ჭარბი შაქარი და ცხიმი იწვევს სიმსუქნეს, რომელიც ხელს უწყობს ქრონიკულ ანთებით პროცესებს და ზრდის ღვიძლის გაცხიმოვნების (MASLD/NAFLD) რისკს.

გადამუშავებული ნახშირწყლები, მაგალითად, თეთრი პური, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, მკვეთრად ცვლის სისხლში შაქრის დონეს და ზედმეტად ტვირთავს ღვიძლს.

ალკოჰოლი

ალკოჰოლის სიჭარბე ღვიძლის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზია. ალკოჰოლი უმეტესწილად სწორედ ღვიძლში იშლება. დაშლის პროცესში წარმოიქმნება ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც ჰეპატოციტებს – ღვიძლის უჯრედებს – აზიანებს. ამასთან ერთად, ალკოჰოლის დაშლის პროცესში ღვიძლში გროვდება ცხიმი. თავდაპირველად ეს მდგომარეობა შეუმჩნეველია, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა უფრო მძიმე ფორმები მიიღოს, მაგალითად, გადაიზარდოს პათოლოგიაში, რომელსაც ალკოჰოლურ ცხიმოვან ღვიძლს უწოდებენ.

ჭარბი ალკოჰოლი ღვიძლში იწვევს ქრონიკულ ანთებას, რაც შესაძლოა ღვიძლის უჯრედების სიკვდილის მიზეზად იქცეს და მძიმე შემთხვევებში ალკოჰოლურ ჰეპატიტამდეც კი (ღვიძლის ანთებამდე) მიგვიყვანოს. მუდმივი ანთება განაპირობებს ნაწიბუროვანი ქსოვილის (ფიბროზის) ფორმირებას, რის შედეგადაც ირღვევა ქსოვილის სისხლმომარაგება, იცვლება ღვიძლის უჯრედების ფუნქციობა და ვითარდება ციროზი. ციროზი შეუქცევადი პროცესია, მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა.

ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საკვები ნივთიერებების შეწოვას და გააძლიეროს ტოქსიკური ეფექტი ღვიძლზე. ის მნიშვნელოვნად ზრდის ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს, განსაკუთრებით მათთან, ვისაც ციროზის დიაგნოზი დაუსვეს.

რაც შეეხება ალკოჰოლის ნებადართულ ოდენობას, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები სხვადასხვა ლიმიტს აწესებენ. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დეპარტამენტი გვირჩევს, არც ქალებმა დ არც მამაკაცებმა არ მივიღოთ კვირაში 14 ერთეულზე მეტი ალკოჰოლი (ერთი ერთეულია: 150 მლ ღვინო; 350 მლ ლუდი; 45 მლ მაგარი სპირტიანი სასმელი). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად კი ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლი საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

დამუშავებული და ცხიმიანი საკვები

ტრანსცხიმები და ნაჯერი ცხიმები, რომლებსაც შეიცავს ფასტფუდი, მზა საკვები, საკონდიტრო ნაწარმი, ხელს უწყობს ღვიძლში ცხიმის დაგროვებას და ქრონიკული ანთების განვითარებას. 

მარილი

ჭარბი მარილი სითხის შეკავებას იწვევს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციობაზე.

მარილის გადაჭარბებული მოხმარება ზრდის ციროზისა და ფიბროზის განვითარების რისკს.

დანამატები

ღვიძლს აზიანებს ნიტრატები და კონსერვანტები, რომლებსაც ხშირად შეიცავს წითელი ხორცი, ლორი, შაშხი, ძეხვეული, ასევე ზოგიერთი მზა საკვები.

ღვიძლს დამატებით ტვირთავს ხელოვნური დამატკბობლები და არომატიზატორები. მეტიც: ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ასპარტამი და მონოსოდიუმის გლუტამატი (MშG) ღვიძლში ანთებით პროცესებს ასტიმულირებს.

პრაქტიკული რჩევები ღვიძლის დავადების მქონე პაციენტებს

* ყოველდღიური დიეტის საფუძველი უნდა იყოს ახალი ბოსტნეული, ცილოვანი საკვები (უმთავრესად – თხილეული და პარკოსნები), კვერცხი, ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი, თევზი, მაღალი ხარისხის მცენარეული (სელის, რაფსის, ზეითუნის) ზეთი, მთელი მარცვლეული და მისი პროდუქტები (მაგალითად, ცეხვილი პური), შაქრის დაბალი შემცველობის მქონე ხილი: ჟოლო, მარწყვი, მოცვი, კივი, გრეიფრუტი და სხვა.

* რეკომენდებულია ხორცი კვირაში ორჯერ, უმთავრესად – ფრინველის უცხიმო ხორცი, ხბოსა და საქონლის მჭლე ხორცი. ციროზის მქონე პაციენტებთან  ცილის სიჭარბემ შესაძლოა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება) გამოიწვიოს. ერიდეთ ძეხვეულს და ნებისმიერი სახის ცხოველურ ცხიმს.

* მიირთვით წყალში ან ორთქლზე მომზადებული კერძები, ერიდეთ ცხიმში შემწვარს – ასეთი კერძები უფრო მეტად დატვირთავს ღვიძლს, რადგან ძნელი მოსანელებელია.

* მიირთვით ნელა და დაღეჭეთ კარგად, განსაკუთრებით – ბოჭკოვანი საკვები.

* ღვიძლის დამზოგველი დიეტის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვჭამთ, არამედ კვების რეჟიმიც. უმჯობესია, მიირთვათ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით.

* შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა, იყავით ფიზიკურად აქტიური, ივარჯიშეთ რეგულარულად.

* მოიწესრიგეთ ძილი. ეცადეთ, დღე-ღამეში 7-8 საათი მაინც იძინოთ.

* ნუ მიიღებთ წამლებს ექიმის დანიშნულების გარეშე, განსაკუთრებით – პარაცეტამოლსა და ანტიბიოტიკებს: ისინი დამატებით დატვირთავენ ღვიძლს.

* ნუ მიიღებთ საკვებდანამატებს თვითნებურად. ისინი ექიმმა უნდა დანიშნოს პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად.

* რეგულარულად ჩაიტარეთ სამედიცინო შემოწმება და მუდმივად იკონტროლეთ ღვიძლის მდგომარეობა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: