პირველი დიდი დანაკარგი

გააზიარე:

შინაური ცხოველი ოჯახის სრულფასოვანი წევრია, ბავშვისთვის კი – საუკეთესო მეგობარიც. ბავშვი ზრუნავს მასზე, მასთან ერთად ნებივრობს მზეზე თუ ზღვაში და განიცდის მის ავადმყოფობას.

რა ხდება ბავშვის გონებაში, როდესაც ოჯახის წევრი და, იმავდროულად, საუკეთესო მეგობარი მას სამუდამოდ ტოვებს?

მშობლები ორმაგ საგონებელში ვცვივით: ერთი მხრივ, თვითონაც განვიცდით ძვირფასი არსების დაკარგვას, მეორე მხრივ კი იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მსუბუქად გადაიტანოს ეს ტრავმა.

როგორ ვაცნობოთ სამწუხარო ამბავი? როგორ ვანუგეშოთ, როდესაც თავად ძლივს ვიკავებთ ემოციებს? სრული სიმართლე ვუთხრათ თუ შევალამაზოთ?

თუ ფიქრობთ, რომ ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში, მაშინ სტატია თქვენთვისაა.

როგორ მოვუყვეთ

ცხოველსა და ბავშვს შორის მაგიური კავშირი მყარდება. მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. შინაური ცხოველი ხშირად პირველია, ვინც კართან ეგებება სკოლიდან ან ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს. მრავალ ოჯახში ცხოველის სიკვდილი სიკვდილთან ბავშვის პირველი შეხებაა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მივაწვდით ამ ინფორმაციას და როგორ დავეხმარებით დარდთან გამკლავებაში, რადგან ეს გამოცდილება მას მთელი სიცოცხლე გაჰყვება.

სასურველია, ბავშვს სამწუხარო ამბავი ისეთ ადგილას ვაცნობოთ, სადაც თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს. საუკეთესო ვარიანტი სახლია. ფორმა ბავშვის ასაკზე, ხასიათის თავისებურებებზე, განვითარების დონესა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

თუ ცხოველი ხანდაზმულია ან მძიმედაა ავად და მისი დაძინება საუკეთესო გამოსავალია, უმჯობესია, ამისთვის წინასწარ შეამზადოთ ბავშვი.

აუხსენით, რომ, სამწუხაროდ, ცხოველი უკვე ვეღარ გამოჯანმრთელდება და ეს საუკეთესო გზაა, მან უმტკივნეულოდ და უწვალებლად დაისვენოს. მიეცით მასთან დამშვიდობების საშუალება და, სურვილის შემთხვევაში, პროცესზე დასწრების უფლებაც, რომ ბოლომდე გვერდით ედგეს მეგობარს.

ინფორმაციის მიწოდებამდე კარგად აწონ-დაწონეთ ბავშვის განვითარების დონე და ემოციური მზაობა. ყველა ბავშვი უნიკალურია, მშობლები კი ყველაზე უკეთ იცნობენ შვილს, შესაბამისად, ყველაზე უკეთ იციან, რა ინფორმაციას როგორ აღიქვამს და გადაიტანს იგი.

ერიდეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მოვლენის ასაღწერად ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა "დაიძინა" ან "ექიმმა დააძინა" – ამ ასაკის ბავშვებს თითქმის ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმით და დიდი შანსია, ძილის შიში ჩამოუყალიბდეს.

თუ ცხოველი უეცრად გარდაიცვალა, თავი ხელში აიყვანეთ და ისე აუხსენით ბავშვს ვითარება. გამოხატეთ ემოციები, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. აცადეთ ბავშვს კითხვების დასმა და ამ კითხვებით იხელმძღვანელეთ.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ტყუილი, თითქოს მისი საყვარელი მეგობარი გაიპარა ან დედასთან წავიდა, მიზანშეწონილი არ არის. თუ ბავშვს ცხოველთან სიახლოვე აკავშირებდა, იმედგაცრუება დაეუფლება, ეგონება, რომ უღალატეს ან, პირიქით, თავად ვერ მოუარა სათანადოდ, ვერ დაიმსახურა მეგობრის სიყვარული, ეს ყველაფერი კი მის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ჯობია, სიმართლე გაივოს და ჯანსაღი გლოვა ისწავლოს.

რა უნდა გვახსოვდეს

ყველა ბავშვი  სხვადასხვანაირია. ერთს თუ ახლახან დაკარგულ მეგობარზე საუბარი, მისი გახსენება, ფოტოების თვალიერება დაეხმაროს დარდთან გამკლავებაში, მეორეს ამან, პირიქით, შესაძლოა დარდი გაუმძაფროს. ორივე განცდა ნორმალურია. შესაძლოა, და-ძმამ სრულიად სხვადასხვანაირად გამოხატოს დარდი; შესაძლოა, ერთი ცხოველის დაკარგვაზე სხვანაირი რეაქცია ჰქონდეთ, მომავალში კი, სხვა ცხოველის დაკარგვაზე – რადიკალურად განსხვავებული. ასე რომ, ბავშვი თვითონვე მიგანიშნებთ, როგორ ჩაერიოთ და როგორ დაეხმაროთ მას.

იყავით გულწრფელი

როგორც უკვე აღვნიშნე, ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვთან შეძლებისდაგვარად გულწრფელი ვიყოთ. მშობლებს სჩვევიათ, განსაკუთრებით – პატარა ცხოველების, მაგალითად, ზაზუნას ან თევზის სიკვდილის შემდეგ მათი ახალი, მათი მსგავსი ცხოველით შეცვლა. ფსიქოლოგების აზრით, ეს არასწორი საქციელია. თოვლის ბაბუისა და კბილის ფერიის შესახებ ტყუილები ბავშვის ფსიქოლოგიას ზიანს არ აყენებს, იმის აღმოჩენისას, რომ მშობლები ამდენ ხანს ატყუებდნენ, მას უმეტესად დადებითი რეაქცია აქვს ხოლმე და ეცინება, სიკვდილი კი არც დიდი ხნის შემდეგაა სასაცილო. დადგება დღე, როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, რომ მოატყუეთ, რომ მისი საყვარელი ლეკვი დედასთან არ წასულა, და რა ასაკშიც არ უნდა გააკეთოს ეს აღმოჩენა, მისთვის ძალიან მძიმე იქნება.

წიგნები სიკვდილსა და სიცოცხლეზე

თუ ბავშვი იმ ასაკისაა, რომ კითხვა შეუძლია, შესთავაზეთ წიგნები, რომლებშიც მსგავსი მოვლენაა აღწერილი, ესაუბრეთ იმაზე, როგორ უმკლავდება მთავარი გმირი ამ დანაკარგს, აუხსენით, რომ ასეთი რამ რეალურ ცხოვრებაშიც მოსალოდნელია და ოდესმე მოხდება, რომ ეს ნორმალურია. თუ ბავშვს კითხვები გაუჩნდა, მაგალითად, სად მიდიან ცხოველები სიკვდილის შემდეგ, გულწრფელად უპასუხეთ, რომ არ იცით. მისაღებია, სიკვდილს ბავშვი ნორმალურ და, იმავდროულად, ამოუცნობ ამბად მიიჩნევდეს.

თუ კითხვა არ იცის, შეურჩიეთ და თავად წაუკითხეთ ასაკის შესაბამისი წიგნები, რომლებშიც მთავარი გმირისა და მისი მეგობარი ცხოველის ისტორიები ისე იქნება მოთხრობილი, რომ ბავშვი არ შეაშინოს, პირიქით, ქვეცნობიერად შეამზადოს ამ მოვლენისთვის. ასეთი წიგნების გამოწერაც შეიძლება და წიგნების მაღაზიაში მოკითხვაც. ისინი არა მარტო ბავშვებს, უფროსებსაც დიდ სამსახურს გაუწევენ მწუხარების დროს.

ნუ დააჩქარებთ მოვლენებს

ადეკვატური რეაქციაა, თუ ცხოველის სიკვდილის შემდეგ მისი საწოლის ან ყელსაბამის ყურება გულს გიკლავდათ და ისეთ ადგილას შეინახეთ, სადაც რაც შეიძლება იშვიათად მოგხვდებათ თვალში, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველა იმ ნივთის თვალსაწიერიდან მოშორება, რომელიც დაკარგულ მეგობარს გახსენებთ, სასურველი არ არის, რადგან ბოლომდე მაინც ვერ დაივიწყებთ მის არსებობას. ან რატომ უნდა დაივიწყოთ? პირიქით – ფსიქოლოგები გვირჩევენ, რა მძიმე საყურებელიც არ უნდა იყოს საყვარელი ცხოველის სიკვდილის შემდეგ მისი ნივთები, გამოსაჩენ ადგილას დავტოვოთ მისი ფოტოები, მისი სათამაშო, რათა გვახსოვდეს, რა ბედნიერი იყო, როცა მისით თამაშობდა ან მასთან ერთად ეძინა. დაიტოვეთ ნივთები, რომლებიც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს მასთან ერთად გატარებულ ბედნიერ წუთებს გაგახსენებთ.

ჩაატარეთ გამოსათხოვარი რიტუალი

დაკრძალვის რიტუალი შესაძლოა სრულიად უსარგებლო მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბავშვებს ის ძალიან ეხმარება დარდთან გამკლავებაში. ასეთი რიტუალების დროს ბავშვი თავს უფლებას აძლევს, თამამად გამოხატოს გრძნობები, უფროსების გრძნობათა გამოხატვის მოწმეც ხდება და აცნობიერებს, რომ ასეთ დროს დარდი ნორმალურია და არც მის გამოხატვაშია რამე სამარცხვინო.

ჰკითხეთ, ხომ არ სურს, დახატოს ნახატი, დაწეროს გამოსამშვიდობებელი წერილი ან უბრალოდ თქვას, რისი თქმაც უნდოდა თავისი მეგობრისთვის. ოღონდ ნუ დაავალდებულებთ.

თუ ბავშვი გამოსათხოვარ რიტუალზე დასწრების სურვილს არ გამოხატავს, მიეცით უფლება, სურვილისამებრ მოიქცეს. შესაძლოა, ერთი მონდომებით და აქტიურად ჩაერთოს პროცესში, მეორემ კი საერთოდ არ ისურვოს მონაწილეობა. გახსოვდეთ, რომ ესეც სავსებით ნორმალურია.

მოაწყვეთ მშვიდი ოჯახური საღამოები

მშობლები ხშირად ცილობენ ბავშვის ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო მოვლენების ზედმეტი აქტიურობით გადაფარვას. ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში ასე ნუ მოიქცევით, მეორე დღესვე ნუ წაიყვანთ ბავშვს კინოში თუ გასართობ ცენტრში. მიეცით საშუალება, იგრძნოს და გადახარშოს ტკივილი, რომელიც საყვარელი მეგობრის დაკარგვამ მიაყენა. ნუ აფიქრებინებთ, რომ ის, რასაც გრძნობს არასწორია, რომ ასეთ დროსაც კი მხიარულად უნდა გრძნობდეს თავს და გართობაზე ფიქრობდეს, თორემ მომავალში ძალიან გაუჭირდება სევდასთან გამკლავება.

მეტი დრო დაუთმეთ მშვიდ ოჯახურ აქტივობებს. ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, უყურეთ ფილმებს, პარალელურად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე, გაიხსენეთ თქვენი მეგობარი, რომელიც ფილმის ყურებას არასოდეს გაცდიდათ ან გამუდმებით გართმევდათ სათამაშო კამათელს, გამოაღვიძეთ თქვენში მასთან დაკავშირებული დადებითი ემოციები. ოღონდ ეცადეთ, არ გადააჭარბოთ. თუ ატყობთ, რომ ბავშვი მზადაა ახალ ეტაპზე გადასასვლელად და თვითონვე გთხოვთ გასართობად წასვლას, უარს ნუ ეტყვით, მიეცით უფლება, თავად მართოს პროცესი.

თავს ნუ მოახვევთ საკუთარ ემოციებს

ადამიანების ემოციურობის დონე სხვადასხვანაირია. ზოგს შეუძლია, თავი შეიკავოს და ემოციები იმ დოზით გამოხატოს, რა დოზითაც ისურვებდა, ზოგს კი – არა. თუ მეორე ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებით, მეტი ძალისხმევა გმართებთ, რომ თქვენი ემოციები ბავშვსაც არ გადასდოთ. თუ იცით, რომ ემოციების გადაჭარბებით გამოხატვა გჩვევიათ, უმჯობესია, განმარტოვდეთ, დაიცალოთ ემოციებისგან და მერეღა გაესაუბროთ ბავშვს, თორემ შესაძლოა, თქვენი რეაქცია ნორმალურად მიიჩნიოს და თავი დაიდანაშაულოს, რომ თავად სათანადოდ არ განიცდის მეგობრის დაკარგვას.

ზოგჯერ ცუდი საქციელიც მისაღებია

ბრაზი და სევდა – უმთავრესად ეს ორი გრძნობა მართავს ბავშვის გონებას, როდესაც ის დიდ დანაკარგს განიცდის. ამ გრძნობათა თანხვედრამ შესაძლოა მის ქცევაშიც გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს. თუ ამჩნევთ, რომ ბავშვი შენიშვნებისადმი აგრესიული გახდა, გთხოვთ, თქვენი ხელით აჭამოთ საუზმე და შეუკრათ თასმები, თუმცა აქამდე ამას თავად აკეთებდა, თუ გაკვეთილზე გონებაგაფანტული ზის, იცოდეთ, რომ ეს ნორმალური რეაქციაა, რომელსაც ბავშვები ხშირად განიცდიან ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ. ქცევის ასეთი დარღვევა უმეტესად დროებითია და მალე გაივლის. ასეთ დროს უმჯობესია, გაგებით მოეკიდოთ ბავშვის საქციელს, გააფრთხილოთ სკოლისა თუ ბაღის პედაგოგებიც, რომ თქვენი შვილის ცხოვრებაში სამწუხარო ცვლილებები მოხდა და სთხოვოთ, გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა. ბავშვს კი აუხსენით, რომ ტკივილი მალე გაივლის, ხოლო ბედნიერი მოგონებები მუდამ მათ გულში დარჩება.

ნუ მოიყვანთ ახალ ცხოველს, სანამ ბავშვი საბოლოოდ არ გამოიგლოვებს დაკარგულს. როცა შეატყობთ, რომ დარდი გაუნელდა, გაესაუბრეთ და თუ თვითონაც გამოთქვა ამის სურვილი, ახალი ცხოველი მოუყვანეთ. არა როგორც ძველი მეგობრის შემცვლელი, არამედ როგორც ახალი მეგობარი, რომელიც თქვენც და თქვენს შვილებსაც კიდევ არაერთ ბედნიერ წუთს გაჩუქებთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: