ბავშვები ობიექტივში: ხელშეუხებელი საზღვრები

გააზიარე:

ცხოვრება პირადი სივრცის გარეშე

რამდენიმე ხნის წინ ერთი მოზარდი გოგოს პოსტს გადავაწყდი. პოსტის ავტორი ჰყვებოდა მენტალურ პრობლემებზე, რომლებიც მისი მშობლების შეცდომებმა გამოიწვია.

გოგონას და მის დას მშობლები ბავშვობიდანვე კამერით დასდევდნენ და იღებდნენ მათ ყოველ ნაბიჯს. მალე ბავშვები პოპულარულები გახდნენ. გამოჩნდნენ სპონსორები, რომლებიც მათ საბავშვო პროდუქციას, საკვებს, სათამაშოებს, ტანსაცმელს უგზავნიდნენ და მათ რეკლამირებას სთხოვდნენ. გოგონა ჰყვება, რომ ბავშვობაში სიამოვნებდა ყურადღება და “უფასო” სათამაშოები, მაგრამ რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მით უფრო ღლიდა ხელოვნური გარემო, რომელშიც ცხოვრობდა. გოგონების ყოველდღიურ ცხოვრებას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. მათი მშობლები იღებდნენ უამრავ კომპლიმენტს და ამავე დროს მატერიალურ სარგებელსაც ნახულობდნენ.

კამერებში გამოსაჩენად მათი სახლი ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდა, ხოლო ნაჩუქარი სათამაშოებით თამაში მხოლოდ კამერის წინ შეიძლებოდა. გოგონა და მისი და ბედნიერი ბავშვების როლს ასრულებდნენ, მაშინ როდესაც გამუდმებით ეშინოდათ წესრიგის დარღვევის, სახლის არევის ან სათამაშოების გაფუჭების.

ასეთმა მკაცრმა დღის განაწესმა მომატებული შფოთვა გამოიწვია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ლაღად თამაშის, საკუთარი სათამაშოების სურვილისამებრ გამოყენების, გარემოში ცვლილებების შეტანის, ცდისა და შეცდომის გზით დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ყოველივე ამის აკრძალვა იწვევს მომატებულ შფოთვას და გარემოს საშიშ ადგილად აღქმას.

რაც უფრო ემატებოდათ გოგონებს ასაკი, მით უფრო შემაწუხებელი ხდებოდა ობიექტივის წინ ცხოვრება. გოგონებს არ გააჩნდათ პირადი სივრცე, არ ჰქონდათ უფლება, აერჩიათ, რა მოეყოლათ საკუთარი თავის შესახებ სხვისთვის და რა – არა. მშვიდად ძილიც კი არ შეეძლოთ, რადგან მშობლები ზოგჯერ მძინარეებსაც უღებდნენ ვიდეოს და ინტერნეტში დებდნენ. გოგონა იხსენებს, რომ ტანსაცმლის გამოსაცვლელად ბნელ სააბაზანოში შედიოდა. ის ვერასოდეს გრძნობდა თავს დაცულად, არასოდეს იცოდა, უთვალთვალებდნენ თუ არა.

საბოლოოდ ორივე მოზარდს კლინიკური დეპრესია და შფოთვითი აშლილობა განუვითარდა. დამ თავის მოკვლა სცადა. თავად გოგონას ხანგრძლივი თერაპია დასჭირდა იმისთვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება აეწყო. მშობლებთან კონტაქტი ორივემ გაწყვიტა.

ციფრული ანაბეჭდი სამუდამოდ რჩება

თანამედროვე სამყაროში ბავშვის პირველი ციფრული ანაბეჭდი ჯერ კიდევ დაბადებამდე ჩნდება. მშობლები მის ნაცვლად ვწყვეტთ, გავაზიაროთ თუ არა მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, დავპოსტოთ თუ არა ექოსკოპიაზე გადაღებული სურათები... ბავშვის დაბადების შემდეგ ვაქვეყნებთ მის ფოტოებს, ამბებს, სიტყვებს…

ბავშვები, რომელთა პირად სივრცეს და საზღვრებს პატივს სცემენ, რომლებსაც მხარდამჭერი, მაგრამ ნაკლებად მაკონტროლებელი მშობლები ყავთ, ზრდასრულ ასაკში უფრო დამოუკიდებელ და ნაკლებად სტრესულ ცხოვრებას ეწევიან. მათ ჩამოყალიბებული აქვთ იდენტობის მყარი განცდა და კარგად იციან, რა გაუზიარონ ყველას, რა – მხოლოდ ახლობლებს და რა თავისთვის დაიტოვონ. ისინი მკაფიოდ მიჯნავენ თავიანთ საჯარო და საზოგადო სახეს, არ უჭირთ საზღვრების დაცვა. ბავშვი, რომელიც ამის შესაძლებლობას მოკლებულია, დეპრესიისა და შფოთვის რისკის წინაშე დგას.

იმისთვის, რომ ბავშვს დამოუკიდებლობა არ წავართვათ, საჭიროა, არ აღვიქვათ ის ჩვენს ნაწილად, რომელსაც, როგორც გვინდა, ისე მოვექცევით, მაგალითად, დაუკითხავად გავაზიარებთ მის შესახებ ინფორმაციას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ასე. მშობლებმა უნდა გავიაზროთ, რომ ბავშვი ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული პიროვნებაა, ჩვენგან დამოუკიდებელი განცდები და ემოციები აქვს. ის იმისთვის არ გაჩენილა, რომ ჩვენი საჭიროებები დააკმაყოფილოს.

დასაფიქრებლად

სანამ ბავშვის შესახებ სოციალურ ქსელში რამეს გააზიარებთ, დაფიქრდით:

* ხომ არ არის დამამცირებელი თქვენ მიერ განთავსებული ფოტო`ვიდეო? იქნებ ბავშვს არ უნდა, სხვებმა ასეთ პოზაში ან ასეთი საქმიანობისას ნახონ? მე, მაგალითად, არ მესიამოვნებოდა, მოტირალი ან მოთხუპნული რომ დავენახე ვინმეს.

* მეტისმეტად ბევრ ფოტოს ხომ არ აქვეყნებთ და არ აცლით ბავშვს, საკუთარი, პირადი ცხოვრება ჰქონდეს?

* ხომ არ გახდება თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო თანატოლებისგან მხრივ ბავშვის დაცინვის, აბუჩად აგდების, დევნის საფუძველი? მომენტები, რომლებიც ჩვენ "საყვარელი" გვეჩვენება, სხვების თვალში ხშირად სასაცილოა.

* ხომ არ გააპროტესტებს ბავშვი თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას, როდესაც გაიზრდება? მაგალითად, რამდენად ესიამოვნება, რომ უხერხულ სიტუაციაში გადაიღეთ და ეს ყველამ ნახა? თქვენ თუ მოგინდებოდათ, ვინმეს თქვენს დაუკითხავად გადაეღო თქვენთვის ფოტო ან ვიდეო და ყველასთვის ეჩვენებინა, როგორ ჭამთ, ატარებთ თავისუფალ დროს, გძინავთ?

* ხომ არ შეიძლება, გაზიარებული ინფორმაცია ვინმემ ბოროტად გამოიყენოს? მაგალითად, განათავსოს ბავშვის ფოტო ან ვიდეო პორნოსაიტზე, დაადგინოს თქვენი მისამართი, ბავშვთან კონტაქტის დასამყარებლად მისწეროს მისთვის საინტერესო თემაზე? ინტერნეტი სავსეა საშიში ადამიანებით.

* ხომ არ დააზიანებს თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია ბავშვის მომავალს? მაგალითად, თუ სწავლა უჭირდა, მაგრამ ეს სირთულე გადალახა, თქვენ კი დეტალურად აღწერდით მის პრობლემებს, რამდენად შესაძლებელია, მომავალში ეს ინფორმაცია უმაღლეს სასწავლებელში ან დასაქმებისას მის წინააღმდეგ გამოიყენონ?

* ხომ არ განამტკიცებს თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია სტერეოტიპებს, ხომ არ გაურთულებს ბავშვს მეგობრებთან, მომავალ პარტნიორებთან ურთიერთობას?

* ხომ არ ართმევთ ბავშვს სპონტანური სიხარულის მომენტებს?

* დაბოლოს, რომელ მოთხოვნილებას იკმაყოფილებთ, როდესაც ბავშვის შესახებ ინფორმაციას აზიარებთ? სხვა სიტყვებით, რაში გჭირდებათ ეს? იქნებ შესაძლებელია, ეს საჭიროება სხვა გზით დაიკმაყოფილოთ? მაგალითად, თუ გინდათ, ნათესავებს გაუზიაროთ ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, იქნებ ამისთვის დახურული ჩატი შექმნათ?

დასკვნა

ბავშვის პირადი ინფორმაციის მუდმივი გაზიარების მიზეზი საბოლოოდ იმაზე დაიყვანება, რომ მას ცალკე პიროვნებად კი არა, ჩვენს ნაწილად, ერთგვარ გაგრძელებად თუ პროექტად აღვიქვამთ. მეც ბევრჯერ გამიზიარებია ჩემი შვილის ფოტოები და გამონათქვამები, მაგრამ ზემოხსენებული სტატიის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი, რამდენად სწორია ეს. ჩემზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ უკვე წამოიზარდა ის თაობა, რომლის ბავშვობამაც კამერის წინ ჩაიარა და მათ შეუძლიათ, თავად მოგვიყვნენ, რა მოსწონდათ ამაში და რა – არა.

როდესაც ბავშვის ფოტოს ვაზიარებ, ამას ჩემთვის ვაკეთებ. მე ვკითხულობ კომენტარს, მე ვიღებ მოწონებას. ეს უმეტესწილად ჩემთვის კეთდება. ამიტომ საჭიროა, ავწონ-დავწონო, რა უფრო მნიშვნელოვანია: ჩემი სიამოვნება თუ ბავშვის დაცვა.

მოზრდილი ბავშვების შემთხვევაში გამოსავალია მათთვის ნებართვის თხოვნა. როდესაც პატარებს ეხება საქმე, ვითარება რთულდება. რომც დაგვთანხმდნენ, ბოლომდე ვერ ხვდებიან, რაზე გვთანხმდებიან. ამიტომ მათი პირადი სივრცის პატივისცემა და საზღვრების მოფრთხილება ჩვენი პასუხისმგებლობაა.

დროდადრო ინფორმაციის გაზიარება ალბათ ფოტოალბომის შედგენას ჰგავს, რასაც ჩემი მშობლებიც და მათი მშობლებიც აკეთებდნენ. გასაგებია ჩვენი სურვილი, ვაჩვენოთ ახლობლებს, როგორ იზრდება ჩვენი შვილი, მაგრამ ვეცადოთ, არ გადავაჭარბოთ, ბოროტად არ ვისარგებლოთ სოციალური ქსელებით.

თუ მაინც გადაწყვეტთ, გააზიაროთ ინფორმაცია ბავშვის შესახებ, დახურეთ თქვენი პროფილი, რომ სურათები, ვიდეოები თუ სხვა მასალა ნებისმიერი მნახველისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. პატივი ეცით ბავშვის ღირსებას, არ გამოაქვეყნოთ ისეთი რამ, რაც მას ახლა ან მომავალში უხერხულად აგრძნობინებს თავს. არ გადაუღოთ უწყვეტ რეჟიმში, აცადეთ, ბუნებრივად მოიქცეს, ნუ მიაჩვევთ პოზიორობას, ნუ სთხოვთ, გაიღიმოს, როდესაც არ ეღიმება, არ გადააჩვიოთ ემოციების გულახდილ გამოხატვას და არ შეუწყოთ ხელი მისი ცრუ ვირტუალური იდენტობის ჩამოყალიბებას. ეს მას ძალიან შეუშლის ხელს მომავალში ნამდვილი ურთიერთობების დამყარებაში.

რაც მთავარია, მიეცით ბავშვს ლაღად თამაშის საშუალება. რომ გაიზრდება, ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ ექნება.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: