დების განსაკუთრებული ურთიერთობა

გააზიარე:

ადამიანი თავის სიცოცხლეში მრავალ ერთმანეთისგან განსხვავებულ ურთიერთობას ამყარებს და თითოეულ მათგანს მისთვის უნიკალური ღირებულება აქვს.

პირველი და ყველაზე ამაღლებული ურთიერთობა უდავოდ დედაშვილობაა, რომელსაც დაბადების წუთიდან სიცოცხლის ბოლომდე წამყვანი როლი აკისრია პიროვნებად მის ჩამოყალიბებაში. თავ–თავის როლს ასრულებს ურთიერთობები ოჯახის სხვა წევრებთან, მეგობრებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სიცოცხლის განმავლობაში ვხვდებით.

ქვემოთ დების ურთიერთობის განსაკუთრებულობაზე ვისაუბრებთ.

მაინც რითია გამორჩეული ეს ურთიერთობა?

პირველი საუკეთესო მეგობარი

მშობლები შვილს ხშირად მხოლოდ მაშინ უსმენენ გულდასმით, როდესაც გრძნობენ, რომ მას მართლა ძალიან აწუხებს რაღაც, ყოველდღიური ამბები კი ნაკლებად აინტერესებთ. გოგონებისთვის, რომლებისთვისაც ყოველი დღე ახალი თავგადასავალია, ძალიან მნიშვნელოვანია, გვერდით ჰყავდეთ ადამიანი, ვისაც დაგროვილ ემოციებს გაუზიარებენ. სწორედ ამ დროსაა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დის ყურადღება და, საზოგადოდ, დის არსებობა მათ ყოველდღიურობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანსაღ ოჯახურ გარემოში გაზრდილი დები ერთმანეთს ყველაზე უკეთ იცნობენ და ყველაზე უკეთ შეუძლიათ ერთმანეთისთვის შფოთვისა და მღელვარების შემსუბუქება საჭირო დროს.

და – ეს არის ადამიანი, რომელიც იმავე ოჯახში, იმავე პირობებში იზრდება, რომელშიც ჩვენ; ჩვენთან ერთად იძინებს, ჩვენთან ერთად იღვიძებს, იგივე ოჯახური პრობლემები აქვს... ეს არის ადამიანი, რომელსაც პირველს ვუყვებით ყველაფერს, თუმცა ზოგჯერ ნერვებს გვიშლის, თავს გვაბეზრებს, ზოგჯერ გვშურს კიდეც მისი.

რაც უფრო იზრდებიან დები, მით უფრო იზრდება მათი ურთიერთობა მნიშვნელობაც. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ მაინც ალბათ ყველა ქალს უნატრია, მისი და აორთქლებულიყო, გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან, ჯანსაღ ოჯახურ გარემოში ასეთი მომენტები ასაკთან ერთად იშვიათდება, ქრება და რჩება უნიკალური, ძალზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გასტანს.

პირველი კონკურენტი

კონკურენცია დებს შორის გარდაუვალია – მათ ხომ, პირველ რიგში, მშობლების სიყვარულის გაყოფა უწევთ, ხშირად – სათამაშოებისაც, მერე და მერე – ტანსაცმლის, პარფიუმერიის, დაბოლოს – საპირისპირო სქესის ყურადღებისაც. როცა დები დაახლოებით თანატოლები არიან, ხშირად ერთნაირი გემოვნება აქვთ და შესაძლოა, სიმპათიის ერთი და იგივე ობიექტი ჰყავდეთ. მოზარდ ასაკში ეს კონკურენცია მნიშვნელოვანი ეჩვენებათ, მაგრამ ასაკი ემატებათ და მსგავსი სიტუაციები მხოლოდ ღიმილის მომგვრელ მოგონებებად რჩება.

და, რომელიც გარეგნულადაც ძალიან გვგავს, თითქოს გვეცილება იმ ადგილში, რომელსაც ჯერ ოჯახში, მერე კი სოციუმში ვიმკვიდრებთ. ბავშვობაში ეჭვიანობა დებს შორის ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა.

ჟურნალ Child Development-ის კვლევის თანახმად, დებს უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ძმებს; მათ უფრო იციან ერთმანეთის ფარული აზრები და სურვილები. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ დებს შორის შუღლისთვის ტიპობრივია პერიოდი, როდესაც უფროსი 13-14 წლისაა, ხოლო უმცროსი – 10-11 წლის. ამის შემდეგ მათი ურთიერთობა უმეტესად ლაგდება.

მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ დებს შორის ურთიერთობა უფრო მას შემდეგ მტკიცდება, რაც ისინი იმ ასაკს მიაღწევენ, რომ მშობლების ყურადღების დეფიციტის გამო ერთმანეთთან პაექრობის საჭიროებას ვეღარ დაინახავენ.

საერთო სიხარული და საერთო სევდა

დებსაც, როგორც, საზოგადოდ, ადამიანებს, უფრო მეტად აახლოებს საერთო სიხარული, მაგალითად, დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაქორწინება ან ბავშვის ყოლა. ამ დროს ისინი ყველაზე ხშირად ურეკავენ ერთმანეთს, ეკითხებიან და აძლევენ რჩევებს, უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ერთად დადიან ქალაქგარეთ ბავშვებთან ერთად, იტოვებენ ერთმანეთის ბავშვებს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს 25-დან 89 წლამდე ასაკის 60 და. აღმოჩნდა, რომ დაოხაჯებულ დებს შორის შუღლის მიზეზი ყველაზე ხშირად მათი შვილების მიღწევები და წარმატებებია, თუმცა თანდათან ეს “ცივი ომიც” დასრულდება, რადგან ყველა ნორმალური ადამიანისთვის დისშვილი ღვიძლ შვილზე არანაკლებ საყვარელია და მისი წარმატებაც ჭეშმარიტად სიხარულის მომგვრელია.

ამავე კვლევის წყალობით გაირკვა ისიც, რომ დებს საერთო სევდაც არანაკლებ აახლოებს. ოჯახის წევრის ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, ფინანსური უსიამოვნებები... კვლევის ობიექტებმა აღნიშნეს, რომ ასეთ დროს ყველაზე ხშირად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, ერთად ეძებდნენ გამოსავალს, ადგენდნენ დაუძლურებული მშობლის მოვლის გრაფიკს, ერთად ფიქრობდნენ, სად და როგორ ეშოვათ ფული და ყველაფერი ეს უფრო მეტად აღრმავებდა მათ კავშირს.

ოქროს წესები

დების ურთიერთობას, ისევე როგორც ყველა სხვა ურთიერთობას, თავისი დაუწერელი ოქროს წესები აქვს.

ზემოხსენებული კვლევის მონაწილე დებმა ასეთი რამ თქვეს: თუმცაღა ბავშვობაში ერთმანეთს ექიშპებოდნენ და ზოგჯერ ახლაც ექიშპებიან, დარწმუნებულები არიან, რომ თუ შუაღამისას დას დაურეკავენ და ეტყვიან, ქმარი მოვკალიო, რამდენიმე წუთში და თავზე დაადგებათ მანქანით, ბარებით და გვამის ჩასადები ტომრით. სწორედ ეს არის დური სიყვარულის პირველი წესი: როცა დას დახმარება სჭირდება, ჯერ ვეხმარებით და კითხვებს მერე ვუსვამთ.

მომდევნო წესები კი ასეთია:

. არასოდეს ჩაიცვა დის ტანსაცმელი მისი ნებართვის გარეშე.

. არასოდეს გაეპრანჭო დის ყოფილს.

მშობლის როლი

დებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დიდია მშობლის როლი. მშობელი უნდა ეცადოს, მისი ქმედება დებს შორის შუღლის მიზეზი არ გახდეს. ის ყოველთვის მზად უნდა იყოს, დაეხმაროს შვილებს ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევასა და წამოჭრილი უთანხმოების მოგვარებაში.

არასოდეს შეადაროთ

ერიდეთ დების ერთმანეთთან შედარებას. ნუ აღნიშნავთ, რა კარგად გამოსდის ერთს რაღაც, რაც მეორეს უჭირს ან, შესაძლოა, ნაკლებად აინტერესებს. შეგიძლიათ, შეაფასოთ თითოეულის საქციელი, მაგრამ არასოდეს შეადაროთ ისინი ერთმანეთს.

დაეხმარეთ თანამშრომლობაში

ეცადეთ, სახლში ხშირად შექმნათ ისეთი სიტუაციები, რომლებშიც მათ გუნდურად მოქმედება მოუწევთ. მაგალითად, თუ საოჯახო საქმეში იშველიებთ, ერთს ჭურჭლის გამშრალება დაავალეთ, მეორეს – თაროებზე დაწყობა, მომდევნო ჯერზე კი როლები გააცვლევინეთ.

დაუთმეთ თანაბარი დრო

რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როცა ერთი ბავშვი ჩვილია და, ბუნებრივია, მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ თუ დები იმ ასაკისანი არიან, რომ საშუალება გაქვთ, მათთან თანაბარი დრო გაატაროთ, აუცილებლად ასე მოიქეცით, ნუ გაუჩენთ მათ ერთმანეთზე ეჭვიანობის საბაბს და თქვენი სიყვარულის დამსახურებისთვის ბრძოლის სურვილს.

ნუ დაუპირისპირებთ ერთმანეთს

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთმა მეორის ცუდი საქციელის შესახებ ენა მოგიტანათ, ნუ დაუპირისპირებთ მათ ერთმანეთს. ჯერ ერთს აუხსენით, რატომაა მისი ქცევა არასწორი და როგორ უნდა მოქცეულიყო, მერე – მეორეს. ნუ დააყენებთ დებს ერთმანეთთან პირზე – ეს არაჯანსაღი ურთიერთობის მაგალითია და მომავალში ცუდ შედეგებს გამოიღებს.

თუ ერთმა მეორის საიდუმლო გაგანდოთ, ნუ წამოაძახებთ. პირიქით, აუხსენით, რომ საიდუმლოს გათქმა არ არის კარგი საქციელი, რომ ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ უთქმელობით მისი დის ჯანმრთელობას მიადგება ზიანი.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: