ჰაილაითერი: თანამედროვე მაკიაჟის ბრჭყვიალა ტრენდი

გააზიარე:

ცოტაოდენი სიხასხასე და ერთი მწიკვი ბზინვარება თანამედროვე მაკიაჟის მთავარი ამოცანაა. სხივი ისე უნდა ეცემოდეს სახეს, რომ ის ბუნებრივად ბრწყინავდეს. ჰაილაითერით ბევრი ჯადოქრობის ჩადენა შეგვიძლია, ოღონდ ამისთვის ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად და როგორ წავისვათ ის.

ვარჩევთ ჰაილაითერს

ჰაილაითერი შეიცავს უწვრილეს პიგმენტებს, რომლებიც სინათლეს ირეკლავს და ბზინვარებას ანიჭებს კანს. მისი წასმისას სახე თითქოს შიგნიდან ანათებს. დაღლილ კანს ჰაილაითერი ახალ სიცოცხლეს სძენს.

არსებობს სხვადასხვა კონსისტენციის ჰაილაითერი.

სტიკი

სტიკი (ფანქარი) კარგია დამწყებთათვის. მოხერხებული სატარებელია, არ სჭირდება ფუნჯი და მარტივად ისმება. უბრალოდ, გადაისვამთ სასურველ ადგილზე და მსუბუქად გაანაწილებთ თითით.

პუდრი

სწორად წასმულ პუდრს სწორუპოვარი ეფექტი აქვს. შეიძლება მისი გადასმა, მაგალითად, კრემისებურ ან თხევად ჰაილაითერზე, ოღონდ აუცილებელია ზომიერება და კარგად განაწილება, რომ სახეზე მკვეთრი კონტურები არ დარჩეს.

საუკეთესო შედეგისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ჰაილაითერისთვის განკუთვნილი სპეციალური ფუნჯი.

თხევადი

თხევადი ჰაილაითერი კანს ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. ის განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. მბზინავი ნაწილაკები, წესისამებრ, მასში უფრო მეტად არის კონცენტრირებული, ამიტომ ზომიერება აქაც უმთავრესია.

კრემისებრი

ის მთელი სახის კონტურირებისთვისაც გამოიყენება, რადგან არ შეიცავს უხეშ კომპონენტებს და ნათების ეფექტს ქმნის. თუ თვალებისა და წარბების ქვეშ წაისვამთ, მზერას გამოაცოცხლებს.

გელი

გელის ან მუსის კონსისტენციის ჰაილაითერი საუკეთესოა ყვრიმალებისა და ცხვირის კონტურირებისთვის.

ფერის შერჩევა

კონსისტენციასთან ერთად ჰაილაითერები ფერითა და ბზინვის ეფექტითაც განსხვავდება ერთმანეთისგან.

  • თეთრი კანისთვის ბაცი, გრილი ფერები ჯობია სადაფისფერი, მოთეთრო-მოვერცხლისფრო და მოცისფრო ნიუანსებით.
  • მოვარდისფრო კანს სადაფისფერი შეფერება.
  • თუ კანი ხორბლისფერისკენ იხრება ან ოდნავ გარუჯულია, მოუხდება ვარდისფერი, შამპანურისფერი, ბაცი ოქროსფერი.
  • თუ ბაცი ზეთისხილისფერი ან ფორთოხლისფერი დაჰკრავს, მკვეთრი ვარდისფერი და ატმისფერი ჰაილაითერი აჯობებს.
  • განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მუქი და მკვეთრად გარუჯული კანის პატრონებს, რათა ჰაილაითერმა  სახეზე ნაცრისფერი ჩრდილი არ გააჩინოს. მათთვის იდეალურია ბრინჯაოს მსგავსი თბილი ტონები.
  • თუ კანი გრილი ნიუანსებით გამოირჩევა, უმჯობესია გამოიყენოთ უფერო ჰაილაითერი, რომელიც მას ბუნებრივ ბზინვარებას მიანიჭებს.

პრიალა თუ მქრქალი?

მათთვის, ვისაც ბრჭყვიალა არ მოსწონს, არსებობს მქრქალი ჰაილაითერიც. ის კორექტორს წააგავს, მაგრამ მსუბუქად შეფერილია და სახის ფერს სიცოცხლეს მატებს. საუკეთესოა ცხიმიანი კანისთვის: ეს უკანასკნელი ბუნებრივად ბზინავს, მქრქალი ჰაილაითერი კი შესაბამის ნაკვთებს ისე ამოსწევს, რომ ზედმეტად არ იბრჭყვიალოს.

ვიყენებთ სწორად

ჰაილაითერი სახის იმ ნაწილებზე უნდა წაისვათ, რომელთა ოპტიკურად წამოწევაც გინდათ. ის ყველაზე ბოლოს, კორექტორის, ტონალური კრემის, პუდრის, თვალის ჩრდილების, რუჟის შემდეგ ისმება.

ყვრიმალები

სახის ფორმისთვის ყვრიმალებს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მათი წამოწევა გამართლებულია. ამისთვის ჰაილაითერი უშუალოდ ყვრიმალის ძვალზე უნდა დაიდოთ.

სახის სწორი კონტურისთვის არ დაგავიწყდეთ ლოყების ქვედა ნახევარზე მუქი ფერის კორექტორის დატანა.

ცხვირი

ჰაილაითერს ხშირად იყენებენ ცხვირის კონტურირებისთვის. თუ ცხვირის  წვერზე პატარა წერტილს დაისვამთ და ცხვირის ზურგს წვრილ ზოლად გააყოლებთ, ცხვირი პატარა და თხელი გამოჩნდება. ფრთხილად იყავით: თუ ზოლი ზედმეტად ფართო გამოგივიდათ, საპირისპირო ეფექტს მიიღებთ.

თვალები

იმისთვის, რომ თვალები უფრო დიდი და ფართო გამოაჩინოთ, საკმარისია, თვალის შიდა კუთხეებში ცოტაოდენი ჰაილაითერი წაიცხოთ. თუ მას წარბებქვეშ, თვალის გარეთა კუთხესთანაც წაისვამთ, შედეგი უფრო შესამჩნევი იქნება. უპეების ამოსანათებლად მქრქალ კრემისებრ ჰაილაითერს იყენებენ.

შუბლი

სახის გამოსაცოცხლებლად შეგიძლიათ, ჰაილაითერი შუბლზე, წარბებს შორის წაისვათ. ეს სახეს უფრო სიმეტრიულსაც გამოაჩენს. წაისვით მხოლოდ და მხოლოდ წარბებს შორის! თუ საფეთქლებისკენაც გადაისვამთ, სახე უფრო ფართო გამოჩნდება.

ტუჩები

სწორი ტექნიკით ტუჩების ვიზუალურად გადიდებაც შეიძლება. ამისთვის ჰაილაითერი ზედა ტუჩის ფოსოში წაისვით, უმჯობესია, ნეკა თითით, რომ ზომას არ გადააჭარბოთ. ტუჩები უფრო მეტად იქნება აქცენტირებული, თუ ცოტაოდენ ჰაილაითერს ქვედა ტუჩის კიდეზეც დაიდებთ.

დეკოლტე

იმისთვის, რომ მკერდი უფრო სავსე გამოჩნდეს, ჰაილაითერი რკალისებურად გადაისვით მკერდის ღარიდან იღლიებისკენ. ამ შემთხვევაში პუდრის გამოყენება ჯობია, რადგან ის ფაქიზად ნაწილდება და მკვეთრ გადასვლებს არ ქმნის. შეგიძლიათ, გამოკვეთოთ ლავიწის ძვალიც.

რა უნდა გვახსოვდეს

* ჰაილაითერის წასმამდე სახე ტონალურით ან ფუძით დაიმუშავეთ და ცოტა ხანს აცადეთ, რომ კანმა შეიწოვოს. ამის შემდეგ ჰაილაითერი უკეთ განაწილდება.

* თუ ჰაილაითერი არ გაქვთ, შეგიძლიათ, მის მაგივრად შესაბამისი თვალის ჩრდილი გამოიყენოთ.

* უმჯობესია, ჰაილაითერი არათითით წაისვათ – უკეთ იგრძნობთ კანს და ზედმეტიც არ მოგივათ.

* დაიცავით სახის ბუნებრივი კონტურები. ნაკვთები იშვიათად არის იდეალურად სწორი. საუკეთესო შედეგისთვის გაუყევით ბუნებრივ ხაზებს.

* თუ თხევადი ჰაილაითერის რამდენიმე წვეთს ტანის ლოსიონში შეურევთ, კანი მთელ სხეულზე აგიბზინდებათ.

უფრთხილდით!

* დაიცავით ზომიერება. თუ ბევრი მოგივიდათ, საპირისპირო შედეგს მიიღებთ.

* ერიდეთ მუქ ტონებს. ყოველთვის გამოიყენეთ ჰაილაითერი, რომელიც თქვენი კანის ბუნებრივ ფერზე ერთი ან ორი ტონით ბაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მაკიაჟი ხელოვნური გამოგივათ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: