მერკელის უჯრედების კარცინომა
გააზიარე:
მერკელის უჯრედების კარცინომა (MCC) კანის კიბოს იშვიათი, აგრესიული სახეობაა. ის ვითარდება ეპიდერმისის შემადგენლობაში შემავალი მერკელის უჯრედებისგან, რომლებიც ნერვულ დაბოლოებებს უკავშირდება და მსუბუქი შეხების შეგრძნებაში გვეხმარება.
მერკელის უჯრედები ნეიროენდოკრინული უჯრედებია – ჰორმონს გამოიმუშავებს, ამიტომ მათგან წარმოშობილ სიმსივნეს კანის ნეიროენდოკრინულ კარცინომასაც უწოდებენ.
მერკელის უჯრედების კარცინომა იშვიათ სიმსივნედ მიიჩნევა, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების რიცხვი სწრაფად იზრდება. შესაძლოა, იმიტომ, რომ დიაგნოსტიკის მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება, თუმცა მომატებულია რისკფაქტორების მოქმედებაც, მაგალითად, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმატებს, გარდა ამისა, სუსტი იმუნური სისტემის მქონე უფრო მეტი ადამიანი ცოცხლობს დიდხანს. მერკელის უჯრედების კარცინომით დაავადებულთა უმეტესობა კი ასაკოვანი თეთრკანიანი მამაკაცია.
მიზეზები და რისკფაქტორები
დადგენილია, რომ მერკელის უჯრედების კარცინომის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მერკელის უჯრედების პოლიომავირუსი, რომელიც მრავალი ადამიანის კანზე ბინადრობს. ვირუსს შეუძლია უჯრედში შეღწევა და ისეთი პროტეინის წარმოქმნა, რომელიც გამორთავს სიმსივნის დამთრგუნველ გენებს.
მერკელის უჯრედების პოლიომავირუსი ძალიან გავრცელებულია, ხოლო მერკელის უჯრედების კარცინომა – ძალიან იშვიათი, ამიტომ ვარაუდობენ, რომ კიბოს განვითარება დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც:
* ბუნებრივი (მზის) ან ხელოვნური (ნათურების) ულტრაიისფერი სხივების ჭარბ ზემოქმედებაზე. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს კანის უჯრედებში არსებულ დნმ-ს. მერკელის უჯრედების კარცინომა უმეტესად სხეულის იმ უბანზე ვითარდება, რომელსაც ხშირად ხვდება მზე;
* იმუნური სისტემის სისუსტეზე. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, მათ შორის – აივ-ინფიცირებულებს და ლეიკემიით დაავადებულებს, რომლებიც იღებენ იმუნური პასუხის დამთრგუნველ წამლებს, უფრო ხშირად უვითარდებათ მერკელის უჯრედების კარცინომა;
* კანის სხვა კიბოზე (მაგალითად, ბაზალურუჯრედოვან ან ბრტყელუჯრედოვან კარცინომაზე) ანამნეზში;
* ასაკზე. მერკელის უჯრედების კარცინომის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იმატებს. უმთავრესად 50 წელს გადაცილებულებთან გვხვდება, თუმცა შეიძლება, ნებისმიერ სხვა ასაკშიც განვითარდეს;
* ბაც კანზე – მერკელის უჯრედების კარცინომა თეთრკანიანებთან უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე შავკანიანებთან.
სიმპტომები
მერკელის უჯრედების კარცინომის პირველი ნიშანია სწრაფად მზარდი უმტკივნეულო კვანძი. კვანძი შეიძლება იყოს კანისფერი, წითელი, ლურჯი, მეწამული. უმეტესად სახეზე, თავზე ან კისერზე ჩნდება, მაგრამ შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ სხვა ადგილზეც, იქაც კი, სადაც მზის სხივები არ ხვდება. ზოგჯერ წარმონაქმნს თავი ეხსნება და სისხლი დის, ზოგჯერ წყლულდება.
თუ კანზე შეამჩნევთ ხალს, ლაქას, მუწუკს, რომელიც იცვლის ზომას, ფორმას ან ფერს, სწრაფად იზრდება ან მცირე ტრავმის შედეგადაც კი (დაბანა, გაპარსვა) ადვილად იწყებს სისხლდენას, მიმართეთ ექიმს.
გართულებები
მკურნალობის დროსაც კი მერკელის უჯრედების კარცინომის მეტასტაზები ადვილად ვრცელდება მთელ სხეულში, უპირველეს ყოვლისა – მიმდებარე ლიმფურ კვანძებში, მოგვიანებით – ტვინში, ძვლებში, ღვიძლში, ფილტვებში, და შესაძლოა, შეაფერხოს მათი მუშაობა.
დიაგნოსტიკა
ტარდება საეჭვო წარმონაქმნის ბიოფსია – მოკვეთენ კანის ნიმუშს და ლაბორატორიაში შეისწავლიან. შესაძლოა, ჩატარდეს მოდარაჯე ლიმფური კვანძის ბიოფსიაც. მოდარაჯეს უწოდებენ პირველ ლიმფურ კვანძს, რომელშიც შეიძლება მეტასტაზი გავრცელდეს. მას კიბოს მახლობლად კანში სპეციალური საღებავის შეყვანით აღმოაჩენენ.
მეტასტაზების გამოსარიცხად ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია, გულმკერდისა და მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია, პოზიტრონემისიური ტომოგრაფია (PET) ან ოქტრეოტიდით სკანირება.
მკურნალობა
მერკელის უჯრედების კარცინომის მკურნალობა შეიძლება სხვადასხვა მიდგომით:
* ქირურგიულად – ოპერაციის დროს ამოიკვეთება სიმსივნე მის გარშემო მდებარე ნორმალურ კანთან ერთად. თუ კიბო გავრცელებულია ლიმფურ კვანძებში, მათაც ამოკვეთენ.
* სხივური თერაპიით – სხივური ანუ რადიაციული თერაპია გულისხმობს მაღალი ენერგიის სხივებით სიმსივნეზე ზემოქმედებას. ზოგჯერ ის ტარდება ოპერაციის შემდეგ დარჩენილი კიბოს უჯრედების გასანადგურებლად. რადიაცია მკურნალობის ერთადერთი მეთოდია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოპერაციას ვერ იკეთებენ.
* იმუნოთერაპიით – იმუნოთერაპია გულისხმობს ისეთი მედიკამენტებით მკურნალობას, რომლებიც იმუნურ სისტემას კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება. ამ მეთოდს ყველაზე ხშირად მაშინ მიმართავენ, როდესაც მერკელის უჯრედების კარცინომა სხეულის სხვა უბნებშია გავრცელებული.
* ქიმიოთერაპია. არსებობს დასალევი და გადასასხმელი პრეპარატები, რომლებიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს. მერკელის უჯრედების კარცინომის დროს ამ წამლებს იყენებენ, როცა სიმსივნე ვრცელდება ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში ან ხელახლა ვითარდება მკურნალობის შემდეგ, რაც არცთუ იშვიათია.
პრევენცია
მიუხედავად იმისა, რომ არ დადასტურებულა მერკელის უჯრედების კარცინომის განვითარებაში მზის სხივების გადამწყვეტი როლი, მათი ზემოქმედება მაინც რისკის ფაქტორად მიიჩნევა. მზის სხივებთან კონტაქტის შემცირებამ შესაძლოა კანის კიბოს რისკიც შეამციროს, ამიტომ:
* ერიდეთ მზეს პიკის საათებში – დილის 10-დან ნაშუადღევის 4-მდე.
* დაიცავით კანი და თვალები. ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, მჭიდროდ ნაქსოვი ტანსაცმელი და მზის სათვალე, რომელსაც ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან დაცვის ფუნქცია აქვს.
* წაისვით მზისგან დამცავი საშუალება უხვად და ხშირად. საშუალება უნდა იყოს ფართო სპექტრის და ჰქონდეს, სულ მცირე, 30-ის ტოლი SPF. ღრუბლიან დღეებშიც კი წაისვით უხვად და გაიახლეთ ორ საათში ერთხელ, თუ ცურავთ ან ძლიერ ოფლიანდებით – უფრო ხშირადაც.
* დაითვალიერეთ კანი. თუ შეამჩნევთ ხალს, ლაქას ან მუწუკს, რომელსაც ეცვლება ზომა, ფორმა ან ფერი, მიმართეთ ექიმს. კანის წარმონაქმნების უმეტესობა კიბოდ არ გადაგვარდება, მაგრამ კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსს.
მარი აშუღაშვილი