მოპულსირე ტინიტუსი - მფეთქავი ხმაური ყურებში

გააზიარე:

ტინიტუსი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ესმის ხმები, რომლებსაც გარეგანი წყარო არ გააჩნია. ხმები მრავალფეროვანია: წუილი, შუილი, ბზუილი, ზუზუნი, სტვენა, შიშინი, შრიალი, ჩხრიალი, გუგუნი, ბაგუნი და სხვა.

არსებობს ტინიტუსის ფორმა, როდესაც ხმები რიტმულია და გულისცემას ემთხვევა. ასეთ ტინიტუსს მოპულსირეს ვუწოდებთ.

მოპულსირე ტინიტუსი ვლინდება ერთ ან ორივე ყურში რეგულარული რიტმული ბაგუნით, შიშინით ან სხვა ხმიანობით. ის ხშირად გულისცემასთან არის სინქრონიზებული. როდესაც  გულისცემა ჩქარდება, ჩქარდება ხმაც, როდესაც ნელდება – ხმიანობის რიტმიც იკლებს.

ძლიერი დატვირთვის დროს საკუთარი გულისცემა თითქმის ყველას ჩაესმის, მაგრამ მოპულსირე ტინიტუსის მქონე ადამიანები ხშირად მოსვენების დროსაც გრძნობენ პულსაციას, ღამის სიჩუმეში კი ის უფრო შესამჩნევია.

ზოგიერთ შემთხვევაში ხმაური ჩნდება და ქრება, ზოგიერთ შემთხვევაში მუდმივია. ზოგ პაციენტთან ის გამაღიზიანებელია, მაგრამ არა ხელის შემშლელი, ზოგთან კი იმდენად ინტენსიური, რომ ადამიანს ყოველდღიური რიტმიდან აგდებს, ურღვევს ძილს.

მიზეზები

ტინიტუსის მიზეზს ყოველთვის ვერ ადგენენ, თუმცა მოპულსირე ფორმის დროს მისი დადგენის ალბათობა უფრო მეტია. ზოგჯერ მოპულსირე ტინიტუსი სხვა, სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის პირველი ნიშანია.

მოპულსირე ტინიტუსის უშუალო მიზეზად მიიჩნევა სისხლის მოძრაობის ცვლილება კისრის, თავის ქალას ფუძის ან თავად ყურის სისხლძარღვებში ან ამ სისხლის მოძრაობის აღქმის შეცვლა.

სისხლის მოძრაობის ცვლილება შესაძლოა გამოიწვიოს:

* სისხლის ნაკადის მომატებამ მთელ სხეულში – სწრაფად მოძრავი სისხლი უფრო მეტ ხმაურს გამოსცემს, ვიდრე ნელა მოძრავი. სისხლის ნაკადის მომატებას, თავის მხრივ, იწვევს ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ორსულობა, ანემია, ჰიპერთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური გააქტიურება;

* სისხლის ნაკადის ადგილობრივმა მომატებამ:

- შუა ყურში მდებარე უზანგის არტერია, წესისამებრ, ბავშვის დაბადებამდე იხურება. თუ ღია დარჩა, მასში მოძრავმა სისხლის ნაკადმა შესაძლოა მოპულსირე ტინიტუსი გამოიწვიოს;

- თავისა და კისრის სიმსივნეებს, წესისამებრ, თან ახლავს პათოლოგიური სისხლძარღვების წარმოქმნა. საბედნიეროდ, იმ სიმსივნეების უმეტესობა, რომლებიც მოპულსირე ტინიტუსს იწვევს, კეთილთვისებიანია;

* სისხლის ტურბულენტურმა ნაკადმა – თუ ათეროსკლეროზის (არტერიების გამკვრივების) გამო სისხლძარღვის შიდა ნაწილმა ფორმა იცვალა, სისხლის ნაკადი უფრო ტურბულენტური და ხმაურიანი ხდება.

სისხლის მოძრაობის აღქმის შეცვლას განაპირობებს გამტარებლობითი სმენის დაქვეითება (დაფის აპკის პერფორაცია, ყურის საცობი) ან სასმენის გზების გადაჭარბებული მგრძნობელობა.

რაზე მიუთითებს

მოპულსირე ტინიტუსით შესაძლოა გამოვლინდეს:

* ათეროსკლეროზი. ცხიმებისა და სხვა ნივთიერებებისგან შემდგარი ნალექი არტერიის კედელზე გროვდება, მკვრივდება და სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს, რაც ამცირებს სხეულის შესაბამისი ნაწილისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს. თუ არტერია ყურებისკენ, კისრისკენ, თავისკენ მიემართება, შესაძლოა, ერთ ან ორივე ყურში მოპულსირე ტინიტუსი განვითარდეს.

* ყურების ახლოს მდებარე სისხლძარღვთა პათოლოგიები, მათ შორის – ანევრიზმა (სიხლძარღვის კედლის გამობერვა) და არტერიოვენური მალფორმაცია (არტერიებისა და ვენების ერთმანეთში გადასვლა პირდაპირ, კაპილარების გარეშე);

* ყურის ანომალიები. შიგნითა ყურის ვესტიბულურ აპარატში არსებული სამი არხიდან ერთ-ერთია ზედა ნახევარწრიული არხი. ზედა ნახევარწრიული არხის ნაპრალის სინდრომის მქონე პაციენტებს პათოლოგიურად თხელი აქვთ ან საერთოდ არ გააჩნიათ საფეთქლის ძვლის ის ნაწილი, რომელიც ამ არხს ფარავს. ასეთ ადამიანებს ხშირად აწუხებთ მოპულსირე ტინიტუსი;

* ყურის მახლობლად გამავალი ვენებისა და არტერიების მიმდებარე ძვლების გათხელება ან არარსებობა;

* სისხლის მაღალი წნევა. როდესაც არტერიული წნევა მაღალია,  სისხლის ნაკადი საძილე არტერიაში უფრო ტურბულენტურად მოძრაობს, რაც იწვევს მოპულსირე ხმას;

* თავისა და კისრის სიმსივნეები. თავისა და კისრის გლომუსური სიმსივნე, პარაგანგლიომა, იშვიათი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის ყველაზე ხშირად საუღლე ვენის იმ ნაწილში ჩნდება, რომელიც შუა ყურის ქვემოთ მდებარეობს. გლომუსური სიმსივნე უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, ამიტომ მოპულსირე ტინიტუსის გამოწვევა მხოლოდ ყურთან სიახლოვის გამოც შეუძლია. ტინიტუსის განვითარების შანსი უფრო მეტია, თუ სიმსივნე შუა ყურსა და ტვინში ჩაიზარდა და თავის ან კისრის სისხლძარღვებს დააწვა.

* იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. როცა ქალაშიდა წნევა მომატებულია, მომატებულია თავის ტვინის ირგვლივ მდებარე ცერებროსპინალური სითხეც. მისი ზეწოლა იწვევს თავის ტკივილს, მხედველობის გაორებას, თვალის უკანა მიდამოს ტკივილს და მოპულსირე ტინიტუსს. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ჭარბწონიან ქალებთან, თუმცა ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება განვითარდეს.

* სინუსის კედლის ანომალიები – სიგმოიდური სინუსის დივერტიკული და ნაპრალი. სიგმოიდური სინუსი არხია, რომელსაც ვენური სისხლი თავის ტვინში გადააქვს, ხოლო მისი  დივერტიკული – პატარა ჯიბე, რომელიც ამოდის ყურის უკან მდებარე მასტოიდურ ძვალში. ნაპრალი გულისხმობს ძვლის იმ ნაწილის არარსებობას, რომელიც მასტოიდურ ძვალში გარს აკრავს სიგმოიდურ სინუსს;

* სხვა დარღვევები. მოპულსირე ტინიტუსისთვის დამახასიათებელი ხმების სხვა მიზეზებია: ანემია, გამტარებლობითი სმენის დაქვეითება, თავის ტრავმა, ჰიპერთირეოზი და სხვა.

დიაგნოსტიკა

თუ ეჭვობთ, რომ მოპულსირე ტინიტუსი გაქვთ, უნდა გაიაროთ საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა ოტორინოლარინგოლოგთან. პაციენტთა დაახლოებით მესამედისთვის ტინიტუსის მიზეზი უცნობი რჩება, მაგრამ სერიოზული სამედიცინო მიზეზების გამორიცხვა მაინც აუცილებელია.

ექიმი გამოგკითხავთ სამედიცინო ისტორიას, საფუძვლიანად გაგისინჯავთ თავსა და კისერს, შესაძლოა, გაგიზომოთ თვალშიგა წნევა ან, საჭიროებისამებრ, ჩაგიტაროთ:

  • ანგიოგრაფია;
  • კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA);
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);
  • მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (MRA);
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI);
  • საფეთქლის ძვლის CR სკანირება;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა.

შესაძლოა, სისხლის ანალიზით გამორიცხოს ანემია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა.

მკურნალობა

მოპულსირე ტინიტუსი ზოგჯერ თავისთავადაც გაივლის. თუ გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება მოხერხდა, განკურნების მაჩვენებელი მაღალია.

როდესაც მიზეზია ჰიპერთირეოზი, ინტრაკრანიალური წნევის მომატება ან ანემია, ინიშნება შესაბამისი წამლები.

როდესაც მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა, მარეგულირებელი მედიკამენტების მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლაც: ვარჯიში, მოწევისთვის თავის დანებება, წონის დაკლება.

როდესაც ტინიტუსი გამოწვეულია სისხლძარღვთა პათოლოგიით, სიმსივნით, ყურის ანომალიით, შესაძლოა, დაინიშნოს ქიურგიული მკურნალობა, ხოლო ანევრიზმის შემთხვევაში – სტენტირება.

სიმპტომების მართვის ტექნიკა

თუ სერიოზული მიზეზი გამოირიცხა, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ტექნიკა სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურია ხმის თერაპია, იგივე ხმის გამდიდრება. იმის გამო, რომ ტვინს მხოლოდ ერთ რამეზე შეუძლია ფოკუსირება, სასიამოვნო, დამამშვიდებელი ბგერების მოსმენა ასუსტებს ტინიტუსის ხმაურის აღქმას, ამცირებს კონტრასტს შიდა ხმაურსა (ტინიტუსი) და გარე ხმაურს (გარემოს ხმას) შორის. ის მეყსეულად აძლევს შვებას ადამიანს და საქმეზე ფოკუსირებას უადვილებს. ხმის თერაპია დამოუკიდებლადაც გამოიყენება და სხვა მეთოდებთან ერთადაც. მისი მიზანია, შეცვალოს ტინიტუსის აღქმა ან მასზე რეაქცია. ხმას შეუძლია გადართოს ტვინი სხვა ხმაზე ან დაგვეხმაროს ტინიტუსთან შეგუებაში, რომ საბოლოოდ შევძლოთ მისი იგნორირება.

ხმის გამდიდრება შეიძლება როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო მოწყობილობებითაც. ერთი მათგანია თეთრი ხმაურის აპარატი. თეთრი ხმაური არის ყველა იმ სიხშირის ბგერების ერთდროული ჟღერა, რომლებიც ადამიანის აღქმის დიაპაზონში მდებარეობს. მას მიეკუთვნება  ტელევიზორის შრიალი, წყლის ჩხრიალი, კონდიციონერის გუგუნი, ვენტილატორის, ფენის, წვიმის, ოკეანის, ჩანჩქერის ხმები.

ხმის წარმომქმნელი ზოგიერთი მოწყობილობა მცირე ზომისაა და ადამიანს ისევე შეუძლია მისი ტარება, როგორც სასმენი აპარატის.

ვისაც მსგავსი მოწყობილობა არ აქვს, შესაძლოა, დაეხმაროს კონდიციონერის ან ვენტილატორის ხმა, განსაკუთრებით – ძილის წინ. ასევე შვების მომგვრელია ბუნების ხმები, მშვიდი, მომადუნებელი მუსიკა.

ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურია:

* კოგნიტიური ქცევითი თერაპია (CBT);

* მედიტაცია;

* სარელაქსაციო ტექნიკები;

* ტინიტუსის გადამზადების თერაპია – ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამა, რომელსაც აუდიოლოგი მართავს. ის მოიცავს ხმის შენიღბვას (ძირითადად – ყურში სატარებელი მოწყობილობით)  და პროფესიონალის კონსულტაციას. შედეგად დროთა განმავლობაში ადამიანს ნაკლებად აწუხებს ყურებში ხმაური.

გაუფრთხილდით ყურებს

ტინიტუსი ყოველთვის არ იკურნება, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ეჩვევა მას და უფრო ნაკლებად წუხდება, ვიდრე თავიდან.

მდგომარეობა რომ არ გაუარესდეს, დაიცავით სმენა. მაღალმა ხმამ შესაძლოა დააზიანოს ყურის ნერვები, რაც სმენის დაქვეითებას და ყურებში ხმაურს გამოიწვევს. თუ ხმაურინ გარემოში გიწევთ ყოფნა, გეკეთოთ დამცავი. ყურსასმენებით ნუ მოუსმენთ ხმამაღალ მუსიკას. ერიდეთ ალკოჰოლს,  კოფეინს და ნიკოტინს – ამ ნივთიერებებმა, განსაკუთრებით – ჭარბი გამოყენებისას, შესაძლოა გავლნა მოახდინოს სისხლის ნაკადზე და ხელი შეუწყოს ტინიტუსის განვითარებას.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: