ალკოჰოლური კეტოაციდოზი

გააზიარე:

ალკოჰოლი დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი ზღვარგადასული მოხმარება შესაძლოა პრობლემების წყაროდ იქცეს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ალკოჰოლური კეტოაციდოზია.

სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ამ მდგომარეობის განვითარებაში ბრალი ალკოჰოლს მიუძღვის. უფრო ზუსტად, ალკოჰოლის მიღებას შიმშილობისას.

უჯრედებს გამართული მუშაობისთვის გლუკოზა და ინსულინი სჭირდება. გლუკოზის წყარო საკვებია, ხოლო ინსულინს კუჭქვეშა ჯირკვალი – პანკრეასი გამოიმუშავებს. ალკოჰოლის მიღების ფონზე ინსულინის გამომუშავება მცირდება. მისი უკმარისობის გამო უჯრედები გლუკოზას ვეღარ ითვისებენ, ენერგია კი მათთვის აუცილებელია, ამიტომ ორგანიზმი ენერგიის ალტერნატიულ წყაროს პოულობს – ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას იწყებს. ცხიმის დაშლას თან ახლავს კეტონების წარმოქმნა. ეს მჟავური მოლეკულები უჯრედებს ენერგიით უზრუნველყოფენ, თუმცა, იმავდროულად, სისხლში მჟავა გარემოს ქმნიან. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება “კეტოაციდოზიც”.

ალკოჰოლური კეტოაციდოზი ჰგავს დიაბეტის დროს არსებულ კეტოაციდოზს, თუმცა გლუკოზის დონე სისხლში ამ დროს დაბალი ან ნორმალურია (ზოგჯერ – ზომიერად მომატებული).

რისკჯგუფები

ალკოჰოლური კეტოაციდოზი ყველაზე ხშირად ალკოჰოლდამოკიდებულ პირებს ემართებათ, რომლებიც ქრონიკულად ჭარბად იღებენ ალკოჰოლს, თუმცა ეს მდგომარეობა ჭარბი ალკოჰოლის ერთჯერადმა მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს.

ადამიანი, რომელიც ქრონიკულად სვამს, იშვიათად იკვებება სრულფასოვნად, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ზოგჯერ შიმშილს ერთვის ღებინებაც. ცუდი კვებისა და ღებინების გამო ორგანიზმი იფიტება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ინსულინის დონეს.

ალკოჰოლური კეტოაციდოზის განვითარების ალბათობა დამოკიდებულია მიღებული ალკოჰოლის ოდენობაზე, ადამიანის ნაკვებობასა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. მის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს თანდართულმა ინფექციამ ან სხვა დაავადებამ (მაგალითად, პანკრეატიტმა).

როგორ ვლინდება

ალკოჰოლური კეტოაციდოზისთვის დამახასიათებელია გულზიდება, ღებინება, მუცლის ტკივილი. სუნთქვა ხშირდება და ღრმავდება, რადგან ორგანიზმი ცდილობს, მეტი ნახშირორჟანგი გამოდევნოს ამოსუნთქვისას და სისხლის მჟავიანობა შეამციროს.

სიმპტომების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია მიღებული ალკოჰოლისა და სისხლის მიმოქცევაში დაგროვილი კეტონების ოდენობაზე. ადამიანი გაღიზიანებულია, დაბნეული, დასუსტებული, შენელებული აქვს მოძრაობები, დაგვიანებულ შემთხვევებში საქმე კომამდეც კი მიდის. გაუწყლოება ვლინდება თავბრუხვევით (ვერტიგო), გაძლიერებული წყურვილით, სუნთქვისას შეინიშნება არასასიამოვნო ხილის სუნი. ამას ალკოჰოლურ სუნთქვას უწოდებენ და სისხლში კეტონების არსებობას უკავშირდება.

ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან ალკოჰოლური კეტოაციდოზი სიცოცხლისთვის საშიშია. ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს მსგავსი სიმპტომები შეიძლება განუვითარდეს მწვავე პანკრეატიტის, მეთანოლით (ხის სპირტით) ან ეთილენგლიკოლით (ანტიფრიზი) მოწამვლის, დიაბეტური კეტოაციდოზის დროსაც, ამიტომ ალკოჰოლური კეტოაციდოზის დიაგნოზის დასმამდე ყველა ამ მდგომარეობების გამორიცხვაა საჭირო.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან მათ კავშირს. ლაბორატორიულად კი აღმოაჩენენ კეტონების მომატებას და მჟავიანობას, წესისამებრ, სისხლში გლუკოზის ნორმალური ან დაბალი დონის ფონზე. ვინაიდან ალკოჰოლური კეტოაციდოზის სიმპტომები სხვა მდგომარეობებისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც ჰგავს, კვლევა ამ მდგომარეობათა გამოსარიცხადაც ტარდება. ამოწმებენ სისხლში ალკოჰოლის შემცველობას, გლუკოზის დონეს, თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობას, ფერმენტებს – ამილაზას და ლიპაზას პანკრეატიტის გამოსარიცხად, შარდში კეტონების დონეს, სისხლში ელექტროლიტების დონეს ანიონური ინტერვალის გამოსათვლელად, არტერიული სისხლის აირებს სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისა და ჟანგბადის დონის შესაფასებლად. შრატში რძემჟავას მატება ლაქტაციდოზის ნიშანია, რაც ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგბადით არასათანადო მომარაგებაზე მეტყველებს. გლუკოზის დონის შეფასება დიაბეტური კეტოაციდოზის გამორიცხვის საშუალებას იძლევა.

ალკოჰოლური კეტოაციდოზისთვის ტიპური ლაბორატორიული მონაცემებია მეტაბოლური აციდოზი მაღალი ანიონური ინტერვალით, სისხლში კეტონების არსებობა.

მკურნალობა

მკურნალობა, ჩვეულებრივ, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ტარდება, სადაც ფასდება პაციენტის გულისცემა, სუნთქვის სიხშირე, არტერიული წნევა. მკურნალობა გულისხმობს ფიზიოლოგიური და გლუკოზის ხსნარის ვენაში შეყვანას, ორგანიზმისთვის დეფიციტური ვიტამინების (მაგალითად, თიამინის, B1-ის) მარაგის შევსებას, საჭიროებისამებრ – კალიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის დამატებით მიწოდებას. ალკოჰოლის აღკვეთის სიმპტომების შესამსუბუქებლად ტარდება დამხმარე თერაპია.

აღსანიშნავია, რომ კეტოაციდოზი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომები ადვილად ექვემდებარება დროულ მკურნალობას. ზოგჯერ საჭიროა, პაციენტი ინტენსიური მოვლის პალატაში მოთავსდეს. საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ალკოჰოლური კეტოაციდოზის სიმძიმესა და მკურნალობის პროცესში დამატებითი დარღვევების გამოვლენაზე.

გართულებები

ალკოჰოლური კეტოაციდოზი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მოსალოდნელია ისეთი გართულებები, როგორიცაა კომა, გულყრა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, პნევმონია, ენცეფალოპათია (ტვინის დაავადება, რომელიც მეხსიერების დაქვეითებასთან, ქცევისა და ხასიათის ცვლილებებთან ასოცირდება). სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დახმარების გაწევა მკვეთრად ამცირებს მძიმე გართულებების რისკს.

ალკოჰოლური კეტოაციდოზის რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობაც. პროგნოზი კი დამოკიდებულია დროულ დახმარებაზე, ალკოჰოლის მოხმარების ხარისხზე და ღვიძლისა თუ სხვა ორგანოთა დაავადებების თანაარსებობაზე. ალკოჰოლის ხანგრძლივ მოხმარებას ღვიძლის მუდმივ დანაწიბურებამდე და საბოლოოდ ციროზამდე მივყავართ. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ვლინდება გამოფიტვით, ფეხების შეშუპებით, ღებინებით და სხვა არასახარბიელო ნიშნებით, რაც საერთო პროგნოზზე უარყოფითად აისახება.

როგორც უკვე ვთქვით, გადაუდებელი ჩარევა უკეთესი შედეგის საწინდარია, ალკოჰოლის ოდენობის შემცირება კი ალკოჰოლური კეტოაციდოზის პრევენციის საუკეთესო პირობაა.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: