ორსულობა და ცრურწმენები

გააზიარე:

ორსულობა ბედნიერებით და მოლოდინით აღსავსე პერიოდია, თუმცა მას თან ახლავს გაორმაგებული პასუხისმგებლობაც საკუთარ ჯანმრთელობაზე, რომელზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ნაყოფის კეთილდღეობა.

ორსულები, განსაკუთრებით – პირველი ორსულობის პერიოდში, ხშირად ხდებიან ცრურწმენების მსხვერპლნი. ესმით ათასგვარი აკრძალვა პირადი ჰიგიენის, კვების, გაგიკვირდებათ და ძილის პოზის თაობაზეც კი. ზოგი ამ შეგონებებს საღ აზრს უპირისპირებს, ზოგი კი გამოუცდელობის გამო ბრმად უჯერებს კეთილისმსურველებს.

მაინც როგორ მოვუაროთ თავს, რა ვჭამოთ და რა – არა და საერთოდ, ხალხში გავრცელებული რომელი წარმოდგენა შეესაბამება სიმართლეს?

საკვები რაციონი

ორსულობის პერიოდში დაბალანსებული, ჯანსაღი კვება ნაყოფის განვითარების საფუძველია. არსებობს მთელი წყება პროდუქტებისა, რომელთა მიღება ორსულისთვის სასურველი არ არის. მაგალითად:

*უმი კვერცხი და მისგან მომზადებული პროდუქტები: მუსი, შინაური მაიონეზი, ჰოლანდიური სოუსი, ტირამისუ, ზოგიერთი კრემი. უმი კვერცხის მიღება ზრდის სალმონელოზით დაავადების რისკს. კვერცხი ცილების, პროტეინებისა და ომეგა-3-ის მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ რაციონიდან მისი ამოღება არ იქნება გონივრული, ექიმები მხოლოდ სწორად მომზადებისკენ მოგვიწოდებენ.

*რძე და რძის ნაწარმი. ეს პროდუქტები კალციუმის მნიშვნელოვანი წყაროა ორგანიზმისთვის. კალციუმი კი მხოლოდ კბილებისა და ძვლების საშენი მასალა როდია – მისი იონები მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვაში, ჰორმონების პროდუქციაში და სხვ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს აფრთხილებს, მიირთვან მხოლოდ ისეთი რძის ნაწარმი, რომელიც დამზადებულია პასტერიზებული (სახლის პირობებში მომზადებისას – ანადუღარი) რძისგან, რათა თავი დაიზღვიონ საკვებისმიერი ინტოქსიკაციისა და ლისტერიოზისგან – ინფექციური დაავადებისგან, რომელიც შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის, თვითნებური აბორტის ან ნაყოფის დაღუპვის მიზეზად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს საწარმოები უმთავრესად პასტერიზებულ რძეს იყენებენ, აჯობებს, რძის ნაწარმის შეძენამდე ეტიკეტი მაინც გადაამოწმოთ.

*უმი ან ნაწილობრივ მოხარშული ხორცი და თევზი –  ლორი, სუში, სისხლიანი სტეიკი... ასეთ საკვებში შესაძლოა იყოს პარაზიტები, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მოხვედრისას ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებს გამოიწვევს.

*ყავა – არც ერთ კვლევას არ დაუდასტურებია, რომ ორსულობისას ყავის სმა საფრთხეს უქმნის დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობას, მაგრამ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება იწვევს მცირე წონის ნაყოფის დაბადებას და პროვოცირებას უწევს შაკიკს. თუ ყავა ძალიან გიყვართ და მასზე უარის თქმა გიჭრთ, ზომიერების დაცვა მოგიწევთ.

*ალკოჰოლი და თამბაქო – ორსულისთვის ალკოჰოლის უვნებელი დოზა არ არსებობს, ამიტომ ექიმები მოუწოდებენ ორსულებს, ალკოჰოლის მიღებას ერიდონ. რაც შეეხება თამბაქოს, ეს ის საკითხია, სადაც კატეგორიულობა საუკეთესო ტაქტიკაა. სიგარეტი, გარდა ნიკოტინისა, შეიცავს ათასობით ტოქსიკურ ნივთიერებას, რომლებსაც შესწევთ უნარი, გადალახონ პლაცენტური ბარიერი და ავნონ ნაყოფს.

ჰიგიენა

ორსულობის დროს ჰორმონულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს:

* ჭარბი ოფლიანობა;

* ვაგინალური გამონადენის მომატება;

* კანის გამოშრობა და აქერცვლა.

ამ უსიამოვნებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ჰიგიენა, რაც გულისხმობს:

. ყოველდღიურად თბილი შხაპის მიღებას. თბილის და არა ცხელის! არსებობს მონაცემები, რომ ორსულობის საწყის პერიოდში მაღალ ტემპერატურას შეუძლია, ზიანი მიაყენოს ნაყოფს. შხაპის მიღებისას წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 38-39 გრადუსს, ხანგრძლივობა კი – 10 წუთს.

. შხაპის შემდეგ დაუყოვნებლივ წაისვით ლოსიონი კანის დასამშვიდებლად და დასატენიანებლად. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის მიესადაგებოდეს თქვენი კანის ტიპს.

. სწორი ჰიგიენა თავიდან აგაცილებთ საშოს ინფექციას, თუმცა გირჩევთ, ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ.

სილამაზის პროცედურები ყველა ქალს უყვარს, თუმცა, გავრცელებული შეხედულების თანახმად, ორსულობისას თმის შეღებვა და ფრჩხილების მოწესრიგება არცთუ უსაფრთხოა.

მართლა ასეა თუ არა?

მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თმაზე წასმული საღებავი ვერც კი აღწევს კანში და არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ მის შემადგენლობაში შემავალი ქიმიკატები ვნებს ნაყოფს, ორსულები მაინც თავს იკავებენ თმის შეღებვისგან.

თუ თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით:

* დაელოდეთ მეორე ტრიმესტრს – პირველი 12 კვირა ნაყოფის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში ყალიბდება მისი ორგანოები, ნერვული სისტემა, კიდურები.

* აირჩიეთ უსაფრთხო მეთოდი – თმის ძირების შეღებვისას საღებავი ხვდება ფოლიკულებში და შესაძლოა, უფრო ღრმადაც შეიჭრას ორგანიზმში, ამიტომ უმჯობესია, აირჩიოთ შეღებვის ისეთი მეთოდი, როგორიცაა შეღებვა ქუდით, როდესაც საღებავი კანზე არ ხვდება.

* გამოიყენეთ შედარებით უსაფრთხო საღებავები, რომლებიც არ შეიცავს ამიაკს და წყალბადის ზეჟანგს. სახლის პირობებში შეგიძლიათ მოსინჯოთ ბუნებრივი საღებავი, მაგალითად, ინა. მართალია, ის სულ ერთი-ორი თვე ძლებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავთ – მოწესრიგებულიც იქნებით და აღარც ბავშვის ჯანმრთელობის გამო იშფოთებთ.

* თმის შეღებვისას აკონტროლეთ ვენტილაცია. თუ სალონში ხართ, მოითხოვეთ ვენტილაციის ჩართვა, სახლის პირობებში კი გამოაღეთ ფანჯრები, რათა სუფთა ჰაერი ისუნთქოთ. თუ თავად იღებავთ თმას, აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და ინსტრუქციაში მითითებული დროის მინიმუმის გასვლისთანავე ჩამოიბანეთ საღებავი.

* ორსულობისას ჰორმონულმა ცვლილებებმა შესაძლოა თმის სტრუქტურის, ფერისა და ხარისხის ცვლილება გამოიწვიოს. უსიამოვნო სიურპრიზის თავიდან ასაცილებლად საღებავი ჯერ თმის მცირე ნაწილზე წაისვით, რათა შეამოწმოთ, რა ფერს მიიღებს.

რაც შეეხება ფრჩხილების მოწესრიგებას, აქ საფრთხე ყოველთვის არსებობს – ორსულობამდეც და ორსულობის პერიოდშიც, და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელსაწყოების სათანადო სტერილიზაცია. მშვიდად რომ იყოთ, შეგიძლიათ შეიძინოთ საჭირო კომპლექტი და სალონში წაიყოლოთ, რომ ფრჩხილები თქვენივე ხელსაწყოებით მოგიწესრიგონ.

მითი თუ რეალობა

1. გულძმარვა იმის ნიშანია, რომ ბავშვი თმიანი იქნება – გულძმარვა ყველა ორსულისთვის მტკივნეული თემაა. გულმკერდის არეში წვის ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს თქვენში დრაკომა გაიღვიძა. გულძმარვა უამრავმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს: ჰორმონულმა ცვლილებებმა (პლაცენტის მიერ გამომუშავებული პროსტაგლანდინები ადუნებს სარქველს, რომელიც საყლაპავ მილს კუჭისგან ყოფს. ეს იწვევს კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში გადასვლას და წვის შეგრძნებას), ნაყოფის მდებარეობამ, საკვებმა... საინტერესოა, რომ აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 64 ორსული მონაწილეობდა, აღმოაჩინა კავშირი ბავშვის თმის რაოდენობასა და გულძმარვას შორის, თუმცა იმის თქმა, რა იწვევს ამ კავშირს და საერთოდ, ნამდვილად არსებობს ის თუ არა, ჯერჯერობით შეუძლებელია.

2. თუ ორსულობისას თმას შეიჭრით, ბავშვი მელოტი დაიბადება – ამ წინადადებაში ლოგიკის ძებნა უბრალოდ სასაცილოა. რა თქმა უნდა, დედის ვარცხნილობა ვერაფრით განსაზღვრავს ბავშვის თმიანობას, რომელიც გენეტიკასა და არაერთ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

3. ხელების მაღლა აწევა არ შეიძლება, ბავშვს ჭიპლარი შემოეხვევა – მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი ბევრს მოძრაობს. არსებობს ალბათობა, ამ პროცესში ჭიპლარი შემოეხვიოს. თქვენი ხელები ამ ფაქტზე გავლენას, რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს.

4. ორსულობა ხმას შეგიცვლის – სრული სიმართლეა. ორსულობისას, ჰორმონული ცვლილებების ფონზე, ზოგიერთ ქალს ხმოვანი იოგები უშუპდება და ტემბრი ეცვლება. მშობიარობის შემდეგ ეს ცვლილება უმეტესად გაივლის.

5. ამიერიდან ორის ნაცვლად უნდა ჭამო – ორსულობა არ ნიშნავს გაორმაგებულ კვებას. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ორსულს დამატებითი კალორიები არ სჭირდება; მეორე ტრიმესტრში დამატებით საჭიროა არა უმეტეს 1 400 კილოკალორიისა დღეში, ხოლო მესამე ტრიმესტრში – 1 900 კილოკალორიამდე.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: