კვლევები მამაკაცებისთვის
Share:
ავადმყოფობასთან ბრძოლის ამოსავალი პრინციპი მისი დროული გამოვლენაა – ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში პათოლოგიური პროცესების უმეტესობა მკურნალობას ექვემდებარება. განვაგრძობთ საუბარს სადიაგნოზო კვლევებზე, რომელთა ჩატარება საჭიროა, რათა მამაკაცის სასქესო სისტემის სრულფასოვანი ფუნქციობა დიდხანს გაგრძელდეს.
DRE
რექტალური გამოკვლევა თითით გავრცელებული დიაგნოსტიკური მეთოდია. გასინჯვა ხდება სწორი ნაწლავის სანათურიდან. ინფორმაციულია სწორ ნაწლავში და მის ირგვლივ მდებარე ორგანოებსა და ქსოვილებში ცვლილებების არსებობისას. ვინაიდან პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, სწორი ნაწლავის წინ, შარდის ბუშტსა და ასოს შორის, მენჯის ფსკერის კუნთების ზემოთ მდებარეობს სწორი ნაწლავიდან მისი პალპაცია ადვილია. ამ მეთოდით პროსტატის პერიფერიული ზონის გამოკვლევაა შესაძლებელი, ეს ზონა კი სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან უმეტესად სწორედ იქ ვითარდება პროსტატის კიბო.
გასინჯვის პროცესი ხანმოკლეა, მაგრამ არცთუ სასიამოვნო, ამიტომ მამაკაცები ხშირად აჭიანურებენ ექიმთან მისვლას. პროცედურისთვის წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. წელს ქვემოთ შიშველი პაციენტი მკერდზე მუხლებმიბჯენილი წვება მაგიდაზე ან დგება და წინ იხრება. ექიმი ხელთათმანისა და ლუბრიკანტის გამოყენებით სწორი ნაწლავიდან უმტკივნეულოდ ატარებს თითით პროსტატის პალპაციას, ამოწმებს მის ზომას და ზედაპირის სტრუქტურას.
რექტალური გამოკვლევის წინ აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ბუასილი ან ანალური ნახეთქი – ამ დროს გასინჯვამ შესაძლოა სიმპტომების გამწვავება ან უკანა ტანიდან სისხლდენა გამოიწვიოს.
თუ პროსტატა გადიდებულია, გამოკვლევის დროს შესაძლოა იგრძნოთ მსუბუქი ტკივილი ან ზეწოლა. წინამდებარე ჯირკვლის ანთებაზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება შარდის სეგმენტური ანალიზი, რომლის საშუალებითაც ადგენენ შარდში არსებული ცვლილებების გენეზს.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, რექტალურ გამოკვლევასთან ერთად, აუცილებელია პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PშA) დონის განსაზღვრა ვენურ სისხლში. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად კი პროსტატის ბიოფსიაა მიჩნეული.
შარდის სეგმენტური ანალიზი
შარდის სეგმენტური ანალიზი პროსტატიტის, წინამდებარე ჯირკვლის ანთების, დიაგნოსტიკისთვის არის მნიშვნელოვანი. პროსტატას ჰისტოლოგიურად ორგვაროვანი აგებულება აქვს, რაც მის ორმაგ ფუნქციას უზრუნველყოფს: როგორც კუნთოვანი ორგანო, ის ქმნის შარდსადენის უნებლიე (გლუვკუნთოვან) მძლავრ სფინქტერს, ხოლო როგორც ჯირკვლოვანი, გამოიმუშავებს განსაკუთრებულ მკვებავ სეკრეტს, რომელიც სპერმატოზოიდების ფუნქციობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეაკულაციის (სპერმის დანთხევის) დროს კუნთოვანი უჯრედები იკუმშება, რის შედეგადაც პროსტატაში შენახული სითხე შარდსადენში გადადის და სპერმატოზოიდებს კვებისა და გადაადგილებისთვის საჭირო ნივთიერებებით უზრუნველყოფს.
გამოკვლევა მარტივია. ცალ-ცალკე ჭურჭელში გროვდება შარდის პირველი, მეორე და მესამე ულუფა. პროსტატის მასაჟის შემდეგ მიღებული შარდის მესამე ულუფა შეიცავს პროსტატის სეკრეტს. მისი ანალიზის დროს გამოვლენილი ცვლილებები, ანთებითი უჯრედებისა და ბაქტერიების არსებობა, მიუთითებს, რომ ანთებითი პროცესი სწორედ წინამდებარე ჯირკვალშია ლოკალიზებული. წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ჩვეულებრივი ანალიზით შეუძლებელია, მაღალი სიზუსტით ვიმსჯელოთ ცვლილებების გამომწვევი პროცესის ლოკალიზაციაზე, ვინაიდან ამ დროს პროსტატის სეკრეტი გაივლის ურეთრას (შარდსადენ მილს) და თუ მასში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, შედეგი ცრუ-დადებითი იქნება, ამიტომ პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის შარდის სეგმენტური ანალიზის მონაცემები უფრო სარწმუნოა.
შარდსადენი მილის გამოკვლევა
ურეთრის სტრიქტურა (შევიწროება), წესისამებრ, ანთებითი პროცესის ან ტრავმული დაზიანების შედეგია. დიაგნოზის დასასმელად და დაავადების ზუსტი მიზეზის დასადგენად შარდის ბაქტერიოლოგიურ ანალიზთან ერთად ტარდება უროდინამიკური ტესტებიც: არკვევენ, როგორ გროვდება შარდი შარდის ბუშტში და როგორ გამოიყოფა. უროდინამიკური ტესტებიდან აღსანიშნავია უროფლოუმეტრია, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება შარდის დინების სიჩქარე და მოცულობა. მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის მოცულობა შეიძლება განისაზღვროს ექოსკოპიურად ან შარდის ბუშტის კათეტერიზაციის გზით. კათეტერს, სპეციალურ წვრილ მილს, შარდის ბუშტში ათავსებენ და მოშარდვის შემდეგ ზომავენ, რა მოცულობის შარდი დარჩა ბუშტში.
ურეთრის ნაცხის გამოკვლევა
ურეთრიტისთვის – შარდსადენი მილის ლორწოვანი გარსის ანთებისთვის – ტიპობრივია გამონადენი სასქესო ასოდან, მაგრამ ისეც ხდება, რომ დაავადება გამონადენის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანმხლებ სიმპტომებს. ურეთრიტს, წესისამებრ, თან სდევს დიზურია (წვის ან ქავილის შეგრძნება შარდვის დროს) და სასქესო ასოს თავის გაღიზიანება. დიაგნოსტირება ურეთრის ნაცხის ან შარდის პირველი ულუფის გამოკვლევით ხდება. შარდსადენის ლორწოვანი გარსის ანთებას ხშირად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იწვევს.
პათოგენური მიკროორგანიზმების გამოსავლენად ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე ან მისი დასრულებიდან 72 საათის შემდეგ. მასალის აღებამდე პაციენტმა ორი საათის განმავლობაში არ უნდა მოშარდოს. საკვლევ მასალას იღებს უროლოგი ასეპტიკის წესების დაცვით.
შარდსადენი მილის ლორწოვანზე მუდმივად ბინადრობენ პირობით-პათოგენური მიკრობები. თუ ანალიზმა მათი ჭარბი გამრავლება აჩვენა, სავარაუდოდ, ანთება სწორედ ამ მიკრობებით იქნება გამოწვეული.
კვლევის ვიზუალური მეთოდები
ექოსკოპია, კვლევის ულტრაბგერითი მეთოდი, მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების მეშვეობით ქმნის სხეულის შიდა სტრუქტურების გამოსახულებას. ეს არის უსაფრთხო და არაინვაზიური პროცედურა, რომელსაც, ჩვეულებრივ, სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ. ულტრაბგერითი აპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი პროცედურების დროს, როგორიცაა ბიოფსია და ასპირაცია. რენტგენოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, ექოსკოპიის დროს არ გამოიყენება მაიონიზებელი გამოსხივება, რაც მას ხსენებულ კვლევებთან შედარებით უსაფრთხოდ აქცევს.
პროსტატის ტრანსაბდომინალური ულტრასონოგრაფია
უროლოგთან ვიზიტის დროს ამგვარი გამოკვლევა გარდაუვალია, რადგან ექიმს წინამდებარე ჯირკვლის ზომის, მოცულობისა და სტრუქტურის შესაფასებლად სჭირდება. მნიშვნელოვანია, პაციენტი გამოკვლევაზე მომზადებული მივიდეს. პროსტატა სრულფასოვნად რომ დათვალიერდეს, შარდის ბუშტი სავსე უნდა იყოს – სავსე შარდის ბუშტი ქმნის იმ “ფანჯარას”, რომელიც წინამდებარე ჯირკვლის ვიზუალიზაციისთვის არის საჭირო. თუ მიზეზთა გამო მუცლის ზედაპირიდან პროსტატის ჯეროვნად დათვალიერება ვერ მოხერხდა, გადადიან წინამდებარე ჯირკვლის ტრანსრექტალურ კვლევაზე. ამ დროს ექიმს ზონდი ლუბრიკანტის დახმარებით უმტკივნეულოდ შეჰყავს სწორი ნაწლავის სანათურში, საიდანაც შესაძლებელია პროსტატის ვიზუალიზაცია და დეტალურად დათვალიერება.
ტრანსრექტალური მეთოდი ტრანსაბდომინალურ ექოსკოპიაზე გაცილებით ზუსტ და მკაფიო გამოსახულებას იძლევა. პროცედურისთვის წინასწარ მომზადება არ არის საჭირო. ის უმტკივნეულო და ხანმოკლეა. ამ გზით ფასდება პროსტატის სიმსივნის გავრცელება. ტრანსრექტალური ექოსკოპიის საშუალებით 1 სმ3 მოცულობის სიმსივნური კერების აღმოჩენაა შესაძლებელი.
პროსტატის მიკროექოსკოპია არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც პროსტატის დაავადებების გამოსავლენად გამოიყენება. ჩვეულებრივი ექოსკოპის ულტრაბგერის რხევის სიხშირე 6-7 მეგაჰერცს არ აღემატება, მიკროექოსკოპს კი 29 მეგაჰერცი სიხშირის ულტრაბგერის გენერირება შეუძლია, რაც მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციას და უნიკალურ გარჩევადობას ნიშნავს. აპარატი ზუსტად ახდენს წინამდებარე ჯირკვალში საეჭვო ქსოვილის დიფერენცირებას და ამგვარი რეგიონების ვიზუალიზაციას. მიკროექოსკოპია პროსტატის კიბოს აღმოჩენის თითქმის 100%-იან გარანტიას იძლევა. მას ძალიან მცირე ზომის (თმის ღერისოდენა) წარმონაქმნებისც გამოვლენაც კი შეუძლია.
მიკროექოსკოპია საგანგებოდ წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა უჯრედულ დონეზე შესასწავლად არის მოწოდებული. მისი მეშვეობით ვლინდება როგორც წინამდებარე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესი (პროსტატიტი), ისე პროსტატის ახალწარმონაქმნები, კერძოდ, დიაგნოსტირდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (ადენომა) და ავთვისებიანი სიმსივნეები.
მაღალი ხარისხის გამოსახულების წყალობით, მიკროექოსკოპია ექიმებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ ე.წ. დამიზნებითი ბიოფსია, რაც ქსოვილოვანი მასალის მხოლოდ დაზიანებული, სიმსივნური უბნებიდან აღებას გულისხმობს.
ბრმა თუ დამიზნებითი
ბიოფსია არის დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად ინიშნება და დაზიანებული ქსოვილიდან მასალის აღებას და მის მიკროსკოპიულ გამოკვლევას გულისხმობს. წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია წარმოადგენს პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს. ის იმ პაციენტებთან იგეგმება, რომელთაც რექტალური გასინჯვისას აღმოაჩნდათ მკვრივი სიმსივნური ტიპის კვანძები, ხოლო სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონე მომატებული აქვთ. ნორმაში პსა-ს მაჩვენებელი არ აღემატება 2 ნგ`მლ-ს (წინათ ნორმად ითვლებოდა 0-დან 4 ნგ`მლ-მდე მაჩვენებელი), თუმცა, რომც აღემატებოდეს, ეს ავტომატურად პროსტატის კიბოს არ ნიშნავს და არც პროსტატის ბიოფსიის ჩატარების აუცილებლობაზე მეტყველებს.
ბიოფსიის რამდენიმე სახე არსებობს. დამიზნებითი ბიოფსია გულისხმობს ქსოვილოვანი მასალის მხოლოდ სიმსივნური უბნებიდან აღებას, მაშინ როდესაც სისტემური ანუ ბრმა ბიოფსიის დროს საკვლევი მასალის მოპოვება პროსტატის რამდენიმე უბნიდან ხდება. ვინაიდან ჩვეულებრივი, ტრადიციული ექოსკოპიით სიმსივნური კერების სრულფასოვანი იდენტიფიკაცია და მიზანმიმართულად მხოლოდ სიმსივნური უბნებიდან მასალის მოპოვება ვერ ხერხდება, სისტემური ბიოფსიის დროს პაციენტებს წინამდებარე ჯირკვლის სხვადასხვა უბნიდან 12 ბიოპტატს უღებენ, რაც ჯირკვლის თორმეტჯერ ჩხვლეტას ნიშნავს.
დამიზნებითი ბიოფსია სხვადასხვა ტექნიკით ტარდება: მიკროექოსკოპიის კონტროლით, მაგნიტური რეზონანსის და სტანდარტული ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით (ე.წ. ფიუჟენ ბიოფსია) ან მაგნიტური რეზონანსისა და მიკროექოსკოპიის ერთდროული კონტროლით.
პროსტატის ბიოფსია ტარდება, როცა:
* საერთო PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) მომატებულია;
* თავისუფალი და საერთო PSA-ს თანაფარდობა დარღვეულია;
* ექოსკოპია პროსტატაში გამოავლენს საეჭვო უბნებს;
* პროსტატის დიაგნოსტირებული კიბოს დროს საჭიროა სიმსივნური წარმონაქმნის ხასიათის ან დაავადების სტადიის დაზუსტება;
* პროსტატის კიბოს მკურნალობის განსაზღვრულ ეტაპზე PSA-ს მაღალი მაჩვენებელი წელიწადზე მეტხანს ნარჩუნდება ან შემცირების შემდეგ ისევ იმატებს.
პროცედურის დღეს სასურველია, პაციენტმა მსუბუქად ისაუზმოს. ბიოფსიამდე ინიშნება ანტიბაქტერიული თერაპია და, საჭიროებისამებრ, გამწმენდი ოყნა. ექოსკოპიური აპარატის ზონდი სწორ ნაწლავში იდგმება. მისი დახმარებით – რასაკვირველია, ვიზუალური კონტროლით – პროსტატიდან ნემსით იღებენ შესასწავლ მასალას. პროცედურის დაწყებამდე სწორ ნაწლავში საანესთეზიო გელი შეჰყავთ. პაციენტის მოთხოვნით ან სამედიცინო ჩვენებით შეიძლება პროცედურის ინტრავენური ანესთეზიით ჩატარებაც.
ბიოფსიის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია. წინამდებარე ჯირკვლიდან აღებული საკვლევი ქსოვილები მორფოლოგიურ განყოფილებაში იგზავნება, საიდანაც 7 დღეში იღებენ პასუხს. პროცედურიდან ნახევარი საათის შემდეგ პაციენტი ეწერება ბინაზე. მიზანშეწონილია ბიოფსიიდან ერთი კვირის განმავლობაში მძიმე ფიზიკური დატვირთვის და სქესობრივი კონტაქტის შეზღუდვა. ამავე პერიოდში იკრძალება ალკოჰოლური სასმელები. პაციენტს არ უნდა დაავიწყდეს საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება. პროსტატის ბიოფსიის შემდეგ მოსალოდნელია მცირე სისხლდენა საშარდე მილიდან ან სწორი ნაწლავიდან, რაც შარდში, სპერმასა და განავალში სისხლის მინარევით ვლინდება. სწორი ნაწლავიდან ჩატარებული ბიოფსია, ისევე როგორც ნებისმიერი ინვაზიური პროცედურა, შეიცავს ინფექციის რისკს, თუმცა წინასწარ ჩატარებული პრევენციულ ანტიბაქტერიულ მკურნალობას რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. პროცედურის შემდეგ მცირე დისკომფორტი ნორმალური მოვლენაა და რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება.
პროსტატის ბიოფსიის ჩატარება არ შეიძლება:
* მწვავე პროსტატიტის დროს;
* მწვავე ანთებითი დაავადებების, მათ შორის – სწორი ნაწლავის მწვავე პათოლოგიების დროს;
* გართულებული ბუასილის შემთხვევაში;
* სისხლის შედედების სისტემის დარღვევისას;
* როცა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.
მარი მარღანია







