როგორ ავირჩიოთ რძის საწველი ტუმბო

გააზიარე:

განურჩევლად იმისა, როგორ აპირებთ მკერდის ტუმბოს გამოყენებას – რეგულარულად თუ იშვიათად, სასურველია, იცოდეთ, რა განსხვავებაა ელექტრონულ და მექანიკურ ტუმბოებს შორის.

ელექტრონული თუ მექანიკური?

როდესაც საქმე არჩევანზე მიდგება, მრავალი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ: რა სიხშირით აპირებთ რძის გამოწველას, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება თუ არა დენის წყარო, მუდმივად გამოწველილი რძით აპირებთ ბავშვის კვებას თუ დროდადრო, – ამ გარემოებების შესაბამისად უნდა აარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი საწველი.

მექანიკური ტუმბო

მექანიკური (ხელის) ტუმბო ერგება ერთ ძუძუს და მექანიკური მოძრაობით გამოწველის რძეს.

პლუსები

* რძის ხელის ტუმბო პატარაა და ელექტროსაწველზე გაცილებით მსუბუქი, ამიტომ ადვილი სატარებელია.

* მოხერხებულია, რადგან არ სჭირდება დენის წყარო.

* გამოიყენებთ ყველგან: შინ, გარეთ, სამსახურში, მანქანაში, პიკნიკზე.

* იოლი ასაწყობი და სამართავია.

* არ გადაიწვება.

* ელექტროსაწველზე გაცილებით იაფია.

* ადვილად იწმინდება.

* ელექტროტუმბოსგან განსხვავებით, არ გამოსცემს ხმას.

მინუსები

* გამოწველა ბევრ დროს მოითხოვს, რადგან ხელის ტუმბო ერთდროულად ერგება მხოლოდ ერთ ძუძუს.

* გამოწველის დროს ხელები დაკავებული გექნებათ, ამიტომ სანამ რძეს იწველით, სხვას ვერაფერს გააკეთებთ.

* ხელის ტუმბოს, ელექტროტუმბოსგან განსხვავებით, მცირე სიმძლავრე აქვს.

* დამღლელია, რადგან მას მექანიკურად ამუშავებთ.

* ელექტროტუმბოსგან განსხვავებით, არ აქვს რეჟიმები, მხოლოდ ერთ რეჟიმში მუშაობს.

ელექტროტუმბო

არსებობს როგორც ერთ-, ისე ორთავიანი ელექტროტუმბოები. ეს მოწყობილობა ხელის ტუმბოზე გაცილებით მძლავრია და სწრაფად გამოწველის რძეს. შედეგად მეტი დრო დაგრჩებათ ბავშვისა თუ სხვა საქმეებისთვის.

თუ მუშაობთ და რძის გამოწველა და შინ დატოვება გიწევთ, ელექტროტუმბო თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია.

უპირატესობები

* სწრაფია. ერთთავიანი ელექტროტუმბოც კი მექანიკურ საწველზე გაცილებით სწრაფად მუშაობს. ორთავიანი ელექტროტუმბოს საშუალებით რძეს ორივე ძუძუდან უმოკლეს დროში გამოიწველით.

* ეფექტურია. მაღალი სიმძლავრის წყალობით ელექტროტუმბო ნაკლებ დროში ბევრი რძის გამოწველის საშუალებას იძლევა, ამიტომ, თუ რძის მარაგის გაკეთება გჭირდებათ, ასეთი ტუმბო საქმეს ძალიან გაგიადვილებთ.

* აქვს რამდენიმე რეჟიმი: მასაჟის, ნაზი გამოწველის, სწრაფი გამოწველის... რეჟიმს საჭიროებისამებრ შეარჩევთ.

* არ სჭირდება ხელების მიხმარება. ისეთი ელექტროტუმბოებიც კი არსებობს, რომლებიც კვების ბლოკის გარეშე მუშაობს: იმაგრებთ მკერდზე და სანამ ის რძეს წველის, თქვენ სხვა საქმით ხართ დაკავებული.

ნაკლოვანებები

* ძვირია. ხარისხიანი ელექტროტუმბო მექანიკურ საწველზე გაცილებით ძვირია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გიღირთ თუ არა მისი შეძენა. რაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს საწველს, მით უფრო დიდია მისი ფასიც. იაფფასიანი, დაბალი ხარისხის ელექტროსაწველის შეძენას არ გირჩევთ.

* შეზღუდულია იმ მხრივ, რომ კვების წყაროს მოითხოვს. ელემენტებზე მომუშავე ელექტროსაწველსაც კი ხშირად სჭირდება დამუხტვა.

* ხმაურიანია. ელექტროტუმბო მექანიკურ საწველთან შედარებით საკმაოდ ხმაურიანია, ამიტომ თუ, მაგალითად, პატარას თქვენ გვერდით სძინავს, ის შესაძლოა არაკომფორტული აღმოჩნდეს.

რომელი ავარჩიოთ

ხელის ტუმბო იდეალურია ქალებისთვის, რომლებიც ბავშვს უმეტესად ძუძუს აწოვებენ და მხოლოდ შუალედებში, სარძევე ჯირკვლების გადავსების თავიდან ასაცილებლად იწველიან; ასევე იმ დედებისთვის, რომლებიც უმეტესად (ან ყოველთვის) ბავშვთან არიან და რძის მარაგი, როგორც წესი, არ სჭირდებათ.

ელექტროსაწველი უფრო მეტად რეკომენდებულია მომუშავე დედებისთვის, რომლებსაც სურთ, ბავშვი მხოლოდ დედის რძით იკვებებოდეს, შესაბამისად, რძის გამოწველა და მომარაგება უწევთ.

სწორად შეარჩიეთ საწველის ზომა

ქალებს სხვადასხვა ზომის ძუძუსთავები აქვთ: პატარა, საშუალო, დიდი ან ძალიან დიდი. წველისას დისკომფორტი რომ არ იგრძნოთ, საწველის თავი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ თქვენს ძუძუსთავებს ერგებოდეს. საწველების უმეტესობა საშუალო ზომის კერტებზეა გათვლილი (24 მმ). საწველის ძაბრში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძუძუსთავი, ისე, რომ არ იჭედებოდეს და წველისას არ გტკიოდეთ. თუ ძუძუსთავი გამოწველის დროს მილში იჭედება, ის აუცილებლად დაზიანდება.

მეორეული საწველი

თუ მეორეული საწველის შეძენა გადაწყვიტეთ ან მეგობარმა გათხოვათ, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია ამ მოდელის შესახებ, რადგან არსებობს ისეთი საწველებიც, რომელთა გამოყენება რამდენიმე ქალს შეუძლია და ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ერთმა ქალმა უნდა გამოიყენოს.

FDA გვაფრთხილებს: თუ საწველის მწარმოებელი გეუბნებათ, რომ ამ მოწყობილობის მეორეულად გამოყენება არ შეიძლება, ვერავითარი ხარშვა და წმენდა ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ მეორეული გამოყენების შემთხვევაში ეს საწველი თქვენი ბავშვისთვის უსაფრთხო იქნება.

რეცხვა

ყოველი გამოყენების შემდეგ ელექტროსაწველის ის ნაწილები, რომლებიც ირეცხება და მექანიკური საწველის ნაწილები კარგად უნდა გაასუფთაოთ. ჯერ გამდინარე წყალში გაავლეთ, მერე კი საბავშვო ჭურჭლის სარეცხი საშუალებით კარგად გარეცხეთ. გააშრეთ ჰაერზე, ტილოზე, რომელსაც მხოლოდ ბავშვის ჭურჭლისთვის იყენებთ.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, ის ნაწილები, რომელთა გამოხარშვაც შეიძლება, მდუღარე წყალში გამოხარშოთ და ვენტილირებად ოთახში ტილოზე გააშროთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: