როგორ შევარჩიოთ ხორცსაკეპი
გააზიარე:
წლებთან ერთად, როგორც ყველაფერი სხვა, ხორცსაკეპი მანქანების წარმოებაც განვითარდა. ხელსაწყოს ახალი დეტალები დაემატა და პროფესიონალი თუ მოყვარული მზარეულების მოთხოვნებს უფრო მეტად მოერგო. თანამედროვე ხორცსაკეპ მანქანას თითქმის არაფერი აქვს საერთო ჩვენი ბებიების დროინდელ მარტივ ხელსაწყოებთან. მისი შეძენისას უამრავი წვრილმანის გათვალისწინება მოგიწევთ.
პლუსები და მინუსები
ხორცსაკეპი მანქანების თანამედროვე მოდელები ელექტროძრავით არის აღჭურვილი, ამიტომ უფრო სწრაფიცაა და მასთან მუშაობაც ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.
ბევრი დიასახლისი მზა ფარშის ყიდვას ხორცის საკუთარი ხელით გატარებას ამჯობინებს, რადგან ამ დროს თავად არჩევს ხორცის ხარისხს, სხვადასხვა ტიპის ხორცის თანაფარდობას და ცხიმის შემცველობას ფარშში.
ელექტროხორცსაკეპი ხორცს უფრო ხარისხიანად ამუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარშს ერთიანი კონსისტენცია აქვს.
ელექტროხორცსაკეპის გამოყენება მრავალნაირად შეიძლება: გარდა ხორცისა, მასში შეგვიძლია დავკეპოთ ბოსტნეული, ხილი, დავაქუცმაცოთ მაგარი ყველი.
ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მისი რეცხვის სირთულე. გარდა ამისა, ელექტროხორცსაკეპი ხმამაღლა მუშაობს და სამზარეულოშიც დიდ ადგილს იკავებს, თანაც მექანიკურ მანქანებზე გაცილებით ძვირია.
როგორ მუშაობს
ხორცსაკეპის მუშაობის პრინციპი მარტივია. როგორც მექანიკური, ისე ელექტრონული მოდელების ძირითადი ელემენტებია ძაბრის ფორმის ყელი, ხრახნიანი კონვეიერი, დანა და რამდენიმე პერფორირებული დისკო, ოღონდ მექანიკურში კონვეიერს ხელით ვატრიალებთ, ელექტრონულში კი მას ძრავა ამოძრავებს.
ძაბრში ჩაყრამდე ხორცი და სხვა ინგრედიენტები განსაზღვრული ზომის ნაჭრებად უნდა დაიჭრას. ზომის თაობაზე ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის მითითებებს.
ფარშის კონსისტენცია ნასვრეტებიან დისკოზეა დამოკიდებული. მანქანას რამდენიმე დისკო მოჰყვება – წვრილი, საშუალო და დიდი ზომის ნასვრეტებით.
ზოგიერთ მოდელს დამატებითი აქსესუარებიც აქვს.
რა შეუძლია
აღჭურვილობის შესაბამისად, ხორცსაკეპს შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი ფუნქციები:
* ხორცის დაკეპვა;
* ძეხვის ან კუპატის მომზადება – ამისთვის ხორცსაკეპს სპეციალური მილისებრი აქსესუარი უნდა დაამაგროთ. თქვენი გემოვნებით შეზავებული ფარში მილის გავლით ღორის ნაწლავში გადავა.
* ბოსტნეულის დაკეპვა – ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია წიწაკის, კარტოფილის, ხახვის, სტაფილოს საკეპი სპეციალური მოწყობილობით, რაც სალათის, პიურეს, წვნიანის მომზადებისას უამრავ დროსა და ენერგიას გვიზოგავს;
* ყველის გახეხვა – ზოგიერთ მოდელს, უმეტესად პროფესიონალურს, ყველის ხეხვის ფუნქციაც აქვს, ძირითადად – მაგარი სახეობის ყველისა. ამისათვის ხორცსაკეპს სპეციალური სახეხი მოჰყვება;
* მაკარონის მომზადება – ზოგიერთ მოდელს სპეციალური დამატებითი მოწყობილობის საშუალებით ცომის დაჭრაც შეუძლია;
* შაქარლამა – ბაზარზე ხორცსაკეპის ისეთ მოდელებსაც ნახავთ, რომლებსაც სხვადასხვა ფორმა მოჰყვება საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად.
მნიშვნელოვანი კრიტერიუმები
არჩევანი ნამდვილად დიდია. მანქანამ თქვენი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს, გაითვალისწინეთ რამდენიმე დეტალი:
ტიპი
თუ იშვიათად იყენებთ, ძვირად ღირებული ელექტრონული მოდელის შეძენას არ გირჩევთ – თუ დროს გამონახავთ, მექანიკური ხორსაკეპითაც მშვენივრად ისარგებლებთ.
ზომა და წონა
თუ მომცრო სამზარეულო გაქვთ, ხორცსაკეპის ზომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა მოიფიქროთ, სად მიუჩენთ მას ადგილს.
თუ მანქანას ადგილს არ უცვლით, მისი წონა არც ისე მნიშვნელოვანია, ხოლო თუ მისი გადატან-გადმოტანა ხშირად გიწევთ, უმჯობესია, შედარებით მსუბუქი ვერსია შეარჩიოთ.
სიმძლავრე
სიმძლავრე წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეუძლია მანქანას მუშაობა. სიმძლავრე ვატებში იზომება და შეფუთვაზეა მითითებული. რაც უფრო დიდია ის, მით უფრო სწრაფად და ძლიერად კეპავს ხელსაწყო. დიდი ოდენობით ხორცის ან შედარებით მაგარი ბოსტნეულის დასაკეპად მოწყობილობას საკმარისი სიმძლავრე უნდა ჰქონდეს. სახლისთვის 1600-2000 ვატი სიმძლავრის მქონე ძრავა საკმარისია. შეფუთვაზე შესაძლოა მითითებული იყოს ისიც, რამდენი კილოგრამი ხორცის დაკეპვა შეუძლია მანქანას წუთში. ზოგიერთი მოდელი 3-4 კილოგრამს კეპავს.
მასალა
მექანიკურ ხორცსაკეპს უმეტესად გამძლე მასალისგან, მაგალითად, უჟანგავი ფოლადისგან ამზადებენ, მაგრამ შესაძლოა, შეგხვდეთ პლასტმასისგან დამზადებული იაფი ვერსიებიც. რაც შეეხება ელექტროხორცსაკეპს, მისი ძირითადი ნაწილები, წესისამებრ, უჟანგავი ფოლადისგან ან თუჯისგან მზადდება, პლასტმასას აქ თითქმის არ იყენებენ. გაითვალისწინეთ, რომ თუჯის ნაწილები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ უნდა გაირეცხოს.
ხმაურის დონე
ხორცსაკეპი მანქანა შეიძლება ძალიან ხმამაღლა მუშაობდეს, ამიტომ უყურადღებოდ ნურც ხმაურის დონეს დატოვებთ. ხმაურის დონის საშუალო მაჩვენებელი 70 დეციბელია, თუმცა გაცილებით ხმაურიანი მოდელებიც არსებობს.
დამატებითი აქსესუარები
თუ მოყვარული მზარეული ხართ და შინ კერძებს ხშირად ამზადებთ, გონივრული იქნება, ისეთი ხორცსაკეპი შეიძინოთ, რომელიც დამატებით ფუნქციებით არის აღჭურვილი. ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, ძირითადთან ერთად (ესენია, წესისამებრ, რამდენიმე პერფორირებული დისკო და ხორცის ჩასატუმბი მილი, ზოგჯერ – სპეციალური ჯაგრისიც მიუდგომელი ადგილების გასაწმენდად) რომელი დამატებითი აქსესუარები მოჰყვება ხელსაწყოს.
გაწმენდა
ზოგიერთი მოდელის მოსახსნელი ნაწილები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ირეცხება. გარეცხვამდე აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია.
სამაგრი
ძლიერმა ძრავამ მუშაობის დროს შესაძლოა ვიბრაცია გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მანქანა კარგად იყოს დამაგრებული სამუშაო ზედაპირზე. ამისთვის ელექტროხორცსაკეპები აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო რეზინის ფეხებით. რაც შეეხება მექანიკურ მოდელებს, შეგიძლიათ, სამაგრსა და მაგიდის ზედაპირს შორის რეზინის თხელი ნაჭერი ჩაუფინოთ.
როგორ გავწმინდოთ
იმისთვის, რომ ხელსაწყოში მიკრობები არ გამრავლდეს და ხორცი არ დაბინძურდეს:
* გამოყენების შემდეგ მოხსენით მანქანას ყველა მოსახსნელი ნაწილი და უხეში ნაჩენები მოაცილეთ გამდინარე წყლით. თუ საჭიროა, რამდენიმე წუთით თბილ წყალში ჩაალბეთ. თუ ნაწილები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ირეცხება, უმჯობესია, გარეცხოთ მაღალ ტემპერატურაზე, არანაკლებ 60 გრადუსისა.
* თუ მწარმოებელი არ მიუთითებს, რომ ხორცსაკეპის ნაწილები მანქანაში ირეცხება, ხელით გარეცხვა მოგიწევთ. ჩააწყვეთ თასში და თბილი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით კარგად გარეცხეთ. ჯიუტი ნარჩენები ჯაგრისით მოაცილეთ.
* აწყობამდე ნაწილები კარგად გააშრეთ, რომ არ დაიჟანგოს.
* შეგიძლიათ, ხელსაწყოს პერიოდულად დეზინფექცია ჩაუტაროთ. ამისთვის ძმარი ცოტაოდენ წყალში გააზავეთ და შიგ მანქანის ნაწილები ჩააწყვეთ. ეს ხელს შეუშლის ბაქტერიების გავრცელებას. ბოლოს კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
* კორპუსი თბილ წყალში დასველებული და კარგად გაწურული რბილი ქსოვილით გაწმინდეთ. საჭიროების შემთხვევაში ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალებაც გამოიყენეთ.
უსაფრთხოების ზომები
ტრავმის თავიდან ასაცილებლად დაიცავით შემდეგი ინსტრუქცია:
* მანქანის დაშლისას და გარეცხვისას ბასრმა კომპონენტებმა ხელი რომ არ გაგიჭრათ, სასურველია, დამცავი ხელთათმანები ჩაიცვათ. ნუ დააწვებით ხორცს თითებით, დანით ან სხვა ბასრი საშუალებით, გამოიყენეთ სპეციალური ჩასატუმბი მილი.
* ფართო ტანსაცმელმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ. მეტიც – შესაძლოა, მანქანის მოძრავ ნაწილებში ჩაჰყვეს და ხელსაწყო დააზიანოს. მუშაობისას მიზანშეწონილია გეცვათ ტანზე მომდგარი ტანსაცმელი ან გეკეთოთ წინსაფარი.
* ყურადღებით წაიკითხეთ მწარმოებლის ინფორმაცია ხორცსაკეპის დაშლა-აწყობის, ექსპლუატაციისა თუ გაწმენდის შესახებ, რათა უსიამოვნო შემთხვევები თავიდან აიცილოთ.
* ზოგიერთ მოდელს აქვს დამცავი რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა არ ამუშავდება, თუ სწორად არ არის გამართული.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება თუ არა, ხორცსაკეპ მანქანას ჟანგი გაუჩნდეს?
თანამედროვე მანქანები, როგორც ვთქვით, უმეტესად უჟანგავი ფოლადისგან მზადდება, რომელიც გამძლე და კოროზიისადმი მდგრადია. სხვა ლითონისგან დამზადებულ ხელსაწყოს შესაძლოა ჟანგი გაუჩნდეს.
შესაძლებელია თუ არა ხორცსაკეპში ძვლების დაკეპვა?
ზოგიერთ მოდელში – კი, ოღონდ ეს ფუნქცია აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ინსტრუქციაში.
რა ახდენს გავლენას ფარშის კონსისტენციაზე?
ფარშის კონსისტენცია დამოკიდებულია საჭრელი დანის სწორ პოზიციაზე, პერფორირებული დისკოს ნასვრეტების ზომასა და მბრუნავი ხრახნის სიჩქარეზე. ამ ნაწილების რეგულირებით შესაძლებელია სასურველი კონსისტენციის ფარშის მიღება.
შესაძლოა თუ არა, ხორცსაკეპს ჰქონდეს ხორცის საჭრელი?
დიახ, არსებობს პროფესიონალური ხორცსაკეპი მანქანები, რომლებიც დაკეპვამდე ხორცს პატარა ნაჭრებად ჭრის და დროსა და ენერგიას გვიზოგავს. არსებობს ისეთი მოდელებიც, რომლებზეც საჭრელი შეიძლება მოგვიანებით დავამონტაჟოთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე