როგორ დავაბალანსოთ დედობა და კარიერა ისე, რომ არ გადავიწვათ
გააზიარე:
კარიერისა და დედობის დაბალანსება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც ქალები შვილის გაჩენის შემდეგ ეჯახებიან. ეს რთულია როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. შანსი იმისა, რომ გადაიწვათ, ძალიან დიდია.
ბევრი ქალი საერთოდ უარს ამბობს კარიერაზე და მთელ დროს დედობას უთმობს, ზოგი ცდილობს, ორივეს გაართვას თავი, მაგრამ არცერთი არ გამოსდის ხარისხიანად და მუდმივად დანაშაულის გრძნობა ტანჯავს.
შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გადააფასოთ თქვენი პრიორიტეტები და ისე შეცვალოთ ისინი, რომ არც სამსახურებრივ საქმიანობაში შეგეშალოთ ხელი და ბავშვთანაც შეძლოთ დროის ხარისხიანად გატარება.
1. დაისახეთ რეალისტური მიზნები
მრავალი ქალი მუდმივ ზეწოლას განიცდის, რადგან ცდილობს, სამსახურშიც და სახლშიც იდეალური იყოს. სწორედ საკუთარი თავის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები იწვევს სტრესს და საკუთარი პიროვნებით მუდმივი უკმაყოფილების გრძნობას.
განსაზღვრეთ ყოველდღიური პრიორიტეტები და ფოკუსირდით მხოლოდ ყველაზე არსებით საკითხებზე. ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანები ან გადადეთ, ან სხვებს მიანდეთ. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდებით და დახმარების თხოვნა მისაღებია, ზოგჯერ – აუცილებელიც კი.
მაგალითად, თუ ჭურჭელი გაქვთ დასარეცხი, მაგრამ ბავშვის ძილის დროა, გაატარეთ ძილისწინა წუთები ბავშვთან ერთად, უმღერეთ, ზღაპარს მოუყევით, საოჯახო საქმე კი მერე გააკეთეთ, როცა დაიძინებს ან სულაც მეუღლეს გადააბარეთ.
2. შეიმუშავეთ რუტინა
სტაბილური და ორგანიზებული გრაფიკი ხელს უწყობს დროის ეფექტურ მართვას და სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მაგალითად, როდესაც ბავშვი მიეჩვევა, რომ თორმეტიდან პირველ საათამდე დედა მუშაობს, აღარ ეწყინება, თუ ამ პერიოდში დროს ვერ დაუთმობთ, რადგან ეცოდინება, რომ ერთ საათში მის განკარგულებაში იქნებით.
სამსახურისთვის: დაგეგმეთ ყველაზე რთული ამოცანები იმ დროისთვის, როცა თქვენი შრომის ნაყოფიერება ყველაზე მაღალია. მაგალითად, თუ დილაობით მეტი ენერგია გაქვთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები და პროექტები დღის ამ მონაკვეთისთვის გადაიტანეთ.
ოჯახისთვის: შეიმუშავეთ ბავშვებისთვის დილის, კვებისა და ძილის სტაბილური რუტინა. ჩართეთ ამ პროცესში ოჯახის სხვა წევრებიც, რათა ბავშვი არ დაიბნეს, როცა ერთ დღეს დედიკო აბანავებს და დააძინებს, ხოლო მეორე დღეს – მამიკო.
3. მოვალეობათა განაწილება
მხოლოდ საკუთარი ძალებით ყველაფრის მართვა არც საჭიროა და არც ბავშვის განვითარებისთვისაა კარგი. რაც უფრო მცირე ასაკიდან დაინახავს ბავშვი, როგორ ინაწილებენ მოვალეობებს დედა და მამა, მით უფრო სწორი წარმოდგენა შეექმნება ოჯახურ თანაცხოვრებაზე. ვალდებულებები ბავშვსაც დააკისრეთ – დაინახავთ, რომ ის სიამოვნებით დაგეხმარებათ, როდესაც თავს საჭიროდ იგრძნობს.
მიეცით ბავშვებს მარტივი დავალებები, მაგალითად, სათამაშოების ალაგება, მაგიდის გაწყობა.
ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ ყოველდღიური ამოცანების განაწილება და მათი შესრულების განრიგი.
4. მონიშნეთ საზღვრები
სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების ერთმანეთში არევა სტრესს იწვევს. ორივე სფეროს ეფექტური მართვისთვის მკაფიო საზღვრების დაწესება აუცილებელია.
სამუშაოსთვის: განსაზღვრეთ სამუშაო საათები და აცნობეთ ეს თქვენს თანამშრომლებს. მოერიდეთ ელექტრონული ფოსტის შემოწმებას ოჯახისთვის გამოყოფილ დროს.
ოჯახისთვის: დააწესეთ სამუშაოსგან თავისუფალი დრო, რომლის განმავლობაშიც ბავშვებსა და მეუღლესთან ერთად მთლიანად ოჯახურ აქტივობებზე იქნებით კონცენტრირებული.
5. ისწავლეთ მოქნილობა
ბავშვებთან ერთად ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე: ავადმყოფობა, სასკოლო ღონისძიებები... მოქნილობა ასეთ სიტუაციებში სტრესის შემცირების საუკეთესო გზაა.
მოამზადეთ ბავშვების მოვლის სათადარიგო გეგმა, მაგალითად, ვინ დარჩება მათთან, თუ ავად გახდნენ, თქვენ კი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ.
6. ითხოვეთ დახმარება
დედობისა და სამუშაოს დაბალანსება უფრო ადვილია, როცა ბევრი დამხმარე გყავთ. შეუერთდით მშობელთა ონლაინ ჯგუფებს, სადაც გამოცდილებას უზიარებენ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ერთმანეთს.
7. იზრუნეთ საკუთარ თავზე
საკუთარი თავის ბოლო ადგილზე დაყენება ის შეცდომაა, რომელიც ხშირად მოსდით დედებს. იცოდეთ, რომ თუ საკუთარ თავზე ზრუნვა დაგავიწყდათ, ვერც ბავშვზე იზრუნებთ სრულფასოვნად.
გამონახეთ დრო რეგულარული ვარჯიშისთვის, დღეში თუნდაც 15 წუთი დაუთმეთ სახალისო აერობიკას. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება და საკმარისი ძილი.
არც საყვარელი აქტივობები დაივიწყოთ, კვირაში 1-2 საათი მაინც გამოძებნეთ და დაასვენეთ გონება იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
დაიხმარეთ და დაასაქმეთ პატარაც, მაგალითად, თუ ხატვა გიყვართ, ხატეთ ერთად.
8. გონივრულად გამოიყენეთ ტექნოლოგიები
ტექნოლოგიები ამარტივებს როგორც პროფესიულ, ისე საოჯახო საქმიანობას.
სამუშაოსთვის: გამოიყენეთ პროდუქტიულობის აპლიკაციები, მაგალითად, Trello ან Asana, რათა ამოცანები უკეთ მართოთ.
ოჯახისთვის: გამოიყენეთ აპლიკაციები საოჯახო საქმიანობის განრიგის ორგანიზებისთვის. შეგიძლიათ, გადმოიწეროთ ბავშვის რუტინის აპლიკაციაც, რომელშიც პატარა შესრულებულ დავალებას თავად მონიშნავს – ეს პროცესი პატარებს ძალიან მოსწონთ.
9. ხარისხიანად გაატარეთ დრო ბავშვებთან ერთად
როცა დრო ცოტა გაქვთ, აუცილებელია ბავშვებთან ურთიერთობის ხარისხზე ფოკუსირება.
ეცადეთ, ყოველდღიურად გამონახოთ დრო ბავშვისთვის სასიამოვნო აქტივობებისთვის. შვილთან ყოფნისას მასზე ფოკუსირდით, ტელეფონი კი გვერდზე გადადეთ. გახსოვდეთ, რომ ხარისხიანად გატარებული ნახევარი საათი, როდესაც დედა მთელი არსებითაა ჩართული თამაშში, ბავშვს გაცილებით მეტს აძლევს, ვიდრე ლეპტოპში მომზირალ დედასთან ერთად გატარებული მთელი დღე.
10. ასწავლეთ ბავშვებს დამოუკიდებლობა
დამოუკიდებელ ბავშვებს უფრო ნაკლებად სჭირდებათ მშობლების ყურადღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედას მეტი თავისუფალი დრო დარჩება.
მცირე ასაკიდანვე გამოუმუშავეთ შვილს თავის მოვლის ჩვევები.
დაიხმარეთ უფროსი შვილები უმცროსების მოვლაში, ოღონდ ისე, რომ სწავლისა და დასვენებისთვის საკმარისი დრო დარჩეთ.
ლიკა ქათამაძე