სოციალური მედიის წნეხი

Поделитесь:

ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი – დღესდღეობით ყველაზე ცნობილი სოციალური პლატფორმები – დახუნძლულია დედებისა და მათი შვილების ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოებით თუ ვიდეოებით. დედები აზიარებენ შვილების კვების რაციონს, მოვლის რუტინას, განვითარებას, მოკლედ, გვახედებენ დახურულ კარს მიღმა.

ვისიმე გაზიარებული ბლინების რეცეპტი ახალბედა დედას შესაძლოა ძალიან გამოადგეს, მაგრამ ზოგიერთ ქალზე სხვისი "იდეალური" ცხოვრების უწყვეტ რეჟიმში ყურება დამთრგუნველად მოქმედებს. ბევრს ვსაუბრობთ ბავშვებზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ და მათი დაცვის მექანიზმებს ვეძებთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ დასტრესილი და გადაღლილი დედა შესაძლოა ბავშვზე მეტად ემოციური იყოს და გავლენა, რომელსაც მასზე ესა თუ ისე ვიდეო მოახდენს, დეპრესიის საწინდარიც კი გახდეს.

გონების გათიშვა

დღეში რამდენიმე წუთით ყველა ჩვენგანს სჭირდება გონების გათიშვა, როდესაც არაფერზე ფიქრობს და უბრალოდ დინებას მიჰყვება. ამ დროს უმეტესობა სოციალურ პლატფორმებს სქროლავს, და უაზროდ ათვალიერებს უამრავ სრულიად უსარგებლო ვიდეოს. დედებს ყველაზე მეტად ბავშვის მოვლისა და განვითარების საკითხები აინტერესებთ. სოციალური ქსელის ალგორითმიც მსგავსი შინაარსის ვიდეოებს სთავაზობს და დედა თავისდა უნებურად ეცნობა ინფლუენსერების ცხოვრების რუტინას. მას ეჩვენება, რომ სხვები მასზე უკეთესად ართმევენ თავს ბავშვის მოვლას და სტრესის დონეც იმატებს.

ეცადეთ, საერთოდ ჩამოშორდეთ სოციალურ პლატფორმებს ან თვალი ადევნოთ მხოლოდ ახლობლების გვერდებს, რომელთა ცხოვრება ნამდვილად გაინტერესებთ, რომელთა წარმატება სიხარულს გგვრით. უცხო ადამიანების ყოველდღიურობისთვის თვალის დევნების ნაცვლად მოძებნეთ სხვა, უფრო სასიამოვნო აქტივობა – ვარჯიში, მედიტაცია, კითხვა, აივანზე მზეს მიფიცხება... ან უბრალოდ წამოწექით და დაისვენეთ ან აუდიოწიგნებს უსმინეთ. გაოცდებით, იმხელა შვებას იგრძნობთ, როდესაც ამ მავნე ჩვევას თავს დააღწევთ.

ის ჩემზე უკეთესი დედაა

როცა გამუდმებით ხედავთ, რა მშვიდი ბავშვი ჰყავს სხვა დედას, თქვენი პატარა კი გაუთავებლად ჭირვეულობს და ტირის, რა მალე ჩადგა ფორმაში სხვა, თქვენ კი მომატებულ კილოგრამებს დღემდე ებრძვით, რა მოწესრიგებული აქვს სახლი სხვას, თქვენ კი იმდენი საქმე გაყრიათ თავზე, შხაპის მისაღებადაც ვერ იცლით, რა გასაკვირია, რომ საკუთარი თავის რწმენა გღალატობდეთ.

ალბათ ხვდებით, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე არასასიამოვნო დეტალებს სოციალურ ქსელში ცოტა თუ ათავსებს... გახსოვდეთ, რომ სოციალურ სივრცეში იდეალურად გამოჩენა ძალიან ადვილია, რეალურად კი არავინ იცის, რა ხდება სხვის ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი ტირის, ყველა დედა იღლება, უბრალოდ, ცუდს თქვენ ვერ ხედავთ, შესაბამისად, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ სხვები ყველაფერს ასწრებენ, თქვენ კი – ვერა.

შეუერთდით ჯგუფებს, სადაც ახალბედა და გამოცდილი დედები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, რჩევებს ეკითხებიან, წუწუნებენ და ნუგეშს იღებენ, იცინიან საკუთარ და სხვების შეცდომებზე. დაინახავთ, რომ ძალიან ბევრი დედა ეჯახება იმავე გამოწვევებს, რასაც თქვენ, გაიაზრებთ, რომ პრობლემები, რომლებიც გადაულახავი გეჩვენებოდათ, ნერვიულობად არ ღირს. ისწავლით ამ პრობლემებთან გამკლავების მარტივ გზებს და შვებით ამოისუნთქავთ.

ეცადეთ, რეალურ სივრცეშიც შეხვდეთ მეგობრებს, რომლებსაც ასევე ჰყავთ შვილები, გაუზიაროთ თქვენი გულისტკივილი, ეწუწუნოთ, ემოციებისგან დაიცალოთ. დედას ყველაზე უკეთ ისევ დედა გაუგებს.

რჩევები

* ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვას, საკუთარ ოჯახს და შვილს – სხვისას. გახსოვდეთ, რომ ყველა ოჯახს საკუთარი გამოწვევები აქვს.

* სოციალურ სივრცეში ათვალიერეთ მხოლოდ ის გვერდები, რომლებიც მართლაც სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით, ხოლო გვერდები, რომლებიც გთრგუნავთ, წაშალეთ.

* ნაკლები დრო გაატარეთ ვირტუალურ სივრცეში. ნაცვლად ამისა, მოძებნეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც რეალურად გაგიხალისებთ ყოველდღიურობას.

* დაივიწყეთ სხვისი ცხოვრება და დატკბით საკუთარი ყოველდღიურობით. გააღვივეთ საკუთარ თავში მადლიერების გრძნობა. შეგიძლიათ, დაიხმაროთ სოციალური პლატფორმების ის გვერდები, სადაც სწორედ ამ ტექნიკებს ასწავლიან. დღის ბოლოს ჩამოწერეთ ან გონებაში ჩამოთვალეთ ყველაფერი, რის გამოც სამყაროს მადლიერი ხართ. კონცენტრირდით თქვენ ირგვლივ მიმდინარე დადებით მოვლენებზე და დაივიწყეთ სრულიად უცხო ადამიანების გამოგონილი ცხოვრება.

* ყველაფერში იდეალური ინფლუენსერების შემყურე დედებს უფრო და უფრო უჭირთ პატარ-პატარა ბედნიერებებით ტკბობა. თუ აქამდე გიჟდებოდით თქვენს კოპწია, მყუდრო სახლზე, უზარმაზარ ვილაში მცხოვრები დედის შემყურეს, შესაძლოა ის ისეთი მიმზიდველი აღარ მოგეჩვენოთ და იმაზე დაიწყოთ ფიქრი, რა თავისუფლად ირბენს მისი შვილი უზარმაზარ სახლში ფეხის ადგმის შემდეგ, ხოლო თქვენს შვილს საკმარისი სივრცე არ ექნება. თუ აქამდე საყვარელი ადამიანის მიერ დღის ბოლოს ნათქვამი "მიყვარხარ" და ჩახუტება ბედნიერებით გავსებდათ, სოციალურ სივრცეში ნანახი უზარმაზარი თაიგულის ან ახალი მანქანის ფონზე შესაძლოა ეს საკმარისი აღარ მოგეჩვენოთ.

* თუ ატყობთ, რომ მსგავსი ფიქრები ურო და უფრო ხშირად გერევათ, დროა, შეზღუდოთ სოციალური სივრცის მოხმარება და დატკბეთ იმ ჯადოსნური მომენტებით, რომლებითაც საყვარელი ადამიანები ავსებენ ჩვენს ცხოვრებას.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: