დისციპლინა "არას" გარეშე

გააზიარე:

ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა. თანამედროვე ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ პროცესს პოზიტიურად მივუდგეთ და იშვიათად გამოვიყენოთ სიტყვა "არა". თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისციპლინის სწავლებაზე უარი ვთქვათ. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეიძლება ბავშვის აღზრდა ისე, რომ არ ვუთხრათ "არა", მაგრამ, იმავდროულად, თვითდისციპლინაც გამოვუმუშაოთ.

1. ფოკუსირება დადებითზე

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის კარგ ქცევაზე. მაგალითად, თუ მან რამე სწორად გააკეთა, შეაქეთ: “ძალიან მომწონს, რომ სათამაშოები თავად აალაგე” ან “გმადლობ, რომ მაგიდის გადაწმენდაში დამეხმარე”. როდესაც ბავშვი დადებითად მოტივირებულია, მას სურვილი უჩნდება, განაგრძოს ასეთი ქცევა. "შენი დახმარება ძალიან მჭირდებოდა, ხედავ, რა მალე დავალაგეთ სახლი ერთად? ახლა შეგიძლია, თავად გადაწყვიტო, რა ვითამაშოთ". ეს დაანახებს ბავშვს, რომ კარგი ქცევა დაუფასდება.

2. ალტერნატიული წინადადება

როდესაც ბავშვი არასასურველად იქცევა, მაგალითად, მაღაზიაში იღებს სათამაშოს, რომელსაც ახლა ვერ შევიძენთ, ნაცვლად იმისა, რომ ვუთხრათ "არა", ვთავაზობთ  ალტერნატივას: "შეგიძლია, ითამაშო ამ სათამაშოთი, მაგრამ მაღაზიიდან გასვლისას ადგილზე დავაბრუნოთ". ეს მას აგრძნობინებს, რომ არჩევანი აქვს.

3. სხვა სიტყვებით

ფსიქოლოგები გვირჩევენ, "არა" ჩავანაცვლოთ სხვა, უფრო რბილი გამოთქმებით, რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვს, თავისი ქცევის  შედეგები გააცნობიეროს. მაგალითად, "არა, არ დაჯდე მაგიდაზეს" ნაცვლად უმჯობესია ვუთხრათ: "მაგიდაზე ჯდომა არ არის უსაფრთხო, მოდი, იატაკზე დავსხდეთ და ერთად ვითამაშოთ". ბავშვი მიხვდება, რატომ არის რაღაც აკრძალული, თანაც ისე, რომ არ შეაშინებს ჩვენი სიმკაცრე, პირიქით, დაინახავს, რომ უპირველესად მასზე ვზრუნავთ.

4. ქცევის მართვა წინასწარ

ბავშვის ქცევის მართვა სიტუაციების პროგნოზირებით და მათზე წინასწარ რეაგირებით იწყება. თუ იცით, რომ ბავშვი რაიმე არასასურველს გეგმავს, უმჯობესია, ამაზე წინასწარ მიანიშნოთ და შესთავაზოთ ალტერნატივა ან აგრძნობინოთ, რას მოელით მისგან: "ვიცი, ახლა ძალიან გინდა ამ მაისურის ჩაცმა, მაგრამ გარეთ წვიმს. მოდი, ერთად გავეცნოთ პროგნოზს და ვნახოთ, როდის იქნება ამისთვის შესაფერისი ამინდი".

5. მოსმენისა და გაგების ხელშეწყობა

მნიშვნელოვანია, ბავშვი გრძნობდეს, რომ მას უსმენენ და მისი ესმით. ბავშვები "არაზე" ხშირად უარყოფითად რეაგირებენ, რადგან ეჩვენებათ, რომ მშობლები არ ითვალისწინებენ მათ გრძნობებს და სურვილებს. ეცადეთ, ესაუბროთ ბავშვს მის საჭიროებებზე: "მესმის, რომ გინდა ეს სათამაშო, მაგრამ ახლა მას ვერ შევიძენთ. მოდი, მოიფიქრე, კიდევ რისი გაკეთება გაგამხიარულებს და ის გავაკეთოთ".

6. ცოდნის მიღება თამაშის მეშვეობით

პოზიტიური აღზრდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ცოდნის მიღება თამაშის მეშვეობით. თამაშის დროს ბავშვი ძალდაუტანებლად სწავლობს დისციპლინას და ქცევის წესებს. როდესაც ბავშვი თამაშის დროს წესებს იცავს, ის სწავლობს, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც საჭიროა იმავე წესების დაცვა.

7. კომუნიკაცია

როდესაც გინდათ, ბავშვმა გაიგოს, რომ რაღაც არ შეიძლება, "არა-ს" თქმის ნაცვლად სცადეთ წინადადების იმგვარად აგება, რომ ის რამე დადებითს შეიცავდეს. მაგალითად, "არა, შოკოლადის ჭამა არ შეიძლებას" ნაცვლად უთხარით: "ვიცი, რომ გიყვარს შოკოლადი, მაგრამ ახლა სადილის დროა, სადილის შემდეგ კი აუცილებლად შეჭამ შოკოლადს".

8. გრძნობების მართვა და ემოციური ინტელექტი

ფსიქოლოგების აზრით, ბავშვებს მცირე ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების მართვა. როდესაც ბავშვის ემოციები არ არის დათრგუნული, ის უფრო მშვიდად რეაგირებს აკრძალვებზე. "ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზდი, მოდი, ერთად ვიფიქროთ, როგორ შევამციროთ ბრაზი". ბავშვი დაინახავს, რომ მისი გრძნობები ნორმალურია და რომ მათი მართვა შესაძლებელია.

9. დამოუკიდებლობის წახალისება

დამოუკიდებლობა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა. ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანი და გრძნობდეს პასუხისმგებლობას ამ არჩევანზე, რათა თვითდისციპლინა გამოიმუშაოს. როდესაც ბავშვი რაღაც არასასურველს აკეთებს, აკრძალვის ნაცვლად უმჯობესია, ალტერნატივა შევთავაზოთ. მაგალითად, "თუ გინდა, ახლა ამ ტალახიან გუბეში ჩაჯდე, იცოდე, რომ ამის შემდეგ დაუყოვნებლივ სახლში ასვლა მოგვიწევს და საქანელაზე ვეღარ იქანავებ. თავად გადაწყვიტე, როგორ მოიქცევი".

10. სიკეთისა და ნდობის გაღვივება

როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მას ენდობიან, ის უფრო მეტად ითვალისწინებს მშობლის თხოვნას. საუბარი და გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება განამტკიცებს მშობლებისა და შვილების ურთიერთნდობას და კარგი ურთიერთობის საწინდარია.

11. წინასწარი შეთანხმება

როდესაც იცით, რომ გარკვეულმა სიტუაციამ შესაძლოა ბავშვს დისკომფორტი შეუქმნას, – მაგალითად, მაღაზიაში წასვლამ, რადგან ბევრი სიარული მოგიწევთ, – წინასწარ შეუთანხმდით: "ახლა მაღაზიაში მივდივართ და ბევრი უნდა ვიაროთ, ამიტომ ჯობია, ეტლში ჩაჯდე. როდესაც ეტლიდან ამოსვლა მოგინდება, აუცილებლად ამიგიყვან, მაგრამ მაღაზიამდე ეტლით უნდა მივიდეთ". წინასწარი შეთანხმება ამცირებს კონფლიქტის ალბათობას და ეხმარება ბავშვს, უკეთ აკონტროლოს თავისი სურვილები.

12. შეზღუდვები და წესები

დისციპლინა გულისხმობს განსაზღვრულ შეზღუდვებსა და წესებს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ეს შეზღუდვები იყოს მკაფიო და წინასწარ შეთანხმებული. მაგალითად: "სანამ ძილის დრო მოვა, შეგიძლია ითამაშო, მაგრამ როდესაც პატარა ისარი ათთან მივა, სათამაშოებს აალაგებ და დავიძინებთ, მზად იყავი ამისთვის".

13. პოზიტიური ქცევის მოდელირება

ბავშვები ქცევას ხშირად მშობლებზე დაკვირვებით სწავლობენ. ეცადეთ, მისცეთ კარგი ქცევის მაგალითი. თუ გსურთ, ბავშვმა ისწავლოს სხვების პატივისცემა, მასაც და ოჯახის სხვა წევრებსაც პატივისცემით მოექეცით.

14. შესაძლებლობის გამოყენება დასკვნების გამოსატანად

როდესაც ბავშვი რთულ სიტუაციაშია, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ქცევიდან დასკვნა გამოიტანოს: "როგორ ფიქრობ, როგორ იგრძნო თავი შენმა მეგობარმა, როდესაც ჩაარტყი?" ეს დაეხმარება, დაუფიქრდეს თავის ქცევას, გაიაზროს მისი შედეგი და მნიშვნელობა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: