უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ისტორია

გააზიარე:

“...კაცის სხვადასხვა სნეულებას იმდენი ჯერ კიდევ შეუსწავლელი განსხვავებული თვისებები აქვს, რომ აქაც, ჩვენ უმაღლეს სასწავლებელში, მეცნიერ ბუნებისმეტყველთა და სამკურნალო ფაკულტეტს ფართო და საპატიო სამოქმედო ასპარეზი ექნება“, – წერდა ივანე ჯავახიშვილი. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეა იყო. მალევე, 1917 წლის 12 ოქტომბერს, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების სხდომაზე, უნივერსიტეტში სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გახსნის შესახებ უკვე პეტრე მელიქიშვილმაც ილაპარაკა. ამავე შეხვედრაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც ფაკულტეტის დაარსების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა დაევალა. ასე თანდათან იქცა იდეა საქმედ.

ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების თავმჯდომარე იმხანად სპირიდონ ვირსალაძე გახლდათ. მისი ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, 1918 წლის 17 ივნისს, პროფესორთა საბჭომ დაადგინა, რომ საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო და სამკურნალო ფაკულტეტი სექტემბრისთვის გახსნილიყო. ასე დაიწყო საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორია.

გაჭირვებისა და სიღატაკის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების ფონზე ახალშექმნილი ფაკულტეტის წინაშე მრავალი პრობლემა წამოიჭრა – კათედრებისა და კლინიკების ჩამოსაყალიბებლად, მათ დასაკომპლექტებლად და აღსაჭურვად უცხოეთში მიმოფანტულ ქართველ პრიფესორ-მასწავლებელთა და სპეციალისტთა მოწვევა იყო აუცილებელი, ამასთან, მათთვის მისაღები საყოფაცხოვრებო პირობები, ანაზღაურება და სამუშაო გარემო უნდა შეეთავაზებინათ. აქ იდეის ავტორებს, რა თქმა უნდა, მათი პატრიოტიზმისა და ეროვნული თვითშეგნების იმედიც ჰქონდათ, თუმცა ზოგიერთ დარგში არაქართველი სპეციალისტების მოზიდვაც გახდა საჭირო.

1919 წლის 9 აპრილს  სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტს ცალკე გამოეყო სამედიცინო მიმართულება. სამკურნალო ფაკულტეტის პირველ დეკანად აირჩიეს პროფესორი ალექსანდრე ნათიშვილი. მან 1905 წელს  ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და იმავე უნივერსიტეტში ანატომიის კათედრაზე კითხულობდა ლექციებს. საქართველოში ის 1918 წელს ჩამოვიდა პეტრე მელიქიშვილის მოწვევით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა ადამიანის ანატომიის კათედრა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უძღვებოდა. დროებით ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტსა და ჰისტოლოგიის კათედრასაც. იყო თსუ-ის პრორექტორი (1923-1925 წ.წ.), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი (1930-1932 წ.წ.). 40-იან წლებში დააარსა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორის თანამდებობაც სიცოცხლის ბოლომდე ეკავა. 1952-1955 წლებში სათავეში ედგა ფიზიოლოგიის ინსტიტუტს. შექმნა პირველი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე, მათ შორის – "ადამიანის ნორმალური ანატომია".

მასთან ერთად მოწვევისთანავე დაბრუნდნენ სამშობლოში და ქართულ სამკურნალო ფაკულტეტზე დამკვიდრდნენ:

ალექსანდრე ალადაშვილი, რომელმაც 1919 წელს  სიმფეროპოლის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობა დატოვა;

სიმონ ამირეჯიბი, რომელმაც მიატოვა  ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის კათედრა და სამედიცინო საზოგადოების ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტი;

მიხეილ ასათიანი – მან უარი თქვა ბრწყინვალე კარიერაზე, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე ელოდა;

ივანე ბერიტაშვილი – 1919 წელს დათმო ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრა;

სიმონ გოგიტიძე – იმავე წელს იმავე  უნივრსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პედიატრიულ სნეულებათა კათედრა დატოვა;

ნიკოლოზ კახიანი – დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრის გამგე, რომელმაც ასევე უარი თქვა თანამდებობაზე;

ფარმაციის მაგისტრი, პროფესორი იოველ ქუთათელაძე – მუშაობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში;

გაბრიელ ღამბარაშვილი – 1920 წლამდე იყო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. როდესაც სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს, წამითაც არ უყოყმანია;

ფარმაციის მაგისტრი ივანე ტყეშელაშვილი, რომელიც 1920 წელს რუსეთიდან მოიწვიეს ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრაზე.

უცხოელ სპეციალისტთაგან თბილისის სამკურნალო ფაკულტეტის პროფესორთა გუნდს შეუერთდნენ: პროფესორი ვასილ მალენიუკი – 1920 წლიდან, ფიზიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი იაკობ ანფიმოვი – 1919 წლიდან, ნევროპათოლოგიის კათედრის გამგე; ნიკოლოზ ვორონიხინი – 1920 წლიდან, ლექციებს კითხულობდა ფიტოპათოლოგიაში; პროფესორი ივანე შიროკოგოროვი – კითხულობდა პათანატომიის კურსს; პროფესორი ვლადიმერ ვორონინი – 1922 წლიდან ზოგადი პათოლოგიის კათედრის გამგე გახლდათ, მოგვიანებით კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს.

თბილისის უნივერსიტეტისა და მისი სამკურნალო ფაკულტეტის მესვეურთა დამსახურებით, ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში, 1918-1921 წლებში, სამკურნალო ფაკულტეტთან გაიხსნა რამდენიმე ათეული კათედრა, კლინიკა და დოცენტურა.

კვლევითი მუშაობის გარეშე უნივერსიტეტის არსებობა შეუძლებელი იყო. კათედრის პროფესორებმა მეცნიერების განვითარებასაც ჩაუყარეს საფუძველი.

1919 წელს პროფესორთა საბჭომ საუნივერსიტეტო "სამეცნიერო ხარისხის მიღების ძირითადი წესდებაც" შეიმუშავა, რომლის პირველი ნაწილი ექიმად ჩამოყალიბების პირობებს ითვალისწინებდა, მეორე მედიცინის დოქტორის ხარისხის მოპოვებისთვის გათვალისწინებულ პუნქტებს მოიცავდა, მესამე – პრივატ-დოცენტურის პირობებს განსაზღვრავდა, მეოთხე კი პროფესურისას.

ფაკულტეტზე ხარისხის მინიჭება მაშინდელი ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სტანდარტებით ხდებოდა. 1920 წლის 7 ივნისის სხდომაზე საბოლოოდ დამკვიდრდა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად საჭირო დისციპლინების საგამოცდო ნუსხაც. ის განსაზღვრავდა დოქტორის ექვს ხარისხს: დოქტორი ანატომიისა, დოქტორი ფიზიოლოგიისა, დოქტორი თერაპიისა, დოქტორი ქირურგიისა, დოქტორი ნერვო-ფსიქოპათოლოგიისა და დოქტორი საზოგადოებრივი მედიცინისა.

ფაკულტეტზე გაიხსნა ასპირანტურაც. პირველი, ვინც იქ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და პროფესორის წოდება მოიპოვა, იყო მიხეილ წინამძღვრიშვილი (1921 წ.) – თერაპევტი, ქართული კარდიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

უცხოეთიდან მოწვეულმა ქართველმა პროფესორებმა აღზარდეს ექიმთა თაობები, მოამზადეს მეცნიერთა ძლიერი გუნდი. მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევდათ მუშაობა, თუმცა საზღვარგარეთ წარმატებულ კარიერასა და კეთილდღეობაზე სამშობლოს სიყვარულით უარი თქვეს.

XX საუკუნის 20-იან წლებში ამ პროფესორების ძალისხმევით დაარსდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები,  კლინიკები, ამბულატორიები, დისპანსერები, სამალარიო სადგურები თუ ჯანმრთელობის სხვა კერები, სადაც სამკურნალო ფაკულტეტდამთავრებული პირველი ქართველი ექიმებიც მსახურობდნენ.

1930 წელს სამკურნალო ფაკულტეტი გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დამოუკიდებელ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტად ჩამოაყალიბდა.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: