ალექსი მინდაძე - კლინიკური ნევროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

პოეტური სულის, ფოლადივით მტკიცე ნებისყოფისა და სნეულებათა კურნების უბადლო ნიჭით დაჯილდოებული კიდევ ერთი ქართველი ექიმის შესახებ მინდა გიამბოთ. მისი ბიოგრაფია სამაგალითო და მრავლისმთქმელია. როგორც ამბობენ, პიროვნულ თვისებებთან ერთად გარეგნობითაც გამორჩეული ყოფილა; ცხოვრების კიბეს მუდამ მაღლა მიუყვებოდა და უშიშრად იყურებოდა წინ.

ალექსი მინდაძის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით მის შვილიშვილს, ბაბუის სეხნიას – მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ექიმ ნევროლოგ ალექსი მინდაძეს, და ჩვენი რუბრიკის დიდ გულშემატკივარს, ქართული მედიცინის ისტორიის მოამაგეს, გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას.

ოჯახი
ალექსი მინდაძე 1911 წლის 7 მარტს დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ერკეთში. აზნაურ ალექსი მინდაძისა და ვანელი თავადის ქალის დომნა ახვლედიანის საკმაოდ შეძლებულ ოჯახში შვიდი ქალ-ვაჟი იზრდებოდა (ერთი ვაჟი ბავშვობაში გარდაიცვალა).

მამა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სიკვდილამდე ისურვა, ნაბოლარასთვის, ოთხი თვის მიშიკოსთვის, სახელად ალექსი დაენათლებინათ. ასე რომ, შინაურები მიშიკოს ეძახდნენ, დანარჩენებისთვის კი ის ალექსი იყო.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ოჯახმა მიწები და სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება დაკარგა და დიდ გაჭირვებაში ჩავარდა, მაგრამ დედისა და უფროსი ძმის თავგანწირვით უმცროსმა მინდაძეებმა უმაღლესი განათლება მიიღეს და წარმატებით დაიმკვიდრეს თავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ პროფესიულ ასპარეზზე.

ალექსი მინდაძის უფროსი ძმა დავითი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე თევზჭერის მრეწველობის რეფორმატორი იყო. მუშაობდა ჯერ ბათუმში, შემდეგ – ბაქოში. დააარსა ბაქოს ქართული გიმნაზია, ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას. ბოლოს საქართველოს თევზჭერის სამმართველოს უფროსი გახდა. დანარჩენი და-ძმებიდან ჭიჭიკო ფილოსოფოსი და უცხო ენების მასწავლებელი გახდა, გალაქტიონი – ეკონომისტი მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით. ლილიმ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოიპოვა და სამედიცინო ინსტიტუტში ასწავლიდა, ნინა – ქიმიის, ხოლო ლენა ბიოლოგიის მასწავლებელი იყო. მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა ასევე შეიტანეს წვლილი ქართული საზოგადოების განვითარებაში: პროფესორი თამაზ ჭურაძეს პედიატრიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, კარდიოლოგია მანანა დევდარიანი, ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწეობს ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე.

ფილოლოგობიდან ექიმობამდე
ალექსი მინდაძეს ბავშვობიდანვე იტაცებდა ლიტერატურა და ისტორია. სწავლობდა ჯერ ვანში, შემდეგ – ქუთაისის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელ კურსებზე უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის.
– პოეტური ბუნების ადამიანი გახლდათ, – გვიყვება ბატონი ხუტა, – თავდაპირველად აგრონომიულ სასწავლებელში ჩარიცხულა, მაგრამ იქაური გარემო იმდენად შორს ყოფილა მისი გულისწადილისგან, რომ ფილოლოგიურზე ჩაბარება გადაუწყვეტია. თავის სარჩენად მოსწავლეების მომზადება დაიწყო. ჰონორარის უმეტეს ნაწილს დედას უგზავნიდა, მცირედს კი თავისთვის იტოვებდა.

კურსები წარმატებით დაამთავრა, მაგრამ 16 წლისას უნივერსიტეტში მიღებაზე უარი უთხრეს. არ დანებდა და განათლების სახალხო კომისარს (იმდროინდელ განათლების მინისტრს) დავით კანდელაკს მიმართა, მასთან შეხვედრა მოახერხა და თავის გასაჭირზე უამბო. როგორც ჩანს, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან უნივერსიტეტმა განათლების კომისრის ოფიციალური შუამდგომლობა მიიღო და ალექსი მინდაძე ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მედიცინის ფაკულტეტზე გადავიდა, რომელიც შემდეგ გამოეყო უნივერსიტეტს და სამედიცინო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1932 წელს დაამთავრა. პარალელურად უცხო ენათა სასწავლებელში (მომავალ უცხო ენათა ინსტიტუტში) გერმანულ და ფრანგულ ენებს სწავლობდა. ლიტერატურის, პუბლიცისტიკის, ფრანგული ენის სიყვარული მთელი სიცოცხლე გაჰყვა.

ახალგაზრდა ექიმი თავისი მასწავლებლების, ცნობილი ექიმების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. პროფესორებს ახსოვდათ მისი წარმატებები სწავლის წლებში, სტუდენტურ სამეცნიერო საზოგადოებაში წაკითხული მოხსენებები და პერსპექტიულ კლინიცისტად მიაჩნდათ. მაშინდელი ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ივანე კონიაშვილსა და ნერვულ სნეულებათა კლინიკის ხელმძღვანელ სიმონ ყიფშიძეს შორის პაექრობის მიზეზიც კი გახდა. გაიმარჯვა სიმონ ყიფშიძემ – 23 წლის ალექსი მინდაძე ნერვულ სნეულებათა კლინიკის, შემდგომ კი კათედრის ორდინატორი გახდა. გაიარა ყველა აკადემიური საფეხური, დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები და 1966 წლიდან სიკვდილამდე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრას განაგებდა.

ხუტა პაჭკორია:
– ბატონი ალექსი ჩემი მასწავლებელი გახლდათ. გამოცდაც მას ჩავაბარე. ალბათ უკლებლივ ყველა პროფესორი ინატრებს შეგირდისგან ისეთ დაფასებას, როგორიც მის აღმზრდელებს ხვდათ წილად – ალექსი მინდაძემ 23 მონოგრაფია მიუძღვნა სიმონ ყიფშიძესა და პეტრე ქავთარაძეს და ამით, შეიძლება ითქვას, უკვდავყო იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც სამეცნიერო ასპარეზზე გზა გაუკვალეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ მიზანდასახულ ექიმს.

მრავალფეროვანი გამოცდილების მკურნალი

ნევროლოგია მუდამ იყო ალექსი მინდაძის კლინიკური და სამეცნიერო ინტერესების ცენტრში, თუმცა პარალელურად ის მუშაობდა ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინსტიტუტში, შემდეგ – ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე, სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში. ეს გამოცდილება ძალიან გამოადგა, როდესაც მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ქერჩში მოხვდა, სადაც მასშტაბურ ბრძოლებსა და საავიაციო თავდასხმებს უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა. ასეთ ვითარებაში ექიმის თავგანწირვისა და ხშირად სიცოცხლის ფასად გადარჩენილი მებრძოლები ვერც კი იგებდნენ მხსნელის ვინაობას. ალექსი მინდაძის მიერ გადარჩენილ მებრძოლებს შორის აღმოჩნდა გენერალი პეტრე დავიდოვი – ყირიმის ფრონტის მთავარსარდლის მოადგილე. მან დაიმახსოვრა შავგვრემანი ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც, თავადაც დაჭრილმა, ბრძოლის ველიდან ზურგით გამოიყვანა მომაკვდავი, საკუთარი პერანგი დახია და ჭრილობები გადაუხვია, სისხლდენა შეუჩერა და არ მიატოვა, სანამ საველე ჰოსპიტალში არ გაამგზავრა. ეს ეპიზოდი გენერალმა მოგვიანებით თავის მემუარებშიც აღწერა, ხოლო გაზეთ "კომუნისტში" გამოაქვეყნა მადლობის წერილი სათაურით "ვინც სიკვდილისგან მიხსნა".

1943 წლის ბოლოს ალექსი მინდაძე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამკურნალო-პროფილაქტიკური სამმართველოს უფროსად დანიშნეს. 1945-1949 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. ამ წლებში ჯანდაცვის სისტემას რამდენიმე მძიმე პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი: პარტახტიანი ტიფის სპორადული ეპიდემიები, რომლებიც ომის შემდგომ მიგრაციას უკავშირდებოდა, მედიკამენტებისა და აღჭურვილობის დეფიციტი, სამამულო ომის ინვალიდთა მკურნალობა და რეაბილიტაცია, ფრონტიდან დაბრუნებული ექიმების სამუშაო მოწყობა, სოფლის საექიმო/საექთანო პუნქტების ორგანიზაცია... ყველა ამ საქმეს ალექსი მინდაძე ჩვეული პასუხისმგებლობით უძღვებოდა.
მიუხედავად მისი როგორც კლინიცისტის, მკვლევრის, ომის მონაწილის, ჩინებული ორგანიზატორის უდავო ავტორიტეტისა, ალექსი მინდაძის კარიერულ ზრდას ერთი შეხედვით არაარსებითი, მაგრამ, ეპოქას თუ გავითვალისწინებთ, სავსებით ლოგიკური მიზეზები უშლიდა ხელს: წარმომავლობა, პრინციპულობა, უკომპრომისობა... ამიტომ მანაც მთელი თავისი ძალისხმევა კლინიკური მედიცინისკენ მიმართა.

პროფესიული მიღწევები
ალექსი მინდაძის დამოკიდებულება ნერვულ სნეულებათა კვლევის მიმართ კარგად ჩანს მისი სადოქტორო დისერტაციის სტრუქტურაში. დისერტაცია უბრალო სათაურით: "მასალები ტრავმული ეპილეფსიის კლინიკისა და მკურნალობის საკითხისათვის", – მოიცავდა სამ კვლევით ასპექტს: ნეიროქირურგიული სეგმენტი დამუშავდა ნეიროქირურგიის კლინიკაში პროფესორ კონსტანტინე ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, პათომორფოლოგია – თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, აკადემიკოს ვლადიმერ ჟღენტის ხელმძღვანელობით, ელექტროენცეფალოგიური გამოკვლევები კი ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილთან. ყველა, ვინც იცნობს ქართული და, თამამად შეიძლება ითქვას, საერთაშორისო კვლევითი მედიცინის ამ მნიშვნელოვან ფიგურებს, ადვილად წარმოიდგენს, რა მასშტაბისა და პასუხისმგებლობის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევითი სამუშაოს შესრულება დასჭირდებოდა დოქტორანტს.

დისერტაცია დაცულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ღია სხდომაზე 1949 წლის 17 მაისს.
ალექსი მინდაძის მოღვაწეობა მოიცავს კვლევით, პედაგოგიურ, კლინიკურ საქმიანობას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის კლინიცისტი იყო. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ათეულობით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, შესრულებულია კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევები, შედგენილია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები. მან ნიშანდობლივი კვლევები ჩაატარა ნერვული სისტემის ინფექციური, ტრავმული და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების პრობლემატიკაში, აღწერა ახალი სიმპტომი ლუმბოსაკრალური რადიკულიტის დროს და სხვ. ალექსი მინდაძემ დანერგა კომპლექსური კვლევები ნევროლოგიური პათოლოგიის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში, რამაც მას როგორც ნოვატორ მკვლევარს კოლეგების აღიარება მოუტანა.

წლების განმავლობაში ის ასრულებდა რესპუბლიკის მთავარი ნევროლოგის, ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობას, თანამშრომლობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტთან, 1954-1959 წლებში იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. 1962 წელს რომში, ნევროლოგთა IV მსოფლიო კონგრესზე, ის არჩეულ იქნა ნევროლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრად. აღსანიშნავია, რომ კონგრესზე გამგზავრების წინ მან იტალიური ენის მოკლე კურსი გაიარა. ეს თითქოსდა წვრილმანი ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

ალექსი მინდაძის ცხოვრებაში საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეკავა თავისი ადგილი. მისი პუბლიცისტური წერილები სისტემატურად იბეჭდებოდა პრესაში. იყო არაერთი გაზეთისა და ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, ავტომოყვარულთა თბილისის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე... ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომლის პროპაგანდას რამდენიმე სამედიცინო ნაშრომი მიუძღვნა, თავადაც მისდევდა – უაღრესად დატვირთული რუტინის მიუხედავად, კვირაში სამჯერ, დილის შვიდის ნახევრიდან ცხრის ნახევრამდე, მეგობრებთან – ინჟინერ მიხეილ ქობულაძესა და ჩოგბურთელ გურამ თოხაძესთან ერთად მარჯანიშვილის კორტებზე ჩოგბურთს თამაშობდა.

მეგობრობდა სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან – ასაკით უფროსებსა და უმცროსებთან, წარჩინებულებსა და არაწარჩინებულებთან. ახლო მეგობრობა აკავშირებდა კონსტანტინე გამსახურდიასა და ლევან გოთუასთან. იყო ჩოხოსანთა ჯგუფის წევრი – მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად ასე გამოხატავდა იმდროინდელი რეალობისადმი ჭეშმარიტი ქართული ინტელიგენციის დამოკიდებულებას. მეგობრული და მასწავლებლისთვის დამახასიათებელი მზრუნველობით ურთიერთობდა ახალგაზრდა კოლეგებთან. როგორც მისი კათედრის ახლა უკვე ჭარმაგი თანამშრომლები იხსენებენ, ალექსი მინდაძეს ჰქონდა თავშეყრის ტრადიციული დღეები, როდესაც შინ იწვევდა კათედრის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, მაგრამ მაშინაც კი, როცა მივლინების ან რეგიონში საქმიანი გასვლის დროს თანამშრომლებს ერთად მოუწევდათ სადილობა, მასპინძლის როლს ალექსი მინდაძე იღებდა საკუთარ თავზე. მასპინძლობა უფროსის პასუხისმგებლობააო, ამბობდა ხოლმე.

ხუტა პაჭკორია:
– ძალიან კარგი მოქართულე იყო და კალამიც უჭრიდა. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" მეოთხე გვერდი ეკავა მის საავტორო რუბრიკას, რომელიც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წერდა ყველასათვის გასაგებად, თუმცა, იმავდროულად, აკადემიურად. ჰქონდა ინდივიდუალური სტილი და ამ ყველაფრის წყალობით უამრავი მკითხველი ჰყავდა. რუსეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩასული, ხშირად სტუმრობდა დონის მონასტერს – გადასახლებულ ქართველთა საძვალეს, არც ფიზიკურ შრომას თაკილობდა და მატერიალურადაც ეხმარებოდა იქ მცხოვრებ თანამემამულეებს.
იმ დროს "პობედას" მარკის ავტომობილი ქალაქში რამდენიმე კაცს თუ ჰყავდა, ალექსი მინდაძე და მისი უფროსი მეგობარი და კოლეგა კონსტანტინე (ბონდო) ჩიქოვანი ერთ-ერთი პირველები იყვნენ მათგან, ვინც თავად მართავდა მთავრობის მიერ გამოყოფილ მანქანებს. მძღოლების მომსახურებაზე უარი უთქვამთ – ასეთ რთულ პროფესიას ვემსახურებით, განა საჭის ტრიალს რა განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებაო?

ალექსი მინდაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში რეგიონული ნერვული განყოფილებების გახსნაში. მისი დიდი დახმარებით გახსნა საავადმყოფო 1965 წელს ზუგდიდში ნევროპათოლოგიის პიონერმა ვალერიან მეუნარგიამ.

საიმედო ნავსაყუდელი
ასეთი დატვირთული პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრება დიდ გამძლეობას მოითხოვს. ალექსი მინდაძეს ძალას ოჯახი აძლევდა. ის მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ბაბუა იყო. მისი მეუღლე, ირა ფალავანდიშვილი, ასევე ექიმი, გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გახლდათ. 1940 წელს დაქორწინდნენ. მათმა ქორწინებამ სამედიცინო დინასტიასაც დაუდო სათავე: მათი ორი შვილი, ბიძინა და ნატა, მედიცინას გაჰყვა (ქეთინომ, შუათანა დამ, ხელოვნების სამსახური ამჯობინა და პიანისტი გახდა). პროფესორ ბიძინა მინდაძის ვაჟიც ექიმია, ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

წლები გადის, მაგრამ შვილიშვილები – ეკა, ლექსო, ივა და კოტე – ხშირად იხსენებენ ბაბუას.
ოჯახურ ტრადიციად დამკვიდრდა ლიტერატურის სიყვარულიც: ბიძინა მინდაძე იყო არაერთი პოეტური კრებულის ავტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას იცნობდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ხუტა პაჭკორია:
– არასოდეს დამავიწყდება ჩემი ძვირფასი პედაგოგის, ბატონი ალექსის მწუხარე სახე, როდესაც ის უკანასკნელად ვნახე საავადმყოფოში არა როგორც იმედით სავსე ექიმი, არამედ როგორც პაციენტი, რომელიც ქვედა კიდურების ამპუტაციისთვის ემზადებოდა. მიუხედავად მძიმე ხვედრისა, მას სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია სამეცნიერო შრომა. მახსოვს, ოპერაციის წინ თავის საყვარელ მოწაფეს ჯანო ვალიშვილს უთხრა, მხოლოდ შენ მოდი და მინახულე, სხვებს ნუ შეაწუხებო.

არ შემიძლია არ ვახსენო ალექსი მინდაძის ვაჟი, ასევე უნიჭიერესი ნევროპათოლოგი და პოეტი ბიძინა მინდაძე, რომლის სტრიქონებმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული პოეზიის მოყვარულთა გულში.

ალექსი მინდაძე 1985 წელს გარდაიცვალა. დატოვა ნევროლოგიის ავტორიტეტული სკოლა, მისი ხსოვნის პატივისმცემელი მოწაფეები, მადლიერი პაციენტები და მოსიყვარულე ახლობლები.

მარი მარღანია

გააზიარე: