ახალი სკოლა, ახალი გამოწვევები
გააზიარე:
სხვა სკოლაში ბავშვის გადაყვანა მთელი ოჯახისთვის გამოწვევაა. ამ პროცესს თან სდევს უამრავი ემოციური, სოციალური და აკადემიური სირთულე.
დაწყებითი კლასებიდან თინეიჯერობამდე, განვითარების თითოეულ საფეხურს აქვს თავისი ემოციური და სოციალური საჭიროებები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია სკოლიდან სკოლაში ბავშვის გადაყვანისას.
სტრესი და შიში
სკოლიდან სკოლაში გადასვლა ბავშვისთვის ემოციური სტრესია. უკვე ნაცნობ გარემოსა და მეგობრებთან განშორება შიშსა და გაურკვევლობას ბადებს. ბავშვებს უჭირთ, თავი გაართვან ახალ სიტუაციებს, სადაც მათ ჯერ არავინ იცნობს ან სადაც კომფორტის ზონიდან უწევთ გამოსვლა.
აკადემიური გამოწვევები
სხვადასხვა სკოლაში სწავლების მეთოდები, მასალები და სტანდარტები სხვადასხვაა. თუ ბავშვი ახალ სასწავლო პროგრამას შეეჯახა, შესაძლოა გაუჭირდეს მასთან ადაპტირება და აკადემიური მიღწევების შენარჩუნება.
სოციალური ადაპტაცია
ახალი მეგობრების შეძენა და სოციალური კავშირების დამყარება ბავშვებისთვის დიდი გამოწვევაა. ახალ სკოლაში, იქ, სადაც ძველი მეგობრები გვერდით აღარ ჰყავს, მოსწავლემ შესაძლოა მარტოსულად იგრძნოს თავი და საკუთარი ადგილი ვერ იპოვოს, სოციალურმა იზოლაციამ კი თვითშეფასების დაქვეითება და დეპრესია გამოიწვიოს.
სადღეღამისო რეჟიმის ცვლილება
ახალ სკოლაში გადასვლა ხშირად იმასაც ნიშნავს, რომ ბავშვს მოუწევს სადღეღამისო რეჟიმის შეცვლა: სკოლამდე უფრო გრძელი გზაა, განსხვავებულია გაკვეთილების გრაფიკი და ა.შ. ეს ყველაფერი დამატებით სტრესს და დისკომფორტს იწვევს.
კულტურული და ენობრივი ბარიერები
თუ სკოლა განსხვავებულ კულტურულ გარემოშია ან უცხოენოვანია, ბავშვი შესაძლოა შეეჯახოს ენობრივ ბარიერს და კულტურულ დისონანსს. კომუნიკაციისა და ინტეგრაციის სირთულემ შესაძლოა ხელი შეუშალოს მის სოციალურ ადაპტაციას და აკადემიურ წარმატებას.
ემოციური ფონი
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის (6-10 წელი) სკოლა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდასთან. ამ ასაკში ბავშვი ძლიერ არის მიჯაჭვული მშობლებს მასწავლებლებს და თანატოლებს. ახალ სკოლაში მას შესაძლოა გაუჭირდეს გარემოში ინტეგრაცია, რადგან სათანადოდ ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული სოციალური უნარები და დამოუკიდებლობის განცდა
საშუალო კლასებში (11-14 წელი) ბავშვები იწყებენ საკუთარი იდენტობის ძიებას და ხშირად წინა პლანზე აყენებენ თანატოლების აზრს. სკოლაში ინტეგრაცია და თანატოლების მხრივ აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის. ახალ სკოლაში გადასვლისას ბავშვი შესაძლოა აღმოჩნდეს სოციალურ წნეხში, რადგან მოუწევს ახალი მეგობრების შეძენა და საკუთარი ადგილის ხელახლა პოვნა ახალ გარემოში. ეს პროცესი განსაკუთრებით რთული იქნება, თუ ახალ კლასში უკვე ჩამოყალიბებულია მჭიდრო სოციალური ჯგუფები.
უფროსკლასელებისთვის (15-18 წელი) მოზარდებისთვის სოციალური ურთიერთობები განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს. სკოლაში შეძენილი მეგობრების სკოლის დამთავრებამდე შენარჩუნება მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახალ სკოლაში გადასვლისას მათ შესაძლოა ძველ წრესთან განშორება მოუხდეთ და არც ახალი კავშირების დამყარება აღმოჩნდეს ადვილი.
რა შეუძლიათ მშობლებს?
ემოციური მხარდაჭერა
მშობელმა უნდა შეინარჩუნოს აქტიური კომუნიკაცია შვილთან და დაარწმუნოს ის, რომ ცვლილება აუცილებლად პოზიტიური იქნება. მნიშვნელოვანია, მშობელი ყოველთვის მზად იყოს ბავშვის მოსასმენად, როცა მას თავისი შიშებისა და განცდების გაზიარება მოუნდება – მათ შესახებ საუბარი ბავშვს დაეხმარება, უკეთ გაერკვიოს ახალ გარემოში და ადვილად მიიღოს ცვლილებები.
მზადყოფნა და წინასწარი გაცნობა
როცა ბავშვი ახალ სკოლაში მიდის, სასურველია, წინასწარ ჰქონდეს წარმოდგენა ახალ გარემოზე. მშობლებს შეუძლიათ, სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ორგანიზება გაუწიონ სკოლაში ვიზიტს, რათა ბავშვმა ნახოს თავისი მომავალი საკლასო ოთახი, შეხვდეს მასწავლებლებს და გაეცნოს სკოლის წესებს. ამ შემთხვევაში ის უფრო ნაკლები სტრესით შეხვდება პირველ დღეს და მოტივაციაც აუმაღლდება.
აკადემიური მხარდაჭერა
თუ ბავშვი ახალ სასწავლო პროგრამას იწყებს, მშობლები უნდა შეეცადონ, გაუადვილონ ეს პროცესი. შეუძლიათ, დამატებით ატარონ კერძო გაკვეთილებზე ან სთხოვონ დირექციას, დროებით შეუმსუბუქოს ბავშვს სასწავლო დატვირთვა, რათა მან უკეთ შეძლოს ადაპტირება და სწავლის მიმართ ინტერესი არ დაკარგოს.
მხარდაჭერა დღის განრიგის ჩამოყალიბებაში
სტაბილურობა მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მშობლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახალ სკოლაში გადასვლის შემდეგაც ბავშვის რეჟიმი რაც შეიძლება მიახლოებული იყოს ძველთან.
სოციალური ინტერაქციების წახალისება
სოციალური კავშირების დამყარება და შენარჩუნება ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. მშობლებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ შვილს ახალ თანაკლასელებთან ურთიერთობაში. მაგალითად, მოაწყონ ერთობლივი გასვლები, სპორტული აქტივობები ან თამაშები, რომლებიც ბავშვს ახალი მეგობრების შეძენას გაუადვილებს. მშობელმა ძალდაუტანებლად უნდა წაახალისოს შვილი, იყოს აქტიური და ჩაერთოს სკოლის სოციალურ ცხოვრებაში.
კულტურული და ენობრივი ადაპტაცია
თუ ბავშვს უცხო კულტურულ გარემოსთან უწევს ადაპტირება, მშობელი ახალი კულტურის გაცნობაში უნდა დაეხმაროს. ამის გაკეთება შეიძლება შესაბამისი ლიტერატურის კითხვით, მუზეუმებისა და კულტურული ღონისძიებების მონახულებით, ადგილობრივ ოჯახებთან სტუმრობით და მათი ადათ-წესების გაცნობით. მშობელი უნდა დაეხმაროს შვილს ენობრივი ბარიერის რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახვაში – ამისთვის არსებობს ენების კურსები და კერძო გაკვეთილები.
მშობლების თავდაჯერება და სიმშვიდე
ბავშვები, წესისამებრ, გრძნობენ მშობლების ემოციებს და ეს იმპულსები პირდაპირ აისახება მათზე. თუ მშობელი ღელავს, ბავშვიც უფრო მეტად დაიძაბება. ამიტომ მშობელმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და თავდაჯერება, გამოიმუშაოს პოზიტიური მიდგომა და გადასცეს შვილს რწმენა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ლიკა ქათამაძე