როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელიც მეტისმეტად ბევრს სთხოვს საკუთარ თავს

Share:

ნებისმიერ წამოწყებაში წარმატებისთვის აუცილებელია, ადამიანს შეეძლოს საკუთარი მიღწევების სწორად აღქმა და შეფასება, თუმცა ზოგიერთი ბავშვობიდანვე მეტისმეტად კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ და არასოდეს სჯერდება მიღწეულს.

რასაკვირველია, უფრო მეტისკენ სწრაფვა ცუდი არ არის, მაგრამ თუ ბავშვს წაგების მიღებას და მიღწეულის დაფასებას არ ვასწავლით, შესაძლოა, ეს ცუდად აისახოს მის თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

ქვემოთ განვიხილავთ, რა იწვევს საკუთარი თავით ბავშვის უკმაყოფილებას, როგორ დავეხმაროთ მას, რომ საკუთარი მიღწევები სწორად შეაფასოს და როგორ ვასწავლოთ, არ დაკარგოს წინ სწრაფვის მოტივაცია.

რა იწვევს საკუთარი თავით უკმაყოფილებას?

1. პერფექციონიზმი. ზოგიერთ ბავშვს ბუნებრივად ახასიათებს სრულყოფილებისკენ სწრაფვა. მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი "იდეალურად" უნდა გააკეთონ, რომ შეცდომა მიუღებელია. ეს მენტალიტეტი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც.

2. ჭარბი მოლოდინი მშობლების ან საზოგადოების მხრივ. როცა ბავშვი გამუდმებით გრძნობს, რომ მისგან უფრო და უფრო მეტს ელიან, მასში შინაგანი კრიტიკა იკიდებს ფეხს.

3. შედარების კულტურა. თანამედროვე სამყარო, განსაკუთრებით – სოციალური ქსელები, ხელს უწყობს შედარების კულტურის ჩამოყალიბებას. ბავშვები ხედავენ "იდეალური" ცხოვრების მაგალითებს და შესაძლოა, საკუთარი მიღწევები არასაკმარისად ჩათვალონ.

4. ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა. როცა ბავშვი ვერ იღებს საკმარის ემოციურ მხარდაჭერასა და აღიარებას, ცდილობს, იდეალური გახდეს, რათა გარშემო მყოფების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს.

როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვს?

1. აგრძნობინეთ სითბო და ემოციური მხარდაჭერა

მშობლის პირველი ამოცანაა, ბავშვს შეუქმნას სითბოთი და მხარდაჭერით სავსე გარემო. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იგრძნოს, რომ მშობლები მას უპირობოდ უჭერენ მხარს, განურჩევლად მისი მიღწევებისა თუ მარცხისა. ხშირად უმეორეთ, რომ აფასებთ მის ძალისხმევას და თქვენთვის ის ყოველთვის განსაკუთრებულია, მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოსდის.

მაგალითები:

* "ვამაყობ იმით, რომ ასეთი შრომისმოყვარე ხარ".

* "ვხედავ, როგორ ცდილობ და ეს ჩემთვის სავსებით საკმარისია".

2. ხაზი გაუსვით პროცესის მნიშვნელობას, ნუ იქნებით ორიენტირებული მხოლოდ შედეგზე

თვითკრიტიკულ ბავშვებს იმის გაცნობიერება სჭირდებათ, რომ წარმატება მხოლოდ შედეგით არ იზომება, სწავლა, მცდელობა და ყოველდღიური შრომა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

როცა ბავშვი რაიმე ახალს სცდის, ჰკითხეთ:

* "რა ისწავლე ამ პროცესში?"

*"რა იყო ამ პროცესში ყველაზე საინტერესო?"

ამ კითხვებით მას დაანახებთ, რომ განვითარება მუდმივი პროცესია და უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული შედეგი.

3. ასწავლეთ "შეცდომების" პოზიტიურ ასპექტში დანახვა

ბავშვს, რომელიც მეტისმეტად ბევრს სთხოვს საკუთარ თავს, ეშინია შეცდომის. მას უნდა ავუხსნათ, რომ შეცდომები განვითარების პროცესის ნაწილია.

ეცადეთ, შეცდომა განიხილოთ არა როგორც მარცხი, არამედ როგორც ახლის სწავლის შესაძლებლობა. მაგალითად, როცა ბავშვს რაღაც არ გამოსდის, უთხარით:

* "რა გვასწავლა ამ გამოცდილებამ?"

* "ამჯერად არ გამოგვივიდა, მაგრამ მომდევნო ჯერზე სხვაგვარად ვცდით".

4. არ შეადაროთ სხვებს

ბავშვის თვითკრიტიკულობაზე დიდ გავლენას ახდენს სხვებთან შედარება. ეცადეთ, ბავშვი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას შეადაროთ და არა სხვებს.

მაგალითები:

* "ბოლო დროს ბევრი რამ ისწავლე და დღეს უკეთესად გამოგდის, ვიდრე ადრე გამოგდიოდა".

* "არ არის საჭირო საკუთარი თავისა და მიღწევების სხვებთან შედარება. შენ შენი უნიკალური გზა გაქვს და ამ გზას საკუთარი შესაძლებლობებით გაივლი, ბევრ შეცდომასაც დაუშვებ, მაგრამ სწორედ ეს შეცდომები გასწავლის, როგორ მიაღწიო მიზანს".

5. დააფასეთ მისი მიღწევები

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ საკუთარი მიღწევების დაფასება. ხშირად გაუსვით ხაზი მის წარმატებებს, თუნდაც სულ მცირეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელოს.

პრაქტიკული რჩევები:

* ყოველი კვირის ბოლოს ერთად განიხილეთ თქვენი შვილის წარმატებები და ჩამოთვალეთ, რა ისწავლა ამ კვირის განმავლობაში.

* აწარმოეთ "საუკეთესო მომენტების" დღიური, რომელშიც მუდმივად ჩაიწერთ ბავშვის მიღწევებს, თუნდაც სულ მცირედს.

6. მოტივაციის ჯანსაღი წყარო

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ განვითარების სურვილი არ ნიშნავს საკუთარი თავით მუდმივ უკმაყოფილებას. აუხსენით, რომ მუდმივი განვითარების სურვილი ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი მიღწევების დაფასებაც სწორედ განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

პრაქტიკული რჩევა:

* ჰკითხეთ: "რისი სწავლა გინდა შემდეგში?"

* შეაქეთ მისი ენთუზიაზმი და მონდომება, შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ყოველდღიურობაში?

* მიეცით მაგალითი. აჩვენეთ, რომ თქვენც აფასებთ საკუთარ მიღწევებს და შეცდომებზე სწავლის პროცესს. როცა ბავშვი დაინახავს, რომ მშობლებსაც მოსდით შეცდომები, მაგრამ ეს მათთვის მოტივაციის წყაროა, ისიც მიზნისკენ სვლის ამავე გზას აირჩევს.

* დააბალანსეთ პასუხისმგებლობები. თუ ბავშვს მეტისმეტად დატვირთული განრიგი აქვს, ეცადეთ, პასუხისმგებლობები ისე გაანაწილოთ, რომ დასვენებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვისაც დარჩეს დრო.

* ასწავლეთ სტრესის მართვა. გადაჭარბებული თვითკრიტიკულობა სტრესის წყაროა. აჩვენეთ ბავშვს რელაქსაციის მეთოდები, რომლებიც მას სირთულეების მშვიდად მიღებაში დაეხმარება.

ამგვარად ბავშვს მხოლოდ ემოციური წონასწორობის მიღწევაში კი არ დაეხმარებით, არამედ ჯანსაღ მოტივაციასაც მისცემთ, რომელიც მისი მუდმივი განვითარების წყურვილს წაახალისებს.

ლიკა ქათამაძე

Share: