სალომე ბენიძის სიზმრების ქალაქი

გააზიარე:

"წიგნებს არ აქვთ სქესი. სამაგიეროდ, სქესი აქვთ მათ ავტორებს, რომლებიც, პირველ რიგში, საკუთარ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით წერენ. ფაქტმა, რომ დღეს ქართულ ლიტერატურაში ქალების ხმა ისმის, შეიძლება თაობების აზროვნება და უფრო მეტიც – მათი ბედი შეცვალოს, გოგონებს საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული განუმტკიცოს, ბიჭებს კი ცხოვრება, ურთიერთობები, სიყვარული სხვა კუთხით დაანახოს”, – ეს სიტყვები სალომე ბენიძეს ეკუთვნის. ის ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი მწერალია წერის ორიგინალური მანერით, მსოფლმხედველობით, ფასეულობათა სისტემით...

სალომე საკუთარ თავზე, წიგნებზე, მკითხველსა და მთავარ ფასეულობებზე გვესაუბრება.

გზა ნაცრისფერი ბავშვობიდან ყვითელკაბიან ქალობამდე

– ამბობენ, ბავშვობის წლები ყველაზე ნათელი და ფერადიაო, თუმცა მე ბავშვობა ბნელ 90-იანებში გავატარე. ორი წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. მე და დედა ქუთაისში ვცხოვრობდით. დედა საბავშვო ბაღში მუშაობდა. ხშირად დავყავდი სამსახურში და მახსოვს, სულ ფეხით გვიწევდა სიარული – ტრანსპორტი არ დადიოდა.

ვამაყობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სკოლის კურსდამთავრებული ვარ. ქუთაისის მესამე სკოლას თავისი ისტორია აქვს. წინათ აქ კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი იყო. პირველი თაობის ცნობილი ფემინისტები – კატო მიქელაძე, ქრისტინე შარაშიძე, მინადორა ტოროშელიძე და სხვები – თავის დროზე ამ სკოლაში სწავლობდნენ.

მიყვარს ჩემი სკოლა, მგონია, რომ ბევრი რამ, რაც შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მას უკავშირდება. მაგალითად, ბავშვობიდანვე ვწერდი, მაგრამ ამ ამბავს მე თვითონ არ აღვიქვამდი სერიოზულად, მასწავლებლებმა კი ჩემს ნაწერებს სხვა თვალით შეხედეს... ასეთი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საკუთარი თავის გჯეროდეს, ირწმუნო, რომ რაღაც შეგიძლია.

წარმატება, რომელიც იოლად არ მოდის

– მარტივად არაფერი მოსულა. მართალია, სწრაფი ვარ და ბევრს ვასწრებ, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ დიდი შრომის ფასად.

ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ კარგი განათლება უნდა მიმეღო, მესწავლა და ჩემი გზა მეპოვა ცხოვრებაში, რომ არასოდეს არავიზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. გაცვლითი პროგრამით ვიყავი ლიეტუვაში, ვილნიუსში. შემდეგ ერასმუსის სტიპენდიით საბერძნეთში, ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, მაგისტრატურა გავიარე საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით და ახლა სადოქტოროზე ვმუშაობ – ჯიპას დოქტორანტი და ასისტენტ-პროფესორი ვარ. მჯერა და ჩემს სტუდენტებსაც ყოველთვის ვეუბნები, რომ მხოლოდ ნიჭით შორს ვერ წახვალ. მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობაა მთავარი. მეც სწორედ ამ თვისებების წყალობით მოვედი აქამდე. და კიდევ – იმისა, რომ ყოველთვის შემიძლია თავიდან დაწყება. რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვახერხებ, რაღაცებს გადავაბიჯო, რაღაცებზე მაღლა დავდგე და თავიდან დავიწყო.

ვიტყვი იმასაც, რომ ცხოვრების გზაზე ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა. მადლიერება ადამიანის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებად მიმაჩნია და მეც მადლიერი ვარ – თითოეულმა მათგანმა, სხვადასხვა დროს, თავისი განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ იღბლიანიც ვარ, რადგან ცხოვრების ყოველ ეტაპზე – სკოლაში, უნივერსიტეტში – ვიძენდი ადამიანებს, რომლებიც დღემდე დიდ ძალას მაძლევენ.

თანამედროვე მწერლობა

– ასეთი პერსპექტივა, როგორიც დღეს აქვთ, ქართველ მწერლებს არასოდეს ჰქონიათ. საგამომცემლო სფერო ძალიან გაძლიერდა, დაწესდა “ლიტერა”, “საბა”, წინანდლისა და იაკობ გოგებაშვილის პრემიები. ეს დიდი სტიმულია იმისთვის, რომ პროცესი ცოცხალი იყოს. გაიჭრა ფანჯარა საზღვარგარეთ, ევროპის ბაზარზე კონტაქტები გაჩნდა. ამაში დიდი როლი შეასრულა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენმა სტუმრობამ. წელს თბილისია წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იუნესკოს ეგიდით. ამ გარემოებებმა განაპირობა ისიც, რომ გერმანულ ენაზე ითარგმნა ჩემი “ქალაქი წყალზე” და ჩემი და დინა ოგანოვას ერთობლივი დოკუმენტური წიგნი "sHEROes", სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ლექსები კი არაერთ ანთოლოგიაშია შესული.

სამწუხაროდ, საქართველო პატარა ქვეყანაა და წიგნის ბაზარიც პატარა აქვს, აქ ბესტსელერის ავტორობაც კი ვერ მოგიტანს ფინანსურ კეთილდღეობას, ამიტომ მწერალი იძულებულია, სხვა საქმეებიც აკეთოს. ჩემს მაგალითზე გეტყვით: მეორე რომანს უკვე ოთხი წელია ვწერ, რადგან ჩემი დროის უდიდესი ნაწილი სამსახურს ეთმობა.

წიგნი, რომელიც მკითხველად გაქცევს

– ლიტერატურა დედამ და დეიდამ შემაყვარეს. დეიდა ბიბლიოთეკაში მუშაობდა, მასაც ხშირად დავყავდი სამსახურში. ამიტომ არის, რომ ბიბლიოთეკის თაროები ჩემთვის დღემდე კომფორტის ზონაა. ვგიჟდები, ისე მიყვარს წიგნების დახარისხება-დალაგება.

– ამბობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ახალგაზრდებს წიგნის სიყვარული გაუნელა...

– ამ აზრს არ ვიზიარებ. თანამედროვე მოზარდები ბევრს კითხულობენ და ამის დასტურია თუნდაც გადაცემა "წიგნების თარო", რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემს მეგობარს, სანდრო ლორთქიფანიძეს მიჰყავს. მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც საკმაოდ ნაკითხ ბავშვებად ვითვლებოდით, ამ ასაკში ნამდვილად არ ვიცოდით ამდენი... კომპიუტერს კი ვუყურებ როგორც დამხმარე ძალას, რომლის წყალობითაც ახალგაზრდებს დღეს უამრავ წიგნზე – თარგმანსა თუ დედანზე – მიუწვდებათ ხელი. ჩემი სტუდენტების მაგალითზეც შემიძლია იგივე ვთქვა. კომუნიკაციებს და საზოგადოებასთან ურთიერთობას ვასწავლი და, როგორც თავადაც ხვდებით, ამ საგანს ლიტერატურასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ლექციის შემდეგ ხშირად მოდიან და წიგნებზე ვსაუბრობთ. საყვარელი წიგნები თაობიდან თაობამდე იცვლება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს; მთავარია, იპოვო ის წიგნი, რომელიც მკითხველად გაქცევს.

ლიტერატურა და ემოცია

– შეიძლება, მთელი წელი ისე გავიდეს, არაფერი დავწერო, რადგან ჩემთვის ეს პროცესი ემოციებს უკავშირდება. შესაბამისად, ემოცია ჩემს წიგნებში მართლაც ბევრია და მიყვარს კიდეც ასეთი ლიტერატურა. ზოგს უფრო ფილოსოფიური მსჯელობით სავსე წიგნები მოწონს, მე კი მირჩევნია წიგნი, რომელიც თითქოს არაფერზეა, მაგალითად, როგორიც ელენა ფერანტეს “მარტოობის დღეებია” – უბრალო ამბავს გიყვება, ამბავს ქალზე, რომელიც ქმარს შორდება, მაგრამ გიყვება საოცრად და ხვდები, რომ ცხოვრებაც სწორედ ასეთია. მაგიური რეალიზმიც მიყვარს. ჩემი გული სულ გაყოფილია ძალიან ყოფით წიგნებსა და მაგიურ რეალიზმს შორის, რომელიც მართლაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

“ქალაქი წყალზე” – ავტოთერაპია

– ეს წიგნი, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის დავწერე. ჩემთვის ის ერთგვარი თერაპია იყო. მგონია, რომ ყველა პერსონაჟს მივეცი რაღაც ჩემი, მგონია, რომ ყველა ეს ქალი შეიძლებოდა ჩემი სხვადასხვა ვერსია ყოფილიყო. ამ წიგნში ჩემი მეგობრებიც არიან, მათი სახელები, მათთან დიალოგები... ვფიქრობ, ამ პერსონაჟებში ბევრმა ქალმა საკუთარი თავი დაინახა და წიგნიც ამიტომ გახდა პოპულარული. მისი დაბეჭდვის შემდეგ ქუჩაში მოზარდმა გოგონებმა გამაჩერეს. შეიძლება ჩაგეხუტოთ? თქვენმა წიგნმა მე გადამარჩინაო, – მითხრა ერთმა. ეს ყველაზე საოცარი ამბავია, რაც კი ოდესმე გადამხდენია. ალბათ, ნობელის პრემიაც ვერ გამახარებდა ამ სიტყვებზე მეტად.

ბრძოლა პროგრესული საზოგადოებისთვის

– მგონია, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება მუდმივად საომარ ვითარებაში ვართ იმისთვის, რომ განვვითარდეთ, წინ წავიდეთ. ეს ბრძოლაა ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაც. თავს ფემინისტად მოვიაზრებ და ქალთა უფლებების დაცვა – როგორც ლიტერატურაში, ისე ყოველდღიურობაში – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უძველესი ბრძოლაა, რომელშიც ქალები ჩვენი ადგილის დასამკვიდრებლად, ჩვენი უფლებების დასაცავად ვართ ჩართული.

უნდა გჯეროდეს, რომ ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, თუნდაც მრავალი წლის შემდეგ. ჩვენ დღეს იმ ბრძოლის ნაყოფს ვიმკით, რომელშიც ალბათ კატო მიქელაძე იყო ჩაბმული ერთი საუკუნის წინ, რადგან ჩემი თავისუფლება ვერ მოვიდოდა არსაიდან იმ დოზით, რა დოზითაც ახლა მაქვს. ვერავინ მაიძულებს იმის გაკეთებას, რაც არ მინდა და ამისთვის ჩემამდე სხვა ქალებმა იბრძოლეს, თუნდაც დედაჩემმა.

– მწერლობა ძლიერი იარაღია ამ ბრძოლაში?

– ვფიქრობ, მწერლები არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით ვავლენთ შესაშურ ერთიანობას და საღ აზრს, თუმცა თანამედროვე ლიტერატურა მორალური მეტრის ფუნქციას არ ასრულებს, რაც ძალიან მომწონს – ის უფრო სარკეა, რომელიც შენი თავის დანახვაში, აღმოჩენაში გეხმარება.

მიხარია, რომ ქართული ლიტერატურა გენდერულად უფრო თანასწორი ხდება და თანდათან ირღვევა სტერეოტიპი, რომ ქალური ლიტერატურა მხოლოდ ქალების საკითხავია. შესანიშნავი ქალი ავტორები გვყავს და მათი ხმა სულ უფრო მეტად ისმის ლიტერატურაში. საუკუნეების განმავლობაში კაცურ ლიტერატურას ვკითხულობდით. დროა, კაცებმაც წაიკითხონ, რას წერენ ქალები, რას წერენ ისინი ქალებზე, როგორ აღიქვამენ საკუთარ თავს, თუნდაც იმისთვის, რომ უკეთესად გაიგონ, როგორები ვართ სინამდვილეში, რამდენად განვსხვავდებით იმ ქალებისგან, რომლებზეც ისინი წერენ.

– იმ მამაკაცებზე რას გვეტყვით, რომლებმაც გაბედეს და გვერდით ძლიერი ქალები ჰყავთ?

– ასეთები საქართველოში ბევრნი არ არიან, თუმცა მაინც არიან. მათ იციან, რომ გენდერული თანასწორობა კაცებისთვისაც დიდი სიკეთის მომტანია, რადგან ისინიც ისევე არიან სტერეოტიპების მსხვერპლნი, როგორც ქალები. ჩემთვის ამოუხსნელია, როგორ შეიძლება, სქესის გამო ერთი ადამიანი მეორეს ჩაგრავდეს და ამით ბედნიერი იყოს. საბედნიეროდ, არიან ისეთი კაცები, რომლებსაც ეს საკითხები აღელვებთ და სჯერათ, რომ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა მარტო ქალების ბრძოლა არ არის.

პროგრესი საზოგადოებრივ ცნობიერებაში აშკარაა და მიმაჩნია, რომ ეს ქალების, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების დამსახურებაა. ქალებმა ისწავლეს, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები. ეს ტენდენცია კიდევ უფრო შესამჩნევია ახალგაზრდებში. ჩვენ როგორც საზოგადოება წინ წავედით, მაგრამ მეტია საჭირო.

თავისუფლება – მთავარი ფასეულობა

– ჩემი წინამორბედი თაობისთვის თავისუფლება, პირველ რიგში, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ასოცირდებოდა, ახალი თაობისთვის კი ეს ცნება უფრო პიროვნულ თავისუფლებას გულისხმობს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან დღეს, საბედნიეროდ, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა არ გვიწევს. ჩვენმა თაობამ, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებში დაიბადა და თვალი დამოუკიდებელ საქართველოში გაახილა, პირველ მოგონებებად ცხრა აპრილი და ომი შემოინახა. ბევრი რამის გაცნობიერება გაგვიჭირდა. გარემოც სხვანაირი იყო. თუნდაც ის რად ღირს, რომ შეგიყვანდნენ მუსიკალურ სასწავლებელში, იტანჯებოდი, წვალობდი, იცოდი, რომ აღარასდროს დაუბრუნდებოდი ამ სფეროს, მაგრამ, როგორც დამჯერი ბავშვი, ამთავრებდი შვიდწლედს. დღეს მშობლებიც მეტ თავისუფლებას აძლევენ შვილებს და ტრაგედიად აღარ ითვლება, ბავშვმა მუსიკალური სკოლა თუ არ დაამთავრა... ძალიან მომწონს თანამედროვე თინეიჯერები, დიდი იმედით ვუყურებ მათ და ხანდახან მაოცებს კიდეც მათი თავისუფლების ხარისხი. მჯერა, რომ თავისუფალ საზოგადოებას მხოლოდ პიროვნულად თავისუფალი ადამიანები ააშენებენ.

ჯანმრთელობა

– ბოლო თვეებია, ინტენსიურად ვვარჯიშობ, ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში დავაფასე, რადგან უწინდელივით აქტიური განრიგი აღარ მაქვს, როდესაც შეხვედრიდან შეხვედრაზე, ერთი ქვეყნიდან მეორეში დავრბოდი. იმ დროს არც ჯანსაღი კვება იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი სიამოვნება. რვა წელია, ხორცს აღარ ვჭამ. სამაგიეროდ, ხილი ჩემი რაციონის განუყოფელი ნაწილია.

საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესი კომპლექსური თემაა და ვფიქრობ, მისი გაცნობიერება ადრეულ ასაკშივე უნდა მოხდეს. ჯანმრთელობა მხოლოდ ველოსიპედით სიარული არ არის, ბავშვებმა და მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ თავიანთი სხეულის, თუნდაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ასაკის შესაბამისი ინფორმაცია, რომ საკუთარ თავს არ გაუუცხოვდნენ.

ბედნიერება საკუთარი თავის პოვნით იწყება. როცა საკუთარი თავის გჯერა, შენი კარგად ყოფნა გარემო ფაქტორებზე ნაკლებად არის დამოკიდებული და იმასაც ადვილად ხვდები, რომ პატარა ბრძოლების წაგება საბოლოო დამარცხებას არ ნიშნავს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: