მწვავე პიელონეფრიტი
გააზიარე:
ყოველგვარი პრობლემა, რომელიც შარდის ნორმალურ ნაკადს აფერხებს, შეიცავს მწვავე პიელონეფრიტის საფრთხეს. მწვავე პიელონეფრიტი თირკმლის ინფექციური, კერძოდ, ბაქტერიული ანთებაა, რომლის განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს. მაგალითად, ქალებთან – ბუნებრივად მოკლე შარდსადინარი, მამაკაცებთან – წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, რის გამოც შარდის ნაკადი ნელდება ან ხელი ეშლება შარდის ბუშტის დაცლას. ზოგჯერ მთავარი მიზეზი თირკმლის კენჭოვანი დაავადებაა. თირკმელებისკენ ბაქტერია შესაძლოა გავრცელდეს ქვედა საშარდე გზებიდან აღმავალი გზით ან ორგანიზმში არსებული სხვა ინფექციური კერიდან სისხლის მეშვეობით.
მწვავე პიელონეფრიტის დროს დიაგნოზის დროული დასმა და მდგომარეობის სათანადო მართვა კეთილსაიმედო გამოსავლის საწინდარია: ამით თავიდან ავიცილებთ თირკმლის შეუქცევად დაზიანებას, სისხლის მიმოქცევაში ბაქტერიების გავრცელებას და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის განვითარებას.
როგორ ამოვიცნოთ
მწვავე პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენას, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათი სჭირდება, ზოგჯერ – მთელი დღეც. მისი კლასიკური ნიშანია ცხელება – სხეულის ტემპერატურა ამ დროს 39.4°ჩ-ს აჭარბებს, თუმცა ისიც შესაძლოა, სიცხემ საერთოდ არ აიწიოს. ასევე ხშირია ნეკნ-ხერხემლის შესახსრების ადგილის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე ტკივილი.
ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა, წესისამებრ, ვლინდება პროცესში ჩართული თირკმლის საპროექციო მხარეს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დისკომფორტი ორმხრივია. გულისრევა და ღებინება ზოგჯერ საერთოდ არ შეინიშნება, ზოგჯერ კი ძალიან ძლიერია. მწვავე პიელონეფრიტის მქონე პაციენტებთან ხშირია წონის დაქვეითება და სიგამხდრე.
სხვა დამახასიათებელი სიმპტომებია წვის შეგრძნება და ტკივილი შარდვის დროს, გახშირებული შარდვა, ტკივილი საზარდულის არეში, ამღვრეული ან სუნიანი შარდი, მუცლის ტკივილი.
შარდში თვალით შესამჩნევი სისხლი აქვს პიელონეფრიტით დაავადებული 10 ქალიდან სამს ან ოთხს, უმეტესად – ახალგაზრდებს, მამაკაცებთან კი ასეთი რამ იშვიათია.
მწვავე პიელონეფრიტის კლასიკური ნიშნები, რომლებიც ხშირად გვხვდება ზრდასრულებთან, ნაკლებად არის გამოხატული ბავშვებთან, განსაკუთრებით – ახალშობილებსა და ჩვილებთან. ორ წელზე უმცროსი ასაკის პატარებთან მწვავე პიელონეფრიტი ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით, უმადობით, ცხელებით, ღებინებით. ასაკოვან პირებთან მისი შედარებით ტიპობრივი გამოვლინებებია ცხელება, შემეცნებითი ფუნქციების დარღვევა, სხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციის მოშლა, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება.
მწვავე პიელონეფრიტის განვითარების რისკფაქტორებია სუსტი იმუნური სისტემა, ზურგის ტვინის ან მისგან გამომავალი ნერვების დაზიანება, რაც პაციენტს სიმპტომების აღქმას უქვეითებს, შარდის ბუშტის კათეტერის არსებობა ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან დიაგნოტისკური ტესტის სახით, შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი, როდესაც ცოტაოდენი შარდი შარდის ბუშტიდან უკანვე, შარდსაწვეთებში (შარდის ბუშტისა და თირკმელების შემაერთებელ მილებში) ბრუნდება.
ნებაზე მიშვებული თირკმლის ინფექცია სერიოზული გართულებების საფრთხეს შეიცავს – თირკმლის დანაწიბურება, თავის მხრივ, თირკმელების ქრონიკულ დაავადებას, თირკმლის უკმარისობას და არტერიულ ჰიპერტენზიას განაპირობებს. ცნობილია, რომ ნორმის პირობებში თირკმელები ფილტრავს სისხლიდან ნარჩენ პროდუქტებს და გაფილტრულ სისხლს კვლავ მიმოქცევაში აბრუნებს, პიელონეფრიტის დროს კი ბაქტერიების სისხლში გავრცელების საშიშროებაც იმატებს. თუ თირკმლის ინფექციამ ორსულობის დროს იჩინა თავი, იზრდება მცირე წონის ნაყოფის დაბადების რისკი.
რა იწვევს
ინფექცია, წესისამებრ, ქვედა საშარდე გზებში იწყება. ბაქტერია შარდსადინარიდან შარდის ბუშტში აღწევს და მრავლდება, იქიდან კი აღმავალი გზებით, შარდსაწვეთების გავლით, თირკმელებისკენ მიემართება. ყველაზე ხშირად ინფექციის გამომწვევია ნაწლავის ჩხირი – E. coli.
თირკმელებისკენ ბაქტერია შესაძლოა სისხლის მიმოქცევიდანაც გავრცელდეს. ეს – იმ შემთხვევაში, როცა ინფექცია სხვა ორგანოთა სისტემაშია. იშვიათად თირკმლის ინფექციას იწვევს ხელოვნური სახსრის ან გულის სარქვლის ინფიცირება. აგრეთვე იშვიათია ინფექციის განვითარება თირკმელზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევის შემდეგ.
როგორ სვამენ დიაგნოზს
ამბულატორიულ პირობებში პიელონეფრიტზე ეჭვი მიაქვთ პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და გასინჯვის მონაცემების საფუძველზე. შარდის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ფასდება ჩირქის, ბაქტერიების, სისხლისა და ცილების არსებობა.
გამოსახვითი კვლევებიდან გამოიყენება ულტრასონოგრაფია, რომლითაც აღმოაჩენენ საშარდე გზების დახშობას, თირკმლის აბსცესს (ჩირქოვან ანთებას), მწვავე ადგილობრივ ბაქტერიულ ნეფრიტს და თირკმლის კენჭოვან დაავადებას.
კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი კვლევის ჩატარება ყოველთვის არ არის აუცილებელი თირკმლის ინფექციის დასადგენად, თუმცა ის უზრუნველყოფს საშარდე გზებისა და თირკმელების დეტალურ სამგანზომილებიან გამოსახულებას.
ზოგჯერ ტარდება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ან მაგნიტურ-რეზონანსული უროგრაფია – საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით ფასდება საშარდე გზების მდგომარეობა.
დინამიკური სცინტიგრაფიით აფასებენ თირკმლის ფუნქციასა და სტრუქტურას, ადგენენ დახშობის მიზეზს.
მართვა
მწვავე პიელონეფრიტის მკურნალობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ანტიბიოტიკები. შარდის ნათესისა და ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის ტესტის საფუძველზე შეირჩევა წამალი, რომელიც დაავადების პროგრესირებას აჩერებს. უპირატესობა ენიჭება პარენტერულ (არადასალევი გზით მისაღებ) მედიკამენტებს.
გართულებული პიელონეფრიტის შემთხვევაში პაციენტს ჰოსპიტალში აწვენენ, ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა კი მისაღებია მათთვის, ვისაც გაურთულებელი ინფექცია აქვს და ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. ამ შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა წარიმართოს პარენტერული ანტიბიოტიკის ერთი დოზით, რასაც მოჰყვება დასალევი ანტიბიოტიკის კურსი. განსაკუთრებული დაკვირვება მიმდინარეობს პირველი 48 საათის განმავლობაში. კონტროლის მიზნით შესაძლოა ჩატარდეს შარდისა და სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
მწვავე პიელონეფრიტის სიმპტომები კარგად ექვემდებარება მკურნალობას და მისი დაწყებიდან რამდენიმე დღეში ალაგდება, მაგრამ, რა სწრაფადაც უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა, კურსის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია.
ზოგჯერ ანტიბიოტიკებთან ერთად საჭიროა ოპერაციული ჩარევაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს მწვავე პიელონეფრიტის გართულებულ შემთხვევებთან.
მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება – ეს საშარდე გზებიდან ბაქტერიების გამოდევნას უწყობს ხელს. ამ დროს პაციენტებს ურჩევენ, ერიდონ ალკოჰოლსა და ყავას, სანამ ინფექცია არ აღმოიფხვრება.
მარიამ რამაზაშვილი