გვანცა ბუცხრიკიძე: ჯოჯოხეთი ალბათ ის სამყაროა, სადაც მუსიკა არ არის
გააზიარე:
ქართველი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე უკვე არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და ლაურეატია. ოცდაორი წლის ხელოვანი ამჟამად აშშ-ში სწავლობს და მუშაობს – ლონგ-აილენდის კონსერვატორიის სტუდენტი და, იმავდროულად, მიწვეული ლექტორია.
გზა ამერიკამდე არც ისე ადვილი იყო. გვანცა თავის ისტორიას გვიყვება.
ვიოლინო პირველად 7 წლისამ აიღო ხელში. ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში სწავლობდა. მოწაფეობის წლებშივე მონაწილეობდა კონკურსებსა და ფესტივალებში და იმარჯვებდა. მერე იყო საერთაშორისო კონკურსები, მათ შორის – 2019 წლის Aმერიცან Pროტéგé, რომელშიც პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებას მოჰყვა გალაკონცერტი კარნეგი-ჰოლში. ამერიკაში კარიერის გაგრძელებაზე ფიქრი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
– სამი წლიდან ვმღერი. თავიდან კლასიკურ მუსიკაზე არ მიფიქრია, არც ამ მასშტაბებზე მიოცნებია... ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე. მრავალტურიანი მისაღები კონკურსის მეშვეობით მოვიპოვე 80%-იანი დაფინანსება ბოსტონის კონსერვატორიაში სწავლისთვის და ჩამოვედი ქვეყანაში, სადაც უამრავი შესაძლებლობა და ფართო ასპარეზი დამხვდა. ახლა უკვე ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში ვსწავლობ.
– ამერიკული ცხოვრების რიტმს იოლად აჰყევით?
– აქ დრო ძალიან ჩქარა გადის და თუ ფეხი ვერ აუწყვე, შეიძლება უბრალოდ ჩაგყლაპოს. ძალიან მჭიდრო გრაფიკი მაქვს: ვასწავლი ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში, ვარ კონსერვატორიის მიწვეული ლექტორი და ჩემი როგორც სტუდენტის პროგრამაც საკმაოდ დატვირთულია. თავისუფალი დრო თითქმის აღარ მრჩება, თან გამუდმებით მენატრება ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ახლობლების სიყვარული და სითბო... კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მინდა, ყველა ჩანაფიქრი ახლავე, ამწუთასვე განვახორციელო. ჩემმა პროფესორმაც მითხრა, მეტისმეტად ღელავო. მართლაც, მგონია რომ დრო სწრაფად გადის, მე კი ყოველი ფუჭად დაკარგული წუთი მაშინებს.
– როგორ ფიქრობთ, თქვენს წარმატებაში, ნიჭსა და შრომასთან ერთად, იღბალმაც შეასრულა თავისი როლი?
– შრომაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. იმას, რისთვისაც გულწრფელად იხარჯები, ქარი ვერ წაიღებს. ღმერთი უყურებს ყველაფერს და მჯერა, რომ ადამიანს ძალისხმევა ყოველთვის უფასდება. თუმცა ალბათ იღბალიც მწყალობს. ბევრჯერ აღმოვჩნდი სიტუაციაში, სადაც ერთ წარმატებას მეორე მოჰყვა, ერთმა გამარჯვებამ მეორე შესაძლებლობა შექმნა... ყოველთვის მაქსიმუმს ვთხოვ საკუთარ თავს, რადგან მიზანი ძნელად მისაღწევია, კონკურენცია კი დიდი. 2021 წელს პირველი პრემია მოვიპოვე საერთაშორისო კონკურსში ჩჰიცაგო ინტერნატიონალ მუსიც ცომპეტიტიონ, რამდენიმე თვის წინ საქართველო-ამერიკის სახელით მივიღე მონაწილეობა Aმერიცან Iნტერნატიონალ მუსიც ცომპეტიტიონ-ში და მეორე ადგილი დავიკავე, ახლახან კი Nეწ Yორკ ინტერნატიონალ მუსიც ცომპეტიტიონ-ში, რომელზეც საქართველოს სახელით წარვდექი, პირველი ადგილის მფლობელი გავხდი.
– რა გეამაყებათ ყველაზე მეტად?
– ჯერჯერობით მასშტაბური არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ წლების შემდეგ კმაყოფილი ვიყო იმ პატარა სიკეთეებით, რომელთა გაკეთებასაც შევძლებ.
– მშობლებზე მოგვიყევით.
– ოჯახი ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემაა. ჩემი მშობლები, მათი სწორი ხედვა და მუდმივი თანადგომა რომ არა, ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი წარმატებისკენ. მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. არასოდეს უთქვამს, ეს ზედმეტად რთულია შენთვის, არ გამოგივაო. ალბათ, ამიტომაც გავიზარდე ასეთი ძლიერი. დედა ყოველთვის ღელავდა, რადგან ხედავდა, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდი. დღემდე ჩემს ყოველ გამოსვლაზე ნერვიულობს.
– რომელია თქვენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?
– ბავშვობა ბედნიერი მომენტებით დახუნძლული დროა, თუმცა ზოგიერთი ამბავი მაინც გამორჩეულად გვრჩება მეხსიერებაში... შვიდი წლის ვიყავი, ვიოლინოზე დაკვრა სულ რაღაც ექვსი თვის დაწყებული მქონდა. კლასიკური მუსიკის კონკურსში ვმონაწილეობდი. დარბაზში დიდი ვარდისფერი დათუნია შემოიტანეს. მეგონა, უბრალოდ კონკურსის გასაფორმებლად იყო განკუთვნილი, მაგრამ მაინც გავიფიქრე, რა იქნება, მაჩუქონ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ პრიზი ყოფილა... იმ კონკურსზე პირველი ადგილი დავიკავე და დათუნიაც გადმომცეს. ახლაც მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში.
– რა უცნაური თვისება გაქვთ?
– კონცერტამდე ლუკმაც არ გადამდის ყელში, კონცერტის შემდეგ კი ისეთ შიმშილს ვგრძნობ, ამერიკულ ბურგერზეც კი არ ვამბობ უარს.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი გატაცება?
– თავისუფალ დროს სიმღერას ვუთმობ. საერთოდ, მუსიკით ვცოცხლობ. ჯოჯოხეთი ალბათ ის სამყაროა, სადაც მუსიკა არ არის.
– გარდასული დროის რომელ მუსიკოსთან ისაუბრებდით?
– სიამოვნებდით ვისაუბრებდი გენიალურ გია ყანჩელთან. დავუსვამდი ბევრ კითხვას მუსიკის შესახებ და აუცილებლად გავითვალისწინებდი მის რჩევებს.
– რომელია თქვენი საყვარელი ფრაზა?
– ყველაფერი კარგად იქნება.
– შეცდომა, რომელსაც ნანობთ...
– მნიშვნელოვანი შეცდომა, მგონი, ჯერ არ დამიშვია, პატარ-პატარა შეცდომებზე კი ადამიანები ცხოვრებას ვსწავლობთ.
– რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
– საყვარელი ადამიანების დაკარგვის, რადგან მათ გარეშე არავინ ვარ.
– ნივთი, რომელიც თქვენს თავს გაგონებთ.
– ვარსკვლავი – ჩემი ჯილდო ერთ-ერთი კონკურსიდან.
– კითხვა, რომლის პასუხიც გინდათ იცოდეთ.
– რატომ არის დედამიწაზე ამდენი ბოროტება.
– რა არის თქვენი მეთერთმეტე მცნება?
– ნუ იქნები ყალბი, ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ.
თამარ ციბალაშვილი