ბიზნესი მაღალ ქუსლებზე - როგორ შევამციროთ ქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოწვეული უსიამოვნებები

გააზიარე:

სადავო არ არის, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხიბლს მატებს გარეგნობას: სხეული ტონუსშია, ფეხები უფრო გრძელი ჩანს, სიარულის მანერა – უფრო ელეგანტური. მაგრამ ბევრმა არ იცის ჯანმრთელობაზე მისი მავნე გავლენა. ასეა თუ ისე, ალბათ ძნელად მოიძებნება ქალი, რომელიც ერთხელ მაინც არ ჩამოვარდნილა მაღალი ქუსლებიდან. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ზოგისთვის ყოველდღიურობის ნაწილია, ზოგი კი მათ განსაკუთრებულ შემთხვევებში იძულებით იცვამს.

მაღალი ქუსლები წითელ ხალიჩაზე

ჯანმრთელობაზე მაღალი ქუსლების მავნე გავლენა, როგორც ჩანს, დიდად არ ადარდებდათ კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებს, რომლებმაც 2015 წელს მაღალი ქუსლები წითელ ხალიჩაზე სავალდებულო გახადეს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ იძულებული გახდნენ, ბოდიში მოეხადათ ამ განცხადების გამო. ზოგიერთ სფეროში მაღალი ქუსლები ოფიციალურად დამტკიცებული დრესკოდის ნაწილი არ არის, მაგრამ სავალდებულოა.

ბიზნეს ლედი

იმ ქალებსაც კი, რომლებიც წითელ ხალიჩაზე შესაძლოა ვერასდროს მოხვდნენ, უნდათ თუ არა, ყოველდღე უწევთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა. ვიწრო, მუხლამდე ქვედაკაბა, პერანგი, პიჯაკი და მაღალი ქუსლები – ასეთია საქმიანი სტილი, რომლის წყალობითაც დღის ბოლოს დაღლილობის, სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება გარანტირებული გვაქვს. მეტიც: მაღლქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირმა ტარებამ შესაძლოა სერიოზულად ავნოს ჯანმრთელობას. ამიტომ უნდა იცოდეთ, როგორ იაროთ სწორად და როგორ შეიმსუბუქოთ მაღალი ქუსლებით გამოწვეული უსიამოვნებები.

უსიამოვნო შედეგები

ნორმალური სიარულის დროს მთელი ტერფით ვაწვებით სავალ ზედაპირს და სიმძიმის ძალაც მთელ ტერფზე ნაწილდება, მაშინ კი, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გვაცვია – ტერფის მხოლოდ წინა ნაწილით ან თითებით. ამ დროს სიმძიმის ცენტრიც წინ არის გადახრილი და რომ არ დავეცეთ, მუხლი და თეძო ოდნავ მოხრილია.

არაბუნებრივი პოზიციის გამო ძვლების, სახსრების, მყესებისა და კუნთების ჭარბი დატვირთვა მრავალ დაზიანებას იწვევს, რომლებიც წლების შემდეგ იჩენს ხოლმე თავს.

1. მაღალ ქუსლებზე შემდგარი ტერფი მთელი დღე არაბუნებრივ პოზიციაშია. მთელი ჯაფა თითებს ადგება, რაც განსაკუთრებით დიდი სტრესია ცერა თითისთვის, ამიტომ ხშირად ვითარდება, მაგალითად, ჩაქუჩისებრი თითი, თითის ვალგუსური დეფორმაცია, მეტატარზალგია (სიარულის დროს ტერფის წინა ნაწილის ტკივილი) და ბრტყელტერფიანობაც კი.

2. სიმძიმის ცენტრის არასწორი განაწილების გამო ზედმეტად იტვირთება ხერხემალი, რამაც წლების შემდეგ შესაძლოა ხერხემლის დეფორმაცია, მალათაშორისი თიაქარი გამოიწვიოს. განსაკუთრებით ზიანდება მუხლები და თეძოები, რაც შესაძლოა ართროზისა და ოსტეოართრიტის წინაპირობად იქცეს.

3. ნორმალური სიარულის დროს ფეხის კუნთები იჭიმება და ეშვება, მაღალ ქუსლებზე კი ისინი გამუდმებით დაჭიმულია, რაც კუნთების ტკივილს იწვევს.

4. კუნთის მუდმივმა დაჭიმულობამ შესაძლოა სისხლძარღვთა დაავადებებსაც გაუწიოს პროვოცირება. მაგალითად, ვარიკოზს. ირღვევა სისიხლის მიმოქცევა. დაჭიმულობის შედეგად ვენურმა სისხლმა შესაძლოა თავისუფლად ვეღარ იდინოს და ერთ ადგილას დაგუბდეს.

მაღალი ქუსლების მუდმივმა ტარებამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა შაკიკის შეტევებიც კი გამოიწვიოს. ასე რომ, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ნურცერთ სიმპტომს, რათა მცირე უსიამოვნებები სერიოზულ პრობლემებში არ გადაიზარდოს.

როგორც ხედავთ, შესაძლო გართულებების სია საკმაოდ ვრცელია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი მაინც ქალის გარდერობის აუცილებელი ატრიბუტია.

ვსწავლობთ სიარულს

ბევრი დამეთანხმება, რომ მაღალ ქუსლებზე სიარული, განსაკუთრებით – წვრილზე, არც ისე ადვილია, თუმცა ვარჯიში საქმეს გაგიადვილებთ. თავდაპირველად ხუთ-ექვსსანტიმეტრიანი ქუსლები მოსინჯეთ. დაჭიმულობა და ტკივილი რომ შეამციროთ, ჩაცმამდე ფეხის კუნთები გაახურეთ: ფეხები 1-2 წუთით გაშალეთ და დაჭიმეთ.

ფეხსაცმელმა ნაკლები დისკომფორტი რომ შეგიქმნათ, შეარჩიეთ ზუსტად თქვენი ზომა ან ნახევარი ზომით დიდი, ისე, რომ არც გიჭერდეთ და არც ფეხიდან გძვრებოდეთ. განსაკუთრებით მოუხერხებელია ვიწრო და წვრილცხვირიანი ფეხსაცმელი. ტყავის ფეხსაცმლის გასაფართოებლად, შეგიძლიათ, სპეციალური სპრეი გამოიყენოთ, თუმცა ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ფეხსაცმელები, რომელთა ლანჩის შექმნაში ორთოპედებიც მონაწილეობენ, შედარებით კომფორტულია.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის დროს აკონტროლეთ სხეულის მდგომარეობა. სწორი დგომა სტაბილურობისა და დაცულობის გარანტიას იძლევა. მუცელი ოდნავ შეზნიქეთ, მკერდი გამოზნიქეთ, მხრები გაშალეთ და დაუშვით, თავი სწორად დაიჭირეთ. ასე მხოლოდ უფრო მაღალი კი არ გამოჩნდებით, არასწორი დგომით გამოწვეულ ზიანსაც აიცილებთ თავიდან.

ექსპერტები გვირჩევენ, მაღალ ქუსლებზე სიარულში შინ ვივარჯიშოთ – დღეში დაახლოებით ერთი საათი, უმჯობესია, სარკის წინ.

სიარული გაგიადვილდებათ, თუ ერთ ობიექტზე კონცენტრირდებით, მაგალითად, ადამიანზე, რომელიც თქვენკენ მოდის ან საგანზე, რომელსაც წინ, მოშორებით ხედავთ.

სიარულის დროს არ იჩქაროთ. ნუ გადადგამთ მეტისმეტად დიდ ნაბიჯებს. ასე უფრო თავდაჯერებულად ივლით.

ეცადეთ, ჯერ ქუსლი დადგათ და მაშინვე ტერფის წინა ნაწილიც მიაყოლოთ.

ოფლი კიდევ უფრო ართულებს საქმეს. ფეხები რომ არ გაგიოფლიანდეთ, ბავშვის პუდრი ან დეოდორანტი გამოიყენეთ. თუ ფეხსაცმელში, თითების ძირებთან, სპეციალური ჟელესებრი სილიკონის საფენს ჩაიფენთ, თავიდან აიცილებთ ხახუნს. იმ ადგილებზე, სადაც ფეხსაცმელი ზედმეტად აწვება კანს, წინასწარ დაიწებეთ პლასტირი, რომ ბებერა არ გაგიჩნდეთ.

არსებობს ბებერას საწინააღმდეგო სპეციალური ჟელე და სპრეიც. კარგად შეიზილეთ, შეიშრეთ და ფეხსაცმელი მერეღა ჩაიცვით. თუ არ გაქვთ, ვაზელინიც გამოგადგებათ. თუ ცოტაოდენს წაიცხებთ ქუსლებსა და თითებზე და ფეხსაცმლის ლანჩასაც წაუსვამთ, ხახუნს შეამცირებთ.

სასარგებლო რჩევები

*გულისყურით მოეკიდეთ ფეხსაცმლის შერჩევას. ყიდვამდე ორივე ჩაიცვით და გაიარ-გამოიარეთ. სიარულში ფეხი ფართოვდება, ამიტომ გირჩევთ, ფეხსაცმლის საყიდლად დღის მეორე ნახევარში წახვიდეთ. მასალა რბილი და მოქნილი უნდა იყოს.

*მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ყოველდღე ნუ ჩაიცვამთ. შინ ხშირად იარეთ ფეხშიშველმა.

*კანი უფრო ელასტიკური და ფესაცმლის დაჭერის ადგილებში ნაკლებად მგრძნობიარე რომ გახდეს, ფეხებს სათანადოდ მოუარეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღე მაღალი ქუსლებზე სიარული გიწევთ. ჯერ ფეხშიშველიმა იარეთ, მერე გაიკეთეთ ათწუთიანი დამამშვიდებელი აბაზანა – ეთერზეთების, ზღვის მარილის, ცაცხვის ფოთლების... ბოლოს პილინგი ჩაიტარეთ, თან კარგად დაიზილეთ ფეხები. გაუხეშებული კანი მოიცილეთ და დამატენიანებელი წაისვით. კუნთებს უხდება გორგოლაჭიანი მასაჟორი.

*ტერფმა ბუნებრივი ფორმა რაც შეიძლება მეტხანს რომ შეინარჩუნოს, რეგულარულად ავარჯიშეთ. ტერფის ვარჯიში ფეხსაცმლის გახდისთანავე შეასრულეთ:

. ტერფით ძალიან ნელა შემოხაზეთ წრე.

. თითები ერთმანეთს დააშორეთ-მიატყუპეთ.

. ქუსლით იატაკს დააწექით და თითები ასწიეთ.

. ფეხისგულებით აგორავეთ სპეციალური სამასაჟე ბურთი.

. ფეხის წვერებზე დადექით და მუხლებით შემოხაზეთ წრე ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს.

. სცადეთ, იატაკიდან თითებით აიღოთ რამე საგანი, მაგალითად, ფანქარი, ან ფურცელი გახიოთ.

. შიგადაშიგ მთელი ტერფით დადექით იატაკზე, როგორც ნორმალური სიარულის დროს.

ექიმების რეკომენდაციით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები არ უნდა ატარონ ვენების ვარიკოზული დაავადების, ართრიტის, ზედმეტი წონის მქონე ქალებმა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: