დედა, მამა, ბიჭები და გოგონები – მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში
Поделитесь:
ბავშვმა განვითარების ყოველი ეტაპი სწორად უნდა გაიაროს, რომ ჰარმონიულ, გარემოსთან ადაპტირებულ, რეალიზებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. აღმოჩნდა, რომ ამ პროცესში დედისა და მამის როლი ბიჭისა და გოგოსთვის რამდენადმე განსხვავებულია.
რას იღებს ბავშვი თითოეული მშობლისგან? რა ხდება, როდესაც ერთი მათგანი ეთიშება აღზრდის პროცესს? როგორ შეიძლება ამ დანაკლისის შევსება დაშლილ ოჯახში? ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრა.
ჩვილის ბაზისური მოთხოვნილებები
– ჩვილობა ადამიანის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. დაბადებიდან უმცროსი სასკოლო ასაკის ჩათვლით ეყრება საფუძველი პიროვნების თავისებურებებს, მისი ცხოვრების სტილსა და სცენარს; ეტაპობრივად ყალიბდება ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, ემოციები და კომპლექსები, როგორიცაა სამყაროსადმი ნდობა თუ უნდობლობა, ავტონომიურობა თუ საკუთარ თავში დაეჭვება და არარელევანტური სირცხვილის განცდა, ინიციატივიანობა და დანაშაულის უსაფუძვლო შეგრძნება, შრომისმოყვარეობა და არასრულფასოვნების განცდა. ამ ეტაპების სწორად გავლა მნიშვნელოვანწილად ბავშვის ოჯახსა და სოციალურ გარემოზეა დამოკიდებული.
ძიძა
– აქვს თუ არა მნიშვნელობა, ამ ასაკში ვინ ზრდის ბავშვს?
– უფრო და უფრო ხშირდება სიტუაცია, როცა მომუშავე მშობლებს და დასაქმებულ ბებია-ბაბუებს არ აქვთ საშუალება, იყვნენ ბავშვის გვერდით და სათანადო მონაწილეობა მიიღონ მის განვითარებაში. ასეთი ოჯახები ეძებენ ძიძას და, ბუნებრივია, ძებნისას დიდ ყურადღებას აქცევენ პრეტენდენტის თვისებებს, მაგრამ ავიწყდებათ ბავშვის თავისებურებების, მისი ტემპერამენტის, ასაკის გათვალისწინება. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტად სჭირდება მას მჭიდრო კონტაქტი, მათ შორის – სხეულებრივიც, ერთ ადამიანთან, რომელიც მას მთელ თავის ყურადღებას დაუთმობს. ეს ადამიანი შესაძლოა ძიძაც იყოს.
არც ძიძების ხვედრია იოლი: მათ ევალებათ ძლიერი ემოციური კავშირის დამყარება აღსაზრდელებთან, მაგრამ, ამავე დროს, ეკრძალებათ დედის ადგილის დაკავება. ძალიან რთულია, იყო და არც იყო ბავშვის ცხოვრებაში.
დედასთან განშორება
– 7-8 თვიდან ბავშვებს განსაკუთრებით აშინებთ დედასთან განშორება, – ამას სეპარაციული შფოთვა ეწოდება, – ამიტომ ნელ-ნელა უნდა შევაგუოთ ამას და ეს დედამ უნდა გააკეთოს. განშორების ხანგრძლივობა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად გაზარდოს, არასდროს გაქრეს ისე, რომ ბავშვი ვერ მიხვდეს, რომ მშობელი წავიდა, წასვლის წინ აუცილებლად უთხრას, რომ მალე მოვა – ეს ბავშვს უსაფრთხოების განცდას მიანიჭებს. მშობელმა არ უნდა გამოამჟღავნოს მღელვარება და ნევროზულობა – თუ ბავშვი დედის ან მამის ძლიერებაში დაეჭვდა, განშორებასთან შეგუება უფრო მეტად გაუჭირდება.
ასე რომ, კი ნუ შეუშინდებით შვილთან განშორებას, არამედ კარგად გაიაზრეთ და დაგეგმეთ. ეს ბავშვის დამოუკიდებლობისთვისაც კარგია და დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვისაც. სახლში გამოკეტილ, არარეალიზებულ, ფინანსური პრობლემების მქონე დედას კეთილსინდისიერი ძიძა სჯობია – მთავარი ხომ მოვლისა და ურთიერთობის ხარისხია, მაგრამ თუ დედა ბედნიერია შვილთან ყოფნით და შეუძლია, თავს ამ ფუფუნების უფლება მისცეს, თუ დედობა მისთვის გულწრფელად არის თვითრეალიზების საფუძველი, ეს ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტია.
დედა
– ბავშვის მოვლაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, ტრადიციულად, დედას ეკისრებოდა და ის იღებდა კიდეც ამას საკუთარ თავზე. ბუნებრივია, დედა და შვილი განსაკუთრებით ეჯაჭვებიან ერთმანეთს. ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ ჩვილს მიჯაჭვულობა ორივე მშობლის მიმართ უყალიბდება, თუმცა სტრესის დროს უმრავლესობა მაინც დედას მიმართავს. დედა ეხმარება ოჯახს საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, მოგვიანებით ასწავლის შვილს საკუთარი თავისა და სხვის პატივისცემას, მაგალითს აძლევს გოგონას, როგორი ქალი და დედა გახდეს. დედის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პოტენციალის ადრეული ასაკიდანვე გამოსავლენად, რომლითაც ბავშვი ქვეყნიერებას მოევლინა. ამ ასაკში ის ყვავილივით უნდა გაიშალოს. ამისთვის კი მას, უპირველესად, უსაფრთხოება, გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით – მშობლებთან, მჭიდრო და კეთილგანწყობილი ურთიერთობა სჭირდება. ამიტომ არის სასურველი ადრეულ ბავშვობაში დედასთან მჭიდრო კონტაქტი. ეს ბავშვის სოციალური, ემოციური, ფიზიკური, კოგნიტური განვითარებისა და ავტონომიურობის განმაპირობებელი ფაქტორია.
ადამიანის თავის ტვინი პირველი ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება და ამ პროცესში ყველაზე მეტად მგრძნობიარეა ადამიანებთან კონტაქტის მიმართ. ის, თუ როგორ ექცევიან მშობლები შვილს ამ ასაკში, განსაზღვრავს სამომავლოდ მის პიროვნულ განვითარებას.
სასკოლო ასაკის დასაწყისში სწორედ დედა ინარჩუნებს კავშირს საკლასო ოთახსა და შვილს შორის და მას მიღებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება. ასეთი დედების შვილები უკეთეს აკადემიურ შედეგებს აღწევენ. დედა შვილს ალერსით აჯილდოებს, ამხნევებს და ამით გამბედაობას ანიჭებს. ის, როგორც წესი, უფრო ემპათიურია, უფრო ფაქიზად გრძნობს, რამდენად რეალიზდება შვილი ამა თუ იმ სიტუაციაში, რამდენად ჯანმრთელია, როგორ მიმდინარეობს მისი განვითარება, სჭირდება თუ არა დახმარება.
დედის დეფიციტი
– ბავშვს შესაძლოა ჰყავდეს დედა, მაგრამ ის არ იყოს შვილისთვის ფიზიკურად და ემოციურად ხელმისაწვდომი, ეს კი ღირსებისა და უსაფრთხოების განცდაზე ახდენს ზეგავლენას. მშობლების გულგრილობა, განრიდებულობა უარყოფითად აისახება ბავშვის სოციალურ ურთიერთობებზე, განათლებაზე, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაზე. დედის გარეშე გაზრდილ ბავშვებს უჭირთ საკუთარ გრძნობებში გარკვევა, ზრდასრულ ასაკში პარტნიორისადმი გრძნობების გამოხატვა, მისი გრძნობებისა და დამოკიდებულებების სწორად აღქმა, მეგობრობა, ღია და მჭიდრო ურთიერთობების დამყარება. თუ ბავშვს დედის სიყვარული, მისი გულწრფელი და ერთგული დამოკიდებულება არ უგრძნია, ის ამ გრძნობებს ბუნებრივი გზით ვეღარ შეიძენს. საუკეთესო შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში ამაზე თვითონვე მოუწევს საგანგებოდ ზრუნვა. სოციალური შფოთვა განსაკუთრებით ბიჭებს ახასიათებთ. გარშემო მყოფების მიმართ უნდობლობა, მათი ემოციების გაგების სირთულე სოციუმისგან იზოლირებას იწვევს.
უდედოდ გაზრდილ ბავშვს აქვს სტრესის ფონური განცდა და ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნება ჩვეულებრივზე ძლიერად და სახიფათოდ აისახება მასზე – დედა ხომ ყოველთვის ცდილობს, გადაეფაროს შვილს და ცხოვრებისეული დარტყმები საკუთარ თავზე აიღოს.
უდედოდ გაზრდილი ბავშვებისთვის დამახასიათებელია მარტოობის უჩვეულო განცდა, რამაც შესაძლოა ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები წარმოშვას. თუ დედა მოულოდნელად გარდაიცვალა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში ბავშვს შესაძლოა დიდხანს გაჰყვეს და ამის გამო მომავალში ახლო ურთიერთობებს თავი აარიდოს. მას შესაძლოა დაემართოს გაუცხოება, ჩამოუყალიბდეს დაბალი თვითშეფასება, გაუჭირდეს საკუთარი ქცევისა და ემოციების სათანადოდ მართვა, ყველაფერი ეს კი ხელსაყრელი ნიადაგია დეპრესიისთვის. უდედოდ გაზრდა ადამიანს უტოვებს განსაკუთრებული სიცარიელის შეგრძნებას, რაც აფერხებს მის წინსვლას, აქტიურობას, მიზანსწრაფვას, რადგან ასეთი ადამიანის მთავარი მიზანი თვითდამშვიდება, თვითდაკმაყოფილება და ნაკლები უცნობი, სტრესული გამოცდილების მიღებაა.
ყველა ამ ნეგატიური შედეგის მიღმა არსებობს რესურსი, იმედი, რომ ცხოვრებისეული სირთულეები ადამიანს მათთან გამკლავების გამოცდილებას სძენს. ტრავმაგამოვლილი ადამიანები უფრო დამოუკიდებლები არიან, აქვთ თანაგრძნობის უნარი და უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებითაც უკეთ დაეხმარებიან სხვებს. თუ სირთულეებმა იჩინა თავი, სასურველია, დროულად მიმართონ პროფესიონალს, რათა კარგად გააცნობიერონ, რა გზას გადიან, როგორი უნდა იყოს მათი ცხოვრებისეული ორიენტირები, როგორ აღიდგინონ ძალები, როგორ გაუსწორონ თვალი რეალობას, რათა თავდაჯერება მოიპოვონ და ფსიქიკური კეთილდღეობა გაიუმჯობესონ.
დედა ბიჭისთვის
– მკვლევარი ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ დედას შეუძლია, მოახდინოს როგორც სასიკეთო, ისე საზიანო ზეგავლენა ვაჟის ემოციურ განვითარებაზე. ცივ და განრიდებულ დედებთან ვაჟებს სათანადო მიჯაჭვულობა არ უყალიბდებათ. მათ ეშინიათ მოვალეობების, ეშინიათ დამოუკიდებლობის. ის, თუ როგორ გაზრდის ვაჟს დედა, განაპირობებს მის ჩვევებს ზრდასრულ ასაკში. ხშირად ვაჟი სწორედ დედის უარყოფითი გავლენის გამო უფრთხის ხანგრძლივ ურთიერთობებს, წყვეტს მათ და უკან იხევს.
თუ დედა ჰიპერმზრუნველია, მას, წესისამებრ, თავი კარგ დედად მიაჩნია, რომელიც ვაჟს თავიდან აცილებს ფიზიკურ თუ ემოციურ განსაცდელს, მაგრამ ამ დონის ჩარევა და კონტროლი ხელს უშლის თავდაჯერების ჩამოყალიბებას, რაც მოზარდის მამაკაცურ თავდაჯერებასა და ემოციურ ინტელექტსაც აზიანებს. ზემზრუნველი და ძალაუფლების მოყვარული დედები ერთნაირად სუსტ, სხვებზე დამოკიდებულ და პასიურ-აგრესიულ ვაჟებს ზრდიან, რაც ამ უკანასკნელთა გამოუხატავი ემოციებით, მეტწილად – წყენითა და რისხვით, არის გამოწვეული.
როცა ვაჟი დედისგან ემოციურად ხელმიშვებულია, მას “არასანდო მიჯაჭვულობა” უყალიბდება და მიტოვების შიშით თავს არიდებს ყოველგვარ ახლო ურთიერთობას, ნაკლებად აქვს ბედნიერების განცდა, უფრო ხშირად ოპოზიციურ-გამომწვევ ან ანტისოციალურ ქცევას ამჟღავნებს. დედის სიყვარულს მოკლებული ბიჭები მდუმარეები, გამძლეები, მაგრამ ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები და აქტიურები არიან. ის დედები კი, რომლებიც ხელს უწყობენ თავიანთ ვაჟებში ემოციური ინტელექტის განვითარებას, რაც გრძნობების გამოხატვასა და სხვის თანაგანცდას გულისხმობს, ზრდიან თავდაჯერებულ მამაკაცებს, რომლებიც თავისუფლები არიან მამაკაცური შაბლონებისა და სტერეოტიპებისგან, ურთიერთობებში არიან ბუნებრივები და მოქნილები, აცნობიერებენ, რომ უხეშად და ხისტად მოქცევა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ შეგამჩნიონ და ანგარიში გაგიწიონ. მათ სამარცხვინოდ არ მიაჩნიათ ქალის თანაგრძნობა და დახმარება და არათუ არ გაურბიან, არამედ ეძიებენ კიდეც ისეთ გარემოებებს, რომელიც თავიანთი ცხოვრების თანამგზავრთან, საყვარელ ადამიანთან უფრო ხშირი და ხარისხიანი ურთიერთობის საშუალებას მისცემთ.
მამა
– მამები შვილებს უმეტესად მაშინ უვლიან, როცა: აქვთ მეტი თავისუფალი დრო და მაღალი თვითშეფასება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეპუტაციის შელახვად არ აღიქვამენ შვილის მოვლას, აქვთ ჯანსაღი და გაწონასწორებული ფსიქიკა, არიან რეალიზებული პიროვნებები და ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ გამოწვევებს; დედა ბევრს მუშაობს და დრო არ აქვს; ოჯახი მჭიდრო და შეკავშირებულია; ბავშვი არის ბიჭი.
მამის სიყვარული ეხმარება შვილებს, მოიპოვონ ადგილი საზოგადოებაში, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მათ სოციალურ, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებასა და ფუნქციონირებას. მეტიც: ბავშვებს, რომლებიც საკმარის სიყვარულს იღებენ მამებისგან, ნაკლებად ემუქრებათ ქცევითი პრობლემები და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების საფრთხე.
მრავალი სხვადასხვა კულტურის კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახისადმი მამის ჯანსაღი მიჯაჭვულობა და საოჯახო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ხელს უწყობს შვილების სოციალურ და ემოციურ განვითარებას.
ბოლო დროს ფემინიზმმა გარკვეული დოზით მოიპოვა გამარჯვება – მასობრივად ამაღლდა ცნობიერება იმის შესახებ, რომ მამაკაცებსაც შეუძლიათ თავიანთი მცირეწლოვანი შვილების აღზრდაში მონაწილეობა. თუმცა მამები ისევ ინარჩუნებენ ოჯახის მცველისა და მარჩენალის ფუნქციებს და შვილების უმეტესობა მამას ასეც უყურებს. ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, მამების მეშვეობით შეიცნობენ შვილები თავიანთ სქესობრივ იდენტობას. მამის ენერგიულობა და აქტიურობა განსაზღვრავს ბიჭების მამაკაცურობასაც და გოგონების ქალურობასაც.
ბიჭები უმამოდ
– ცნობილი ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო შენიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში ბიჭების თითქმის მესამედი “ქალთა სამყაროში” იზრდება. მამა ან არ ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ან ცოტა დროს ატარებს შინ და ასეთი ოჯახების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს.
უკანასკნელ ათწლეულებში ოჯახში ქალის ეკონომიკური როლი გაიზარდა, მაგრამ ამ მისასალმებელ ტენდენციას არასასურველი – და დადასტურებული – გვერდითი ეფექტებიც აქვს: იკლო შობადობამ, იმატა განქორწინებების, განმეორებითი ქორწინებებისა და ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვების რიცხვმა. ამ ცვლილებამ ძლიერ იმოქმედა მამაკაცებზეც: ხშირად ისინი ვეღარ ასრულებენ ტრადიციულ როლს, ახალი როლები და მოვალეობები კი გაურკვეველი და გაუთავისებელი აქვთ.
დღეს ყურადღება ქალებისა და გოგონების მხარდაჭერაზე, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაზეა გადატანილი, შესამჩნევი და სასიხარულოა პროგრესი ამ მიმართულებით, ბიჭებთან კი საპირისპირო სურათია. ისინი უფრო და უფრო იძირებიან ვირტუალურ სამყაროში. რატომ არის ასე, რას გაურბიან ბიჭები ამ სამყაროდან და რატომ არის ეს გოგონებზე მეტად ბიჭების პრობლემა?
საზოგადოდ, სწავლის შედეგებისადმი დამოკიდებულების მიმართ გოგონები უფრო მდგრადები არიან, ვიდრე ბიჭები. ეს მათი სქესით კი არ არის განპირობებული, არამედ იმით, რომ გოგონები თავიანთი სქესის უფროსების გარემოცვაში იზრდებიან, ქებასა თუ სხვა სახის განმტკიცებას მათგან იღებენ, თუმცა აკლიათ აღიარება განსხვავებული გენდერის მხრიდან, რამაც მომავალში შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე – გახდნენ ზედმეტად ფრთხილები, უნდობლები ან პარტნიორის მუდმივ ძიებაში იყვნენ. შესაძლოა, ეს აისახოს მოზარდულ პრომისკუიტეტზე (პარტნიორის ხშირ ცვლაზე), რაც დევიაციურ ქცევად განიხილება.
მამასთან ურთიერთობის დეფიციტი, შინ თუ სკოლაში ფემინიზებული სააღმზრდელო გარემო, ისეთი უნარების წახალისება და დაფასება, რომლებიც გოგონებისთვის უფრო ადვილად მისაწვდომია, სასწავლო თემატიკასა და დავალებებში ბიჭების ინტერესების გაუთვალისწინებლობა სასურველი ქცევის განმამატკიცებელი ემოციების არარეალურ სამყაროში ძიებას განაპირობებს, რადგან ისინი ამ ემოციებს სხვა გზით ვერ იღებენ. გარდა ამისა, ამგვარ ფემინურ გარემოში ბიჭებს არ ჰყავთ საკუთარი სქესის`გენდერის შესაბამისი მისაბაძი მოდელი.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ბიჭებს ხშირად გვერდით არ ჰყავთ მამა, რომელიც გააძლიერებდა მათ გარეგან მოტივაციას და თავდაჯერებას, ამის გამო კი არ აქვთ ჩვევები, რომლებიც შესძენდათ გამბედაობას რომანტიკულ ურთიერთობებში, მივხვდებით, რატომ არის, რომ ბიჭები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტხანს აარიდონ თავი ზრდასრული ადამიანის ცხოვრებას. შედეგად ისინი განმარტოვდებიან საძინებელში, სადაც ვირტუალურ სამყაროში საკუთარ თავს უმტკიცებენ საპირისპიროს – რომ მამაცები, ჭკვიანები, შეუპოვრები, მომხიბლავები და გამბედავები არიან. ეს ბიჭების გაუცხოების, რეალური ცხოვრებიდან მათი “ამორთვის” ახალი სახეობაა.
ამრიგად, მაშინ როდესაც ქალები უფრო და უფრო თავდადებით შრომობენ და წარმატებას აღწევენ სწავლასა თუ კარიერაში, ბიჭები სულ უფრო ხშირად ანებებენ თავს სწავლას.
ასე მომრავლდნენ ინფანტილური ბიჭები. მათ არ აქვთ ეკონომიკური მიზნები, აკლიათ ემოციური ინტელექტი, უგროვდებათ შეუსრულებელი მოვალეობები, ვერ ამყარებენ ეფექტიან კომუნიკაციას და მტკიცე რომანტიკულ ურთიერთობებს.
უმამოდ აღზრდის ზეგავლენა გოგონებთანაც ძალიან საყურადღებოა, ზარალდება მათი ემოციური და ინტიმური სფერო, მაგრამ სწავლასა და კარიერაში ისინი უფრო აგრესიულად მიზანდასახულები ხდებიან, მიისწრაფვიან, აჯობონ ბიჭებს და აღწევენ კიდეც ამას, თუმცა დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ უმამობა გოგონების ფსიქიკას ნაკლებად აზიანებს.
ოჯახი ერთი მშობლით
– როგორ შეიძლება დაშლილ ოჯახებში ამ პრობლემის მოგვარება? შეუძლია თუ არა ერთ-ერთ მშობელს ორივეს როლის შესრულება?
– კვლევების თანახმად, სრულ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები, თუ სხვა ფაქტორებს არ მივიღებთ მხედველობაში, ნაკლებად ამჟღავნებენ ქცევით და თვითმართვის პრობლემებს. მშობლები უნერგავენ შვილებს ძირითად ცხოვრებისეულ ღირებულებებს, უვითარებენ სოციალურ და ემოციურ უნარებს, ეხმარებიან საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, მხარს უჭერენ და მატებენ პირადი მიზნების მიღწევის მოტივაციას, აძლევენ რთული სიტუაციების დაძლევისა და ამ გზით მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების საშუალებას.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი არ ან ვერ ასრულებს თავის საოჯახო როლსა და მოვალეობას, მისი შესრულება მეორეს უწევს, რათა შეძლებისდაგვარად გაამთლიანოს ოჯახი ან მისი მთლიანობის განცდა მაინც შექმნას.
რა თქმა უნდა, სასურველია, ბავშვი ორივე მშობლის გარემოცვაში იზრდებოდეს, რადგან ისინი შვილს უზრუნველყოფენ მათთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური სიყვარულითა და ურთიერთობით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არსებობს სიყვარულის პირობითი და უპირობო ფორმები. უპირობო სიყვარული უსიტყვოდ, უარგუმენტოდ, ყველაფრის მიუხედავად სიყვარულს გულისხმობს, განპირობებულ ანუ პირობით სიყვარულს კი დამსახურება და მოპოვება სჭირდება. შენივე ქცევიდან გამომიდნარე, ის შეიძლება დაკარგო კიდეც. უპირობო სიყვარული, თავიანთი ბიოლოგიური და სოციალური როლისა და გარკვეულწილად სტერეოტიპების გავლენითაც, მეტწილად დედებს ახასიათებთ. მას დედობრივ სიყვარულს ვუწოდებთ. პირობითი სიყვარული კი მამობრივია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედებს ან მამებს სხვაგვარი სიყვარული არ შეუძლიათ. უბრალოდ, მათთვის განსაზღვრული სახის სიყვარული უფრო დამახასიათებელი და ტიპურია.
ბავშვისთვის ორივე სახის სიყვარული სასიცოცხლოდ აუცილებელია. უპირობო სიყვარული სიმშვიდის, სამყაროსადმი ნდობის, ბედნიერების წყაროა, განპირობებული კი ნებისყოფის, გარეგანი მოტივაციისა და თვითრეგულაციის უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება და უფრო ავტონომიურს ხდის.
ვინაიდან მთელ მსოფლიოში განქორწინებულ ოჯახებში ბავშვები უმეტესად დედასთან იზრდებიან, სწორი აღზრდის შემთხვევაში მარტოხელა დედას უხდება, გადავიდეს მამობრივი სიყვარულისა და მომთხოვნელობის რეჟიმში და, იმავდროულად, შეინარჩუნოს უპირობო სიყვარულიც, რათა არ დააზარალოს ბავშვის ემოციური სფერო და, ამავე დროს, ნებისყოფის გამომუშავებასა და თავდაჯერების მოპოვებაში დაეხმაროს. კარგი იქნება, თუ დედა მოახერხებს, რომელიმე ფუნქცია სანდო, გათვითცნობიერებულ და კეთილგანწყობილ ადამიანს გაუნაწილოს. ამით ის ნაწილობრივ დააბალანსებს პრობლემას და შესაძლოა, საბოლოოდ უკეთესი შედეგიც კი მივიღოთ, ვიდრე გულგრილი ან აგრესიული მამის ოჯახთან ერთად ცხოვრების შემთხვევაში მივიღებდით.
მარი აშუღაშვილი