ვასწავლოთ ბავშვებს მისალმება

გააზიარე:

ბავშვისთვის სოციუმში ქცევის წესების ნორმად ქცევა მშობლისთვის ხშირად დიდი გამოწვევაა. ზრდასრულებს უკვე ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი ნორმები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიცავთ: მისალმება, მოკითხვა, ბოდიშის მოხდა, დამშვიდობება... პატარები კი ამ ჟესტების მნიშვნელობას ვერ ხვდებიან, მშობლებმა უნდა ავუხსნათ.

მისალმება ყოველგვარი ურთიერთობის საწყისი ფაზაა. ის განგაწყობს ადამიანის მიმართ იმ ემოციით, რომელიც გრჩება მასთან მისალმების შემდეგ.

განსაზღვრული ასაკიდან ბავშვისთვისაც სასარგებლოა ამ ჩვევის ჩამოყალიბება. ექსტრავერტი ბავშვები ხშირად თავისთავად, უფროსების შემხედვარე იწყებენ ნაცნობების მისალმებას, ისე, რომ ეს მათთვის გამოწვევას არ წარმოადგენს, ინტროვერტ და მორცხვ ბავშვებს კი უჭირთ ამ ჩვევის ჩამოყალიბება, ამიტომ მშობლის დახმარება სჭირდებათ.

რითია მნიშვნელოვანი მისალმება

მისალმების ჩვევის ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ უნარებს უვითარებს ბავშვს. როდესაც უცნობი ადამიანი მას თანატოლივით ესალმება, ბავშვი თავს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თვითშეფასება უმაღლდება.

რა წრეშიც არ უნდა მოხვდეს ბავშვი: თანატოლებთან, უფროსებთან, სკოლაში, – პირველი შთაბეჭდილება მის შესახებ სწორედ მისალმებით შეექმნებათ, ამიტომ ეცადეთ, მცირე ასაკიდანვე აუხსნათ, რომ თავდაჯერებული, ღიმილიანი სალამი მისდამი ყველას დადებითად განაწყობს და ახალი მეგობრების შეძენასაც გაუადვილებს.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მისალმება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგი ბავშვი ადვილად, უფროსების მიბაძვით იძენს მისალმების ჩვევას, დანარჩენებს კი მშობლების დახმარება სჭირდებათ. მისალმების დასწავლა არც ისე რთულია, თუ მცირე ასაკიდანვე დაიწყებთ ამაზე მუშაობას და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მაგალითზე აჩვენებთ ბავშვს, როგორ ესალმებით ნაცნობებს. შეგიძლიათ, დაიხმაროთ წიგნები, სადაც მეგობრები ერთმანეთს ესალმებიან და მოიკითხავენ, აჩვენოთ მულტფილმები, სადაც მრავლადაა ბავშვისთვის სწორედ ამ ჩვევის ჩამოყალიბებაზე გათვლილი დიალოგები.

დაგეხმარებათ როლური თამაშებიც. მაგალითად, გაითამაშეთ სიტუაცია, თითქოს ბავშვი საკლასო ოთახში შედის, თქვენ კი მასწავლებელი ხართ. მიესალმეთ ერთმანეთს, მოიკითხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეთ თავის ადგილას დაჯდომა. უამრავი სხვა სცენარის მოფიქრებაც შეიძლება. როლური თამაშების დახმარებით ბავშვები უფრო ადვილად იძენენ სხვადასხვა ჩვევას.

მიეცით კონკრეტული მითითებები

ზოგჯერ ბავშვი მისალმებისგან თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ არ იცის, რა სიტყვები გამოიყენოს, როგორ მიესალმოს უფროსს და როგორ – თანატოლს, საკმარისია, მაღაზიაში გამყიდველს ან კონსულტანტს უბრალოდ გაუღიმოს თუ აუცილებლად “გამარჯობაც” უნდა დააყოლოს.

მოუყვანეთ კონკრეტული მაგალითები, აუხსენით, რომ ახლო ნათესავს და შორეულ ნაცნობს ერთნაირად არ უნდა მიესალმოს, ვისთან შეიძლება ფამილარული მისალმება და ვისთან – არა.

ბევრი ივარჯიშეთ

მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის მისალმების წესებს, შეგიძლიათ, პრაქტიკის არეალი გააფართოოთ: ეზოში, მაღაზიაში, სტუმრად… შინ დაბრუნების შემდეგ ჰკითხეთ, როგორ გრძნობდა თავს, როდესაც ნაცნობებს წესისამებრ ესალმებოდა, მოეწონა ეს გრძნობა თუ არა.

არ დააძალოთ

თუ სახლში ბევრს ვარჯიშობთ, მაგრამ ხვდებით, რომ ბავშვი ჯერ მაინც არ არის მზად ამ ჩვევის რეალურ ცხოვრებაში გადასატანად, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ, არ დატუქსოთ, არ შეარცხვინოთ სხვების წინაშე. ხშირად მშობელი თავად გრძნობს უხერხულობას, როდესაც მისი შვილი ნაცნობებს არ ესალმება, მაგრამ ეცადეთ, უხერხულობა მოთოკოთ და ბავშვს გასაგონად არ წარმოთქვათ მსგავსი ფრაზები: “ამას ხო მისალმება ვერ ვასწავლე!“. მით უმეტეს, არ მიმართოთ საყვედურით: “რა უზრდელურად იქცევი, ახლავე მიესალმე ადამიანს!” ამით ბავშვს თვითშეფასებას კიდევ უფრო დაუმდაბლებთ, საკუთარი თავის რწმენას დააკარგვინებთ და, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხნით გადაადებინებთ ამ სასარგებლო ჩვევის ყოველდღიურობაში გამოყენების მცდელობას.

შეაქეთ და გაამხნევეთ

თუ ბავშვმა “გამარჯობის” თქმა ვერ მოახერხა და მხოლოდ ხელის აწევა ან გაღიმება შეძლო, აუცილებლად შეაქეთ, წაახალისეთ, უთხარით, რომ დასაწყისისთვის ესეც მშვენიერია, რომ შემდეგში მეტსაც შეძლებს.

თუ ვერც ამის გაკეთება მოახერხა და საკუთარი გაუბედაობის გამო დაირცხვინა, გაამხნევეთ, უთხარით, რომ მართლაც არ არის ადვილი ახალი ჩვევის ჩამოყალიბება, რომ ამას დრო სჭირდება და აუცილებლად სცდით კიდევ, მანამდე, სანამ არ გამოუვა.

ასწავლეთ თვალით კონტაქტის მნიშვნელობა

ზოგჯერ ბავშვებს უჭირთ უფროსთან თვალით კონტაქტის დამყარება და სწორედ ეს უშლით ხელს მისალმების რიტუალის ჩატარებაში. უთხარით, რომ თვალით კონტაქტში არაფერია მოსარიდებელი, პირიქით, ყოველთვის თავდაჯერებულად შეხედოს თვალებში ნაცნობს, მით უმეტეს – მისალმებისას. ეს გამბედაობასაც შემატებს. საქმის გასაადვილებლად შეგიძლიათ შესთავაზოთ, მისალმებისას დაიმახსოვროს ადამიანების თვალის ფერი. ეს ინტერესსაც გაუჩენს და მისალმების ჩვევის ჩამოყალიბებაც გაცილებით გაუადვილდება.

ასწავლეთ სასარგებლო ფრაზები

როლური თამაშების დროს ასწავლეთ ის მარტივი და პრაქტიკული ფრაზები, რომლებსაც ვიყენებთ მისასალმებლად, პასუხის დასაბრუნებლად, მოკითხვისას: “გამარჯობა”, “გმადლობთ, კარგად“, “თქვენ როგორ ბრძანდებით?” – რათა ბავშვი არ დაიბნეს, როდესაც მისალმებას დიალოგი მოჰყვება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: