ბედნიერი ბავშვი

გააზიარე:

ბავშვის ბედნიერებაზე მშობლები ისევე უნდა ზრუნავდნენ, როგორც მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ხშირად ამას არასწორად აკეთებენ. იმისთვის, რომ ბავშვი ბედნიერი იყოს, უპირველესად საბაზისო, აუცილებელი მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული და ამ მოთხოვნილებების ჩამონათვალში სულაც არ შედის მაღალტექნოლოგიური გაჯეტები, ვიდეოთამაშები და ლამაზი ტანსაცმელი.

რა არის აუცილებელი ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის? რა უნდა ვიცოდეთ მისი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ? როგორ ვასწავლოთ მას ბედნიერად ცხოვრება?

რაც ყველა ბავშვს სჭირდება

ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას იმდენი რესურსი სჭირდება, ზოგჯერ მშობლებს ენერგია აღარ ჰყოფნით, რომ სხვა საზრუნავსაც გაუმკლავდნენ, არადა არსებობს საჭიროებები, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად უნდა დავუკმაყოფილოთ, რომ თავი მშვიდად, დაცულად იგრძნონ და ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ბედნიერ ადამიანებად გაიზარდონ. ესენია:

* დაცულობა. ბავშვი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს, ჰქონდეს თავშესაფარი, საკვები, ტანსაცმელი, საჭირო სამედიცინო დახმარება და დაცული იყოს ზიანისგან.

* სტაბილურობა. სტაბილურობის შეგრძნება ოჯახისა და საზოგადოებისგან მოდის. იდეალურ შემთხვევაში ოჯახი ერთად უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ეს შეუძლებელია და ოჯახი იშლება, მნიშვნელოვანია, ბავშვის ცხოვრება რაც შეიძლება ნაკლებად შეირყეს. ბავშვები და ოჯახები უნდა მიეკუთვნებოდნენ უფრო დიდ გაერთიანებებს. ეს მათ ანიჭებს კუთვნილების, ტრადიციების, კულტურული უწყვეტობისა და მთლიანობის განცდას.

* თანმიმდევრულობა. არ შეიძლება, დედა და მამა "კარგი და ცუდი პოლიციელის" როლებს თამაშობდნენ. ისინი უნდა შეთანხმდნენ აღზრდის საკითხებზე და ერთნაირად იმოქმედონ, უნდა დარწმუნდნენ, რომ მნიშვნელოვან ფასეულობებს არ ცვლიან.

* ემოციური მხარდაჭერა. მშობლების სიტყვებმა და საქციელმა უნდა წაახალისოს ბავშვის ნდობა, პატივისცემა, თვითშეფასება და დამოუკიდებლობა.

* სიყვარული. მშობლების მიერ სიყვარულის გამოხატვას შეუძლია გადაწონოს მათ მიერ აღზრდაში დაშვებული თითქმის ყველა შეცდომა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა შვილები არ გემორჩილებიან, გიბრაზდებიან, გიჯანყდებიან, თქვენი სიტყვებით და საქციელით აჩვენეთ, რომ გიყვართ ისინი და ყოველთვის გეყვარებათ.

* განათლება. ბავშებს უნდა მისცეთ საუკეთესო განათლება იქიდან, რისი შესაძლებლობაც გაქვთ, მაგრამ სკოლასა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, რომლებსაც ბავშვი მშობლებთან ერთად გატარებული დროის განმავლობაში იღებს.

* პოზიტიური მოდელები. ბავშვებს სჭირდებათ მისაბაძი ადამიანები. ასეთები მათთვის, უპირველეს ყოვლისა, მშობლები არიან.  ჩაუნერგეთ შვილს სწორი ღირებულებები, ასწავლეთ თანაგრძნობა, იყავით ისეთი ადამიანები, როგორიც გინდათ გახდეს თქვენი შვილი.

* სტრუქტურა. წესები და საზღვრები აუცილებელია. მათ გარეშე ბავშვები იძულებულნი არიან, მანამდე გახდნენ დიდები, ვიდრე ამისთვის მზად იქნებიან. წესებისა და შეზღუდვების გარეშე აღზრდილი ბავშვები კარგავენ პატივისცემას მშობლებისა და სხვა უფროსების მიმართ.

დრო

ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენ დროს გაატარებენ მშობლები მათთან ერთად – რაც უფრო მეტია ეს დრო, მით უფრო მეტია შანსი, ბავშვის მოთხოვნილებები მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული. ამიტომ, რა მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ, შვილისთვის ყოველდღე გამონახოთ დრო.

ფიზიკური ჯანმრთელობა

ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში ეყრება საფუძველი მის ჯანმრთელობას და განვითარებას. ვიზიტების დროს პედიატრი ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ბავშვის განვითარება ასაკობრივ ნორმებს, გვაწვდის ინფორმაციას სავალდებულო და რეკომენდებული აცრების შესახებ, გვაძლევს რჩევებს სწორი კვების, ფიზიკური აქტივობისა და ძილის თაობაზე – ეს სამი რამ უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე, მის განწყობაზე.

***

კვება

ბავშვის კვება იმავე პრინციპებს ემყარება, რასაც მოზრდილთა კვება. ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება ვიტამინების, მინერალების, ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სრულფასოვანი და დაბალანსებული მიღება. ბავშვის ორგანიზმი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს ითხოვს. ისიც გასათვალისწინებელია, რამდენ ენერგიას ხარჯავს ბავშვი დღის განმავლობაში.

რაციონი მაქსიმალურად მდიდარი უნდა იყოს ნუტრიენტებით. უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ის მაღალკალორული პროდუქტები, რომლებსაც კვებითი ღირებულება არ აქვს (შაქარი, ნაჯერი ცხიმები).

რეკომენდებულია:

* ცილოვანი საკვები – ზღვის პროდუქტები, საქონლისა და ღორის მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ლობიო, ბარდა, სოია, უმარილო თხილეული და თესლეული;

* ხილი – როგორც ახალი, ისე დაკონსერვებული, გაყინული და გამხმარი (ჩირი). გაითვალისწინეთ, რომ 1`4 ჭიქა ჩირი ერთ ულუფა ხილის ტოლფარდია;

* ბოსტნეული ნებისმიერი სახით – ახალი, დაკონსერვებული, გაყინული, გამომშრალი. ფერად ბოსტნეულთან ერთად კვირაში ერთხელ შესთავაზეთ ბარდა ან ლობიოც. ეცადეთ, დაკონსერვებული ბოსტნეული ნაკლებ ნატრიუმს შეიცავდეს;

* მარცვლეული (სასურველია მთლიანი, გაუფცქვნელი) და მისი პროდუქტები  – პური, მაკარონი, ფაფა, ბატიბუტი (ნაკლებმარილიანი და ნაკლებცხიმიანი), კინოა. ბრინჯი უმჯობესია იყოს ყავისფერი ან შავი (ველური);

* უცხიმო ან დაბალცხიმიანი რძე და რძის ნაწარმი – მაწონი, იოგურტი, ყველი.

შეამცირეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს:

* დამატებულ შაქარს (ასეთია თეთრი და ყავისფერი შაქარი)- ნატეხი ან ფხვნილი, სიმინდის დამატკბობელი, სიმინდის სიროფი, თაფლი), ტკბილ გაზიან სასმელებს, ასვით მხოლოდ 100%-იანი, უშაქრო ხილის წვენი;

* ნაჯერ ცხიმებს. მათი ძირითადი წყარო ცხოველური საკვებია: წითელი ხორცი,  ქათმის ხორცი, კარაქი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, პიცა, ჰოთ-დოგი, სენდვიჩი, ბურგერი, შაურმა, ნამცხვრები, ნაყინი. საჭმლის მომზადებისას ეცადეთ, ნაჯერი ცხიმები ჩაანაცვლოთ მცენარეული და თხილის ზეთებით, რომლებიც შეიცავს ძირითად ცხიმოვან მჟავებს და ვიტამინ E-ს;

* მარილს. ბევრი ბავშვი ჭარბ მარილს მოიხმარს. წაახალისეთ შვილი, ჩიფსებისა და კრეკერების ნაცვლად ხილი და ბოსტნეული ჭამოს. მაღაზიაში შეამოწმეთ ეტიკეტი და აირჩიეთ პროდუქტი, რომელშიც ნატრიუმის შემცველობა დაბალია.

სწორი კვების სტრატეგია

რა ასაკის ბავშვიც არ უნდა გყავდეთ, შეგიძლიათ, სწორი კვებითი ჩვევების წასახალისებლად შემდეგი სტრატეგია გამოიყენოთ:

1. კვირაში ერთხელ მაინც გამართეთ ოჯახური სადილი.

სუფრასთან ოჯახური შეკრება დამამშვიდებლად მოქმედებს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზეც. ბავშვები, რომლებიც რეგულარულად სადილობენ ოჯახთან ერთად, უფრო ხშირად ჭამენ ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს და იშვიათად – არაჯანსაღ საკვებს. გარდა ამისა, ასეთი შეკრებები ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთთან ურთიერთობის დანაკლისი აინაზღაურონ.

2. იქონიეთ სახლში ჯანსაღი საკვების მარაგი.

ბავშვები, განსაკუთრებით – მცირე ასაკში, ძირითადად იმას ჭამენ, რაც სახლშია, ამიტომ ეცადეთ, შინ უმთავრესად ჯანსაღი პროდუქტი გქონდეთ.

* შესთავაზეთ ბავშვს ხილ-ბოსტნეული ყოველი ჭამის დროს.

* გაუადვილეთ ჯანსაღი ხემსის არჩევა – ეცადეთ, მისთვის მუდამ ხელმისაწვდომი იყოს ხილი, ბოსტნეული, უცხიმო იოგურტი, არაქისის კარაქი, მთლიანი მარცვლეულის კრეკერი, ყველი.

* ცილის წყაროდ აირჩიეთ მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო და თხილი.

*  პური და ბურღულეული მთლიანი მარცვლეულისა შეიძინეთ, რათა ბავშვმა მეტი ბოჭკო მიიღოს.

* შეუზღუდეთ ცხიმიანი საკვები – მსუქანი ხორცი, შემწვარი ხორცი, ძეხვეული, შაშხი, ლორი. აირჩიეთ კერძის მომზადების ჯანსაღი მეთოდები: ღუმელში გამოცხობა, გრილზე შეწვა, ორთქლზე მოხარშვა.

* რძის ნაწარმი შეიძინეთ დაბალცხიმიანი ან უცხიმო.

* მოარიდეთ ბავშვი სწრაფი კვების პროდუქტებს და ნუტრიენტებით ღარიბ საკვებს – ჩიფსებს, ტკბილეულს, მაგრამ მთლიანად არ ამოიღოთ საყვარელი საჭმელები მისი მენიუდან, ხანდახან მაინც მოუმზადეთ.

* ნუ დაალევინებთ დამატკბობლებით შეზავებულ სასმელებს – ლიმონათს, ხილის დაშაქრულ წვენებს. ასვით მეტი წყალი. შეიძლება უცხიმო რძეც.

3. მიეცით მაგალითი

ჯანსაღი კვების წასახალისებლად საუკეთესო გზა პირადი მაგალითია. კარგი იქნება, თუ ბავშვი დაინახავს, რომ თქვენც ჭამთ ხილ-ბოსტნეულს და ერიდებით ნაკლებად სასარგებლო საკვებს. ეცადეთ, ულუფებიც ზომიერი იყოს.

4. ნუ იჩხუბებთ საკვების გამო

ბავშვის უჭმელობა ხშირად იქცევა კონფლიქტის მიზეზად. მშობლები ევაჭრებიან პატარებს, ცდილობენ მათ მოქრთამვას, რომ ჯანსაღი საკვები აჭამონ. უმჯობესია, ბავშვებს არჩევანი მისცეთ, მაგრამ უმთავრესად ჯანსაღი საკვებიდან – თავად გადაწყვიტონ, შიათ თუ არა, თქვენ მიერ შეთავაზებულ რომელ კერძს შეჭამენ და რამდენს, თავად კი აკონტროლეთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომი საკვების მარაგი, კვების დრო და კვებათა შორის შუალედი.

* ჩამოაყალიბეთ კვების პროგნოზირებადი გრაფიკი – თუ ბავშვმა ჭამაზე უარი თქვა, თქვენც და მასაც გეცოდინებათ, როდის მოუწევს მომდევნო კვება.

* თუ ბავშვი დანაყრდა და მეტი აღარ უნდა, ნუ აიძულებთ თეფშის მოსუფთავებას – ამით ის დანაყრების გრძნობის გადალახვას მიეჩვევა.

* ნუ მოისყიდით და ნუ დააჯილდოებთ ტკბილეულით. ნუ დაჰპირდებით კერძის შეჭმისთვის ჯილდოს.

* ნუ გამოიყენებთ საკვებს სიყვარულის გამოხატვის საშუალებად. თუ სიყვარულის გამოხატვა გსურთ, ჩაეხუტეთ, ესაუბრეთ, შეაქეთ.

5. ჩართეთ ბავშვები კერძის მომზადების პროცესში.

ბავშვების უმეტესობა სიამოვნებით მონაწილეობს სადილის დაგეგმვაში. ზოგს პროდუქტების შეძენასა და კერძის მომზადებაში დახმარებაც უყვარს. ასწავლეთ მაღაზიაში ეტიკეტების შემოწმება, სამზარეულოში მიეცით ასაკის შესაბამისი დავალებები.

 ***

ფიზიკური აქტიურობა

ბავშვების უმეტესობას დღეში ერთსაათიანი ფიზიკური დატვირთვა მაინც სჭირდება.

რეგულარული აქტიურობა აძლიერებს კუნთებს და ძვლებს, ავითარებს ჯანსაღ აღნაგობას, ხელს უშლის ჭარბი წონის, ხოლო პერსპექტივაში – დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას. ვარჯიშის შედეგად რეგულირდება არტერიული წნევა, მცირდება სისხლში ქოლესტეროლის დონე, იმატებს ცხოვრების ხალისი, რეგულირდება ძილი, იმატებს აკადემიური მოსწრება, მცირდება დეპრესიის განვითარების ალბათობა.

ბავშვები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, უკეთესად უმკლავდებიან ფიზიკურ და ემოციურ გამოწვევებს.

ფიტნესის სამი ელემენტი

თუ დააკვირდებით ბავშვებს სათამაშო მოედანზე, ფიტნესის სამ ელემენტს შეამჩნევთ: სირბილის დროს ვარჯიშდება გამძლეობა, ხელებით ტრენაჟორებზე კონწიალისას – ძალა, ჩამუხვლისას ან თასმის შეკვრისას – მოქნილობა. წაახალისეთ შვილები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში.

გამძლეობა ვითარდება, როდესაც ბავშვი რეგულარულად არის დაკავებული აერობული აქტივობით. ამ დროს მუშაობს სხეულის დიდი კუნთები, გული უფრო სწრაფად სცემს, ხშირდება სუნთქვა. ეს აძლიერებს გულს და აუმჯობესებს უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. აერობული აქტივობაა სიარული, სირბილი, ველოსიპედით ან გორგოლაჭებით ქროლა, კალათბურთის, ფეხბურთის, ჩოგბურთის თამაში, ცურვა.

ძალის მოსამატებლად არ არის აუცილებელი სიმძიმის აწევა – ამასვე აკეთებს აზიდვები იატაკზე, ძელზე, პრესის ვარჯიშები, ცოცვა, ხელებზე დგომა, ჭიდაობა.

სირბილი, ხტუნვა, ასკინკილა აძლიერებს კუნთებს და ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას.

გაჭიმვები აუმჯობესებს მოქნილობას, რის შედეგადაც კუნთები და სახსრები ადვილად  მუშაობს. ბავშვებს გაჭიმვა უწევთ, როდესაც მაღალზე შემოდებულ სათამაშოს იღებენ, შპაკატზე ჩაჯდომას ან ყირაზე გადასვლას ცდილობენ. მოქნილობას ავარჯიშებს, მაგალითად, ცეკვა, იოგა, კარატე და მსგავსი საბრძოლო ხელოვნებები.

მჯდომარე ცხოვრების პრობლემა

ბავშვები ყოველდღე საათობით სხედან: სკოლაში – მერხთან, შინ – სამუშაო მაგიდასთან, დასვენებისას – ეკრანებთან (ტელევიზორთან, კომპიუტერთან, ტაბლეტით ან სათამაშო სისტემით ხელში). ფიზიკური აქტივობის უკმარისობამ შესაძლოა წონის არასასურველი მატება გამოიწვიოს.

ბავშვის ფიზიკურად გააქტიურების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მჯდომარე აქტივობების შეზღუდვა. გთავაზობთ  ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიერ (AAP) მოწოდებულ რეკომენდაციებს:

  • დააწესეთ შეზღუდვა ინტერნეტის გასართობ პლატფორმებსა თუ სოციალურ ქსელში გატარებულ დროზე.
  • 2-5 წლის ბავშვები ეკრანთან არ უნდა ატარებდნენ დღეში ერთ საათზე მეტს, 18 თვეზე უმცროსი ასაკის პატარები კი საერთოდ არ უნდა მიაკაროთ ეკრანს. გამონაკლისია ვიდეოჩათი.
  • აარჩიეთ ხარისხიანი გასართობი გადაცემები და უყურეთ შვილებთან ერთად, რათა ნანახის გაგებაში დაეხმაროთ.
  • ბავშვის საძინებელში ნუ გექნებათ ტელევიზორი, კომპიუტერი, ტაბლეტი, ტელეფონი, ვიდეოთამაშების სისტემა.
  • გამორთეთ ეკრანი ჭამის დროს.

რამდენი ვარჯიშია საკმარისი?

სამ წლამდე ასაკის ბავშვები დღეში სამი საათი მაინც უნდა იყვნენ აქტიურები. ეს დრო უნდა მოიცავდეს მსუბუქ აქტივობასაც და ენერგიულ მოძრაობებსაც (ხტუნვა, სირბილი).

სკოლამდელი ასაკის ბავშვები, სასურველია, დღეში სამ საათს მაინც უთმობდნენ აქტიურ თამაშს. ამაში შედის არასტრუქტურული თავისუფალი თამაშიც და ზრდასრულთა ხელმძღვანელობით დაგეგმილი ფიზიკური აქტივობებიც.

6-7 წლის ბავშვებისთვის აუცილებელია ზომიერი ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვა დღეში 60 წუთის ან მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო კვირაში, სულ მცირე, სამი დღე – კუნთებისა და ძვლების გამაძლიერებელი ვარჯიშებიც.

მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უმოქმედოდ გატარებული დრო არ უნდა აღმატებოდეს ერთ საათს, სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის – ორ საათს.

ბავშვები აქტიურები რომ იყვნენ:

  • წაახალისეთ ასაკის შესაბამისი სახალისო თამაშებში მონაწილეობისკენ.
  • დააწესეთ ფიზიკური დატვირთვის რეგულარული გრაფიკი.
  • აქციეთ აქტიურობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად, მაგალითად, ლიფტის ნაცვლად იარეთ კიბით.
  • მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მიეცით მაგალითი ოჯახის უმცროს წევრებს.
  • ივარჯიშეთ და ითამაშეთ ერთად.
  • ეს ყველაფერი აკეთეთ ხალისით და მხიარულად.

 ***

 ძილი

სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ყველა ბავშვს არ აქვს მოწესრიგებული ძილი. ამერიკის პედიატრიის აკადემიის მონაცემებით, ძილის პრობლემები ბავშვების 25-50 პროცენტს აწუხებს.

რითია მნიშვნელოვანი

ძილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის გონებრივ განვითარებაში. ის გავლენას ახდენს ბედნიერებაზე, აზროვნების სისხარტეზე, ყურადღებაზე, კოგნიტიურ ფუნქციებზე, განწყობაზე, გამძლეობაზე, ლექსიკის ათვისებაზე, დასწავლაზე, მეხსიერებაზე. სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ძილი აუცილებელია მეხსიერების განსამტკიცებლად, შერჩევითი  ყურადღებისა და მოტორული უნარების განსავითარებლად. გარდა ამისა, დადასტურებულია ძილის გავლენა ზრდაზე, განსაკუთრებით – ადრეულ ბავშვობაში.

რა ხდება, როცა ბავშვს საკმარისად არ სძინავს?

ბავშვი, რომელსაც კარგად არ სძინავს, შესაძლოა იყოს ბრაზიანი, ჰიპერაქტიური – იმდენად, რომ მისი საქციელი ჰგავდეს ADHD-ს (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის) სიმპტომებს. უძილობამ შესაძლოა გააუარესოს ყურადღება, გავლენა მოახდინოს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანახმად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მეოთხედს ნორმალურად არ სძინავს. მიზეზია ალერგიული რინიტი, იმუნიტეტის პრობლემები, შფოთვა, დეპრესია. ბავშვობაში ცუდი ძილი  კი ზრდის მომავალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის, დიაბეტის, მაღალი წნევის განვითარების რისკს.

ძილის ნაკლებობა აუარესებს მოზარდის აკადემიურ მოსწრებას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

როგორ დავეხმაროთ

ბავშვის ზრდასთან ერთად ძილის მოთხოვნილებაც იცვლება, მაგრამ განურჩევლად იმისა, ორი წლის პატარასთან გაქვთ საქმე თუ ჯიუტ მოზარდთან, ძალიან სასარგებლოა ძილისწინა რუტინა. რისგანაც არ უნდა შედგებოდეს ის, ეცადეთ, ყოველდღე შეასრულოთ ერთი და იგივე ქმედებები ერთი და იმავე თანმიმდევრობით.

ძილისწინა რუტინა შეიძლება მოიცავდეს:

* კომპიუტერის, ტელევიზორის, ტელეფონის გამორთვას;

* პიჟამის ჩაცმას და კბილების გახეხვას;

* მსუბუქი წიგნის წაკითხვას, იავნანას სიმღერას, ბანაობას;

* საყვარელი ფუმფულა სათამაშოს ან პლედის არჩევას.

ბავშვის დასაწვენად საუკეთესოა ის დრო, როცა მას ეძინება და არა ის, როცა უკვე სძინავს. ასე ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას ისწავლის. თუ სკოლამდელი ასაკის პატარას ღამით გაეღვიძა და მოგაკითხათ, თავის საწოლში დააბრუნეთ. მშობლის საწოლში არც ჩვილის დაძინებაა რეკომენდებული – ეს ზრდის ახალშობილთა უეცარი სიკვდილის რისკს. 

დამხმარე რჩევები

ძილზე ისიც ახდენს გავლენას, როგორ გაატარა ბავშვმა დღე, ამიტომ:

  • დღის განმავლობაში მისდიეთ დასვენებისა და თამაშის დაბალანსებულ გრაფიკს.
  • ბავშვი დააწვინეთ ერთსა და იმავე დროს.
  • საწოლი ოთახი ან კუთხე ეკრანისგან თავისუფალ ზონაში მოუწყვეთ.
  • უზრუნველყავით ბავშვის ჯანსაღი კვება.
  • საძინებელში შეინარჩუნეთ სიგრილე.
  • სინათლის დასაბლოკავად გამოიყენეთ მუქი ფარდები, თუ ბავშვს სიბნელის ეშინია – ღამის ნათურა.
  • უზრუნველყავით სიჩუმე. თუ გარედან ხმაური შემოდის, გამოიყენეთ თეთრი ხმაურის აპარატი.
  • ძილის წინ არ მისცეთ ტკბილეული და კოფეინის შემცველი სასმელი. თუ ჭამას ითხოვს, შესთავაზეთ ჯანსაღი ხემსი.

რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვანია, მაგრამ ბავშვი არ უნდა გადაიღალოს, რათა ღამით კარგად ეძინოს. გადაღლილობა ხშირად ართულებს დაძინებას.

ჩვილებს ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული ცირკადული რიტმი, ამიტომ იშვიათად სძინავთ მთელი ღამე და ეს ნორმალურია. თუ ბავშვი ბუნებრივად ვერ იბრუნებს ძილს, დაამშვიდეთ ლაპარაკით ან შეხებით, ხელში ნუ აიყვანთ. თუ ტირილს განაგრძობს, შეუმოწმეთ საფენი. თუ ის მშრალია, საკვები შესთავაზეთ. ეცადეთ, სწრაფად და ჩუმად მოაგვაროთ პრობლემა ღამის განათების ფონზე და მშვიდად გაეცალეთ.

1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ ძილის გრაფიკი, რომელშიც შედის დღის ძილიც. ბავშვის ძილის პრობლემებს ემატება განშორების შფოთვა, რაც ვლინდება ძილის წინ დროის გაყვანით და სიჯიუტით. შფოთვის შესამცირებლად მიეცით ბავშვს არჩევანი: აარჩევინეთ პიჟამა ან წიგნი, რომელსაც ძილის წინ წაუკითხავთ. ეცადეთ, იყოთ მომთმენი, მტკიცე, მაგრამ მოსიყვარულე, რადგან თქვენგან ძალაუფლების ჩვენება მისი მხრივ უფრო მკვეთრ პასუხს გამოიწვევს.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს ხშირად აქვთ დატვირთული გრაფიკი, რამაც შესაძლოა გაართულოს ღამის ძილი. ეცადეთ, ბავშვმა დაიცვას რეჟიმი და ძილის წინ მხოლოდ ისეთი აქტივობები შეასრულოს, რომლებიც მოდუნებასა და ჩაძინებაში დაეხმარება.

მოზარდებს ცირკადული რიტმი განსხვავებული აქვთ, მათ გვიან ეძინებათ და გვიან ეღვიძებათ, ამიტომ ხშირად აგვიანდებათ სკოლაში. შეგიძლიათ, დაეხმაროთ და მასთან ერთად შეადგინოთ ძილის ჯანსაღი რეჟიმი, რომელიც შეესაბამება მოზარდის ცხოვრების წესს. მოზარდები ბევრ რამეში მშობლებს ბაძავენ, ამიტომ თავადაც ჯანსაღი ძილის რეჟიმი შეინარჩუნეთ.

ეცადეთ, ბავშვის ძილის გრაფიკი უქმე დღეებშიც არ დაირღვეს. შეამცირეთ კლასგარეშე აქტივობები, თუ ამჩნევთ, რომ ბავშვს ძილისთვის საკმარისი დრო არ რჩება.

თუ იცავთ ჯანსაღი ძილის ჰიგიენას. მაგრამ ბავშვს მაინც გამუდმებით ეძინება, უჭირს ჩაძინება ან ღამით კარგად ვერ სძინავს, მიმართეთ ექიმს. კონცენტრაციის გაძნელება, ჰიპერაქტიურობა და სწავლაში თავჩენილი სირთულეები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ბავშვს სრულფასოვანი ძილი აკლია.

 ***

მენტალური ჯანმრთელობა

ბავშვის ფიზიკური მოთხოვნილებების ამოცნობა ადვილია: ბავშვს სჭირდება ჭამა, სიცივეში თბილი ტანსაცმლის ჩაცმა, განსაზღვრულ საათებში დაძინება, – მისი ფსიქიკური და ემოციური მოთხოვნილებები კი შესაძლოა არც ისე აშკარა იყოს. ჯანსაღი ფსიქიკა ხელს უწყობს მკაფიო აზროვნებას, სოციალურ განვითარებას, ახალი უნარების დასწავლას. ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს თავდაჯერება, ადეკვატური თვითშეფასება და ცხოვრების მიმართ ჯანსაღი ემოციური დამოკიდებულება, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებისა და უფროსების მხარდაჭერა.

ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძვლებია:

  • უპირობო სიყვარული ოჯახიდან;
  • თავდაჯერება და მაღალი თვითშეფასება;
  • სხვა ბავშვებთან თამაშის შესაძლებლობა;
  • წახალისება მასწავლებლებისა და მომვლელებისგან;
  • უსაფრთხო და დაცული გარემო;
  • შესაბამისი მითითებები და დისციპლინა.

უპირობო სიყვარული

სიყვარული, უსაფრთხოება და მიღება ოჯახური ცხოვრების ქვაკუთხედი უნდა იყოს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენი სიყვარული მათ მიღწევებზე არ არის დამოკიდებული. მათ მარცხს და შეცდომებს მშობლები უნდა ელოდნენ და იღებდნენ.

თავდაჯერება და თვითშეფასება

შეაქეთ ბავშვი, როცა პირველ ნაბიჯებს გადადგამს ან ახალ თამაშს ისწავლის. წახალისება მას სურვილს უღვივებს, უფრო ღრმად შეისწავლოს თავისი გარემო. უპოვეთ უსაფრთხო ადგილი, სადაც არ დაშავდება. დაამშვიდეთ ღიმილით და ხშირად ესაუბრეთ. მიიღეთ აქტიური მონაწილეობა მის საქმიანობაში. თქვენი ყურადღება ბავშვებს თავდაჯერებისა და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

დაუსახეთ რეალისტური მიზნები – მცირეწლოვან ბავშვებს სჭირდებათ მიზნები, რომლებიც აკმაყოფილებს მათ ამბიციებს და შეესაბამება მათ შესაძლებლობებს. თქვენი დახმარებით ბავშვს შეუძლია, აირჩიოს ისეთი აქტივობები, რომლებიც გამოცდის მის უნარებს და თავდაჯერებას შემატებს ბავშვს.

იყავით გულწრფელი – ნუ დაუმალავთ თქვენს წარუმატებლობას შვილებს. მათთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყველა ვცდებით, რომ დიდებიც არ არიან სრულყოფილები.

მოერიდეთ სარკასტულ გამონათქვამებს – თუ ბავშვმა თამაში წააგო ან ტესტი ვერ ჩააბარა, ფრთხილად ჰკითხეთ, რას გრძნობს. შესაძლოა, იმედგაცრუებული იყოს და გამხნევება სჭირდებოდეს.

მიაჩვიეთ ბავშვები, არა მხოლოდ შეასრულონ დავალება, არამედ ამ პროცესით სიამოვნებაც მიიღონ. ახალი აქტივობების მოსინჯვა ბავშვებს ასწავლის გუნდურ მუშაობას, განუვითარებს ახალ უნარებს და დაანახებს საკუთარ შესაძლებლობებს.

თამაში

წაახალისეთ ბავშვები სათამაშოდ –თამაში ისევე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, როგორც კვება და კარგი მოვლა. ის ხელს უწყობს კრეატიულობის განვითარებას, პრობლემების გადაჭრის უნარების გამომუშავებას, თვითკონტროლის სწავლას. თამაში, რომელიც სირბილს მოითხოვს, არა მხოლოდ სახალისოა, არამედ სასარგებლოც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

ბავშვებს სჭირდებათ თანამოაზრეები – მათ უნდა გაატარონ დრო თანატოლებთან ერთად. სხვებთან თამაშის დროს ბავშვები აღმოაჩენენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, უვითარდებათ მიკუთვნებულობის გრძნობა და სწავლობენ ურთიერთობას.

თქვენც ითამაშეთ ბავშვებთან ერთად, ასწავლეთ, რომ ითამაშონ გასართობად, რომ გამარჯვება არ არის დიდად მნიშვნელოვანი. ბავშვს უნდა ჰკითხოთ: "გაერთე?" და არა "მოიგე?"

მითითებები და დისციპლინა

ბავშვებს სჭირდებათ შესაძლებლობა, გამოიკვლიონ თავიანთი შესაძლებლობები, განივითარონ ახალი უნარები და დამოუკიდებლობა, მაგრამ, იმავდროულად, უნდა ისწავლონ, რომ ზოგიერთი ქცევა მიუღებელია და ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ქცევის შედეგებზე.

იყავით მტკიცე, მაგრამ კეთილი, მიეცით კარგი მაგალითი, გააკრიტიკეთ ქცევა და არა ბავშვი, მოერიდეთ ჩხუბს, მუქარას და მოსყიდვას – ბავშვები ისწავლიან ყვირილის იგნორირებას, ხოლო მუქარა და ქრთამი იშვიათად არის ეფექტური. აუხსენით, რას ემსახურება ესა თუ ის წესი, რა შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს. ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე. დროდადრო ყველას გვეშლება ნერვები. თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, აუხსენით, რამ გაგაბრაზათ. თუ დამნაშავე ხართ, ბოდიშიც მოუხადეთ.

დაიმახსოვრეთ, დისციპლინის მიზანია არა ბავშვის კონტროლი, არამედ ის, რომ მან თვითკონტროლი ისწავლოს.

დაცული სახლი

თუ თქვენს შვილს აქვს შიშები, რომლებიც მის ქცევაზე გავლენას ახდენს, უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, რა აშინებს. იყავით მოსიყვარულე, მომთმენი, დაამშვიდეთ და არ გააკრიტიკოთ.

ასაკის მიხედვით

განვითარების ხელშესაწყობად ჩვილებს:

  • ეთამაშეთ და ჩაეხუტეთ;
  • ესაუბრეთ და უმღერეთ;
  • უპასუხეთ მათ ბგერებს სიტყვებით, რათა თანდათან შეძლონ სიტყვათა მნიშვნელობის გაგება.

ერთიდან სამ წლამდე ბავშვი უფრო მეტს მოძრაობს, იზრდება მისი ცნობისმოყვარეობა:

  • ყოველდღე უკითხეთ ასაკის შესაფერისი წიგნები;
  • ეთამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც ცნობისმოყვარეობასა და სწავლის სურვილს გაუღვივებს;
  • შესთავაზეთ მისთვის ნაცნობი საგნების დასახელება. დაიწყოს გარშემო არსებული საგნებით;
  • ერთად გამოიკვლიეთ გარემო სახლის გარეთ.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები უფრო დამოუკიდებლები და კიდევ უფრო ცნობისმოყვარეები არიან:

  • წაახალისეთ მათი სოციალური ინტერაქცია – სხვა ბავშვებთან თამაში;
  • დაიხმარეთ ასაკის შესაბამისი მარტივი სამუშაოების შესრულებაში. ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულებინეთ მარტივი დავალებები;
  • დაუწესეთ მკაფიო საზღვრები და დაისახეთ რეალისტური მოლოდინები. როდესაც ეუბნებით “არას”, შესთავაზეთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივა;
  • მიეცით მკაფიო არჩევანი, რათა მათთვის ადვილი გასაგები იყოს, გადაწყვეტილების მიღების შედეგად რას შეჭამენ, რას ჩაიცვამენ ან რას ითამაშებენ.

მცირეწლოვანი ბავშვები თანდათანობით სწავლობენ საკუთარი თავის გამოხატვას და ძლიერი ემოციების მართვას. როდესაც ისინი თავიანთი საჭიროებების გამოხატვას ვერ ახერხებენ, შესაძლოა, გაბრაზდნენ ან განერვიულდნენ. ასეთ დროს მათ   სჭირდებათ მოსიყვარულე ზრდასრული, რომელიც დაამშვიდებს და გრძნობების მართვაში დაეხმარება.

დაუშვებელია:

* ნებისმიერი ფორმის ძალადობა, მათ შორის – ყვირილი, ცემა. უარყოფით გარემოში ცხოვრებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკური სტრესი – არასასურველი რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე და შეუძლია, გრძელვადიან პრობლემებამდე მიგვიყვანოს.

* მშობლების ან ბავშვის ირგვლივ მყოფი ადამიანების ხშირი კამათი. დაძაბული გარემო ბავშვისთვისაც სტრესულია. შესაძლოა, მან თავი იგრძნოს მიტოვებულად, უმწეოდ და დაუცველად.

* ნებისმიერი სახის უგულებელყოფა. ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის ბავშვებს მუდმივი ყურადღება, სიყვარული და მზრუნველობა სჭირდებათ.

***

ბედნიერების ხელოვნება

რა ზრდის ბედნიერ ბავშვს, რომელიც ზრდასრულობაშიც ბედნიერი იქნება? როგორც კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვის მშვიდობიანი აღზრდის შესახებ ოცდახუთ ენაზე თარგმნილი ბესტსელერების ავტორი ლორა მარკჰემი აღნიშნავს, ბედნიერებაში გვეხმარება სხვადასხვა ჩვევა, რომელთა დასწავლა შესაძლებელია. ამ ჩვევების შეძენა მოზრდილებსაც შეგვიძლია, მაგრამ  უკეთესი იქნება, თუ ადამიანი მათ ბავშვობიდანვე გამოიმუშავებს.

ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ მათი მისია ბედნიერი ბავშვის აღზრდაა, მაგრამ ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ბავშვისთვის ბედნიერებაა იმის მიღება, რაც სურს. ასეთი ბედნიერება ხანმოკლეა და ადვილად მისაღწევი. გაცილებით რთული, მაგრამ სასარგებლოა ხანგრძლივი ბედნიერება, რომლის მიღების შანსი აღზრდის სათანადო მეთოდების გამოყენებისას იმატებს.

ბედნიერება ემოციური ჯანმრთელობის თანამდევი მდგომარეობაა. გასაოცარია ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის შედეგი: როცა უზრუნველყოფილია ადამიანის გადარჩენა, უსაფრთხოება და ძირითადი კომფორტი, გარეგანი ფაქტორები მისი ბედნიერების დონეზე დიდ გავლენას არ ახდენს.

ბედნიერების შეგრძნებაში წვლილი შეაქვს ჩვენს გენებსაც, თუმცა შესაძლებელია მათი ეფექტის გაძლიერება.

აღმოჩნდა, რომ ბედნიერებას ყველაზე მეტად განაპირობებს გონებრივი, ემოციური და ფიზიკური ჩვევები. სწორედ ისინი ქმნიან სხეულის იმ ქიმიას, რომელიც ჩვენი ბედნიერების დონეს განსაზღვრავს.

ზოგი ადამიანი უფრო მხნე და ოპტიმისტია, ვიდრე სხვები. ეს ნაწილობრივ თანდაყოლილია, განპირობებულია იმ გენებით, რომლებიც ბედნიერ განწყობას გვიქმნის, მაგრამ განწყობის დიდი ნაწილი ჩვევის შედეგია. იქნებ უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ შესაძლებელია, ზრდასრულ ასაკში ვიმყოფებოდეთ ბედნიერების დადგენილ წერტილში, რომელიც თავისთავად არ შეიცვლება, თუ ამაზე ჩვენ არ ვიმუშავეთ.

სამი მნიშვნელოვანი ჩვევა

ბედნიერება მჭიდროდ უკავშირდება:

1. მსოფლშეგრძნებას – რას ვფიქრობთ სამყაროს შესახებ, როგორ შევიგრძნობთ მას, როგორ აღვიქვამთ ჩვენს გამოცდილებას;

2. ყოფით და სოციალურ კულტურას, რაც მოიცავს რეგულარულ ვარჯიშს, ჯანსაღ კვებას, მედიტაციას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, სიცოცხლის სიხარულს, სიცოცხლით ტკბობას, ხშირ ღიმილსა და სიცილს;

3. ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიცაა თვითკონტროლი, შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა, სხვებზე ზრუნვა, თანამშრომლობა, გუნდურობა, გამბედაობა, ლიდერობა, პატიოსნება.

პრაქტიკაში ხასიათის ეს თვისებები მხოლოდ ჩვევებია – განსაზღვრულ სიტუაციებში განსაზღვრული გზებით მოქმედების ტენდენცია. ლოგიკურია, რომ რაც უფრო მეტად გამოვამჟღავნებთ ამ თვისებებს, მით უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრება, მით უკეთესი წარმოდგენა გვექნება საკუთარ თავზე და რაც უფრო მეტ აზრს ვიპოვით ცხოვრებაში, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით.

ზოგიერთი ჩვევა, უნარი, ხასიათის თვისება, რომელიც ხელს გვიწყობს ბედნიერების მიღწევაში, კარგად არის ცნობილი. მაგალითად, შრომა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობების დაფასება, სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნება, ფინანსების პასუხისმგებლობით განაწილება, წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სხვები უფრო პირადი ჩვევებია, რომლებიც გვიცავს უბედურებისგან და გვანიჭებს სიხარულს. ასეთებია განწყობის მართვა და ოპტიმიზმის განვითარება. თუ ამ ჩვევებს ჩვენი ცხოვრების ნაწილად ვაქცევთ, ისინი ავტომატიზებული გახდება და დამცავ ფუნქციას შეასრულებს, რაც უფრო მოქნილ პიროვნებებად გვაქცევს.

როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილსაც და საკუთარ თავსაც იმ ჩვევების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ბედნიერების განცდას უზრუნველყოფს?

კონსტრუქციული ჩვევები

გამოუმუშავეთ თქვენს შვილს ისეთი მენტალური ჩვევები, რომლებსაც ბედნიერების განცდა მოაქვს. ასეთებია განწყობის მართვა, საკუთარ თავზე პოზიტიური საუბარი, ოპტიმიზმის წახალისება, ცხოვრებით ტკბობა და ცხოვრების დღესასწაულად ქცევა, მადლიერება, თქვენი კავშირის, სამყაროსთან კავშირის და ბედნიერების მომტანი ყველა მოცემულობის დაფასება. ეს ყველაფერი ერთად გამოიყენეთ თქვენს ცხოვრებაში, რეგულარულად მოახდინეთ მოდელირება, აჩვენეთ მაგალითი, ესაუბრეთ მათ შესახებ. დროთა განმავლობაში თქვენი შვილიც გამოიყენებს მათ.

თვითმართვა

ჩაუნერგეთ შვილს თვითმართვის რუტინა, რომელიც ბედნიერების შეგრძნებას მიანიჭებს. რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება, მედიტაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბედნიერების დონეს, მაგრამ შესაძლოა, თქვენ და თქვენს შვილს გქონდეთ საკუთარი, უფრო პირადი სტრატეგიები, მაგალითად, ზოგს განწყობას უმაღლებს მუსიკის მოსმენა, ზოგს – ბუნების წიაღში გასეირნება და სხვა.

პოზიტიური თვითსაუბარი

იმუშავეთ აზროვნების განვითარებასა და პოზიტიურ თვითსაუბარზე. ყველას გვჭირდება გულშემატკივარი, რომელიც დაბრკოლებების გადალახვაში დაგვეხმარება. ზოგჯერ ეს როლიც თავად უნდა მოვირგოთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ბედნიერი ადამიანები თავს მუდმივად ინებივრებენ გამხნევებით, აღიარებით, შექებით და კეთილგანწყობილი საუბრებით. მიმართეთ საკუთარ თავს ისე, როგორც საყვარელ ადამიანს, ხმამაღლა გაამხნევეთ, შეაქეთ. როდესაც ამას ბავშვები დაინახავენ, თავადაც მოგბაძავენ.

ოპტიმიზმის განვითარება

ოპტიმიზმი უბედურად ყოფნისგან გვიცავს. მართალია, ზოგიერთი ჩვენგანი უფრო დიდ ოპტიმისტად იბადება, მაგრამ ამ თვისების განვითარება ყველას შეგვიძლია. დააკვირდით, როგორ აზროვნებს ბავშვი, მისთვის ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი? თუ თქვენი შვილი პესიმისტია, ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდი მას ემართება, სულ ცუდის მოლოდინი აქვს, დაეხმარეთ ოპტიმიზმის სწავლაში. უთხარით, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რასაც ვუყვებით საკუთარ თავს მომხდარის შესახებ, ვიდრე ის, რაც სინამდვილეში ხდება. ასწავლეთ მოვლენების რეალისტურად შეფასება, ასწავლეთ, უარყოფითად არ ისაუბროს საკუთარ თავზე. მიეცით ოპტიმიზმის მაგალითი, თუნდაც ყოველდღიური, თითქოს უმნიშვნელო საუბრისას: "დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიპოვით მანქანის გასაჩერებელ ადგილს" და არა "აქ ხომ მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერასოდეს ნახავ!"

სიხარული ყოველდღიურ ცხოვრებაში

დაეხმარეთ შვილს, მიიღოს სიხარული ყოველდღიური წვრილმანებისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ამჩნევენ ყოველდღიური ცხოვრების მცირე სასწაულებს, უფრო ბედნიერები არიან. ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ასეთი მოვლენებით: მზის ჩასვლა, რომელიც მუდამ საოცარია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე მეორდება, მეზობლის, გამყიდველის, მეეზოვის თბილი მოკითხვა, საყვარელი ავტორის ახალი წიგნის შეძენა,  ბებიასთან საუბარი... ბავშვები ჩვენს მაგალითზე სწავლობენ, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი.

როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა, შეგიძლია, ორნაირად იცხოვრო: ისე, თითქოს სასწაულები არ ხდება ან ისე, თითქოს მთელი ცხოვრება სასწაულია.

სიცილი

ამბობენ, რომ სიცილი საუკეთესო წამალია და ეს მართლაც ასეა. რაც უფრო მეტს ვიცინით, მით უფრო ბედნიერები ვართ. სიცილი რეალურად ცვლის ჩვენი სხეულის ქიმიას. ასე რომ,  შვილთან ერთად უყურეთ კომედიებს, წაიკითხეთ სასაცილო ამბები, ითამაშეთ სახალისო თამაშები.

მთავარია ურთიერთობები

ასწავლეთ ბავშვს, პრიორიტეტი ურთიერთობებს მიანიჭოს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბედნიერ ადამიანებს უფრო მეტ ხალხთან აქვთ ურთიერთობა და ეს ურთიერთობები უფრო ღრმაა. ასწავლეთ შვილს, რომ ურთიერთობებისთვის ღირს გარჯა.

მადლიერება

დაეხმარეთ შვილს მადლიერების გრძნობის განვითარებაში. ბედნიერება იმის მიღებას კი არ მოაქვს, რაც არ გვაქვს, არამედ იმის აღიარებასა და დაფასებას, რაც გვაქვს. ბევრს მიაჩნია, რომ ვერ იქნება მადლიერი, სანამ ბედნიერი არ გახდება, ანუ  სანამ არ მიიღებს რამე ისეთს, რისთვისაც მადლიერი იქნება. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ პირიქითაა: ადამიანები ბედნიერები არიან იმის გამო, რომ  მადლიერები არიან. ადამიანები, რომლებიც მადლიერების გრძნობას შეგნებულად ავითარებენ საკუთარ თავში,  უფრო ბედნიერები არიან.

ბავშვებმა თვითონ არ იციან, იღბლიანები არიან თუ არა. მათთვის იღბალი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მათ მეგობარს უფრო ძვირფასი ფეხსაცმელი აცვია. მაგრამ არსებობს მრავალი გზა, რათა მათში მადლიერება აღზარდოთ. ეცადეთ, ეს გააკეთოთ არა ლექციების კითხვით, არამედ მაგალითის მიცემით.

ნებისმიერი ემოციის მიღება

ცხოვრება სავსეა სიხარულით, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ადამიანის ცხოვრებაშიც კი ბევრი დანაკარგი და ტკივილია. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური დიდი თუ პატარა მიზეზები მწუხარებისთვის. უნდა ვიცოდეთ, რომ სევდის აღიარება არ არის უარყოფითზე ფოკუსირება, ეს არის საკუთარი თავის გახსნა ადამიანობის მთელ დიაპაზონში. სევდიანი გრძნობების მიღება აძლიერებს სიხარულის მიღების უნარს.

ასე რომ, ბედნიერების არჩევა არ ნიშნავს გრძნობების ჩახშობას. ეს ნიშნავს, რომ ვაღიაროთ და პატივი ვცეთ ჩვენს ყველა გრძნობას და მივცეთ საკუთარ თავს მათი განცდის უფლება.

თუ ბავშვს თანაუგრძნობთ, ეს მას დაეხმარება, შეიგრძნოს თავისი უარყოფითი ემოციები და შემდეგ გათავისუფლდეს მათგან. ოღონდ არ შეიძლება ამ პროცესის დაჩქარება, მიეცით შვილს (ან საკუთარ თავს) იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა.

განწყობის მართვა

დაეხმარეთ შვილს, ისწავლოს განწყობის მართვა. ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ თავადვე შეუძლია უსიამოვნო განწყობისგან თავის დაღწევა. ამისთვის საჭიროა:

* დააკვირდეს საკუთარ განწყობას;

* თავს ნება მისცეს, შეიგრძნოს ემოციები, მაგრამ იმავდროულად შეინარჩუნოს საკუთარი თავის სიყვარული;

* შეამჩნიოს უარყოფითი აზრები, რომლებიც იწვევს უსიამოვნო ემოციებს ("ჩემი შვილი ასე არ უნდა მოიქცეს! თუ ასე მოიქცა, საშინელ ადამიანად გაიზრდება!");

* აირჩიოს აზრი, რომელიც ოდნავ უკეთესად აგრძნობინებს თავს ("ჩემი შვილი ბავშვივით იქცევა, რადგან ბავშვია. ყოველთვის ასე არ იქნება").

ძნელია ცუდი განწყობის შეცვლა. სანამ უგუნებოდ ხარ, ძნელია, რამის შესაცვლელად კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, უიმედობიდან პირდაპირ მხიარულებაზე გადახვიდეთ. საკმარისია, იპოვოთ გზა, რომელიც თავს სულ ცოტათი უკეთესად გაგრძნობინებთ. მერე კი მწუხარების მიზეზის პოვნა და პრობლემის მოგვარებაც გაგიადვილდებათ. სიტუაციის შესაცვლელად ზოგჯერ ამ სიტუაციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შეცვლაც კმარა. ასე რომ, ნაცვლად ამისა: "ასე საძაგლად როგორ მოიქცა!“ – იფიქრეთ: "ბავშვები მშობლებზე ბრაზობენ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ახლა ჩემი შვილი ცუდად გრძნობს თავს და სჭირდება, რომ გავუგო".

როგორ დავეხმაროთ შვილს განწყობის მართვაში?

როცა კარგ გუნებაზეა, ესაუბრეთ იმ სტრატეგიებზე, რომლებსაც განწყობის გამოკეთება შეუძლია. ჰკითხეთ, რა მოქმედებს მასზე, გაუზიარეთ, რა მოქმედებს თქვენზე. როდესაც ცუდ გუნებაზეა, დაიწყეთ თანაგრძნობით. ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხეთ,  სურს თუ არა, განწყობის გამოკეთებაში დაეხმაროთ. შესაძლოა, ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღოთ დადებითი პასუხი, მაგრამ მალე შეამჩნევს, რამდენად უკეთესი ხდება მისი ცხოვრება, როცა ამას აკეთებს.

ბედნიერებას ვერ იყიდი

ჩვენს შვილებს ცხოვრებას მხოლოდ ჩვენ არ ვასწავლით. სხვადასხვა წყაროდან ისინი მუდმივად იღებენ მესიჯს, რომ ცხოვრების მიზანი ბევრი ფულისა და ბევრი ძვირფასი ნივთის ქონებაა. ჩვენს სიტყვებს და ჩვენს მაგალითს მათთვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. უნდა დავუპირისპირდეთ ამ გზავნილს.

კეთილი საქმეები

დაეხმარეთ შვილებს, ისწავლონ სიამოვნების მიღება საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეების კეთებით. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანით გამოწვეული სიამაყე ადამიანს აბედნიერებს. მშობლების ამოცანაა, ვიპოვოთ გზები, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ პოზიტიური ცვლილებების შეტანა სამყაროში, დატკბნენ ამით და ამ გამოცდილებით კეთილი საქმეების კეთება ისწავლონ.

კიდევ ერთი და შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ განწყობა გამოიკეთოთ, თავი თქვენც უკეთ იგრძნოთ და სხვასაც კარგად აგრძნობინოთ, არის სიყვარულის გამოხატვა გარშემო მყოფთა მიმართ. ამის გაკეთება შეგიძლიათ, როდესაც ბავშვთან ერთად სეირნობთ ან მაღაზიაში რამეს ყიდულობთ. როცა სიყვარულს გასცემთ, თქვენც გრძნობთ სიყვარულს. ჩვენ ჩვენდა უნებურად ყოველთვის ვასხივებთ იმას, რასაც ვგრძნობთ.

დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში მტკიცე ხასიათს ავითარებენ, ბედნიერების უფრო მაღალი დონე აქვთ, ვიდრე მათ, ვინც უბრალოდ უკეთესი დროის დადგომის მოლოდინით ცხოვრობს.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: