როგორ შევინარჩუნოთ რუჯი

გააზიარე:

რატომ არის რუჯი ასეთი მიმზიდველი? მისი წყალობით კანი თანაბარ შესახედაობას იძენს და თითქოს უფრო ახალგაზრდულადაც გამოიყურება. მაგრამ ფრთხილად: როცა რუჯი არაბუნებრივად მუქია, ის ხელოვნურის შთაბეჭდილებას ახდენს, თანაც მზეზე საათობით ყოფნა ძალიან საშიშია.

იცით, რომ სწრაფად მიღებული რუჯი ასევე სწრაფად ქრება? ჯანსაღი და ხანგრძლივი ნამზეურისთვის კი სწორად უნდა გაირუჯოთ.

მოკლე ექსკურსი დერმატოლოგიაში

მიუხედავად იმისა, რომ გარუჯული სხეული უმრავლესობისთვის ჯანმრთელობასთან ასოცირდება, რუჯი სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზმის პასუხი მზის აგრესიაზე. როცა კანი მზის სხივების სიჭარბეს დააფიქსირებს,   მისი ზედაპირული შრე, ეპიდერმისი, სქელდება და მელანინის – კანის ფერის განმსაზღვრელი პიგმენტის – დაჩქარებულ წარმოქმნას იწყებს. მელანინი ფარივით ეფარება უჯრედებს, რომ დაიცვას ულტრაიისფერი გამოსხივების არასასურველი შედეგებისგან: დაწვისგან, გამოშრობისგან, დამუწუკებისგან, ნადრევი დაბერებისგან და ყველაზე უარეს შემთხვევაში – კანის კიბოსგან.

ჩამოთვლილ უსიამოვნებათა რისკი მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ,  უნდა ვიცოდეთ როგორც გარუჯვის, ისე რუჯის მოვლის წესებიც.

მოვლა გარუჯვამდე იწყება

კანი გარუჯვამდე უნდა მოამზადოთ. როგორ? ჩაიტარეთ პილინგი და კანის ზედაპირზე დაგროვილი მკვდარი უჯრედები მოიცილეთ. მათ ქვეშ ახალგაზრდა და ჯანმრთელი უჯრედებია განლაგებული. შეფერვას სწორედ ეს ახალი ფენა დაიწყებს, რითაც თავიდან აიცილებთ არათანაბარ რუჯს.

კანი ნელ-ნელა შეაჩვიეთ მზეს. დაიწყეთ 10-15-წუთიანი აბაზანებით და მათი ხანგრძლივობა ნელ-ნელა გაზარდეთ. ეცადეთ, ზომიერებამ არ გიღალატოთ. ბევრი წინასწარ სოლარიუმში ირუჯება, მაგრამ ეს მზის მავნე გამოსხივებისგან ვერ დაგიცავთ.

ხანგრძლივი მზის აბაზანა = ხანგრძლივ რუჯს?

თუ გგონიათ, რაც უფრო მეტხანს დარჩებით მზეზე, რუჯიც მით უფრო მეტხანს გაგყვებათ, ცდებით. პირიქით, მწველი მზის გულზე დიდხანს ყოფნისას მოსალოდნელია კანის ანთება, დამწვრობა. ცუდი ის არის, რომ ამას მაშინვე ვერ შეამჩნევთ – დამწვრობა დაახლოებით 4-8 საათის შემდეგ იჩენს თავს: კანი წითლდება, ხურდება და მტკივნეული ხდება, უარეს შემთხვევაში ბუშტუკებითაც იფარება, შესაძლოა დაერთოს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი.

თუ გსურთ, რუჯით დიდხანს ისიამოვნოთ, მზის აბაზანები ქოლგის ქვეშ უნდა მიიღოთ. ჩრდილშიც ისევე გაირუჯებით, როგორც მზის გულზე. მეტი დრო დაგჭირდებათ, სამაგიეროდ, კანი ნაკლებად დაისტრესება და რუჯიც ზაფხულის მიწურულამდე გაძლებს.

თუ კანი გაწითლდა

თუ საღამო ხანს კანზე სიწითლე შეამჩნიეთ, ეს უკვე პირველი ხარისხის დამწვრობაა. თუ მას სათანადოდ მოუვლით, შესაძლოა, კანის ზედა ფენა აქერცვლას გადაარჩინოთ. კანის დასამშვიდებლად საუკეთესოა პანთენოლის შემცველი კრემები და პანთენოლის სპრეი – კრემ-ქაფი, რომელიც ნაზად ეფინება გაღიზიანებულ ადგილს, აგრილებს მას და აჩქარებს მოშუშებას. თუ დამწვრობა მსუბუქი სიწითლითა და სიმხურვალით შემოიფარგლება, მის დასაცხრობად შინაური საშუალებებიც გამოდგება: გრილი მწვანე ჩაის საფენები, მაწონი, გრილი ფიზიოლოგიური ხსნარი (1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ლიტრ წყალზე), კიტრის ნაჭრები, – რომლებსაც მხოლოდ გამაგრილებელი ეფექტი აქვს. თუ დამწვრობა დიდ უბანზეა და ბუშტუკებიც შეამჩნიეთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.

დამცავი საშუალებები

დამცავი საშუალებების დევიზია: “მეტი გვეხმარება მეტად”.

შავგვრემნებს ნამდვილად გაუმართლათ: მათი კანის უჯრედები უხვად გამოიმუშავებს მელანინს, თეთრი კანი კი გაცილებით დაუცველია, ამიტომ შავგრემნები ადვილად ირუჯებიან, თეთრი კანის მქონეები კი წითლდებიან და იწვებიან.

მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე ნამზეურის მიღება არც ერთი ფერის კანისთვის არ არის რეკომენდებული, მაგრამ თეთრ კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

რომელია საუკეთესო?

ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ მაღალი SPF ინდექსის მქონე დამცავი საშუალებები უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი რუჯის გარანტიას იძლევა. მიზეზი იგივეა, რაც მზის აბაზანების ჩრდილში მიღებისას: ნაკლები სტრესი = ხანგრძლივ რუჯს. ასე რომ, რაც უფრო მძლავრია SPF ფაქტორი, მით უკეთესი. გარდა ამისა, ზოგიერთი დამცავი საშუალება ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მელანინის წარმოქმნას ააქტიურებს და ხელს უწყობს სწრაფად და თანაბრად გარუჯვას.

დამცავი კრემი შინიდან გასვლამდე 20 წუთით ადრე უხვად წაისვით მთელ ტანზე და დღის განმავლობაში რამდენჯერმე განიახლეთ, რადგან წყალი და ოფლის მის მოქმედებას ასუსტებს.

დატენიანება

“დატენიანება” – აი ის ჯადოსნური სიტყვა, რომელიც რუჯს შეგინარჩუნებთ. სიცხე, მარილიანი და ქლორიანი წყალი ზედმეტად აშრობს კანს, გამომშრალი ეპიდერმისი კი ადვილად იქერცლება, რასაც ჩვენი რუჯიც ეწირება. კანი ხშირად უნდა დაინოტივოთ, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე. კრემიც არ უნდა დაინანოთ – უხვად უნდა წაისვათ და დაელოდოთ, ვიდრე კანი მთლიანად არ შეისრუტავს. საუკეთესოა ალოეს, შარდმჟავასა და გლიცერინის შემცველი დამატენიანებელი საშუალებები, ქოქოსის ზეთი.

გამოიყენეთ After-Sun მოვლის საშუალებები. დატენიანებასთან ერთად ისინი ხელს უწყობენ მზისგან გაღიზიანებული კანის დამშვიდებას, აქვთ გამაგრილებელი ეფექტი.

ალოე ვერას ექსტრატის შემცველი კრემები კარგად ანოტივებს კანს და აცხრობს ანთებას. შეიძლება გაჭრილი ფოთლის წვენის წასმაც.

E ვიტამინის შემცველი საშუალებები კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

აბაზანა

რუჯის დასაცავად უარი უნდა თქვათ ცხელ აბაზანებზე. უმჯობესია, ტანი დაიბანოთ ნელთბილი წყლით. ერიდეთ აბაზანასა და ჯაკუზიში დიდხანს ნებივრობას.

რუჯის მტერია პილინგიც. მელანინი კანის ზედა ფენაშია, პილინგი კი კანს სწორედ ამ ფენას აცილებს და რუჯიც მალე გადადის.

პილინგის ჩატარება არასასურველია, ვიდრე კანი თვითონვე არ დაიწყებს აქერცვლას.

ერიდეთ უხეშ გამშრალებას.

მოვლის საშუალებები

რუჯის დიდხანს შესანარჩუნებლად შესაძლოა თავის მოვლის იმ საშუალებების შეცვლაც მოგიწიოთ, რომლებსაც მანამდე იყენებდით. ყურადღებით გაეცანით მათ შემადგენლობას. თუ რომელიმე ხილის მჟავებს ან რეტინოლს შეიცავს, ნუღა გამოიყენებთ. რატომ? იმიტომ, რომ მჟავებს მსუბუქი ამქერცლავი ეფექტი აქვს. ამ ინგრედიენტებს უმთავრესად ასაკსაწინაამდეგო და ცხიმიანი კანის მოვლის საშუალებები შეიცავს.

ალკოჰოლის შემცველ საშუალებებსაც ერიდეთ. ალკოჰოლი შედის ბევრი დეოდორანტის, დასაბანი გელის, გამწმენდი ლოსიონის შემადგენლობაში. დაიბანეთ გელით, რომელიც ასუფთავებს და იმავდროულად ატენიანებს.

რა გავლენას ახდენს კვება რუჯზე?

მართალია, ჩაცივებული ლუდი და ღვინო ძალიან უხდება ზაფხულს, მაგრამ არა რუჯს. ალკოჰოლი უფრო მეტად გამოაშრობს მზისგან ისედაც დასტრესილ კანს. უმჯობესია, მათ ნაცვლად მწვანე ჩაი სვათ, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

საუკეთესო დამცავ საშუალებებსაც კი არ შეუძლია, სრულიად აღკვეთოს მავნე ზემოქმედება ულტრაიისფერი სხივებისა, რომლებიც ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის.

თავისუფალი რადიკალები აზიანებენ უჯრედებსა და ქსოვილებს, ხილსა და ბოტნეულში შემავალი ანტიოქსიდანტები კი, როგორც ვიცით, ებრძვიან და აუვნებლებენ მათ, ასე რომ, თუ გსურთ, კარგად აღიჭურვოთ ანტიოქსიდანტებით და ორგანიზმი მზის აბაზანებისთვის მოამზადოთ, ხშირად მიირთვით ხილ-ბოსტნეული, განსაკუთრებით – წითელი და ნარინჯისფერი: პომიდორი, წითელი პაპრიკა, ნესვი, მარწყვი, ციტრუსები, სტაფილო...

მზის აბაზანების დროს ორგანიზმს არა მარტო გარედან, არამედ შიგნიდანაც სჭირდება დანოტივება, ამიტომ წყალი მუდამ თან იქონიეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: