რა უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ

გააზიარე:

მართალია, კბილის ფერს მის ჯანმრთელობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ქათქათა კბილებზე ბევრი ოცნებობს. ესთეტიკურმა სტომატოლოგიამ კბილების გათეთრების ქიმიურ საშუალებებზეც იზრუნა. იმის შესახებ, რა გზით შეიძლება ფერი შევუცვალოთ კბილებს, რამდენად უსაფრთხოა კბილების გათეთრების პროცედურა და რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას, "ავერსის კლინიკის" ექიმი სტომატოლოგი სოფიო საბანაძე გვესაუბრა.

– რაზეა დამოკიდებული კბილის ფერი?

– კბილის ფერი გენეტიკურად არის განსაზღვრული. კბილი სამი ნაწილისგან – მინანქრის, დენტინისა და პულპისგან შედგება. მინანქარი კბილის გარეთა დამცავი თხელი ფენაა. ის მოთეთრო-მონაცრისფრო და ოდნავ გამჭვირვალეა. მინანქრის ქვეშ არის მყარი ქსოვილი – დენტინი. კბილის ფერი ძირითადად სწორედ დენტინის ფერზეა დამოკიდებული. დენტინისა და მინანქრის გენეტიკური შემადგენლობიდან გამომდინარე, კბილები შეიძლება იყოს სპილოს ძვლისფერი, მოყვითალო ან მოყავისფრო-მოწითალო. ამასთან, ყველა კბილიც არ არის ერთი და იმავე ფერის.

მინანქარი დროთა განმავლობაში ცვდება და თხელდება, რის გამოც დენტინის ყვითელი ფერი კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს.

კბილის ფერზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესიც. თუ ხშირად სვამთ ყავას, შავ ან მწვანე ჩაის, წითელ ღვინოს, დროთა განმავლობაში კბილები მუქდება. კბილებს ფერს უცვლის ასევე სიგარეტი და ზოგიერთი მედიკამენტი. ალბათ გაგიგონიათ ე. წ. ტეტრაციკლინის კბილები: ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და ტეტრაციკლინის შემცველი სხვა პრეპარატების მიღებამ შესაძლოა კბილებს ფერი შეუცვალოს. ამის საშიშროება განსაკუთრებით დიდია რვა წლამდე, რადგან ამ პერიოდში კბილები ჯერ კიდევ ვითარდება.

დაბოლოს, კბილების ფერზე გავლენას ახდენს პირის ღრუს არასათანადო მოვლა. თუ კბილებს რეგულარულად და სწორად არ გამოიხეხავთ, მათ ზედაპირზე გაჩნდება ბაქტერიული ნადები, რომელიც ქვად იქცევა. ნადები და ქვა სხვაგვარად ირეკლავს სინათლეს, ვიდრე მინანაქარი, რის გამოც კბილები უფრო მუქი ჩანს. ამიტომ არის, რომ პროფესიონალური წმენდის შემდეგ კბილები შესამჩნევად თეთრდება.

შესაძლოა, გამუქდეს "მკვდარი" კბილიც, თუ მკურნალობის დროს მასში ორგანული მასალა დარჩა. ასეთი კბილები სხვანაირ მიდგომას მოითხოვს – ეგრეთ წოდებულ არხშიდა გათეთრებას, რომელიც ყოველ კბილზე ცალ-ცალკე ტარდება.

– რა მეთოდით შეიძლება კბილების გათეთრება?

– განურჩევლად იმისა, პროცედურას სტომატოლოგთან იტარებთ თუ შინ, გაუფერულების მექანიზმი ძირითადად ერთი და იგივეა: ყველა გამაუფერულებელი სისტემა შეიცავს წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგს, ოღონდ სხვადასხვა პროცენტულობით. ბევრს ეცოდინება, რომ წყალბადის ზეჟანგი თმის გასაბაცებლადაც გამოიყენება. სწორედ ის აუფერულებს ფერად პიგმენტებს.

წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგის გააქტიურება შეიძლება სხივური ან სითბური აგენტებით, მაგალითად, ჰალოგენის, ულტრაიისფერი ან ლაზერის სხივებით, თუმცა არსებობს ისეთი მათეთრებლებიც, რომლებიც დასხივებას არ მოითხოვს.

გამაუფერულებელი საშუალება სხვადასხვა სახისაა: გელი, ფხვნილი, დასაკრავი ლენტი, კალამი... პროფესიონალური გათეთრებისთვის სტომატოლოგები ძირითადად იყენებენ გელს წყალბადის ზეჟანგის 30-40-პროცენტიანი შემცველობით. ექიმი მას კბილებზე უსვამს პაციენტს, 20 წუთის შემდეგ კი აცილებს. ეს პროცედურა სამჯერ მეორდება. ქიმიური რეაქციის შედეგად წყალბადის ზეჟანგი მინანქარში აჩენს ფორებს, საიდანაც დენტინში აღწევს, შლის პიგმენტის ცილებს და ქმნის გაუფერულების ეფექტს. კბილები 2-3 ტონით ბაცდება.

მათეთრებელი საშუალების კბილზე დატანამდე აუცილებელია ღრძილების იზოლაცია სპეციალური დამცავი გელით, რათა მათეთრებელმა არ გაჟონოს და ღრძილები არ დაწვას.

სტომატოლოგიურ კაბინეტში კბილების პროფესიონალური გათეთრება დაახლოებით ერთ საათს მოითხოვს. ეს ამ პროცედურის დიდი უპირატესობაა სახლის პროგრამებთან შედარებით, რომლებიც საშუალოდ ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება.

– როგორ შეიძლება კბილების გათეთრება სახლის პირობებში?

– არსებობს სახლის პირობებში კბილების გათეთრების რამდენიმე მეთოდი. შინ გამოსაყენებელი მათეთრებლების უმეტესობა შეიცავს 10-15 პროცენტ კარბამიდის ზეჟანგს, რომელიც ჯანსაღი კბილებისთვის სრულიად უვნებელია, მაგრამ შესაძლოა, ავნოს დაზიანებულ კბილს, ამიტომ მათეთრებელი საშუალებაც და მისი გამოყენების რეჟიმიც აუცილებლად სტომატოლოგმა უნდა შეარჩიოს.

გელი

– სახლის პირობებში კბილების გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მათეთრებელი გელი. ზოგიერთ გელს მოჰყვება დრეკადი სტომატოლოგიური კაპები, რომლებიც ყველანაირ კბილებს შეიძლება მოარგო, ზოგ შემთხვევაში კი კაპები სტომატოლოგმა უნდა დაამზადოს. ისინი გელით უნდა შეავსოთ და განსაზღვრული ხნით კბილებზე წამოიცვათ.

ზოგიერთ ნაკრებს LED განათებაც მოჰყვება, რომელიც გელის ეფექტს აძლიერებს. ეს მეთოდი ყველაზე ახლოსაა პროფესიონალურ გაუფერულებასთან.

ძალიან მნიშვნელოვანია გელის გამოყენების წესების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ღრძილები გაგიღიზიანდეთ და სხვა არასასურველი შედეგიც მიიღოთ.

ლენტი

– მარტივი და სწრაფი მეთოდია კბილების გათეთრება სპეციალური ლენტით.

ლენტი კბილებზე უნდა დაიკრათ, ოღონდ ეცადოთ, ღრძილებს არ შეეხოს, ინსტრუქციაში მითითებული დრო რომ გავა, მოიძროთ და კბილები კარგად გაიხეხოთ.

ლენტის ნაკლი ის არის, რომ შესაძლოა, არ შეეხოს ყველა კბილის ზედაპირს. ამასთან, ამ მეთოდით ვერ ბაცდება კბილებს შორის არსებული სივრცე.

კალამი

– მათეთრებელ საშუალებას თხელი ფუნჯით ისვამენ კბილებზე. მეთოდის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ პირი ღია უნდა გქონდეთ, ვიდრე მათეთრებელს ყველა კბილზე არ წაისვამთ და მწარმოებლის მიერ მითითებული მოქმედების დრო არ გავა, თანაც უნდა ეცადოთ, მათეთრებელი საშუალება ტუჩებსა და ღრძილებზე არ მოგიხვდეთ. ბოლოს კბილები კარგად უნდა გაიხეხოთ. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ძალიან სწრაფი და იაფია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად ბევრი დრო და ხშირი გამეორება დაგჭირდებათ.

– რა უნდა გავითვალისწინოთ კბილების გათეთრებისას?

– პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს სტომატოლოგთან, რომელიც დეტალურ გამოკვლევას ჩაგიტარებთ და გეტყვით, შეიძლება თუ არა თქვენთვის კბილების გათეთრება. განხილულ უნდა იქნეს ყველა ჩვენება და უკუჩვენება. კბილები უნდა იყოს ჯანსაღი, თორემ მათეთრებელი საშუალების მოქმედი ნივთიერება ღრმად შეაღწევს კბილში და შიგნიდან დააზიანებს მას. გარდა ამისა, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, ერთი შეხედვით შეაფასოს, ზედაპირულია კბილის შეფერილობა თუ შიგნიდან მოდის. ზედაპირული შეფერილობის გაბაცება თავადაც შეგიძლიათ სახლის პირობებში, შიდა შეფერილობისა კი – მხოლოდ სტომატოლოგს პროფესიონალური პროცედურით.

მათეთრებლის საშუალებით პროთეზისა და ბჟენის გათეთრება შეუძლებელია, თუმცა არსებობს ბჟენები, რომლებიც კბილის გათეთრების შემდეგ ფერს იცვლის.

ყურადღება მიაქციეთ სახლში გამოსაყენებელი მათეთრებლის შემადგენლობას – ის არ უნდა შეიცავდეს 10-15 პროცენტზე მეტ წყალბადის ზეჟანგს.

გათეთრებამდე აუცილებელია კბილების პროფესიონალური გაწმენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ. გათეთრება მიზანშეწონილია გაწმენდიდან 2-3 დღის შემდეგ, როცა მინანქარი კარგად აღდგება.

– რამდენ ხანს ძლებს ეფექტი?

– კბილებს სამუდამოდ ვერცერთი მათეთრებელი ვერ ათეთრებს, მათ შორის – ვერც პროფესიონალური. რამდენიმე თვის შემდეგ სითეთრის ეფექტი ნელ-ნელა ქრება, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ის რამდენიმე წელიც გაგრძელებულა – გააჩნია, როგორ გაუფრთხილდება და მოუვლის პაციენტი კბილებს.

კბილების გათეთრების პროფესიონალური პროცედურის განმეორებით ჩატარება შეიძლება, ოღონდ პროცედურებს შორის ინტერვალი, სულ მცირე, 2-3 წელი უნდა იყოს.

ქათქათა ღიმილისთვის

– თუ უნაკლოდ თეთრი კბილები გსურთ, ვინირებას უნდა მიმართოთ. ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ამ მეთოდს კბილების ზომისა და ფორმის შესაცვლელადაც იყენებენ. ვინირი თხელი ფირფიტაა, რომელიც თითოეული კბილისთვის ცალ–ცალკე მზადდება სპეციალური აპარატით და კბილის ზედაპირზე მაგრდება. ოღონდ ამისთვის კბილს ჯერ თხელი ფენა უნდა მოსცილდეს. ვინირები სხვადასხვა მასალისაა. საუკეთესოდ მიიჩნევა კერამიკული ფირფიტები.

– რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი მათეთრებელი საშუალებით კბილების გათეთრების დროს?

– არასასურველი გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე ხშირია კბილების მგრძნობელობის მომატება და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ძირითადად ღრძილების დაზიანება.

კბილების გათეთრებისას ხშირად იმატებს კბილების მგრძნობელობა, რაც შესაძლოა ორ დღემდე გაგრძელდეს, თუმცა თანამედროვე მათეთრებლები შეიცავს ისეთ ნივთიერებებსაც, რომლებიც მგრძნობელობას ამცირებს.

ღრძილები შესაძლოა კაპებმაც გააღიზიანოს.

გვერდითი მოვლენებისა და გართულებების უმეტესობა დროებითია და მკურნალობის დასრულებისთანავე გაივლის.

– რა უკუჩვენება აქვს კბილების გათეთრებას?

– კბილების გათეთრება უკუნაჩვენებია:

  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების დროს,
  • კბილის კარიესის დროს,
  • ორსულობის პერიოდში,
  • ლაქტაციის პერიოდში,
  • 16 წლამდე,
  • ეროზიის, კბილების მნიშვნელოვანი აბრაზიის, მინანქრის ბზარების არსებობისას,
  • ღრძილის რეცესიის დროს,
  • ბრეკეტების არსებობისას,
  • მათეთრებელი საშუალებების კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის არსებობისას.

– როგორ ვიქცევით კბილების გათეთრების შემდეგ?

– პროცედურის შემდეგ ორი დღით ინიშნება ეგრეთ წოდებული თეთრი დიეტა: პაციენტს შეუძლია, მიირთვას ცილოვანი საკვები (უმჯობესია თეთრი ხორცი), ფაფები, ყველაფერი, რაც ფერად პიგმენტს არ შეიცავს. აკრძალულია ფერადი საჭმელი (ძირითადად – ხილი და ბოსტნეული) და სასმელი – პიგმენტი ადვილად შევა ღია ფორებში და ფერს შეუცვლის კბილს. ასევე უნდა მოვერიდოთ მჟავებისა და შაქრების შემცველ საკვებს, გაზიან სასმელებს, ზედმეტად ცხელს და ზედმეტად ცივს. მინანქრის აღდგენამდე კბილებს ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ამ პერიოდში მათი დაზიანების საფრთხე დიდია.

თუ უყავოდ არ შეგიძლიათ, საწრუპით მოსვით, ისე, რომ კბილებზე არ მოხვდეს.

კბილების აღდგენის დასაჩქარებლად სასურველია კალციუმის შემცველი საკვების მიღება.

ამ პერიოდში პირის ღრუს ჰიგიენისთვის რეკომენდებულია მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი პასტის ან სავლების გამოყენება.

კბილების სითეთრე დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, პირის ღრუს კარგად უნდა მოუაროთ. 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა. ძალიან ეფექტურია თანამედროვე ჰაერჭავლოვანი აპარატი, რომელიც წყლის ჭავლითა და სპეციალური ფხვნილით ასუფთავებს კბილებს, მაგრამ ის მხოლოდ რბილ ნადებს აცილებს, ქვების მოცილება კი ულტრაბგერითი სკალერით არის შესაძლებელი. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა, რადგან მასზე ძალიან ბევრი ბაქტერიაა, რომლებიც კბილებზე ხვდება.

კბილების გათეთრებას ზოგიერთი შინაური საშუალებაც უწყობს ხელს, მაგალითად, მარწყვში შემავალი მჟავა, ბოჭკოს შემცველი საკვები (ბოჭკოს ღეჭვისას ნერწყვი უხვად გამოიყოფა და ზედმეტი ნადები ჩამოირეცხება), ვაშლის ძმრის სავლები, ოღონდ წყალში გაზავებული და ზომიერად, ქოქოსის ზეთი (დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ჯაგრისზე და კბილები ნაზად გაიწმინდეთ), სოდა და წყალბადის ზეჟანგი (დაყარეთ სოდა ჯაგრისზე, დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი და გაიწმინდეთ კბილები კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ).

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: