ბედნიერების ასაკი
გააზიარე:
სიხარული ბავშვობაში
რატომღაც მიგვაჩნია, რომ ბავშვები უფროსებზე ბედნიერები და უდარდელები არიან. ხშირად ნოსტალგიით გვახსენდება ბავშვობა, როდესაც პასუხისმგებლობა ნაკლები გვქონდა, პატარა რაღაცები გვიხაროდა – ჭყუმპალაობა, ბუშტი, მულტფილმი, კევი... იპოთეკაზე არ ვწუხდით და არ გვადარდებდა, ვის აირჩევდნენ აშშ-ში პრეზიდენტად.
სწავლის დაწყების დღეს ჩემს მესამეკლასელ შვილს ვაკვირდებოდი და შევამჩნიე, რომ ხან მოწყენილი იყო, ხან მხიარული, ხან დაბნეული. სხვებსაც გადავხედე – მათაც უამრავი ემოცია ჰქონდათ აღბეჭდილი სახეზე. გამახსენდა, თავადაც რამდენ რამეზე ვნერვიულობდი ამ ასაკში, რამდენი რამის მეშინოდა. ჰოდა, იქნებ ეს ილუზიაა და ბავშვები სულაც არ არიან უფროსებზე მეტად უდარდელები? იქნებ არც უნდა ველოდოთ, რომ ბავშვი ლაღი იქნება?
როგორ იცვლება სიხარულის აღქმა
ზოგიერთი თეორიის თანახმად, სიხარულის განცდა ადამიანის პიროვნული თვისებაა – ის, ვისაც სიხარულისკენ აქვს მიდრეკილება, ბავშვობაშიც ადვილად განიცდის სიხარულს და ზრდასრულობაშიც, ხოლო ის, ვინც სევდისკენ არის მიდრეკილი, ნებისმიერ ასაკში სევდიანი იქნება. სხვა თეორიის მიხედვით კი რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო ბედნიერები ვართ.
სუბიექტური კეთილდღეობა (ანუ ჩვენეული აღქმა იმისა, რამდენად კარგად ვართ) დროთა განმავლობაში იცვლება. კეთილდღეობის ცნება სცდება წამიერ სიხარულს, ის სტაბილურობას გულისხმობს.
ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად იზრდება ჩვენი მოტივაციაც, ვეძებოთ სიცოცხლის საზრისი და სიკვდილამდე რაც შეიძლება ხშირად განვიცადოთ სიხარული, რაც შეიძლება მეტი ბედნიერი წუთი გავატაროთ. ანუ ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ "დრო იწურება", რაც გვიბიძგებს, უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ წარსულზე ფიქრს და ყურადღება აწმყოსა და მომავალზე გადაგვაქვს. არადა, პოპულარულ ფსიქოლოგიაში ყველაფერი პირიქით არის წარმოდგენილი – გვარწმუნებენ, რომ ჩვენს პიროვნებას წარსული აყალიბებს და რომ ბედნიერების საპოვნელად წარმოსახვით სწორედ წარსულში უნდა ვიმოგზაუროთ.
რასაკვირველია, წარსულის გავლენას არავინ უარყოფს, მაგრამ იცვლება წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ბედნიერების გასაღები წარსულის ანალიზშია. არც ზრდასრულობა ყოფილა ტანჯვისა და უსიამოვნებების პერიოდი. პირიქით, წარსულში ჩადენილი შეცდომები გვეხმარება, უკეთ გავუმკლავდეთ აწმყოს.
მაგალითად, არაერთი კვლევის მიხედვით, ზრდასრულები ნაკლებ დროს უთმობენ მათ, ვინც არ მოსწონთ და მეტს – იმ ადამიანებს, რომლებიც უყვართ. როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რამდენი დრო დავახარჯე ხალხს, რომელმაც დამაზიანა ან რომელიც ჩემი ცხოვრებიდან მალევე გაქრა, ნაცვლად იმისა, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავი, რომელთა არსებობაც ძალასა და საკუთარი თავის რწმენას მმატებს.
როგორ განვიცდით სიხარულს ზრდასრულები
მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია ლოგიკურია და ბევრი მომხრეც ჰყავს, მიდგომა ზედმეტად მარტივია, რადგან კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდა რთული მდგომარეობაა და მხოლოდ ერთი ფაქტორით ვერ აიხსნება. ოთხასამდე კვლევის მეტაანალიზმა ცხადყო, რომ ცხოვრებით კმაყოფილება დაახლოებით ასეთ პატერნს გაივლის: ბავშვები ხშირად განიცდიან სიხარულს, მოზარდობისას ეს განცდა სუსტდება, მერე მზარდ ტენდენციას აჩვენებს 70 წლამდე (40 და 50 წლების კრიზისები ამ მრუდს ოდნავ ცვლის, კმაყოფილება იკლებს, მერე კვლავ იმატებს), 70 წლიდან კი ისევ კლებისკენ მიდის.
რას ნიშნავს ყოველივე ეს? უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ბავშვობა სულაც არ არის უდარდელი და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების პრობლემები დიდებს შესაძლოა უმნიშვნელო მოგვეჩვენოს, თავად ბავშვებისთვის ისინი ძალიანაც მნიშვნელოვანია. თუმცა პრობლემების არსებობას ბავშვები სიხარულისადმი ღიაობით აკომპენსირებენ. მაგალითად, პატარას, რომელიც გულამოსკვნილი ტირის, რადგან სათამაშო დაკარგა, ადვილად გავახარებთ, თუ რამეს ვეთამაშებით. ნამდვილად რთულია მოზარდი ასაკი, როდესაც სიხარულის სწრაფად და ინტენსიურად განცდის უნარი იკლებს, უარყოფითი მოვლენების კატასტროფად აღქმა კი ზენიტს აღწევს. ამ ასაკის სირთულეების დაძლევის შემდეგ ჩვენი უნარი, ვისიამოვნოთ ცხოვრებით, ისევ იმატებს.
საკუთარ თავს და ჩემს მეგობრებს რომ ვაკვირდები, ამ ტრაექტორიას ხშირად მივყვებით. დიახ, ჩვენ დავკარგეთ ბავშვური სიხარული, რადგან გამუდმებით გვიწევს კარიერული ბრძოლა, ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვა, ასად ვიხლიჩებით და არასოდეს არაფრისთვის გვყოფნის დრო. ამავე დროს, გაცილებით კომფორტულად ვართ საკუთარ კანში, უფრო ადვილად ვიღებთ ჩვენს სხეულს (გაიხსენეთ, რა რთული იყო საკუთარ სხეულში ყოფნა, როდესაც 13 წლის იყავით), უკეთ ვერკვევით სოციალურ სიტუაციებში, ვიცით, სად როგორ მოვიქცეთ, რისი დათმობა გვიღირს და რისი – არა, უფრო გონივრულად ვანაწილებთ ჩვენს სოციალურ ენერგიას, არ ვხარჯავთ მას უარყოფითი ზეგავლენის მქონე ადამიანებზე, ვაფასებთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ხალხს, რომელიც გულწრფელად გვიდგას გვერდით, ვსწავლობთ უარის თქმას, უცნობების შეფასების გულთან არმიტანას... და გულის სიღრმეში გვესმის, რომ სიხარული, ბედნიერება, კეთილდღეობა – ეს ყველაფერი წარმავალია, ამიტომ როდესაც ცხოვრება რამე კარგს იმეტებს ჩვენთვის, ვებღაუჭებით და ხელიდან არ ვუშვებთ.
სიხარული და ხანდაზმულები
რატომ ვართ ნაკლებად ბედნიერები 70 წლის შემდეგ? აღმოჩნდა, რომ ისეთ კულტურებში, სადაც ხანდაზმულები მარტო არ არიან, სადაც მათ პატივს სცემენ და სადაც მათ პენსიაზე გასვლის შემდეგაც აქვთ საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ, მუსიკის წერა იქნება ეს, ბოსტნის მოვლა თუ შვილიშვილებთან თამაში, მოხუცები სულაც არ არიან სევდიანები. რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სხეულებრივი და შემეცნებითი ფუნქციები სუსტდება, მომავალი კი ბუნდოვანი ხდება, მაგრამ აქ მთავარია არა ჩვენი მდგომარეობა, არამედ გარემოში არსებული რესურსები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ხანდაზმულებს განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი მზრუნველობა და სიყვარული.
დაბოლოს
გვახსოვდეს, რომ ყველაფერი გაივლის – ცუდიც და კარგიც, ამიტომ თუ სამყარომ რამე გაჩუქათ, თუნდაც ისეთი მცირე რამ, როგორიც არის თბილი, სასიამოვნო დღე, ბოლომდე ისიამოვნეთ ამ საჩუქრით.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე