ორსულობა და დაუპატიჟებელი სტუმრები
გააზიარე:
ორსულობისას ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მით უმეტეს, ხშირად სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს მოულოდნელი პათოლოგიური პროცესები. მაგალითად, შესაძლოა, კბილის ტკივილმა ორსულობამდე ერთხელაც არ შეგაწუხოთ, ორსულობის დროს კი ერთბაშად დაგატყდეთ თავს მომატებული მგრძნობელობა, ღრძილების ანთება და კარიესი.
რა უნდა ვიცოდეთ, რომ ორსულობით გამოწვეული ჩივილები ავადმყოფობის სიმპტომებში არ აგვერიოს?
მაღალი თუ დაბალი
ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს არტერიული წნევა შესამჩნევად არ იცვლება, თუმცა არის შემთხვევები, როცა პირველ-მეორე ტრიმესტრებში, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური გარდაქმნების გამო, ის დაბლა იწევს.
ორსულობის დროს არტერიული წნევის უმნიშვნელო (10-15 ერთეულით) დაწევა ბუნებრივი მოვლენაა და არ აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, თუმცა ისეც ხდება, რომ წნევის მკვეთრი დაცემა გართულებების მიზეზად იქცევა.
დაბალი არტერიული წნევა იწვევს ცუდ თვითშეგრძნებას, სისუსტეს, თავბრუხვევას, ძილიანობას, ჰაერის უკმარისობას, ყურებში ხმაურს. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ძლიერია დილაობით. მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს ადრეული ტოქსიკოზი: ხშირი ღებინება სითხის დეფიციტს იწვევს, რაც არტერიული წნევის დაქვეითებას უწყობს ხელს. არსებული მონაცემებით, 90`60 მმ ვწყ. სვ. ჯერ კიდევ ნორმაა. თუ მაჩვენებელი ამ შეფარდებას ჩამოსცდა, ვსაუბრობთ ჰიპოტენზიაზე. სასურველია, ორსულმა რეგულარულად იზომოს არტერიული წნევა და მისი მკვეთრი დაქვეითებისას მიმართოს ექიმს, რადგან წნევის ხშირმა ვარდნამ შესაძლოა დედისა და ნაყოფის ორგანოთა სისხლმომარაგების დარღვევა გამოიწვიოს, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც ქალის, ისე ბავშვის ჯანმრთელობას.
ორსულობის მეორე ნახევარში არტერიულმა წნევამ შესაძლოა მოიმატოს. ამას თავისი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს: მომავალი დედის ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა მე-20 კვირისთვის 500 მლ-ით იმატებს, 36-ე კვირისთვის კი 1000 მლ-ით. სისხლის მოცულობის მატება გულის დატვირთვასაც ზრდის – ის უფრო ხშირად იკუმშება, რადგან სისხლის დარტყმითი მოცულობა ჩვეულებრივზე 40-50%-ით მეტია. ორსულის პულსი მოსვენებისას წუთში 80-90 დარტყმას აღწევს. თუ ამ დროს არტერიული წნევა ნორმასთან შედარებით 10-15 მმ-ით არის მომატებული, საშიში არაფერია, მაგრამ თუ სხვაობა მეტია, ყურადღებაა საჭირო – ეს შესაძლოა ორსულთა ჰიპერტენზიაზე მიანიშნებდეს.
ორსულობით გამოწვეული გესტაციური ჰიპერტენზია აღმოცენდება ორსულობის მე-20 კვირიდან და გაივლის მშობიარობის შემდეგ. შარდში ცილა, შეშუპება და ორგანოთა დაზიანების სხვა ნიშნები ამ დროს არ დასტურდება. თუ ქალს დაორსულებამდეც მომატებული ჰქონდა წნევა, ვსაუბრობთ ქრონიკულ არტერიულ ჰიპერტენზიაზე, რომელიც ორსულობით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილებების ფონზე შესაძლოა უფრო მეტად დამძიმდეს.
არტერიულ ჰიპერტენზიას – როგორც გესტაციურს, ისე ქრონიკულსაც – ზოგჯერ ორსულობის საშიშ გართულებამდე – პრეეკლამფსიამდე მივყავართ. მისი მთავარი სიმპტომებია მაღალი წნევა და პროტეინურია – შარდში ცილა, რასაც ზოგჯერ შეშუპების სინდრომიც ერთვის. ამასთან ერთად ხშირია ღვიძლის მძიმე ფუნქციური დაზიანება, სისხლძარღვშიდა ჰემოლიზი (სისხლის დაშლა) და სისხლის შედედების მძიმე, ზოგჯერ შეუქცევადი ცვლილებები. პრეეკლამფსიის შედეგად ასევე შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, მწვავე ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი. სათანადო მართვის გარეშე ეს მდგომარეობა ეკლამფსიაში გადაიზრდება. ამ დროს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს თავის ტვინში სისხლის მიწოდების მკვეთრი დაქვეითება და ამით გამოწვეული გულყრაც ერთვის.
როგორ მართავენ
ყოველკვირეული კონტროლის პირობებში გესტაციური ჰიპერტენზია და მსუბუქი პრეეკლამფსია ამბულატორიულადაც შეიძლება იმართოს. ვგულისხმობთ პაციენტებს, რომელთაც არტერიული წნევა 90`110 ან 140`160 მმ ვწყ. სვ-ის ფარგლებში აქვთ, ხოლო სხვა ორგანოთა დაზიანების ნიშნები არ ეტყობათ. თუ წნევის რიცხვებმა მოიმატა ანუ პრეეკლამფსია დამძიმდა ან თავი იჩინა პოლიორგანული დაზიანების სხვა ნიშნებმა, აუცილებელია ორსულის ჰოსპიტალიზაცია.
მშობიარობის შემდეგ, როგორც ვთქვით, გესტაციური ჰიპერტენზია მალევე უკუვითარდება. ანტიჰიპერტენზიული თერაპია, საჭიროებისამებრ, შეიძლება ლოგინობის ხანაშიც გაგრძელდეს, განსაკუთრებით – თუ ქალს მძიმე პრეეკლამფსია და ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა.
შაქრიანი დიაბეტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტატისტიკის თანახმად, ორსულთა დაახლოებით 10%-ს აღერიცხება გესტაციური შაქრიანი დიაბეტი. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში ის მშობიარობის შემდეგ გაურთულებლად გაივლის.
მეცნიერებს ვერ აუხსნიათ, რატომ იმატებს გლუკოზის დონე მხოლოდ ზოგიერთი ორსულის სისხლში, თუმცა ცნობილია, რომ ორსულობისას გლუკოზის ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად კუჭქვეშა ჯირკვალს მეტი ინსულინის გამომუშავება უხდება. ამ გამოცდას დედის ორგანიზმი უმეტესად წარმატებით ართმევს თავს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სისხლში გლუკოზის ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნებას ჭარბი ინსულინიც კი ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამის შედეგია გესტაციური დიაბეტი. როცა დიაგნოზი დროულად ისმება და პაციენტი ზუსტად ასრულებს ექიმის მითითებებს, ორსულობის გართულების რისკი ოდნავ თუ აღემატება ფიზიოლოგიური ორსულობისას არსებულ რისკს, ნებაზე მიშვებული გესტაციური შაქრიანი დიაბეტი კი დიდ საფრთხეს უქადის როგორც მომავალი დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
გესტაციური შაქრიანი დიაბეტის სკრინინგი ყველა ორსულს უტარდება. იყენებენ გლუკოზატოლერანტულ ტესტს: ორსულს ასმევენ 200-250 მლ წყალში გახსნილ 50 გ გლუკოზას, 1 საათის შემდეგ კი ვენიდან სისხლს უღებენ. თუ გლიკემიის დონემ 7,8 მმოლ`ლ-ს გადააჭარბა, დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება გლუკოზისადმი ტოლერანტობის 3-საათიანი ტესტი 100-გრამიანი გლუკოზით.
ორსულთა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიეტას, ზომიერ და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და სისხლში გლუკოზის დონის მუდმივ კონტროლს. თუ დიეტით მიზანს ვერ მივაღწიეთ, აუცილებლად უნდა დაინიშნოს ინსულინთერაპია.
მშობიარობის შემდეგ გლუკოზის ცვლა, წესისამებრ, ნორმას უბრუნდება, თუმცა გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ მშობიარობიდან 5 წლის განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ცხოვრების ჯანსაღი წესი საფრთხეს საგრძნობლად ამცირებს.
პირის ღრუს პრობლემები
გინგივიტი, ღრძილების ანთება, გესტაციური პერიოდის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა – ზოგიერთი კვლევის თანახმად, ის ორსულთა 30%-ს აქვს. ორსულთა გინგივიტის გამომწვევი მთავარი ფაქტორი ბაქტერიული ინფექციაა, ანთების სიმპტომები კი ჰორმონულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ პირის ღრუს მოუვლელობის ფონზე და უკვე არსებული გინგივიტის გამწვავებისას იჩენს თავს.
ორსულობის დროს პირის ღრუში იმატებს ანაერობული მიკროორგანიზმების წილი (ესენი ის მიკროორგანიზმები არიან, რომლებიც მხოლოდ უჰაერო გარემოში, უჟანგბადოდ ცოცხლობენ). ჰორმონ პროგესტერონის დონის მომატება კაპილარების რაოდენობის ზრდას და ამის შედეგად ექსუდაციის გაძლიერებას იწვევს. ორსულობის ფონზე სუსტდება ლიმფოციტებისა და ანტისხეულების ფუნქცია, რასაც, თავის მხრივ, იმუნური პასუხის დასუსტებამდე და გინგივიტის გამწვავებამდე მივყავართ. ესტროგენისა და პროგესტერონის მატება ღრძილის ეპითელიუმის გარქოვანების შემცირებას და ეპითელური გლიკოგენის მატებასაც უწყობს ხელს, ეს ცვლილებები კი ეპითელური ქსოვილის ბარიერულ, დამცავ ფუნქციას აქვეითებს. ყოველივე ამის შედეგად პირის ღრუში ღრძილების ანთებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.
ანთების ნიშნები, ღრძილების შეშუპება, სისხლდენა და ჰიპერემია (ღრძილების შეწითლება), ორსულობის მესამე ან მეოთხე თვიდან უფრო თვალსაჩინო ხდება, პიკს აღწევს მერვე თვეს, მეცხრე თვიდან კლებას იწყებს, მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ კი ღრძილის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ ნორმას უბრუნდება.
პიოგენური გრანულომა, რომელიც ორსულთა სიმსივნის სახელითაც არის ცნობილი, ღრძილის ჭარბი ლოკალური ზრდაა, უმეტესად – კბილთაშორისი დვრილის ან თავისუფალი ღრძილის ანუ ღრძილის კიდური ნაწილის მიდამოში. ღრძილი ამ დროს სოკოს ფორმას იღებს. პათოლოგიური ქსოვილი უმტკივნეულო ან ოდნავ მგრძნობიარეა, ადვილად სისხლმდენი, მოწითალო-მოიასამნისფრო ან მუქი ციანოზური, რბილი, პრიალა. ორსულობის დროს მისი მოკვეთა რეკომენდებული არ არის, მშობიარობის შემდეგ ის პატარავდება და შესაძლოა გაქრეს კიდეც, მაგრამ თუ გრანულომამ საღეჭ ზედაპირს მიაღწია და ლუკმის ღეჭვის დროს დაზიანდა, მის ზედაპირზე წყლულები გაჩნდება და მტკივნეული გახდება. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.
ორსულობას ხშირად ახლავს თან კალციუმის დაქვეითება. ადრეული ტოქსიკოზის, უფრო ზუსტად, ხშირი ღებინების გამო ორგანიზმში ამ მინერალის დეფიციტი წარმოიშობა. კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები (გასტრიტი, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი), რომლებიც ზოგჯერ ერთვის ორსულობას, არღვევს კალციუმის შეწოვის პროცესს, რასაც ორგანიზმში ამ ელემენტის დონის ორმაგ დაქვეითებამდე მივყავართ. სწორედ ამიტომ იჩენს თავს კბილების დაზიანება ყველაზე მეტად ორსულობის პერიოდში.
როგორ მკურნალობენ
ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ბოლო კვირას სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება არ არის რეკომენდებული (თუ არ დასტურდება მწვავე პროცესი, რომლის მკურნალობის გადადებაც შეუძლებელია). გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება (პულპის ამოღება, განაკვეთის გატარება და დრენირება, კბილის ამოღება) ნებადართულია ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, ტკივილის შესამსუბუქებლად და ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად. გარდა ამისა, შეიძლება ქვისა და ნადების მოცილება (სკეილინგი) და ფესვის ზედაპირის გასუფთავება, რესტავრაცია, არხშიდა მკურნალობა. სკეილინგი და ფესვის გასუფთავება ორსულობის ნებისმიერ პერიოდშია ნებადართული, დანარჩენი პროცედურების ჩატარება კი მეორე ან მესამე ტრიმესტრში ჯობს.
ორსულობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევა ქირურგიული მანიპულაციები, არამც და არამც არ შეიძლება კბილის იმპლანტაცია. არც კბილების გათეთრებაა მიზანშეწონილი, ვინაიდან ორსულთა უმრავლესობას გინგივიტი აქვს – გათეთრების პროცედურამ შესაძლოა ღრძილების მდგომარეობა დაამძიმოს.
უროლოგიური პრობლემები
ორსულობის დროს საკმაოდ ხშირია საშარდე სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა – მექანიკური: ნაყოფი რაც უფრო იზრდება, მით უფრო აწვება შარდსაწვეთს და შარდის ბუშტს, ეს კი შარდის შეგუბებას, თანმხლებ ჩივილებსა და გართულებებს იწვევს. ორსულობის დროს დაახლოებით 30%-ით იმატებს სისხლში პლაზმის რაოდენობა. ბუნებრივია, ესეც ახდენს გავლენას თირკმლის მუშაობაზე. გარდა ამისა, ორსულობამ შესაძლოა გაამწვავოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადება ან ხელი შეუწყოს ფარული პრობლემის გამოვლენას. მომავალი დედები ყველაზე ხშირად საშარდე გზების ინფექციას უჩივიან. ის შესაძლოა დაორსულებამდეც ჰქონდეს ქალს, მაგრამ არ იცოდეს, ორსულობამ კი ინფექციის კლინიკურ გამოვლენას მისცეს ბიძგი.
დეფლორაციის (საქალწულე აპკის გარღვევა) შემდეგ ხშირად ვითარდება საშარდე გზების ინფექცია. ამასთან, ქალის ანატომია ხელს უწყობს გენიტალური და საშარდე გზების ინფექციათა შერწყმას.
საშარდე გზების ინფექცია იწვევს შარდვის გახშირებას, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას, წვას, თუმცა შესაძლოა, ეს ნიშნები მხოლოდ ნაყოფის ზეწოლითაც იყოს გამოწვეული და სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვდეს. ზოგჯერ კი საპირისპირო სურათი გვაქვს – ე.წ. უსიმპტომო ბაქტერიურია: პაციენტი არაფერს უჩივის, შარდის ანალიზი კი ბაქტერიულ ინფექციას ავლენს. ასეთ დროს, მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, მკურნალობა აუცილებელია, რომ ფარულმა ინფექციამ გართულებები არ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისას შარდის ჩაბარება, განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა ქალს რამე.
როგორ ვიქცევით
ნებაზე მიშვებულმა საშარდე გზების ინფექციამ შესაძლოა გენერალიზება განიცადოს და ტემპერატურის მატება, ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ნაყოფის სისხლმომარაგების დარღვევა გამოიწვიოს. ზოგჯერ საქმე მძიმე პათოლოგიამდე – ეკლამფსიამდე და პრეეკლამფსიამდეც კი მიდის. საშარდე გზების ინფექცია ადვილად დასტურდება შარდის საერთო ანალიზით. ამის შემდეგ ტარდება ექოსკოპიური კვლევა, რომელმაც შესაძლოა ცალ ან ორივე მხარეს შარდსაწვეთზე ნაყოფის ზეწოლა გამოავლინოს. ზეწოლა შარდის შეგუბებას იწვევს და ხშირად სწორედ ამ ფონზე ვითარდება ინფექცია, თუმცა არ არის გამორიცხული, ინფექციური პროცესი შარდის შეგუბების გარეშეც განვითარდეს. ისიც სავსებით შესაძლებელია, შეგუბება ინფექციაში არ გადაიზარდოს.
ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ინიშნება სათანადო ანტიბაქტერიული მკურნალობა. ცხადია, იმ მედიკამენტებით, რომლებიც ნაყოფის განვითარებაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. ზოგ შემთხვევაში ტარდება ბაქტერიოლოგიური ანალიზი და წამლები მიკროფლორის მიხედვით შეირჩევა.
მარი მარღანია