მითები ბავშვის აღზრდის შესახებ
გააზიარე:
ბავშვის აღზრდის შესახებ არაერთი მითია გავრცელებული, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, თუმცა მეცნიერებამ მრავალი მათგანი უკვე გააბათილა. მოდი, გავიხსენოთ ყველაზე გავრცელებული მითები და ფაქტებზე დაფუძნებით ვნახოთ, რატომ არ შეესაბამება ისინი სიმართლეს.
1. ყოველ ატირებაზე ხელში აყვანა და მოფერება ბავშვს გააფუჭებს
არსებობს მითი, რომ ზედმეტი ყურადღება ბავშვს "აფუჭებს". რა ხდება სინამდვილეში? კვლევები მოწმობს, რომ ჩვილ ასაკში "ზედმეტი" ყურადღება არ არსებობს, რამდენიც არ უნდა ვეფეროთ, ბავშვი დედას უფრო მეტად არ მიეჯაჭვება. სამაგიეროდ, საჭიროებებზე დროული რეაგირება მის ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს და მშობელსა და შვილს შორის ნდობას აყალიბებს. ჩვილი ტირის, როცა შია, სცივა, საფენი აქვს გამოსაცვლელი ან უბრალოდ მშობლის სიახლოვე სურს. როცა მშობელი მის ტირილს უგულებელყოფს, პატარას უჩნდება განცდა, რომ მისი არ ესმით, რომ მარტოა უცნობ დიდ სამყაროში, რაც მისთვის ძლიერი სტრესია. ბავშვის საჭიროებების დროული დაკმაყოფილება კი, პირიქით, ქმნის უსაფრთხოებისა და ნდობის საფუძველს, რაც დამოუკიდებელი და თავდაჯერებული პიროვნების ჩამოყალიბების საწინდარია.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც ჩვილ ასაკში სათანადო ყურადღებას უთმობდნენ, მომავალში უკეთესად ახერხებენ ემოციების მართვას და მენტალურად უფრო ჯანმრთელები არიან.
2. ჩვილები მკაცრი განრიგით უნდა იკვებებოდნენ
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ მოთხოვნაზე დაფუძნებული კვება – კვება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვილი საკვებს ითხოვს – უზრუნველყოფს მის ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს. ადამიანი თვითრეგულაციის უნარით იბადება, ამიტომ პირიქით, მშობელმა უნდა მისდიოს შვილის რეჟიმს, რათა პატარა დანაყრდეს კიდეც და არც სტრესი განიცადოს (ოღონდ ეს მხოლოდ ბუნებრივ კვებას ეხება. ხელოვნური კვება ნამდვილად მოითხოვს გრაფიკს).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხაზს უსვამს, რომ მოთხოვნაზე დაფუძნებული კვება მნიშვნელოვანია დედებისთვისაც – ის ხელს უწყობს რძის შენარჩუნებას და დედასა და ბავშვს შორის ემოციური კავშირის გაღრმავებას.
3. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილები უფრო ჯანმრთელები არიან
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე საუკეთესო საკვებია ჩვილისთვის, მითია, თითქოს ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები ჯანმრთელობით ჩამოუვარდებოდნენ ძუძუზე მყოფებს. ხელოვნური ნარევი ისეა შედგენილი, რომ შეიცავდეს ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო ყველა ნივთიერებას.
ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) გვარწმუნებს, რომ თუმცაღა ძუძუთი კვება შეუცვლელია, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებიც ნორმალურად ვითარდებიან.
4. ჩვილებმა მალევე უნდა გამოიმუშაონ ღამის უწყვეტი ძილის ჩვევა
როცა ბავშვს მთელი ღამე გადაბმულად სძინავს, მშობლისთვის ეს დიდი შვებაა, თუმცა წლამდე სავსებით ნორმალურია კვებისთვის თუ საფენის გამოსაცვლელად ღამით ხშირად გაღვიძება. პედიატრები მიიჩნევენ, რომ ბავშვების უმეტესობას ღამის უწყვეტი (5-6 საათის განმავლობაში) ძილის ჩვევა 6 თვიდან უყალიბდება. ღამით გაღვიძება ჩვილ ასაკში ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე მიუთითებს, ხოლო გაღვიძებათა სიხშირე კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზეა დამოკიდებული.
5. ჩვილს აუცილებლად უნდა ედოს ბალიში
ბევრს მიაჩნია, რომ რაკი ზრდასრულ ადამიანს ბალიშზე უფრო კომფორტულად სძინავს, ესე იგი ის ჩვილსაც სჭირდება. სინამდვილეში ბალიში ჩვილებისთვის სერიოზული საფრთხეა – დადასტურებულია, რომ ის ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკს.
აშშ-ის პედიატრიის აკადემიის (AAP) რეკომენდაციით, ჩვილი უნდა იწვეს მყარ და ბრტყელ ზედაპირზე, ბალიშის, საბნისა და რბილი სათამაშოების გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის პირველ წელს, რათა ასფიქსიისა და მოგუდვის საშიშროებისგან დაზღვეული ვიყოთ. ჩვილებს არ სჭირდებათ ბალიში, მყარ ზედაპირზე წოლის დროს მათი სხეულის სტრუქტურა საჭირო პოზიციაში ბუნებრივად აფიქსირებს მხრებს, თავს და კისერს.
6. ბავშვები ყოველგვარ საფრთხეს უნდა მოვარიდოთ
მიუხედავად იმისა, რომ შვილის უსაფრთხოება მშობლისთვის ნამდვილად უნდა იყოს პრიორიტეტი, გადაჭარბებული მზრუნველობა ბავშვის განვითარებას დიდ ზიანს აყენებს. ჯანსაღი რისკი, რომელიც თან ახლავს ცოცვას, ქვიშაში თამაშს, ფეხშიშველა სირბილს, სრიალს, სიმაღლიდან ხტომას, ბავშვს პრობლემების გადაჭრის უნარს უვითარებს, სძენს გამძლეობას, თავდაჯერებას და საკუთარი თავით კმაყოფილების განცდას. Pსყცჰოლოგყ თოდაყ-ის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც პატარაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ზომიერი რისკის შემცველ აქტივობებში, მომავალში უფრო ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს.
7. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბავშვის სწავლებას, მით უფრო მეტს მიაღწევს ის მომავალში
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს უფრო მეტად შვილის აკადემიური მიღწევები ადარდებთ, კვლევები მოწმობს, რომ სოციალური და ემოციური უნარების ადრეული განვითარება წარმატების გაცილებით მკაფიო ინდიკატორია, ვიდრე კოგნიტიური უნარებისა. ბავშვისთვის ემოციების მართვის, კონფლიქტების მოგვარებისა და ემპათიის სწავლება უნდა იყოს მშობლის პრიორიტეტი, რადგან სწორედ ამ უნარებს მოაქვს წარმატება მომავალში.
8. ბავშვის ტვინისთვის ტკბილეული აუცილებელია
მოარული აზრის თანახმად, ბავშვის ტვინს ეფექტური მუშაობისთვის შაქარი, მაშასადამე, ტკბილეული სჭირდება. ეს შეცდომაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ბავშვის ორგანიზმს საკმარის გლუკოზას აწვდის ჯანსაღი საკვები: ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. შაქარი, რომელსაც შეიცავს ტკბილეული, არათუ უსარგებლო, საზიანოც კია. კვლევები მოწმობს, რომ შაქრის ჭარბი მიღება იწვევს წონის მატებას, კბილების ნაადრევ დაზიანებას და ჯანმრთელობის უამრავ სხვა, უფრო სერიოზულ პრობლემას, მათ შორის დიაბეტსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
ლიკა ქათამაძე