პატარების უსაფრთხო ძილი

გააზიარე:

ჯერ კიდევ  მაშინ, როცა ორი სული ვიყავი, ჩემს უსაზღვრო ბედნიერებას თან სდევდა დაბნეულობის, გამოუცდელობის შიში. განუწყვეტლივ ვეძებდი ინფორმაციას  ყველაფერზე – როგორი სამოსი უნდა სცმოდა პატარას, რომელი საფენი ჯობდა... ერთად ვუსმენდით  კლასიკურ მუსიკას, თუმცა ჩემი მთავარი საზრუნავი მაინც ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო.

ყოველი სტატიის ბოლოს პედიატრები მკაცრ რეკომენდაციებს იძლეოდნენ უსაფრთხო ძილის შესახებ, საუბრისას  ახსენებდნენ ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომს (SIDS) და შიშიც უფრო და უფრო მძლავრობდა ჩემში. ამიტომაც გადავწყვიტე, მეტი გამეგო ახალშობილთა უსაფრთხო ძილის შესახებ, ახლა კი თამამად შემიძლია, ჩემი ცოდნა სხვა მომავალ დედიკოებსაც გავუზიარო.

რას გულისხმობს ახალშობილის უსაფრთხო ძილი?

უსაფრთხო ძილისთვის საჭიროა უსაფრთხო გარემო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევენ:

<> პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვილს მშობლების ოთახში ეძინოს. ამით შემცირდება უეცარი სიკვდილის რისკი – მშობლებს ადვილად გაეღვიძებათ და დროულად დაეხმარებიან პატარას გასაჭირში (მაგალითად, ღებინების ან აპნოეს – სუნთქვის შეწყვეტის – დროს).

<> ეძინოს მშობლების ოთახში, მაგრამ საკუთარ საწოლში, საუკეთესო შემთხვევაში – მშობლების საწოლზე მიდგმულ საბავშვო საწოლში, რომელსაც ცალი მხარე ეხსნება. ეს ვარიანტი განსაკუთრებით კომფორტულია მეძუძური დედებისთვის.

<> ეძინოს ყოველთვის ზურგზე! მუცელზე ან გვერდზე წოლა ზრდის უეცარი სიკვდილის რისკს.

მას შემდეგ, რაც ამერიკელმა პედიატრებმა ამ რეკომენდაციის გაცემა დაიწყეს, ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაცვლილთა რიცხვი 40%-ით შემცირდა. თუ ბავშვს პირქვე მწოლიარეს ჩაეძინა, აუცილებლად გადმოატრიალეთ.

<> ეძინოს მაგარ ზედაპირზე. ზეწარი იყოს გლუვი (და არა ბეწვეულით გაწყობილი ან ხაოიანი) და მჭიდროდ  ეკვროდეს ლეიბს, რათა მოძრაობისას ბავშვმა არ მოითრიოს და სახეზე არ დაიფაროს.

<> ძილის წინ აუცილებლად  ამოალაგეთ ბავშვის საწოლიდან ბალიშები, გადასაფარებლები, რბილი სათამაშოები, გარსადებები (ბამპერები). გახსოვდეთ, ახალშობილი მხოლოდ ცხვირით სუნთქავს, საწოლში მიყრილ-მოყრილი ზედმეტი ნივთები კი ადვილად შეიძლება აეფაროს სასუნთქ გზებზე და  გაგუდოს. გარდა ამისა, ჩახუთულ საწოლში ამოსუნთქვისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი გროვდება, რაც მოგუდვის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

<> პლედის დაფარების ნაცვლად ჩააცვით საღამური ან გარემოს ტემპერატურის შესაფერისი საძილე ტომარა.

<> ნუ მოწევთ თამბაქოს ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს.

<> აკონტროლეთ საწოლ ოთახში ჰაერის ტემპერატურა, რათა ბავშვი არ გადახურდეს. უსაფრთხო ძილისთვის სასურველია 20-22ოჩ.

მოლოდინი და რეალობა

ორსულობისას ახალბედა დედები ველით, რომ ბავშვს ძილი ეყვარება, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ჩვენი მოლოდინის საპირისპიროდ ხდება, ამიტომ, მომავალო დედიკოებო, გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, ბოლოს ჩემსავით გაწბილებული რომ არ დარჩეთ –  ჩემმა პატარამ კლინიკიდან გამოწერის დღიდანვე უარი განაცხადა მარტო ძილსა და მისთვის სათუთად შერჩეულ საწოლზე. პირველი რამდენიმე დღე მხოლოდ ჩემს მკერდზე ეძინა, მე კი იმდენად მოუმზადებელი აღმოვჩნდი ამისთვის, მთელი კვირა თვალი არ მომიხუჭავს. სულ ტყუილად – აღმოჩნდა, რომ ბავშვთან ერთად ძილი საერთოდ არ ყოფილა საშიში, ოღონდ რამდენიმე პირობით:

• მშობელი არ უნდა იყოს მწეველი;

• უნდა იყოს ფხიზელი, არ იღებდეს მედიკამენტებს, რომლებიც ძილიანობას იწვევს.

• საწოლში არ ჰქონდეს მიმოფანტული ბალიშები, საბანი (თუ ახურავს) უნდა ეხუროს მხოლოდ წელს ქვემოთ.

• ბავშვს უნდა ეძინოს საღამურით. ნუ გაახვევთ – გახვეულს თქვენ გვერდით ძალიან დასცხება.

• უნდა იწვეს ზურგზე, დედის მხარეს და არავითარ შემთხვევაში –  შუაში.

• ლეიბი მაქსიმალურად მკვრივი უნდა იყოს, ზეწარი – რეზინით მოჭიმული.

• საწოლს უნდა ჰქონდეს მოაჯირი, რათა ბავშვი არ გადავარდეს (უკვე საქართველოშიც შესაძლებელია მოსახსნელი მოაჯირების შეძენა). ალტერნატივაა იატაკზე დაგებულ მატრასზე ძილი.

მოულოდნელი უბედურება

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, შტატებში ყოველწლიურად 2500 ახალშობილი ეწირება ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომს.

ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი გულისხმობს წლამდე ასაკის ფაქტობრივად ჯანმრთელი ბავშვის უეცარ, აუხსნელ სიკვდილს. გარდაცვალების შემდეგ სინდრომის შესახებ დასკვნა გამოაქვთ აუტოფსიის შედეგებისა და გარდაცვალების ადგილის შესწავლის საფუძველზე.

ვარაუდობენ, რომ ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომს კავშირი აქვს თავის ტვინის იმ უბანთან, რომელიც სუნთქვის აქტს და გამოღვიძების პროცესს აკონტროლებს. გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე რისკფაქტორი, რომელთა გათვალისწინებითაც შეგვიძლია შევამციროთ ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხე.

მთავარი რეკომენდაციებია უსაფრთხო ძილი, ადეკვატური გარემოს შექმნა და სწორი ძილის პოზა. სხვა რისკფაქტორების ჩამონათვალი კი ასეთია:

• ახალშობილის მცირე წონა –  ნაადრევი მშობიარობისას, როცა ნაყოფის წონა ნორმაზე ნაკლებია, დიდია ალბათობა, მისი თავის ტვინი სათანადოდ არ იყოს მომწიფებული და ვერ აკონტროლებდეს ისეთ ავტოსომურ პროცესებს, როგორებიცაა სუნთქვა და გულისცემა.

• რესპირატორული ინფექცია – უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაცვლილ ბევრ ბავშვს უახლოეს წარსულში გადატანილი ჰქონდა რესპირატორული ინფექცია, რომელსაც შესაძლოა სუნთქვის პრობლემები გამოეწვია.

• სქესი – სტატისტიკურად, მამრობითი სქესის ჩვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი აღნიშნული სინდრომისკენ;

• ასაკი – ყველაზე საშიშია სიცოცხლის მეორე და მესამე თვე;

• რასა – მეცნიერებს უჭირთ ახსნა, რატომ აქვთ  ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომისკენ უფრო ძლიერი მიდრეკილება აფრიკელებს, აფროამერიკელებს, ინდოელებს და ალასკის აბორიგენებს.

• ოჯახური ისტორია – მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, რომელთა და, ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი ან მამიდაშვილი ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომს ემსხვერპლა.

• პასიური მწეველობა – უეცარი სიკვდილის ალბათობა უფრო დიდი აქვთ ბავშვებს, რომლებიც მწეველთა ოჯახში ცხოვრობენ.

როგორ შევარჩიოთ საძილე ტომარა

საძილე ტომარა იმ აუცილებელი ნივთების სიაში უნდა შეიტანოთ, რომელიც თქვენი პატარასთვის შეადგინეთ. ის ამცირებს ჩვილის უეცარი სიკვდილის ალბათობას, იცავს ბავშვს გადახურებისგან და მის სხეულს მუდმივ, სტაბილურ ტემპერატურას უქმნის. პატარები ხშირად ბრუნდებიან ზურგიდან მუცელზე ან მუცლიდან ზურგზე და ამ დროს შესაძლოა გადასაფარებელში გაიხლართონ, საძილე ტომარაში კი ბავშვი სურვილისამებრ იტრიალებს ყოველგვარი საფრთხის გარეშე.

საძილე ტომრის არჩევისას  გასათვალისწინებელია:

*საწოლი ოთახის  ტემპერატურა – საძილე ტომრის შეძენისას ყურადღებას ვაქცევთ  ტოგ (თOG) ინდექსს – მაჩვენებელს, რომელიც სეზონისა და ოთახის ტემპერატურის მიხედვით საძილე ტომრის არჩევაში გვეხმარება. რაც უფრო მაღალია TOG ინდექსი, მით უფრო თბილია  ტომარა. არსებობს ცხრილიც, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ:

ცხრილი

• ქსოვილებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ორგანულ  ბამბას, რომელიც ჰაერს ცირკულაციის საშუალებას აძლევს და ჭარბ ოფლიანობას თავიდან გვაცილებს.

• აირჩიეთ საძილე ტომარა, რომელიც სარეცხ მანქანაში ირეცხება (ამის გასაგებად ნახეთ იარლიყი).

• აუცილებლად შეამოწმეთ, ხომ არ აქვს ტომარას თასმები – ისინი საშიშია.

• შეარჩიეთ  ქვედაშესაკრავიანი საძილე ტომარა – ასეთი შესაკრავი ღამით საფენის გამოცვლას გაგიადვილებთ.

გაუფრთხილდით თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს! უმარტივესი წესების დაცვასაც კი შეუძლია, რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: