ყვირილის გავლენა ბავშვის განვითარებაზე

გააზიარე:

შვილების კეთილდღეობა მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნასთან ერთად, ჩვენ გვაკისრია მათი კეთილსინდისიერ ადამიანებად აღზრდის და თვითრეალიზებაში დახმარების პასუხისმგებლობა.

აღზრდა რთული პროცესია. ზოგჯერ მშობელი კარგავს მოთმინებას და ბავშვს უყვირის.

რა გავლენას ახდენს ბავშვზე ყვირილი?

სტატიის დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ ყვირილი უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარებაზე, საზოგადოდ, ჯანმრთელობაზე, ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ და ჩვენს უგუნებობას ბავშვის დაზიანების საშუალება არ მივცეთ.

რატომ ვუყვირით ბავშვს

მიზეზი ბევრია: გაუგონრობა, მიუღებელი ქცევა, სიზარმაცე... ხდება ისეც, რომ მშობელი უბრალოდ გადაღლილია და ბავშვის უმიზეზო ჭირვეულობას ვეღარ უძლებს. ისიც, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად მიუთითოს ბავშვს სწორი ქცევისკენ, ყვირილით ცდილობს მის დამორჩილებას.

ყველაზე ხშირად ყვირილის მიზეზია:

* დაცვის სურვილი. ყვირილი ხშირად უეცარი საფრთხის გაუცნობიერებელი პასუხია. მაგალითად, თუ დავინახეთ, რომ ბავშვს ხელში დანა უჭირავს, აივნის მოაჯირზეა გადაწოლილი ან მანქანებით სავსე ქუჩაზე გადარბის, ინსტინქტურად ვუყვირით და ეს ყვირილი გამოხატავს, ერთი მხრივ, ჩვენს იმპულსს, ბავშვი მოსალოდნელი საფრთხისგან დავიცვათ, მეორე მხრივ კი – ჩვენს შიშს.

* თვითშეფასების ამაღლების სურვილი. მოზარდი ზოგჯერ არ გვემორჩილება. ჰგონია, რომ ყველაფერი ჩვენზე უკეთესად იცის, რომ დამოუკიდებლად ყველაფერს უკეთ გაართმევს თავს, რომ ჩვენ მისი არ გვესმის. სწორედ ასეთ მომენტებში უჩნდებათ მშობლებს ყვირილით საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების სურვილი. სურვილი იმის ჩვენებისა, რომ მეტ პატივისცემას იმსახურებენ. ეს ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია. ცუდი ის არის, რომ ასეთ წუთებში შიშსა და პატივისცემას შორის განსხვავება გვავიწყდება.

* განსხვავება უფროსებისა და ბავშვების მსოფლაღქმას შორის. უფროსებს ხშირად გვავიწყდება, რომ ბავშვის გონება ყველაფერს სხვანაირად აღიქვამს, ვღიზიანდებით, როდესაც მას ელემენტარული მითითება არ ესმის, წონასწორობას ვკარგავთ და ვყვირით.

* ყვირილი აღზრდის ნორმალურ მეთოდად მიგვაჩნია. თუ ადამიანს მშობლები ბავშვობაში ხშირად უყვიროდნენ, შესაძლოა, ეს ისე ჰქონდეს გამჯდარი ძვალსა და რბილში, რომ ყვირილს აღზრდის ნორმალურ, სავსებით მისაღებ მეთოდად მიიჩნევდეს.

ბავშვები გულუბრყვილოები და გულკეთილები არიან, ისინი ვერ ხვდებიან, რატომ ბრაზობს დედას ასე ძალიან, როდესაც სათამაშოებს შუა ოთახში, იატაკზე მიმოფანტულს ტოვებენ – ასე ხომ უფრო მოხერხებულია, ან როცა წვნიანს არ ჭამენ – რატომ უნდა დაატანონ თავს ძალა, როცა ამქვეყნად ამდენი გემრიელი რამაა?.. ამ გაურკვევლობას მოსდევს შიში, რომელსაც მათ მშობლის ყვირილი ჰგვრის. ეს შიში საკმაოდ დიდხანს რჩება ბავშვის გონებაში და გავლენას ახდენს მის გონებრივ და პიროვნულ განვითარებაზე.

ყვირილი ამძაფრებს ქცევის დარღვევებს

თუ ბავშვს ისედაც აქვს ქცევის დარღვევა, ყვირილით შესაძლოა უარესი შედეგი მიიღოთ და არსებულ პრობლემას სხვაც დაუმატოთ, რაც არც ბავშვისთვის და არც თქვენთვის არ იქნება კარგი.

ყვირილი აფერხებს ბავშვის ტვინის განვითარებას

ბავშვის ტვინი განუწყვეტლივ ვითარდება. ნებისმიერ უარყოფით მოვლენას შეუძლია, ეს პროცესი შეაფერხოს. როდესაც მშობელი – ადამიანი, რომლისგანაც სიყვარულს და დაცვას ელოდება – შიშს ჰგვრის ბავშვს, ეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება მის გონებრივ განვითარებაზე.

მუდმივი ყვირილი დეპრესიისა და შფოთვისკენ მიდრეკილებას იწვევს

შიში, დაუცველობის განცდა, დამცირება – ეს ყველაფერი ბავშვის გონებაში ილექება და ის გამუდმებით ცუდის მოლოდინშია, დროთა განმავლობაში კი უყალიბდება დეპრესიისკენ მიდრეკილება, უვითარდება შფოთვითი აშლილობა, რომლისგან თავის დაღწევაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ყვირილი ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას

ბავშვობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები აყალიბებს ჩვენს ცხოვრებას. როდესაც მუდმივი ყვირილით გამოწვეული სტრესი ბავშვის ცხოვრების ნაწილი ხდება, ეს მის არა მხოლოდ მენტალურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს უარყოფით გავლენას. სტრესი ზრდასრულ ადამიანებშიც იწვევს ფიზიკურ დისკომფორტს, ბავშვისთვის კი მას გაცილებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

ყვირილი ბავშვებში ქრონიკულ ტკივილს იწვევს

სტრესით და ნეგატიური მოვლენებით დატვირთული ბავშვობა ზოგჯერ ქრონიკული ტკივილის მიზეზი ხდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლების უარყოფითი დამოკიდებულებით მიღებული სტრესისგან ბავშვს თავის, ზურგის ან კისრის ქრონიკული ტკივილი უვითარდება.

ყვირილი აქვეითებს ბავშვის თვითშეფასებას

მშობლების ყვირილი ბავშვს აფიქრებინებს, რომ ის გამუდმებით არასწორად იქცევა, რომ არაფრის მაქნისია. საკუთარი თავის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ ბავშვობაში, ზრდასრულ ასაკშიც ბევრი პრობლემის საწინდარი ხდება.

ყვირილი აგრესიას იწვევს

ალბათ გაგიგონიათ, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა. ზოგიერთი ბავშვი, რომელსაც შინ გამუდმებით უყვირიან, ემოციებისგან გასათავისუფლებლად თავადაც ყვირის, დამორჩილების ნაცვლად უარესად იქცევა და ასე გამოხატავს პროტესტს.

ყვირილი ჩვევად რომ არ გექცეთ

ზოგჯერ იქამდე ვყვირით, სანამ საკუთარ ქმედებას არ გავაცნობიერებთ. იმავდროულად, არ გვინდა, ეს ჩვევად გვექცეს და შვილს თავი ცუდად ვაგრძნობინოთ. ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, თავი ხელში უნდა აიყვანოთ, დამშვიდდეთ, მერე კი აუღელვებლად ესაუბროთ ბავშვს. აღიარეთ შეცდომა, აუხსენით, რომ ზოგჯერ უფროსებიც ცდებიან და ყვირილი სწორედ ერთ-ერთი შეცდომაა, რომ ყვირილს არასოდეს მოაქვს დადებითი შედეგი და თქვენს ოჯახში კონფლიქტები ასე არ წყდება. ბავშვი ისწავლის, რომ შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა კარგი საქციელია და რომ საუბრით პრობლემები უფრო ადვილად გვარდება, ვიდრე ყვირილით.

პოზიტიური დისციპლინა ყვირილის ნაცვლად

როდესაც ოჯახში ბავშვია, დიდი ალბათობით, ვერ ასცდებით მომენტებს, როდესაც წონასწორობის დაკარგვა გარდაუვალია, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ყვირილი გამოსავალი არ არის.

სანამ იყვირებთ, შეჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. დაუშვით, რომ ბავშვი გაუაზრებლად სჩადის იმას, რაც თქვენ გაღიზიანებთ. მას არ აქვს განზრახული თქვენთვის ნერვების აშლა. ასეც რომ იყოს, ყვირილით უარესად აიშლით ნერვებს და მასაც ცუდ მაგალითს მისცემთ. დამშვიდდით და  ისე გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ.

ხშირად ესაუბრეთ ემოციებზე. აუხსენით, რომ თავისი ქცევით გაწყენინათ, ადამიანის წყენინება კი ძალიან ცუდია. მას ხომ არ მოსწონს, როდესაც სხვები აწყენინებენ ხოლმე? ჰოდა, თვითონაც ისე უნდა მოიქცეს, რომ სხვა ადამიანებს, მით უმეტეს – მშობლებს, გული არ დასწყვიტოს. აგრძნობინეთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გესაუბროთ და საკუთარი ემოციებიც გაგიზიაროთ.

მშობლები სუპერგმირები არ ვართ. ჩვენც, როგორც ყველა სხვა ადამიანს, დროდადრო გვეუფლება იმედგაცრუება და ბრაზი, მთავარია, მათი მართვა ვისწავლოთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ დიალოგი საუკეთესო გამოსავალია.

 ლიკა ქათამაძე

გააზიარე: