რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ხასიათის შესახებ

გააზიარე:

მორცხვი, გამბედავი, ჯიუტი – ეს ხასიათის ის თავისებურებებია, რომლებსაც მშობლები შვილებს ხშირად პატარაობიდანვე მიაწერენ ხოლმე. თუ ეს თვისებები მართლაც აქვს თქვენს შვილს, ისინი მიგანიშნებთ, რას უნდა ელოდოთ მისგან მომავალში, თუმცა ხასიათზე ამ ასაკში საუბარი ნაადრევია – მის ჩამოსაყალიბებლად ცოტა მეტი დროა საჭირო.

თუ ადრევე მიაქცევთ ყურადღებას ბავშვის ხასიათის პატარ-პატარა თავისებურებებს, ეს დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ აღზრდის ტაქტიკა თქვენი შვილისთვის.

ტემპერამენტი და ხასიათი

ბავშვის ხასიათის შესახებ მინიშნებებს მცირე ასაკიდანვე იპოვით. მაგალითად, ზოგი უფრო მშვიდადაა, როდესაც მშობელი მკაცრად იცავს დღის რეჟიმს, ზოგს კი ცვლილებები მოსწონს და რუტინა აღიზიანებს. ფსიქოლოგები ამას ტემპერამენტს უწოდებენ.

ტემპერამენტი თანდაყოლილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხასიათი მთლიანად მას ეფუძნება.

ხასიათი – ეს არის ინდივიდის ემოციური და ქცევითი თავისებურებებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც საბოლოო სახეს მოზარდ ასაკში იღებს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ინდივიდის ხასიათის ჩამოყალიბება წლობით გრძელდება. მოზარდ ასაკამდე ქცევა ძირითადად სხვა ინდივიდების ხასიათისა და ქცევის თავისებურებების მიხედვით წარიმართება, მოზარდი ასაკისთვის კი ჩამოყალიბებას იწყებს პიროვნული, ურყევი ხასიათის თავისებურებები.

პირველი შტრიხები

3-5 წლის ასაკში ბავშვი ავლენს ხასიათის ცალკეულ შტრიხებს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი შემჩნევა სულ მცირე ასაკშიც შესაძლებელია. ზრდასთან ერთად ბავშვის მობილობაც იმატებს, შესაბამისად, მას მეტი საშუალება აქვს, გამოხატოს ემოციები და დამოუკიდებელი რეაქცია ამა თუ იმ მოვლენაზე. იწყებს თანატოლებთან კონტაქტს და აქ მჟღავნდება, მორცხვია თუ გაბედული. ბაღსა თუ სკოლაში შესვლის შემდეგ შეამჩნევთ, როგორ იცვლება მისი ხასიათი. ბავშვი, რომელიც ბაღში ძალიან მორცხვობდა, სკოლაში შესაძლოა ერთ-ერთი პოპულარული მოსწავლე გახდეს. თუ მოვლენები საპირისპირო გზით განვითარდა, დაფიქრდით, რა მოხდა ისეთი ბავშვის ცხოვრებაში, რამ შეუცვალა ხასიათი. აქვე არასდროს დაივიწყოთ, რომ ოჯახში არსებული ატმოსფერო და ბავშვისადმი დამოკიდებულებაც დიდ როლს ასრულებს მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში.

საყურადღებო თვისებები

გამოყოფენ რამდენიმე თვისებას, რომლებიც წამყვანია ხასიათის სხვადასხვა ტიპისთვის:

1. შეგნებულობა

ასეთი ბავშვები მცირე ასაკიდანვე პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან, იცავენ დაწესებულ ნორმებს და კონცენტრირებულნი არიან თავიანთ მიზნებზე, შესწევთ უნარი, გადადონ სიამოვნება და ამის გამო თავს არ იგვემენ. ისინი უმეტესად დამოუკიდებლად ახერხებენ თავიანთი პატარა მიზნების მიღწევას.

2. კეთილსინდისიერება

ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნოა. მათ გულთან მიაქვთ სხვების გრძნობები, გამოხატავენ დახმარების სურვილს და სხვისი დახმარება მართლაც სიამოვნებას ანიჭებთ.

3. გამოცდილებისთვის მზადყოფნა

ასეთი ბავშვები მცირე ასაკიდანვე ამჟღავნებენ თავგადასავლებისადმი ინტერესს, ხიბლავთ ყველაფერი ახალი და თრგუნავთ რუტინა, არიან ძალიან ცნობისმოყვარეები და, იმავდროულად, კრეატიულებიც. უყვართ მუსიკა და ხელოვნება, ყოველდღიურობაში გამუდმებით სიახლეებს ეძებენ.

4. ნევროზულობა

ნევროზული ტიპის ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში ზომაზე მეტად აწუხებს დანაშაულის გრძნობა, აკლია თავდაჯერება, აშფოთებს სიახლეები, ძნელად ამყარებს ურთიერთობას სხვებთან. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადაავლოთ თვალი ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას და ეძებოთ შფოთვისა და დანაშაულის გრძნობის მიზეზი, მერე კი მის აღმოფხვრაზე იზრუნოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულოთ ბავშვი იმის გამო, რომ ასეთი ხასიათი აქვს. ეს დიდი შეცდომა იქნება. საქმე ის არის, რომ მცირეწლოვანმა ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის თავისი ხასიათის შენიღბვა, ასე რომ, გაქვთ საშუალება, მისი ნამდვილი სახე დაინახოთ, თუ თვითონვე არ შეუშლით ხელს მის გამომჟღავნებას.

5. ექსტროვერტულობა

ასეთ ბავშვს უამრავი ენერგია აქვს და თავს სხვებთან ურთიერთობისას გრძნობს ყველაზე კარგად. თავდაჯერებულია.

შეისწავლეთ ბავშვის ხასიათი

დააკვირდით, როგორ ურთიერთობს პატარა სხვებთან, მორცხვობს თუ, პირიქით, ურთიერთობისგან სიამოვნებას იღებს. დააკვირდით, რომელი აქტივობები იზიდავს ყველაზე მეტად, როგორ რეაგირებს ცვლილებებზე – მოსწონს თუ რუტინა ურჩევნია, რა უცრუებს გულს, რა სწყინს ყველაზე ხშირად.

დააფასეთ მისი ინდივიდუალიზმი

ნუ შეადარებთ ბავშვს სხვებს. ნუ მოუყვანთ მაგალითად თანატოლს (ჯგუფელს თუ კლასელს), რომელიც რომელიღაც საგანში ყოველთვის მაღალ ქულებს იღებს. ნუ მოსთხოვთ, იაროს ჩოგბურთზე, თუ მას სხვა სპორტი ურჩევნია ან საერთოდ არ სურს სპორტზე სიარული და ხატვაზე უნდა. პატივი ეცით მის ინტერესებს, თუ, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს არ უქმნის მის ჯანმრთელობას. ნუ მოახვევთ თავს თქვენს განუხორციელებელ სურვილებსა და მიზნებს, ნუ ჩაუსაფრდებით, რათა "თქვენი შეცდომები არ გაიმეოროს". მიიღეთ მისი ხასიათი, შეაქეთ ინდივიდუალურობის გამოხატვისთვის, ხაზი გაუსვით, რომ არავის არ უნდა მიბაძოს, მუდამ იმით უნდა იხელმძღვანელოს, რაც თვითონ მიაჩნია სწორად. წაახალისეთ, გამოხატოს საკუთარი თავი იმ საქმიანობით, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს და ყველაზე უკეთ გამოსდის.

მოერგეთ

ბავშვი არ არის ჩვენი დანამატი – ის ინდივიდია, რომელიც უბრალოდ ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ამიტომ ნუ გექნებათ ილუზია, რომ ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მის დაბადებამდე იყო მიღებული ოჯახში. როცა ადამიანი პარტნიორს ირჩევს, ცდილობს, მოერგოს მას და ამ პროცესში ზოგჯერ დათმობაც უწევს. ბავშვსაც ასევე უნდა მოექცეთ. ოჯახის ყველა წევრისთვის სავალდებულო წესებს, – რომ, მაგალითად, არ შეიძლება ტელევიზორთან ჭამა ან შინ საგარეო ფეხსაცმლით სიარული, – რასაკვირველია, ისიც უნდა დაემორჩილოს, მაგრამ თუ რამის თავისებურად გაკეთება მოინდომა, – თუნდაც თავისი ოთახი სულ სხვაგვარად მოაწყობა, ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ, ან თქვენ შერჩეულ ტანსაცმელზე უარი თქვა და ჩაიცვა ის, რაც არ მოგწონთ, – დათმეთ. მიეცით საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. ნუ აუკრძალავთ იმას, რისი აკრძალვაც არ არის აუცილებელი – ცხოვრებაში ისედაც ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. უმჯობესია, თავდაჯერებული, გაწონასწორებული და თავისუფალი შეეგებოს მათ.

დაიცავით მისი ინტერესები

ნდობა მშობლისა და შვილის ჰარმონიული ურთიერთობის  გასაღებია. ბავშვი უნდა გენდობოდეთ, ჰქონდეს თქვენი იმედი მაშინ, როდესაც სხვა უსამართლოდ შეეცდება მის დაჩაგვრას. მაგალითად, თუ ვინმე გაიკვირვებს, სხვა ბავშვებივით რატომ არ ერთობა თქვენი შვილი, რატომ ზის ცალკე, უპასუხეთ, რომ ის სულაც არ არის მორცხვი, უბრალოდ, ჯერ თავისი საქმითაა გართული და როცა მოისურვებს, მაშინ შეუერთდება სხვებს, ხოლო თუ არ მოისურვებს, არ შეუერთდება – მისი გადასაწყვეტია. ბავშვი დაინახავს, რომ არ აძალებთ იმის გაკეთებას, რისიც შესაძლოა მართლა რცხვენია; რომ, თუ საერთო საქმიანობაში ჩაბმა არ სურს, ამაში არაფერია გასაკიცხი. თავდაჯერება შეემატება და შესაძლოა, მომავალში თვითონვე გამოხატოს სხვა ბავშვებთან ერთად თამაშის სურვილი.

არასოდეს შეარცხვინოთ და დაამციროთ ბავშვი. თუ გგონიათ, რომ ამით მის ქცევას გამოასწორებთ, ცდებით. პირიქით, ის უარესად ჩაიკეტება საკუთარ თავში და თქვენდამი ნდობა გაუცამტვერდება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: