სამი წლის კრიზისი - როგორ გავიაროთ სწორად

გააზიარე:

ვისაც საშუალება გქონიათ, ბავშვის ზრდა-განვითარებას დაჰკვირვებოდით, შეამჩნევდით, რომ დაახლოებით სამი წლის ასაკში პატარებს ხასიათი უეცრად ეცვლებათ, ჭირვეულობენ, ყველაფერს აპროტესტებენ.

ფსიქოლოგები ბავშვის განვითარებას რამდენიმე ეტაპად ყოფენ. ერთიდან მეორეზე გადასვლა გარეშე თვალისთვის ზოგჯერ შეუმჩნეველია, თუმცა უფრო ხშირად – შესამჩნევი.

რა ხდება ბავშვის ფსიქიკაში სამ წლამდე? როგორ ვლინდება სამი წლის კრიზისი? როგორ მოვიქცეთ ამ დროს? ამის შესახებ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ნინოშვილი გვესაუბრა:

დაბადებამდე

– თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალთახედვით, ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება მისი მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს. თუ დავფიქრდებით, ლოგიკურიცაა. მართლაც, კიდევ რომელი პერიოდია ისეთი რთული, კიდევ როდის განიცდის ადამიანის სხეული ისეთ ინტენსიურ ტრანსფორმაციას, როგორსაც მუცლად ყოფნის ცხრა თვის განმავლობაში? კვლევებიც მოწმობს, რომ ნაყოფის მიერ განცდილი შეგრძნებები მის შემდგომ ცხოვრებაზე აისახება. მაგალითად, ადიქცია, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, კორელაციურ კავშირშია არასასურველ ორსულობასთან. თუ დედა მთელი ორსულობის განმავლობაში უარყოფს ბავშვს, გზავნილი: “შენ არ უნდა არსებობდე, არ ხარ სასურველი შვილი”, – შვილის მეხსიერებაში სიცოცხლის ბოლომდე ბაზისურ ემოციად ინახება. ეს გზავნილი მოქმედებს როგორც ჩატვირთული კოდი, პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეიძლება ააგოს ადამიანმა თავისი ცხოვრების სცენარი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში თვითგანადგურებისკენ იქნება მიმართული. ასეთ ადამიანს შესაძლოა ახასიათებდეს დეპრესიულობა, განრიდებისა და იზოლაციისკენ სწრაფვა, თითქოს სამყარო მას აძევებს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო, შვილის განვითარებაზე მუშაობა დედებმა ნაყოფთან ურთიერთობით დაიწყონ, ხოლო თვით ორსულს ჰქონდეს მხარდამჭერი გარემო, თუ არ აქვს, გამოიმუშაოს სტრესისადმი გამძლეობა, თავი გაართვას გამოწვევებს, გადალახოს კრიზისული პერიოდი. ამ დროს ნაყოფი იძენს გამოცდილებას: რაც უნდა სტრესული, მტკივნეული ამბავი მოხდეს, საბოლოოდ მაინც ყველაფერი მოგვარდება.

განვითარების ეტაპები

– ბავშვი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. თითოეულ მიმართულებას აქვს თანმიმდევრული ეტაპები. გარეშე დამკვირვებლისთვის ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა თითქოს ნახტომისებურად ხდება. სინამდვილეში რომელიმე ფუნქციის შესამჩნევ გართულებას ან მისი ხარისხობრივად ახალი მახასიათებლების წარმოშობას წინ უძღვის უზარმაზარი სამუშაო.

არსებობს პერიოდები, როდესაც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სისტემა ერთდროულად გაივლის ინტენსიური გარდაქმნების ფაზას. ასეთ პერიოდებში ბავშვის ქცევა განსაკუთრებით იცვლება. ეს ბუნებრივია, რადგან ქცევა სხვადასხვა ფსიქოფიზიკური პროცესის შემაჯამებელი შედეგია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინტერვალები დაბადებიდან წელიწად-ნახევრამდე, 2-დან 4 წლამდე, რომელსაც სამი წლის ჯიუტობის პერიოდსაც უწოდებენ, 6-დან 7 წლამდე – სოციალური სტატუსისთვის ბრძოლის (კომპეტენტურობის ჩამოყალიბების) ეტაპი – და 11-დან 18 წლამდე – სქესობრივი მომწიფების, გარდამავალი ანუ პუბერტატული პერიოდი. ამ ეტაპებზე მშობლები შფოთავენ, იბნევიან, ვერ ხვდებიან, რა ხდება მათი შვილის თავს, ამიტომ კარგი იქნება, წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

დაბადება

– ნებისმიერი კრიზისი არის შანსი, ადამიანი განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურზე ავიდეს. ერთ-ერთი კრიზისია დაბადება – დიდი წინააღმდეგობის გადალახვა, რომლისთვისაც ბავშვი წინასწარ ემზადება. მან თვითონ “იცის", როდის არის მისთვის ოპტიმალური განვითარების ერთი ეტაპის დასრულება და მომდევნოზე გადასვლა. სამშობიარო ტკივილები იწყება მას შემდეგ, რაც ნაყოფისგან წამოვა შესაბამისი სიგნალი – ორგანიზმი იწყებს ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც მშობიარობას აღძრავს. ბავშვი რთულ გზას გაივლის, რათა ახალი სამყაროს კარი შეაღოს, თუმცა ამ გზის წყალობით უკეთ არის მომზადებული მასთან შესახვედრად. საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები დაბადების მომენტში უფრო ძლიერ სტრესს იღებენ. დადასტურებულია, რომ ისინი უფრო ნაკლებად მებრძოლები არიან, კონკურენცია აფრთხობთ, გაურბიან გამოწვევებს და ეძებენ შემოვლით გზებს. თუმცა დეფიციტური უნარების განვითარებაზე მუშაობა, მათი კომპენსირება შესაძლებელია, თუ შესაბამისი მხარდაჭერა მიიღეს მშობლებისა და გარემოს მხრიდან.

ჯადოსნური საგზალი

– ბავშვი ახალ სამყაროში სრულიად უსუსურია. არც სიარული შეუძლია, არც ლაპარაკი, მთლიანად გარშემო მყოფ უფროსებზეა დამოკიდებული, ამიტომ პირველ ეტაპზე მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება მისთვის ტირილია. ტირილს სხვადასხვა ფორმა და შინაარსი აქვს, ბავშვი სხვადასხვანაირად ტირის, როდესაც შია, სტკივა, ეძინება... ზოგჯერ არაფერი აწუხებს, მაგრამ მაინც ტირის, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ყურადღება, კონტაქტი სჭირდება.

ბავშვისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ რეაგირებს გარემო მის ტირილზე. ტირილის უპასუხოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება.

– მკითხველს, ალბათ, გაუჩნდება კითხვა: ხომ არ განებივრდება ბავშვი, თუ ყოველ წამოტირებაზე ხელში ავიყვანეთ?

– ჩვილ ასაკში ასეთი საშიშროება არ არსებობს. ჩვილისთვის მშობელთან სხეულით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. მის ემოციურ სამყაროსაც ისევე სჭირდება საზრდო, როგორც სხეულს. მშობლის სიყვარული, მასთან ურთიერთობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ის ჯადოსნური რესურსია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვება. ის ჰგავს ზღაპრულ პურს, რომელიც არ თავდება – შეგიძლია, ამვლელსაც აჭამო, ჩამვლელსაც და სახლშიც მთელი მიიტანო. თუ ბავშვი ამ ასაკში იღებს სითბოს, სიყვარულს, მზრუნველობას და ყველა მოთხოვნილება დაკმაყოფილებული აქვს, ამით მას უზარმაზარი რესურსი ეძლევა, ის ენდობა ოჯახის წევრებს, მერე და მერე კი ურთიერთობის ეს მოდელი გენერალიზდება სხვა ადამიანებზე, მთელ სამყაროზე; ბავშვი სწავლობს, რომ სამყარო უსაფრთხოა, გარემო – პროგნოზირებადი, ცხოვრება – ნდობის ღირსი, ამ ყველაფერს ღრმად იბეჭდავს და ოპტიმისტად ყალიბდება.

თუ ბავშვი გრძნობს, რომ სამყარო მისდამი ინდიფერენტულია, უჩნდება უნდობლობა და ყალიბდება სკეპტიკოს, ეჭვიან, უინიციატივო პიროვნებად. მისი ბაზისური ემოცია ასეთია: სამყარო არ არის ნდობის ღირსი, ადამიანები არ არიან ნდობის ღირსები.

როცა ბავშვი მშვიდად არის, ერთობა, ბედნიერია, ვაცადოთ ეს სიამოვნება. არ არის საჭირო, ამ დროს ხელში ავიყვანოთ და ასე ვატაროთ. მზრუნველობა ჰიპერმზრუნველობაში არ უნდა გადაგვეზარდოს.

ეს ეტაპი დაახლოებით 1.6 წლამდე გრძელდება. როცა ბავშვი სიტყვების მნიშვნელობის გააზრებას დაიწყებს, უკვე შეიძლება, წესებიც შემოვიღოთ.

ფსიქოლოგიური მშობიარობა

– სამი წლის კრიზისი 2-დან 4 წლამდე პერიოდში დგება. მას ფსიქოლოგიური მშობიარობის ეტაპსაც ეძახიან, რადგან სწორედ ამ ეტაპის გავლის შემდეგ იბადება "მე". ადამიანი გარემოს გამოეყოფა, ბავშვი დედას ემიჯნება, დედა-შვილს შორის არსებული ჯაჭვი თითქოს წყდება, ამიტომ ეს ეტაპი ორივესთვის ისეთივე რთულია, როგორიც ფიზიოლოგიური მშობიარობა. ბავშვი ცდილობს, გაიგოს, რა არის მისი და რა – სხვისგან თავს მოხვეული, ვინ არის, როგორია, სად იწყება და სად მთავრდება მის მე-ს საზღვრები, ამიტომ იწყებს ბრძოლას, წინააღმდეგობას.

ამ ასაკის ბავშვისთვის ეგოცენტრიზმი ბუნებრივი თვისებაა. მას თავი სამყაროს ბატონ-პატრონად მიაჩნია, დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მისი სიამოვნებისთვის ხდება, ყველამ მის გარშემო უნდა იტრიალოს. მისი "მინდა" განსჯას არ ექვემდებარება. ყველაფერს, რაც კი მისთვის უსიამოვნოა, ბავშვი საშინელ უსამართლობად აღიქვამს და პროტესტის მძაფრი რეაქცია უჩნდება. მოზრდილებისგან მუდმივ ყურადღებას მოითხოვს, თუ ეს ყურადღება შესუსტდა, უკმაყოფილებას გამოხატავს, მის მოსაპოვებლად სხვადასხვა ფანდს მიმართავს.

ასეთი ეგოცენტრიზმი აუცილებელია. ის თვითპატივისცემის, საკუთარი ღირსების გრძნობის საძირკველია. საკუთარი თავის სიყვარული მომავალში თვითპატივისცემაში გადაიზრდება, თვითპატივისცემა კი ადამიანს ინდივიდუალობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ამ ასაკში სიჯიუტე არა მარტო ეგოიზმის, არამედ დაუცხრომელი ცოდნისმოყვარეობის შედეგიცაა. აკრძალვის არგუმენტები ბავშვისთვის ხშირად არ არის დამაჯერებელი და საპირისპირო ეფექტს ახდენს – აღვიძებს ცნობისმოყვარეობას და ბავშვი მშობლების მითითებათა საწინააღმდეგოდ იქცევა. ეს არის ნეგატივიზმი. მაგალითად, შესაძლოა ბავშვს უნდოდეს ეზოში სათამაშოს ჩატანა, მაგრამ თუ დედამ დახმარება შესთავაზა, საერთოდ უარი თქვას მის წაღებაზე.

თვითრწმენის ფუნდამენტი

– რა მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდისთვის ტიპურ ფრაზას: "მე თვითონ"?

– ეს ფრაზა ამ ასაკისთვის სპეციფიკურია. ბავშვს უჩნდება დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა, ის საკუთარი ძალების მოსინჯვას იწყებს. "მე თვითონ" არის ფუნდამენტი საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებში დასარწმუნებლად. თუ ბავშვის თვითგამოხატვის ამ პირველ მცდელობას საფრთხე შეექმნა, საფრთხე შეექმნება თვით მის პიროვნებას, მის თვითრწმენას, ამიტომ არ უნდა დაგვენანოს ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის შედეგად გატეხილი ფინჯანი ან დასვრილი ტანსაცმელი. აკრძალვათა კედელს, რომელიც ამ დროს შეიძლება აღმართონ მშობლებმა შვილის წინაშე, მივყავართ ფრუსტრაციამდე – დამთრგუნველი დაძაბულობის, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობამდე, რამაც შემდგომში შესაძლოა აგრესიული ტენდენციები წარმოშვას.

თუმცა ბავშვის სულ მთლად ნებაზე მიშვებაც არ არის სასურველი. ყოველგვარი ახირების ასრულებამ ის შესაძლოა "ოჯახის ტირანად" აქციოს და საბოლოოდ ეგოისტი, ისტეროიდული პიროვნება მივიღოთ.

თუ მცენარეს, რომელიც ეს-ესაა ემზადება ამოსასვლელად, ზემოდან დიდი, მძიმე ქვა დავადეთ, ის შემოუვლის დაბრკოლებას და მაინც ამოვა, მაგრამ მისი ვარჯი მოიღუნება და ვეღარსოდეს იქნება სწორი. ბავშვიც ასეა, თუ ოპტიმალურ პირობებში არ გაიზარდა, მთლიანად ვერ გამოავლენს თავის რესურსს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური გენეტიკური მოცემულობა, მაგრამ მისი პიროვნების ფორმირებასა და სახასიათო შტრიხების განვითარებაში დომინანტურ როლს ასრულებს მისდამი სამყაროს რეაქცია. გარემოა ბავშვის პიროვნების ყალიბი.

სამი წლის ბავშვისთვის ყველაზე დიდ ავტორიტეტს მშობლები წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ ქცევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათ სწორად უნდა განსაზღვრონ, სად დათმონ და სად სიმტკიცე გამოიჩინონ.

როგორ მოვიქცეთ

– იდეალური მშობელი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ რას უნდა ეცადოს აღმზრდელი, როგორია აღზრდის ოპტიმალური სტილი?

– აღზრდის ოთხ ძირითად სტილს განასხვავებენ: ავტორიტეტულს, ავტორიტარულს, ლიბერალურს და ინდიფერენტულს. ყველაზე სასურველია ავტორიტეტული, დემოკრატიული სტილი. ბავშვის დემოკრატიული აღზრდა გულისხმობს სიყვარულისა და კეთილგანწყობის ზომიერ გამოხატვას, მასთან სათამაშოდ დროის გამონახვას, მისთვის საინტერესო თემებზე საუბარს, სირთულეთა დაძლევაში დახმარებას. ასეთ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს ესმით “უნდას” მნიშვნელობა და ანგარიშს უწევენ სხვას.

აღზრდის დემოკრატიული სტილის მქონე ოჯახებში ბავშვს პატივს სცემენ. შედეგად იზრდება ღირსების გრძნობის მქონე, დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც ურთიერთობა არ უჭირს. თუმცა ასეთ ოჯახებშიც იჩენს ხოლმე თავს გარკვეული სირთულეები.

ავტორიტარული სტილი გულისხმობს მკაცრ აღზრდას, ინიციატივის ჩახშობას და ძალის გამოყენებას. მშობლები შვილისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვენ და ყოველგვარ წინააღმდეგობას დასჯით ან დასჯის მუქარით ახშობენ. ასეთ ოჯახებში ბავშვებს აკლიათ თავდაჯერება, აქვთ დაბალი თვითშეფასება ან აგრესიულობა ახასიათებთ. ისინი ორიენტირებული არიან მშობლების მოლოდინზე, იმაზე, რომ იყვნენ მათთვის მისაღები შვილები, ამიტომ უარს ამბობენ საკუთარ "მინდაზე" და მათი დაკვეთის შესრულებას იწყებენ. ასეთი ადამიანის მე ცენტრალიზაციის ნაცვლად განლევას იწყებს და ვიღებთ პიროვნებას, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც კი გამუდმებით იმაზეა მომართული, სხვა რას მოელის მისგან. მისი ცხოვრების სტილი აგებულია სხვა ადამიანთა (მეუღლის, შვილის, ხელმძღვანელის) მოლოდინებზე. ყველაფერთან ერთად, ავტორიტარულ ოჯახში გაზრდილ ბავშვს დიდი რისკი აქვს, მოექცეს თანატოლთა მავნე გავლენის ქვეშ, რადგან ეჩვევა, რომ ძლიერ პიროვნებას უნდა დაემორჩილოს.

ავტორიტარულის საპირისპიროა აღზრდის ლიბერალური სტილი, როდესაც ბავშვისადმი დამოკიდებულება ეფუძნება შემდეგ პრინციპს: "ყველაფერი ნებადართულია, არაფრის აკრძალვა არ შეიძლება". ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი ეჩვევა ყველაფრის უპირობოდ მიღებას, აქვს მბრძანებლური დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ, ახასიათებს იმპულსურობა, ხშირად საკმაოდ ჯიუტი და ჭირვეულია.

ზედმეტმა ლიბერალულობამ შესაძლოა ბავშვი სოციალურ უმწიფრობამდე მიიყვანოს, რადგან სოციალური განვითარებისთვის მან "მინდას" სწორი გაგება უნდა ისწავლოს. ასეთი ოჯახიდან გამოსული ბავშვი განწირულია თანატოლებსა და უფროსებთან დაძაბული, კრიზისული ურთიერთობისთვის. ის მიჩვეული არ არის, რამე დათმოს და თავისი სურვილი საერთო ინტერესებს დაუმორჩილოს.

აღზრდის ინდიფერენტული სტილი მოიაზრებს მშობლების გულგრილ დამოკიდებულებას შვილების მიმართ. ასეთ ოჯახებში მშობლები ან საერთოდ "ვერ ხედავენ" შვილს, ან გაურბიან მასთან ურთიერთობას, მისგან მოშორებით ურჩევიათ ყოფნა (ფსიქოლოგიური დისტანცია).

მშობლების მხრივ შვილის განვითარების მიმართ გულგრილობა ბავშვს გადააქცევს მარტოსულ არსებად, რის შედეგადაც ვიღებთ აგრესიულ, თანატოლებისგან გაუცხოებულ პიროვნებას.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან დამნაშავეთა უმრავლესობა ინდიფერენტულ ოჯახებშია აღზრდილი.

შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველა მშობელს მოსდის. მთავარია, მივხვდეთ და ვაღიაროთ ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავთან, არამედ ბავშვთანაც. ნდობაზე, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა გაცილებით მოგებიანია, ვიდრე აღზრდის მკაცრი სტილი, ხოლო იმის გასაგებად, ვექცევით თუ არა ბავშვს სწორად ან როგორ ჯობია მოვექცეთ, უბრალოდ ვეცადოთ, თავი მის ადგილას წარმოვიდგინოთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: